რატომ აპირებდა ორი ქართველი მკლავჭიდელი მსოფლიოს ჩემპიონი ერთმანეთზე დაქორწინებას კანადაში
2002 წელია. კანადაში ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში. როგორც ყოველთვის, არც მაშინ შეგვირცხვენია ქვეყანა და რამდენიმე საამაყო მედლით უნდა დავბრუნდეთ სამშობლოს მონატრებულ მიწაზე.
სიტყვა „მონატრებული“ სპეციალურად ვახსენე, იმიტომ რომ, მე მენატრებოდა ქართული მიწა, თორემ, ჩვენი გუნდის ორი წევრი, თურმე, სულაც არ ფიქრობდა ასე.
წინასწარ უნდა მოგახსენოთ, რომ იმ დროისთვის ძალიან ჭირდა საქართველოში ცხოვრება: უფულობა, უშუქობა, უმუშევრობა ბატონობდა. ზემოთ ნახსენებმა ჩვენმა ორმა თანაგუნდელმა მოულოდნელად გამოაცხადა – ჩვენ გადავწყვიტეთ, კანადაში დავრჩეთო.
– რატომ, კაცო, რატომ? – ვიწყინე სასტიკად.
– ძალიან მოგვეწონა აქაურობა, – იყო მოკლე პასუხი.
– როგორ, საქართველოს კანადა გირჩევნიათ?
– კანადა არ გვირჩევნია, მაგრამ, აქ, სამუშაოს ვიშოვით, ანაზღაურება კარგი ყოფილა და ოჯახებს დავეხმარებით აქედან.
არგუმენტი მტკიცე იყო და რას ვიზამდით?!
დარჩენით კი დარჩნენ, მაგრამ, რა ქნან ახლა? ენა არ იციან, მოქალაქეობა არ აქვთ, არალეგალები არიან. ვინ მიიღებს სამუშაოზე, მსოფლიოს ჩემპიონები კი არა, გალაქტიკის ჩემპიონებიც რომ იყვნენ?!
საგონებელში ჩაცვივდნენ, უბედურები. მიდგნენ, მოდგნენ და დაიქირავეს ერთი რუსული ენის მცოდნე იქაური ადვოკატი (რუსული ამათმა სხვა ენებზე უკეთ იცოდნენ) და სთხოვეს, თუ ახლა მოგვეხმარები, მერე ჩვენ ვიცოდეთ შენი პატივისცემაო.
ეს ადვოკატიც მონდომებით შეუდგა საქმეს. სულ ფურცელ-ფურცელ გადაჩხრიკა კოდექსები და „გამოსავალიც“ მოძებნა.
– ხელი უნდა მოაწეროთ, – ეუბნება ამ ალხანა-ჩალხანას.
– სად უნდა მოვაწეროთ? – გაუხარდათ.
– სად და, ქორწინების სახლშიო, – ადვოკატმა.
ვაიმეე, ამათ გაუხარდაათ?! – ცოლებიც გაგვიჩალიჩა და აწი ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.
– საცოლეები ჩვენ ავარჩიოთ თუ თქვენ აგვირჩევთ? – მოკრძალებით ეკითხებიან „მხსნელ“ ვექილს.
– რის გოგოები, რა გოგოები, ერთმანეთთან უნდა მოაწეროთ ხელი!
– როგორ, კაცო! – სასტიკად გაუკვირდათ ამათ, – რას ჰქვია, ხელი მოვაწეროთ, ორივე კაცები ვართ, თან – ჩემპიონები.
– მოკლედ, ასე, – დაწვრილებით უხსნის ადვოკატი, – თუ გინდათ, კანადაში ლეგალური პერსონები გახდეთ, უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ თქვენ გეები, ანუ, „ცისფერები“ ხართ და, გინდათ, დაქორწინდეთ.
– არასოდეს! – თქვა ერთმა.
– არც ერთ ვარიანტში! – თქვა მეორემ. მაგრამ, მერე დაფიქრდნენ: ამის დედა ვატირე, ამხელა რამეს ვრისკავთ და ხელის მოწერას რაღა უნდა, რა ძნელი ეგაა, ქაღალდია, მეტი ხომ არაფერიო და... დათანხმდნენ.
ავსებენ სპეციალურ ანკეტას. ჩაათავეს პირველადი მონაცემები – გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, ადგილი, და... „სქესზე“ გაიჭედნენ. გაიჭედნენ და გაოცებული ბაჭიებივით უყურებენ ერთმანეთს.
– ცოლი რომელი ვიქნებით? – იკითხა ერთმა.
– ხო, რომელი? – იკითხა მეორემ.
დაიწყეს კამათი, მაგრამ, ვერ მორიგდნენ.
ასე არ უნდაო და დასცხეს ერთმანეთს გვარიანად. მოვარდა პოლიცია, გააშველა, ორივეს ხელბორკილი დაადო და თბილისში უკრა თავი...