კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, რას ნიშნავს სუსტი კაპიტალიზაცია? 

პასუხი: საქართველოს საგადასახადო კოდექსით, სუსტი კაპიტალიზაცია არის პირის მიერ აღებული ვალის თანაფარდობა პირის კაპიტალთან, როდესაც პირის ვალის მისივე კაპიტალთან შეფარდება 3/1-ზე მეტია. სუსტი კაპიტალიზაციის შემთხვევაში, პირის მიერ ვალზე გადახდილი ანდა გადასახდელი პროცენტები მისი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, აღნიშნული არ ზღუდავს პირის მიერ სუსტ კაპიტალიზაციამდე ვალზე გადახდილი პროცენტების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლებას. 

კითხვა: მაინტერესებს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისთვის, რომ გახდეს ნოტარიუსი?

პასუხი: ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელმაც მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება, გაიარა სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ვინ შეიძლება გათავისუფლდეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან? 

პასუხი: ზოგადად ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა მოიცავს ორ ეტაპს: პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს. პირი მთლიანად თავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და გამოცდის ჩაბარებიდან ან მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი, ან, თუ მას უკავია მოსამართლის თანამდებობა.

კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი არის არასრულწლოვანი მსჯავრდებული. სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ, კანონის მიხედვით,  სად შეიძლება გააგრძელოს სასჯელის მოხდა? 

პასუხი: თქვენი ოჯახის წევრი არასრულწლოვანი მსჯავრდებული, შესაძლებელია, მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით, პირობით ვადამდეც გათავისუფლდეს, მაგრამ, თუ არ გათავისუფლდა, სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ, შეიძლება, ის არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში იქნეს დატოვებული ან, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, გადაიყვანონ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 20 წლის მიღწევის შემდეგ მსჯავრდებული არ შეიძლება დატოვებულ იქნეს არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში. იგი სასჯელის შემდგომი მოხდისათვის  იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.   

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა, სამოქალაქო სამართლის საქმეზე წერილობით მტკიცებულებად წარვადგინო დოკუმენტის ასლი, ვინაიდან დედანი დაკარგულია და მისი წარდგენა ფიზიკურად შეუძლებელია?

პასუხი: როგორც წესი, სამოქალაქო პროცესში წერილობით მტკიცებულება წარდგენილი უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია, მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენის ვალდებულებისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ მისი წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. დოკუმენტის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დროს რა განსხვავებაა წინასწარი შეთანხმებით მოქმედ ჯგუფსა და ორგანიზებულ ჯგუფს შორის? 

პასუხი: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად ითვლება დანაშაული, როდესაც დანაშაულის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდებიან დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, ხოლო ორგანიზებულ ჯგუფს წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული, შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი, რომლის წევრები წინასწარ არიან შეკავშირებულნი ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად და რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა გირავნობის უფლების წარმოშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ გირავნობა წარმოადგენს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ უფლებას. შესაბამისად, გირავნობის უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ ხორციელდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება და რა იურიდიული შედეგები მოსდევს მას?

პასუხი: უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვება ხდება საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციით, რაც დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისთვის უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების გარდა, რამე სხვა უფლება არ არის რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული მომენტიდან მიტოვებული უძრავი ნივთი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

კითხვა: მაინტერესებს, მე, რიგით მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება, გავეცნო თანამდებობის პირთა დეკლარაციებს?

პასუხი: დიახ, ნებისმიერ პირს და, მათ შორის, თქვენც, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ და მიიღოთ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციის ასლი და გაეცნოთ მას, გარდა დეკლარაციაში ასახული პირადი ნომრის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა. ამასთან, არ შეიძლება, დაწესდეს ან შეიქმნას რაიმე დაბრკოლება დეკლარაციის ასლის მისაღებად.

 

скачать dle 11.3