როგორ დასაჯა ქმარმა ცოლი და სიდედრი
ცოლისა და სიდედრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა რუსი ეროვნების ვოვა ს-ს ორწლიან პატიმრობად დაუჯდა. წარსულში ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი მის მიერ დაზარალებულ ცოლს და სიდედრს ციხიდან გამოსვლის შემდეგაც მოკვლით ემუქრებოდა. მაგრამ, მისი მუქარა კანონდამცველებმა „არ შეიმჩნიეს”. ეს კი ალბათ, იმიტომ, რომ კურიოზულ საქმეებს შორის ვოვა ს-ზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე მართლაც უპრეცედენტოა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცოლის გამო ვოვა ს. ციხეში, წესით, უფრო ადრე უნდა მოხვედრილიყო, მაგრამ იმიტომ გადარჩა, რომ მასზე 5 წლით უფროსი ნატაშა პ. ცოლად მოიყვანა. მასთან შეუღლება ვოვას მიერ გადადგმული უკიდურესი ნაბიჯი გახლდათ, რადგან სხვანაირად სიდედრის, ნინა ვ-ს მსხვერპლი გახდებოდა – თუ მის შვილს ცოლად არ მოიყვანდა ციხეში ამოალპობდა. ამის ბერკეტი კი, მას ნამდვილად ჰქონდა. ნინა ძალოვან უწყებაში თარჯიმნად მუშაობდა, ყველას იცნობდა და ყველა პატივს სცემდა. როგორც ჩანს, სიძემ, ქვეცნობიერად, იძულებითი ქორწინების გამო, ძველი წყენა გულში ჩაიდო და ცოლიც და სიდედრიც ერთად დასაჯა...
ამას ადასტურებს ვოვას მხრიდან დანაშაულის აღიარება. საქმე ისაა, რომ საბოლოო სიტყვაში მან დანაშაულის მოტივზეც ისაუბრა. განაცხადა, რომ რეალურად, მან სიდედრზე იძია შური, რადგან კარიერა სწორედ მან გაუფუჭა. რაც შეეხება ცოლს, მას ბრალი ლოთობაში დასდო – ვოვა ს-ს მტკიცებით, სასმელზე სწორედ ცოლმა „შესვა”...
ნაძალადევი ქორწინება
წლების წინ ვოვა ს. და მისი ცოლი ნატაშა პ. ერთ უბანში ცხოვრობდნენ და მათ შორის ხუთწლიანი ასაკობრივი ზღვარის მიუხედავად, ერთმანეთს კარგად უგებდნენ. ნატაშას მამა არ ჰყავდა. ის დედამ და ბებიამ გაზარდეს. ის და ვოვა ძალიან დაახლოვდნენ. კაცს მასთან ინტიმურ საკითხზეც კი დაუწყია საუბარი, თუმცა გოგონას მასთან ასეთ ურთიერთობაზე უარი უთქვამს. ამის მიუხედავად, ერთ დღეს, უფრო სწორად, ღამეს, როდესაც ნატაშა სახლში მარტო იყო, მას ვოვამ დაურეკა, მაგრამ გოგონამ ყურმილი დაუკიდა. ამის მიუხედავად, ბიჭი მას აივნიდან „ესტუმრა”. მსხვერპლი კაცს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ამაოდ... ბინიდან მსხვრევისმაგვარი ხმაურის გამო, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მივიდა ნატაშას დედაც, თანაც, ზუსტად იმ დროს, როდესაც იგივე მარშრუტით, ანუ აივნიდან, ვოვა გაპარვას ცდილობდა. სადარბაზოს კედელზე მცოცავი მოძალადე სამართალდამცველებს ქურდი ეგონათ, მაგრამ ხელში მათი ახალი თანამშრომელი შერჩათ... მართლაც რომ, უიშვიათესი შემთხვევაა – ძალოვანებმა საკუთარი უწყების თანამშრომელი ფაქტზე დააკავეს.
რა მოჰყვა ამ ამბავს, ადვილი მისახვედრია. ვოვას ნატაშა ცოლად არ უნდოდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ გაუპატიურების ბრალდება მისთვის დაღუპვის ტოლფასი იყო, სასიდედრო ციხეში ამოლპობით დაემუქრა. შედეგად, ვოვა იძულებული გახდა, ასაკით უფროსი ქალი ცოლად შეერთო და ასეც მოხდა...
რეალურად მოხდა თუ არა გაუპატიურება, ეს ცალკე თემაა. მაგრამ, რადგან კედელზე ცოცვის ამბავი გახმაურდა, ყველა მხარემ საქმის მშვიდობიანად მოგვარება ამჯობინა და არცთუ უსაფუძვლოდ – სიდედრის ხათრით, ვოვა პოლიციაში დატოვეს, მაგრამ ვერ ივარგა. ის პატიმარი გახდა და რომ არა სიდედრი, მას თავდებით არავინ გამოუშვებდა.
როგორ ამხილა პოლიციელმა საკუთარი თავი
როგორც ვოვა ს-მ ჩვენებაში განაცხადა, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობა ბავშვობიდან უნდოდა. ოცნება აისრულა კიდეც. ის ჯერ რიგითი სამართალდამცველი გახდა, მაგრამ მისი კარიერა მაშინ დასრულდა, როცა დანაშაულში გამოიჭირეს. ამ პერიოდში ის ახალდაქორწინებული იყო, მისი სიდედრი კი ძალოვან უწყებაში სტაჟიანად ითვლებოდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო, სიძეს არაფერში დაეხმარა...
ვოვა ს. საბრალდებო სკამზე ძველი პოლიციური მეთოდების გამო მოხვდა. უფრო ზუსტად, საქმე ეხება 36 წლის კაცს, რომელიც პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა. პოლიციაში კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მამაკაცი ისე სასტიკად სცემეს, სახეზე სილურჯეები ემჩნეოდა და მისი ამოცნობა ახლობლებსაც კი გაუჭირდათ. ის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის ნათესავი აღმოჩნდა, რომელიც საქმეში ჩაერია და დამნაშავე პოლიციელების დასჯაც გადაწყდა. სამი ძალოვანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
თავდაპირველად, პოლიციელები ბრალს არ აღიარებდნენ. ცდილობდნენ, მოწმეები თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. რადგან იმ დროისათვის ყველა გარემოვაჭრე მათთან შეკრული იყო, მოწმეებად სწორედ გარემოვაჭრეები მოიყვანეს, რომლებმაც ცრუ ჩვენებები მისცეს. მათი თქმით, ვიღაც ბიჭი ქუჩაში მთვრალი იგინებოდა. ის სამართალდამცველებმა დაინახეს და განყოფილებაში იმიტომ წაიყვანეს, რომ ეშინოდათ, ტანსაცმელი არ შემოეხია. პოლიციელები მას დაჰპირდნენ, რომ გამოფხიზლდებოდა, გაუშვებდნენ. მოწმეები ირწმუნებოდნენ, თითქოს ეს სიტყვები მათ თავიანთი ყურით მოისმინეს.
პარალელურად, სხვა ჩვენებას იძლეოდა დაზარალებული. ის პოლიციელებს ცემაში ამხელდა. მისი თქმით, სრულიად უმიზეზოდ, მას ქუჩაში პოლიციელები თავს დაესხნენ და უთხრეს, რომ ნარკოტიკის მოხმარებაში იყო ეჭვმიტანილი. სასტიკად სცემეს და შემდეგ გასისხლიანებული, განყოფილებაში წაიყვანეს. მისი ჩვენებით, ერთ-ერთ მორიგეს ისე შეეცოდა, წყალიც მიუტანა და სისხლიანი სახეც ჩამობანა. მან აღნიშნული პოლიციელი აღწერა და მისი დაკითხვა გადაწყდა. ცხადია, აღნიშნული პიროვნება ვოვა ს. იყო...
დაკითხვისას ვოვა ს-მ მართლაც დაადასტურა, რომ დაკავებულს წყალიც მიუტანა და სისხლიანი სახის ჩამობანაშიც დაეხმარა... მან ასევე დაადასტურა, რომ მხედველობა კარგი აქვს და მეორე დილით საკუთარი თვალით დაინახა, დაკავებულს თვალები ჩალურჯებული და დასიებული ჰქონდა...
მოკლედ, ვოვა ს-მ, ფაქტობრივად, კოლეგები ამხილა, თუმცა მას დანაშაულის დაფარვისთვის აგებინეს პასუხი. დანარჩენებს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს ბრალი...
ცხადია, ვოვა ს. ძალიან გვიან მიხვდა, რაც ჩაიდინა და კინაღამ მეტყველების უნარიც დაკარგა... ირწმუნებოდა, რომ არაფერი უნახავს და არავისთვის სისხლი არ მოუბანია, მაგრამ გვიანი იყო.
რომ არა სიდედრი, ვოვა ს-ს სერიოზული სასჯელი ელოდა, თუმცა, საქმე მოგვარდა – მოძალადე პოლიციელებმა დანაშაული ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს, გულწრფელად მოინანიეს და დაზარალებული და მისი ადვოკატიც დათმობაზე წავიდნენ – პოლიციელებისთვის პირობით სასჯელს დათანხმდნენ. სხვათა შორის, პროცესზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, პირობითის ხათრით, პოლიციელები აღიარებას ერთმანეთს ასწრებდნენ. მით უმეტეს, მათგან ყველამ იცოდა, რომ ნასამართლეობის გამო, კარიერას სამუდამოდ დაემშვიდობნენ.
„ჩულანში” დამწყვდეული ცოლი და სიდედრი
მომხდარის შემდეგ ვოვა ს. გალოთდა. ის სულ სახლში იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალების კმაყოფაზე ცხოვრობდა, ცოლსაც და სიდედრსაც სცემდა. ამის გამო მათ პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს – 15-დღიანი პატიმრობა სამჯერ ჰქონდა მოხდილი, მაგრამ დედა-შვილის ცემას თავს მაინც არ ანებებდა. უკანასკნელი სასჯელის მოხდის შემდეგ კი, როგორც ჩანს, ცოლის და სიდედრის დასჯა გადაწყვიტა და ისინი „ჩულანში” ჩაკეტა, სადაც ზამთრის პროდუქტებს ინახავდნენ. ის კი არა, ჩაკეტილებს შუქიც კი გამოურთო და მშივრები დატოვა.
დედა-შვილი მეზობლების წყალობით გათავისუფლდნენ. მოწმეთა ჩვენებებით, ორივეს თურმე ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, ეგონათ, ხომ არ გაგიჟდნენო. მიზეზი კი ისაა, რომ ღამით „ჩულანში” თაგვები და კატები დარბოდნენ და შიშისგან კინაღამ გული გაუსკდათ. სხვათა შორის, რომ არა ერთ-ერთი მეზობლის აქტიურობა, შესაძლოა, დედა-შვილი გაგუდულიყო კიდეც, რადგან დახურულ სივრცეში ჟანგბადის უკმარისობა იყო.
როგორც საქმიდან ირკვევა, დედა-შვილი რომ არ გამოჩნდა, მეორე დღეს მეზობლებმა ვოვას ჰკითხეს მათი ამბავი. მაგრამ, პასუხად მიიღეს, რომ დედა-შვილი დათვრა და სძინავთო ეჭვი კი მაშინ შეეპარათ, როდესაც ერთ-ერთმა მეზობელმა დედა-შვილს ღამეც მიაკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. თუმცა, მეზობელს სახლში ვოვა დახვდა, რომელსაც მთვრალს იატაკზე ეძინა. „პადვლიდან” კი რაღაც ხმები ისმოდა, ანუ დედა-შვილი კიოდა...
მეზობელმა სასწრაფოდ ბინა დატოვა და პოლიცია გამოიძახა. ისინი სარდაფიდან სწორედ პოლიციამ გაათავისუფლა. მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის კი, ვოვა ს. დააკავა... მას ბრალი სხეულის დაზიანებაშიც დაედო, მაგრამ ამ ნაწილში გამართლდა. სხვათა შორის, ვოვა ს-ს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდა, მაგრამ შერაცხადი აღმოჩნდა, რაც პატიმარმა გააპროტესტა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ კი, მან თავი იმართლა – იმ დღეს გაღიზიანებული ვიყავი და რას ვაკეთებდი, არ ვიციო, თუმცა, დედა-შვილს გალიიდანაც ემუქრებოდა, გამოვალ და მოგივლითო...