კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგვიანდა მეგობრის პოვნა 55 წლის მამაკაცს და რა ვერ მოასწრო მან

 

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 55 წლის ანატოლი გაგუას. მე და ანატოლიმ (ტოლიკამ) ერთმანეთი მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში გავიცანით და დავმეგობრდით. თითქმის მთელი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ, ერთად ვცხოვრობდით ქირით ვაკეში. ტოლიკა წარმოშობით სამტრედიის რომელიღაც სოფლიდან იყო. ვიცი, რომ ჰყავს მასზე უფროსი, დაოჯახებული და. ბოლოს ტოლიკა რუსთაველის მეტროსთან ვნახე – მხატვრების გამოფენის ტერიტორიაზე ყიდდა თავის ნახატებს. 2006 წლის შემდეგ მე ტოლიკა აღარ მინახავს და არც მის შესახებ ვიცი არაფერი.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“  2012 წლის პირველ ნომერში, რუბრიკა „დაკარგულებში“ დაიბეჭდა. სამწუხაროდ, ყველა ისტორია არ მთავრდება სასიხარულოდ, ზოგიერთს სევდიანი დასასრული აქვს. ირაკლი მახარაშვილის მეგობარი ანატოლი გაგუა (სამტრედიაში მცხოვრები ქალბატონების ცნობით, რაც დადასტურდა კიდეც) უკვე მეხუთე წელია, გარდაიცვალა. ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია იზიარებს ჩემი რესპონდენტის მწუხარებას.

– სამწუხაროა, რომ თქვენი მეგობრის პოვნა მისი გარდაცვალების ამბის გაგებით დასრულდა. 

– ბუნებრივია, ძალიან მეწყინა, როდესაც ეს ამბავი გავიგე. არანაირად არ ველოდი, რომ მეგობრის სიკვდილს გავიგებდი, მაგრამ, რას იზამ. მე რომ ტოლიკა არ მომეძებნა, კიდევ რამდენ ხანს ვიქნებოდი გაუგებრობაში, ვინ იცის.  ალბათ, დამეთანხმებით, რომ გაუგებრობაზე ცუდი არაფერია. მწარე სიმართლე ჯობია ტკბილ ტყუილსო, ნათქვამია. როდესაც გავიგე, ტოლიკა წლების წინ გარდაცვლილა, გავოგნდი, რამდენიმე ხანს ხმის ამოღებაც კი ვერ მოვახერხე. მე და ტოლიკა ხომ თითქმის ერთად გავიზარდეთ, მთელი ახალგაზრდობა ერთად გვაქვს გატარებული და მისთვის კიდევ ბევრი რამ მინდოდა, მეთქვა. სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ იწყებ მეგობრის დაფასებას, როდესაც წლები გადის და ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენ. მეც ასე მომივიდა – ბოლო დროს უფრო მაკლდა ჩემი ტოლიკა. სულ მინდოდა მისი პოვნა და მაინტერესებდა, როგორ იყო. 2006 წელს ვნახე და, როგორც ჩანს, შემდგომ ის, ავად გახდა, სამტრედიაში დაბრუნდა, მე კი ის მაინც თბილისში მეგონა. ვფიქრობდი, იქნებ, სამსახური შეიცვალა და ამიტომ აღარ ჩანს-მეთქი.

– რა იყო თქვენი მეგობრის გარდაცვალების მიზეზი?

– ტოლიკას ჰქონდა ქრონიკული ასთმა. მას ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს ცივ და ნესტიან ბინაში ცხოვრება. როგორც მახსოვს, ის სახლი, რომელიც მას თბილისში ჰქონდა დაქირავებული, სწორედ ასეთი იყო. შეიძლება, ამან გამოიწვია მისი ავადმყოფობის გართულება და ჯანმრთელობა გაუუარესდა. ტოლიკა ასთმისგან გარდაიცვალა სამტრედიაში. მე კი ეს ამბავი არ ვიცოდი და მას ასე გულმოდგინედ ვეძებდი... 

– გავიგეთ, ტოლიკას სამტრედიაში დედა ჰყოლია. მას თუ დაელაპარაკეთ?

– ჯერჯერობით არ გვისაუბრია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, როგორც კი ამას შევძლებ, დავურეკავ. თუ ხელი არაფერმა შემიშალა, ჩავალ სამტრედიაში, პირადად მოვინახულებ ტოლიკას დედას და ჩემი მეგობრის საფლავსაც ვივინახულებ. მინდა, ვისარგებლო თქვენი რუბრიკით და მივმართო ყველას, ვისაც თავისი მეგობარი ენატრება ან დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს: აუცილებლად ინახულეთ თქვენი მეგობრები, ხშირად მოიკითხეთ ერთმანეთი, რადგან ცხოვრება ძალიან სათუთი რამაა და არავინ იცის, რა გველის ხვალ. ჩემი ტოლიკაც განსაკუთრებული იყო: ძალიან ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანი, რომანტიკული, ერთგული, ვაჟკაცური და ჭკვიანი. შემიძლია, ყოველი გაზვიადების გარეშე ვთქვა, რომ მისი სახით მე დავკარგე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. საბედნიეროდ, ოჯახში დაგვრჩა ერთი ნივთი, რომელიც ტოლიკას ხელით არის გაკეთებული და ჩვენ მას ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის იესო ქრისტეს ხატი, ხეზე ამომწვარი და დახატული, რომელიც ტოლიკამ ჩემს მეუღლეს დაბადების დღეზე აჩუქა ჯერ კიდევ 1977 წელს. ტოლიკას გარდაცვალებას არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი ერთნაირად განიცდის, რადგან ის მხოლოდ ჩემი კი არა, ჩემი ოჯახის მეგობარიც იყო.

 

скачать dle 11.3