მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-2(576)
ობიექტი რომ დამეცვა, მასთან ახლო უნდა ვყოფილიყავი და, სადაც წავიდოდა, თან უნდა ვხლებოდი. ამიტომ მასთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი:
– ძველი სპორტსმენი ვარ. ხელჩართული ბრძოლა ვიცი და, ნება მიბოძეთ, დაგიცვათ. მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და მიმაჩნია, რომ გაფრთხილება გჭირდებათ.
– მანქანა გყავთ? – მკითხა ობიექტმა და მართალია, იმ დროს მანქანა არ მყავდა, მაგრამ, იმ იმედით, რომ უწყებას გამოვართმევდი მივუგე:
– დიახ, „ნივა“.
– ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან გვიჭირს მანქანები და, თქვენს „ნივას“ თუ მოგვახმართ, დიდად მადლობლები ვიქნებით. ბენზინს ჩვენ ჩაგისხამთ.
– კარგი, ახლავე გამოვიყვან, – ვუთხარი ობიექტს, ქუჩის ტელეფონიდან მეკავშირეს დავურეკე და „ნივა“ მოვთხოვე.
– შენს სახელზე გაფორმებული შინდისფერი „ნივა“ საბუთებიანად ნახევარ საათში ფუნიკულიორის ქვედა სადგურთან იდგება და შეგიძლია, წაიყვანო, – თქვა მორიგე მეკავშირემ და ტელეფონი გათიშა.
იმ პერიოდში ჯერ კიდევ ძალიან ძლევამოსილი ორგანიზაცია იყო „კაგებე“ და ასე ოპერატიულად ჩემი მოთხოვნის შესრულება ამიტომ არ გასჭირვებია. დათქმულ დროს „ნივა“ წამოვიყვანე, ობიექტს ვეახლე და ვუთხარი:
– მოვიყვანე, ბატონო, რას მიბრძანებთ?
– ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ, – მითხრა ობიექტმა, თავისი სახელი მითხრა და ხელი გამომიწოდა.
– კოკი, – მივუგე ობიექტს და ხელი ჩამოვართვი.
ერთი სიტყვით, ჩემი შინდისფერი „ნივით“ ობიექტს კუდში დავყვებოდი, ხან სად ვიყავი და ხან – სად. ის ცხონებული, ძალიან განათლებული, პატრიოტი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მიხვდა, საიდან ვიყავი, თუმცა, მინიშნებითაც კი არაფერი უთქვამს ჩემთვის. ერთი სიტყვით, სახლში შესარბენადაც კი არ მეცალა. 8 აპრილს თბილისში ძალიან დაიძაბა სიტუაცია და სამხედროებმა ჯავშანმანქანებით ღიად დაიწყეს ქალაქში ნავარდი, სულ რაღაც ოციოდე წუთით შევიარე სახლში და მერის ვუთხარი:
– ერთ საათში ჩემი მეგობარი გამოგივლის და წყნეთში აგიყვანთ. ბავშვები მოამზადე და დაელოდეთ.
– საყვარელო, ხდება რამე?
– რას გულისხმობ? – თავი გავიშტერე მე.
– აბა, წყნეთში რა გვინდა? თანაც, შენი მეგობარი უნდა მოვიდეს და წაგვიყვანოს... რაღაც, საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი.
– საეჭვო რა არის, მერიკო? დღეს შაბათია, ხვალ – კვირა. ორი დღე რომ სუფთა ჰაერზე გაატაროთ, არ შეიძლება?
– შეიძლება, მაგრამ, რატომ ავყავართ წყნეთში შენს მეგობარს და არა შენ?
– იმიტომ, ძვირფასო, რომ მე მანქანა არ მყავს, თანაც, საღამომდე არ მცალია. ზედმეტად რატომ მალაპარაკებ? ხომ იცი, რაშიცაა საქმე? – ვუთხარი მერის, რომელმაც იცოდა, რომ ქალაქში შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო სამსახურში ვრჩებოდი.
– კოკი, საყვარელო, რამეს ხომ არ მატყუებ?
– მაინც, რას?
– რას და, რამე ცუდი ხომ არ არის მოსალოდნელი და მე და ბავშვებს წყნეთში ხომ არ გვხიზნავ? – მითხრა მერიმ და ათიანში მოარტყა. მე კი მას ღიმილით მივუგე:
– რა სისულელეა, რა ხიფათზე მელაპარაკები!
– მიტინგებზე, კოკი. ვითომ, ვერ ხვდები? თანაც, შიმშილობა და მიტინგები მთავრობის სახლის წინ ტარდება, შენ კი იმ შენობაში მუშაობ.
– მერე რა, რომ იმ შენობაში ვმუშაობ. მომიტინგეებს ჩვენთან რა საქმე აქვთ. ისინი გარეთ არიან, ჩვენ კი – შიგნით.
– შენობაში რომ შემოიჭრან?
– შენობაში რა უნდათ, გარეთ რა, ადგილი არ ჰყოფნით?
– ორმოცდათექვსმეტში, 9 მარტს მასე არ ქნეს? ფოსტაში შეიჭრნენ და სამხედროებმა უამრავი ადამიანი დახოცეს.
– ეს მაშინ იყო. ახლა ასეთი რამ არ მოხდება. თანაც, საღამოს მეც შემოგიერთდებით, – ვუთხარი მერის, საათს დავხედე და დავამატე, – მოკლედ, უნდა წავიდე. როგორც გითხარი, ისე მოიქეცი.
მერის ვაკოცე და სახლიდან წამოვედი. „ნივა“ მოშორებით, პატარა ჩიხში მყავდა გაჩერებული, რომ მერის არ დავენახე. წყნეთში ჩემი ცოლ-შვილის გახიზვნა კი მეკავშირეს მოვთხოვე, რაზეც ის უპირობოდ დამთანხმდა.
შტაბში რომ მივედი, ობიექტმა მითხრა:
– კოკი, უნდა გაგაფრთხილო, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია, კიდევ უფრო დაიძაბება და შეგიძლია, ჩვენგან წახვიდე. მერწმუნე, არავინ დაგძრახავს.
– რას ბრძანებთ, ბატონო, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, – მივუგე ობიექტს.
– მაშ, კარგი, ახლა რუსთავში გავდივართ. აქ პატარა მიტინგი უნდა ჩავატაროთ და ხალხი გავაფრთხილოთ, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი და ფრთხილად იყვნენ.
ობიექტი ძირითადად „ვოლგით“ მოძრაობდა, მე კი უკან დავყვებოდი. იმ დღეს კი ის ჩემს „ნივაში“, ჩემ გვერდით მოკალათდა და გზას გავუდექით. ჩვენი კოლონა თხუთმეტიოდე მანქანისგან შედგებოდა და წინ ჩვენ მივდიოდით. მართალია, მილიცია ბლომად იყო ქალაქში გამოსული და მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე იდგა, მაგრამ, ჩვენ არავინ გვეხებოდა, არავინ გვაჩერებდა. პირიქით, რომ დაგვინახავდნენ, გვესალმებოდნენ და ჩემ გვერდით მჯდარ ობიექტს ასეთი მოპყრობა აშკარად სიამოვნებდა. ისიც ყველას ხელს უქნევდა, უღიმოდა და იმეორებდა:
– მილიციელებიც ქართველები არიან და, დარწმუნებული ვარ, რამე რომ მოხდეს, ჩვენ გვერდით დადგებიან.
– რამე ცუდს ელოდებით, ბატონო?
– ვინ იცის, ყველაფერი ხდება და ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გამორიცხული არ არის, გვესროლონ კიდეც.
– მაშინ, იარაღი ყოფილა საჭირო, რომ ჩვენც ვესროლოთ, – ვუთხარი ობიექტს, მან კი ღიმილით მომიგო:
– მხოლოდ ყვავილები, ჩემო კოკი. დამიჯერე, ყვავილების სროლით მთელ ჩვენს ქვეყანას, მთელ მსოფლიოს დავანახვებთ ჩვენს სიმართლეს, რომელიც, კი საბოლოოდ, გაიმარჯვებს და საქართველო გაბრწყინდება!
გზაგასაყართან რომ მივედით, სოღანლუღში, ზემო ფონიჭალის მხრიდან მომავალი ათიოდე ჯავშანმანქანა დავინახეთ, რომლებიც ქალაქის მიმართულებით მიდიოდნენ.
– აი, რუსული „შტიკები“. ორასი წელია, მათი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, მაგრამ, სულ მალე ისინი ფეხს ამოიკვეთენ აქედან, – დამაჯერებლად მითხრა ჩემ გვერდით მჯდომმა ობიექტმა და ჩვენ რუსთავისკენ ავიღეთ გეზი.
რუსთავში დიდი ოვაციებით შეგვხვდნენ. ობიექტმა მიტინგზე მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა და, უკან რომ ვბრუნდებოდით, ისე იყო ემოციურად დატვირთული, რომ გზაშიც პათეტიკურად ლაპარაკობდა.
თბილისში რომ ჩამოვედით, ქალაქში უკიდურესად დაძაბული სიტუაცია დაგვხვდა. რუსი სამხედროები ჯავშანმანქანებით დადიოდნენ ქუჩებში, ერთ-ერთმა მათგანმა „ნივასაც“ კი გადაუარა, რომლის მძღოლიც მანქანიდან გადმოხტა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. აშკარა იყო, რომ ცალტვინა სამხედროებზე გათვლილი გეგმა უკვე ამოქმედებული იყო და მათ ისეთ რამეს გააკეთებინებდნენ, რაც აშკარად ამერიკელების წისქვილზე დაასხამდა წყალს... ჰაერში უფრო მძაფრად იგრძნობოდა სისხლის სუნი და გავიფიქრე: „ნეტავ ჩემების ევაკუაცია თუ მოახდინეს?“ მე კონსპირაციულ ნომერზე დავრეკე და შევიტყვე, რომ ჩემები უკვე წყნეთში იყვნენ. ოდნავ დავმშვიდდი, რადგან ცოლ-შვილი უსაფრთხოდ მყავდა. თუმცა, მოდუნება წამითაც არ შეიძლებოდა, თან მოკავშირემაც შემახსენა:
– ყურადღება გააასმაგე. კულმინაცია ახლოვდება და მომენტი არ გამოგეპაროს!
ობიექტი ძალიან ხშირად გამოდიოდა სიტყვით და მისი ყოველი გამოსვლა უფრო და უფრო მეტ სიმწვავეს შეიცავდა. ის უკვე ღიად მოუწოდებდა მიტინგზე შეკრებილ ათასობით ადამიანს საბჭოთა კავშირისგან გამოყოფაზე და მისი ყოველი ასეთი მოწოდება დიდ ოვაციებს იწვევდა. მე წამითაც არ ვცილდებოდი გვერდიდან, თან ყურადღება გაასმაგებული მქონდა და სავარაუდო საცეცხლე წერტილებს ვაკვირდებოდი, საიდანაც გასროლა იყო შესაძლებელი. უცებ თბილისში ჩამოსული ერთი ლათინოსი ლიდერი გამახსენდა, რომელიც ქალაქის საბჭოს შენობის სხვენიდან ლენინის მოედანზე უნდა მოეკლათ და მე გადავარჩინე.
„სასაცილო დამთხვევაა. უკვე მეორედ ვიმყოფები ასეთ როლში“, – გავიფიქრე გუნებაში და მხატვრის სახლს შევავლე თვალი, რომელიც მაშინ მთელი იყო. ვიცოდი, რომ იქ „კაგებეს“ „ოპერატორებს“ სამალავი ჰქონდათ და მიტინგების მიმდინარეობას განუწყვეტელ რეჟიმში იღებდნენ ვიდეოფირზე.
„კარგი საცეცხლე წერტილია, მაგრამ, იქიდან სროლას ვინ გაბედავს? დავიჯერო, ქილერმა არ იცის, რომ შენობაში „კაგებეშნიკები“ არიან?“ – გავიფიქრე და საათს დავხედე. ზუსტად შუაღამე იყო. 9 აპრილი დგებოდა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა მატულობდა და მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ შეივსო ხალხით, რაც იქ საბჭოთა ჯარები განლაგდნენ. აშკარა იყო, რომ სამხედროების ცალტვინობაზე გათვლილი პროვოკაცია იწყებოდა, რასაც შეტაკება უნდა მოჰყოლოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მსროლელიც უკვე თავის ადგილზე იყო და მონადირის ყნოსვამ მოქმედებისკენ მიბიძგა. ღამის 3 საათს გადაცილებული იყო. მიტინგზე ობიექტი გამოდიოდა სიტყვით, რომელიც ძალიან მგზნებარედ და ემოციურად ლაპარაკობდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. მე დრო ვიხელთე და მთავრობის სასახლის კიბეებიდან პირველი სკოლისკენ გადავინაცვლე, თან თვალს არ ვაშორებდი მხატვრის სახლის ფანჯრებს.
– გზა მიეცით, პატრიარქი მობრძანდება! – მომესმა ხმები. მარჯვნივ გავიხედე და დავინახე, როგორ გაიყო ხალხი შუაზე და სასულიერო პირებთან ერთად მომავალი საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამოჩნდა, რომელიც კიბეებისკენ მიემართებოდა.
მე კვლავ მხატვრის სახლს ვუყურებდი, თან ვფიქრობდი: „აშკარაა, რომ კულმინაციის მომენტი დგება. პატრიარქი, ალბათ, ხალხს დაშლისკენ მოუწოდებს და სალოცავად წასვლას სთხოვს. შესაძლოა, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლს რომელიმე მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ სამხედროები მიტინგის დარბევას აპირებდნენ და მას სისხლისღვრის ასაცილებლად მოუხმეს. ეს კი აშკარად არ აწყობთ ამერიკელებს და, ალბათ, გასროლაც მალე უნდა მოხდეს“.
უკვე მჭიდროდ მდგარ მომიტინგეებში მივიკვლევდი გზას, თან მხატვრის სახლს ვუთვალთვალებდი. ამ დროს მიტინგზე გამოაცხადეს, რომ სიტყვით პატრიარქი გამოვიდოდა. უცებ, მხატვრის სახლის ერთ-ერთი კუთხის ფანჯარაში შუშიდან არეკლილი სხივი დავინახე და ადამიანის სილუეტიც დავლანდე... „ეს ხომ ოპტიკური სამიზნიდან არეკლილი სხივია, ადამიანი კი – სნაიპერი“, – გავიფიქრე გუნებაში. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. ქამარში გარჭობილი მაყუჩიანი პისტოლეტი ხელით მოვსინჯე და ისევე მოვიქეცი, როგორც მრავალი წლის წინ, ლათინოსი ლიდერის თვალთვალის დროს, მხატვრის სახლში შევვარდი და იმ ოთახისკენ ავიღე გეზი, სადაც სნაიპერი მეგულებოდა... არ ვიცი, რა დრო დავხარჯე, მაგრამ ოთახის კარს მთელი ძალით დავეჯახე, მაყუჩიანი პისტოლეტით ხელში ოთახში შევფრინდი და ფანჯარასთან მდგარ, შაშხანამომარჯვებულ სნაიპერს მთელი მჭიდი კეფაში დავაცალე და ადგილზევე მოვკალი... პირქვედამხობილი ქილერისთვის სახეზე შეხედვა არც კი მიცდია. წამით ფანჯრიდან გავხედე მიტინგს, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამოდიოდა...
ახლა ძნელი სათქმელია, ვის ლიკვიდაციას აპირებდა ქილერი, მაგრამ, აშკარაა, უფრო მეტი უბედურება მოხდებოდა, მე რომ ის არ გამეჩერებინა და გასროლის საშუალება მიმეცა. ასე იყო თუ ისე, თბილისში ჯერ კიდევ კომენდანტის საათი მოქმედებდა, როდესაც მოსკოვიდან შემომითვალეს: „თქვენმა სწორმა მოქმედებამ დიდი სისხლისღვრა აგვარიდა თავიდან, რისთვისაც ხალხთა მეგობრობის ორდენით გაჯილდოებთ“. ეს იყო ჩემი ბოლო ორდენი „კაგებეში“ მუშაობის პერიოდში. მართალია, 9 აპრილს ქართველ ერს დიდი უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უფრო დიდ უბედურებას გადავარჩინე და ორდენიც დამსახურებულად მივიღე.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი და მისი თანამებრძოლები 9 აპრილსვე დააპატიმრეს და მცირე ხნით ციხეში ჩასვეს. მე, რა თქმა უნდა, ობიექტს აღარ გავკარებივარ და არც მას მოვუკითხივარ. თუმცა, ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს ობიექტის აღმასვლას და, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც, როდესაც ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდნენ. მართალია, ისინი მალევე დაამხეს, მაგრამ, ეს იყო დიდი ეროვნული სულიერების ხანა და, ეკონომიკური სტაგნაციის მიუხედავად, ხალხში დიდი ენთუზიაზმი ტრიალებდა.
– კოკი, საყვარელო, რა დიდ ბედნიერებას შევესწარით! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა მერიკო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
– თავისუფლება კი კარგია, ძვირფასო, მაგრამ ჯიბეგაფხეკილობა რომ ცუდია?! – გავუღიმე მერის და დავამატე, – ყველაფერი იკითკენ მიდის, რომ ქვეყანა ერთბაშად გამათხოვრდება, შიშველი ენთუზიაზმით კი ფონს ვერ გავალთ.
– ნუ გეშინია, საყვარელო, ქართველები ვართ და ნამდვილად გვეკუთვნის თავისუფლება. გასაჭირსაც გავუძლებთ და ყველაფერი კარგად იქნება, – მომიგო მერიმ და მე ობიექტის სიტყვები გამახსენდა, როდესაც მან 8 აპრილს, რუსთავში ვოიაჟისას მითხრა.
მერი ძალიან მიყვარდა, მისთვის წყენინება არ მინდოდა და ამიტომ არაფერი მითქვამს. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სულ მალე ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდებოდა და მართლაც, ჯერ ოპოზიციურ გამოსვლებს ტყვიის გავარდნა მოჰყვა, სამოქალაქო ომი დაიწყო და, თბილისის ცენტრი ისე დაინგრა და განადგურდა, ამ ამბების გახსენებაზე ტანში მაციებს.
მერიმ ძალიან განიცადა ეროვნული მთავრობის დამხობა და მისი განუკურნებელი სენიც მაშინ დაიწყო. ჩემი მეუღლე სულით ხორცამდე ქართველი იყო და თავისი სამშობლოს ჭირ-ვარამი ბოლომდე გათავისებული ჰქონდა.
კოსმოპოლიტი არასოდეს ვყოფილვარ და ქართველობაზე უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ, ბევრჯერ ისეთი გაუტანლობა და ზიზღი მინახავს ქართველებს შორის, რომ ჩემი ეროვნების შემრცხვენია. სხვათა შორის, რუსეთში შეკვეთილი ქართველის მკვლელობის თითქმის ასი პროცენტი ქართველეების კისერზეა. ხშირ შემთხვევაში, შემკვეთი ან ბიზნესპარტნიორია, ან კოლეგა-კრიმინალი. ერთი სიტყვით, იმის ნაცვლად, რომ ქართველებმა ერთად აკეთონ ბიზნესი, ან, თუნდაც, ერთ კრიმინალურ კლანში გაერთიანდნენ, ერთმანეთს ხოცავენ.
ერთხელ „ძიამ“ ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ლიკვიდაციის შეკვეთა მომცა და მითხრა:
– 200 ათას დოლარს იხდიან, მაგრამ, ერთი პირობით: სნაიპერული შაშხანით იმ დროს უნდა მოკლა, როდესაც ის თავის ბიზნესპარტნიორთან ერთად იჯდება რესტორანში სავახშმოდ.
– ალბათ, შეკვეთა მისი პარტნიორისაა, – ჩამეცინა მე.
– კი, სწორედ ასეა, – დამიდასტურა „ძიამ“.
ორი დღის შემდეგ რომანმა კვლავ შეხვედრაზე დამიბარა. რომ მივედი, ვკითხე:
– რაშია საქმე, შეკვეთა ხომ არ გააუქმეს?
„ძია“ სიცილს ძლივს იკავებდა და მომიგო:
– არა, პირიქით, გაორმაგდა.
– რას ნიშნავს გაორმაგდა? – ვერ მივუხვდი ,,ძიას”.
– იმას, ჩემო კოკი, რომ ზუსტად იგივე შეკვეთა მოგვცა უკვე „დამეტკილმა“ ბიზნესმენმა და შენ წარმოიდგინე, ისიც 200 ათასს იხდის, – მითხრა რომანმა.
– რა ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი, – გამეცინა და ,,ძიას” ვუთხარი, – საქმეს კი შევასრულებ, მაგრამ ორივეს რომ მოვკლავ, ფულს ვინ გადამიხდის?
– ეგ საკითხი მოგვარებულია და ფული უკვე ხელზე მაქვს, – მითხრა რომანმა და შავი კეისი მუხლებზე დამიდო, – აქ 400 ათასი დოლარია. ის კრეტინები მაზეგ შეხვდებიან ერთმანეთს რესტორან „პეკინში“ და იცოდე, არ გამაზო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორივე შემკვეთი ერთდროულად დავხოცე. საამისოდ კი, ორი ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა გამოვიყენე, რომლებიდანაც ერთდროულად გავისროლე. იარაღი საცეცხლე წერტილზე დავტოვე, მე კი სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.
მართალია, ჩემი ნაამბობი, ამაზრზენია, მაგრამ, რას იზამ, რა არ ხდება, მით უმეტეს, ქართველებს შორის. თუმცა, უარესიც მინახავს... ერთხელ ერთმა ქართველმა, საკმაოდ ცნობილმა ქალმა, რომელიც დღესაც „ცვეტშია“, თავისი ერთადერთი ქალიშვილის მკვლელობა შემიკვეთა... ერთი შეხედვით, ხომ დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია.
ქალმა ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ თავისი სიძის, ანუ შვილის ქმრის საყვარელი იყო. ქალიშვილი კი კონკურენციას უწევდა და მისი მოშორება გადაწყვიტა. ქალი ახლაც ძალიან მდიდარია და არც მაშინ აკლდა ფული. შვილის მკვლელობაში, არც მეტი, არც ნაკლები, მილიონ დოლარს იხდიდა...
– რას იზამ, კოკი, აიღებ ამ საქმეს? – მკითხა ,,ძიამ”.
– არავითარ შემთხვევაში. მეტსაც გეტყვი, მე იმ ძუკნას ვაიძულებ, შეკვეთა გააუქმოს.
,,ძია”, როგორც ეტყობა, ელოდა ჩემგან ასეთ პასუხს, წამოდგა და, სანამ წავიდოდა, მითხრა:
– ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ, გთხოვ, ფრთხილად იყო.
სამი დღის შემდეგ საიმედოდ შევინიღბე და იმ ძუკნასა და მის სიძეს კონსპირაციულ ბინაში ვეწვიე, სადაც ისინი სექსუალურ ორგიებს მართავდნენ. იქ სათვალთვალო კამერა დავაყენე, თავად კი მანქანაში მოვკალათდი და დაველოდე. სიძე-სიდედრი მალე მოვიდა, ისინი ბინაში ავიდნენ და სამსაათიანი „შოუ“ მოაწყვეს, რაც მე ჩავიწერე. როდესაც „პერეკური“ გააკეთეს, ჩემი გასაღებით კონსპირაციული ბინის კარი გავაღე და უწმინდურ წყვილს თავზე წამოვადექი.
– რას ნიშნავს ეს?! – დასჭყივლა ჩემს დანახვაზე სიძემ და საწოლიდან წამოხტა, მაგრამ, პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– მანდ დაეგდე და კრინტი არ დაძრა, თორემ, ბოზი კურდღელივით გაგაგორებ, შე ნაგავო! – შემდეგ კი ქალს მივუბრუნდი:
– რაო, შე ძუკნავ, ამ ნაბიჭვრის გამო საკუთარ ქალიშვილს ბრიდავდი?
– რაო? – შეიცხადა ბიჭმა ჩემი სიტყვები და სიდედრს შეშინებულმა შეხედა. მან კი სიძეს სატანურად გაუღიმა, მომიბრუნდა და მითხრა:
– ჭკუიდან ხომ არ შეიშალე, მოხუცო, რაებს როშავ?
– იქნებ, ისიც უარყო, შე ბოზო, რომ საკუთარ სიძესთან არ ჟიმაობ და იმისი მტკიცებაც დამიწყო, შეშას ვჩეხავდითო...
– არა, მე და ეს ოქროს ბიჭუნა ვჟიმაობდით, მაგრამ, ჩემი გოგონას მოკვლა აზრადაც არ გამივლია, – ურცხვად მომიგო ქალმა. სიძეს ქოჩორზე მიუალერსა, მე კი გამიღიმა – თქვენ ცდებით, პატივცემულო, ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ.
ქალი უკიდურესად საზიზღარი არსება იყო. მასთან ყოფნა გულს მირევდა და, გამორიცხული არ იყო, რომ მისთვის ტვინი გამესხმევინებინა. ამიტომ, მისი ლაპარაკი რომ აღარ მომესმინა, გავაჩერე და ვუთხარი:
– მოკლედ, ასე, შე ძუკნავ, შენი და ამ ნაბიჭვრის ჟიმაობა ჩაწერილი მაქვს და, თუ შეკვეთას არ გააუქმებ, ეს ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები პროკურატურას მიუვა. ამით კი შენ სამ რამეს დაკარგავ: ქალიშვილს, მჟიმავს და თავისუფლებას. გაიგე?
– გავიგე, გავიგე! ჩათვალე, მოხუცო, რომ ეს ჩემი წამიერი სისუსტე იყო, შეკვეთა გაუქმებულია და, შეგიძლია, მშვიდად იყო.
– იმედია, რომ არ გამაწბილებ, შე ძუკნავ! – ვუთხარი ქალს – მოკლედ, შევთანხმდით, ხომ?
– შევთანხმდით, ბაბუ, მშვიდობით, – მითხრა ქალმა და ხელის აწევით გამომემშვიდობა.
ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ სიძე-სიდედრმა იქორწინა, გამწარებულმა გოგონამ კი თავი მოიწამლა, თუმცა, სიკვდილს გადაურჩა და ერთ-ერთ დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა.
ჩემ მიერ მოთხრობილი ამ ისტორიით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ქართველები ყველაზე ცუდები ვართ ამქვეყნად. ჩვენზე ცუდებიც არსებობენ, მაგრამ, არც საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა ვარგა, ჩემი აზრით, ეს ერისთვის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანია. ნამდვილად ვერ ვიტან შექეიფიანებულ სუფრაზე წარმოთქმულ ბრტყელ-ბრტყელ პატრიოტულ სადღეგრძელოებს, რომლებსაც თითქმის ყოველთვის არაპატრიოტი, ყალთაბანდი ადამიანები ამბობენ ხოლმე...
– ჩვენს დედა საქართველოს გაუმარჯოს, ჩემი დედა... – ამგვარი სადღეგრძელო წარმოთქვა ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ სუფრაზე, რომელიც მერის თანამშრომლისა და მეგობარი გოგონას დაბადების დღის აღსანიშნავად იყო გაშლილი რესტორან „არაგვში“, სადაც მერიკოს დაჟინებული თხოვნით წავყევი მას.
„ეს კრეტინიღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში და გადავწყვიტე, მერისთან ერთად იქაურობას სასწრაფოდ გავცლოდი, რადგან აშკარად ცუდს მიგრძნობდა გული და შარში გახვევას ყოველმხრივ ვერიდებოდი. მით უმეტეს, რომ შევამჩნიე, იმ ტიპს მერისკენ ეჭირა თვალი და ყოველმხრივ ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. რამდენჯერმე გამოელაპარაკა, მაგრამ მერი არ აჰყვა. ორჯერ საცეკვაოდ გაიწვია და უარი მიიღო. ამის მერე ის ტიპი ღვინოს მიეძალა და ბოლოს საქართველოს სადღეგრძელო საკუთარი დედის გინებით დააგვირგვინა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას, თან, კარგად მახსოვდა ჩემი ერთ-ერთი ინსტრუქტორის შეგონება:
– კარგად დაიხსომე, კოკი, რომ შენ საიდუმლო სამსახურის ზესაიდუმლო თანამშრომელი ხარ და ყველანაირ შარს უნდა ერიდო. იცოდე, რომ ოდნავი ყურადღების მიპყრობაც კი შენი პერსონის გაშიფვრის ტოლფასია, გაშიფრული საიდუმლო თანამშრომლის ფასი კი გახვრეტილი კაპიკია...
ინსტრუქტორის სიტყვები ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი. ყოველთვის ზუსტად ვასრულებდი და გახვრეტილ კაპიკიანს რომ არ დავმსგავსებოდი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სუფრიდან წასვლა.
– მერი, – ვუჩურჩულე მერიკოს, – მე მგონი, დროა, აქედან წავიდეთ. რას იტყვი?
– მართალი ხარ, – მომიგო მერიმ და ჩვენ წამოვდექით, მაგრამ, იმ ტიპმა რომ დაგვინახა, მივდიოდით, ყანწი აავსო, ხელი ასწია და დამიძახა:
– ერთი წუთით, ძამიკო, ერთი აქეთ მომხედე!
„როგორც ეტყობა, უსიამოვნებას მაინც ვერ ვცდები“, – გავიფიქრე გუნებაში, მერე იმ ტიპს შევხედე და ვკითხე:
– მე მეძახით?
– ჰო, შენ, შენ, – უხეშად მომიგო, თან ხელში თითქმის ორლიტრიანი ყანწი ეკავა, რომელიც ღვინით იყო სავსე.
– გისმენთ!
– მისმენ კი არა, რომ იპარები, ჯერ ეს ყანწი დალიე და სუფრას პატივი ეცი, მერე კი სადაც გინდა, იქ წადი, – მითხრა იმ კრეტინმა და ჩემსკენ გადმოიხარა, რომ ყანწი მოეწოდებინა, – გამომართვი და დალიე.
– გმადლობთ, მაგრამ, ვერ დავლევ, – მოვუჭერი იმ ტიპს და სკამი გამოვწიე, რომ გავსულიყავი. ჩემი პასუხით შეურაცხყოფილმა ხმას აუწია:
– რას ჰქვია, არ სვამ! აქ ჩვენ ქართველი კაცები შევიკრიბეთ, ტრადიციებს ვიცავთ. ვინც ჩვენს ტრადიციებს პატივს არ სცემს, არც ჩვენ ვცემთ მას პატივს და წრუწუნას დღეში ვაგდებთ – არ დალევ და ძალით ჩაგასხამთ. აბა, ჩქარა, გამომართვი ეს ყანწი და დალიე!
– არა, – გავუმეორე აბეზარ „ტრადიციონალისტს“ და იუბილარს მივუბრუნდი, რომელიც ჩვენთან მოვიდა და ჩურჩულით გვითხრა:
– ეს ტიპი ცოტა შერეკილია და, ძალიან გთხოვთ, მე მაპატიეთ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენათ. არ გეწყინოთ, რა, გეხვეწებით მე გიხდით ბოდიშს.
– კარგი რა, რის ბოდიში, – გაუღიმა მერიმ მეგობარს და გადაკოცნა, შემდეგ ხელკავი გამომდო და უკვე წასვლას ვაპირებდით, როდესაც ის ტიპი კვლავ აბობოქრდა და ჩემი მისამართით მორიგი რეპლიკა ისროლა:
– ქალის კალთას ეფარები, ბიჭო?! ერთი დამელოდე, არსად წახვიდე, შენთან სათქმელი მაქვს!
მერი უხმოდ იდგა. ჩემთვის კვლავ ხელკავი ჰქონდა გაყრილი და მშვიდად ელოდა ჩემს პასუხს. მე კი იმ ტიპს შევხედე და ღიმილით მივუგე:
– სხვა დროს იყოს, ახლა კი უნდა წავიდეთ, კარგად იყავით...
– რის სხვა დროს, შენ თავში ფეხი ხომ არ გაქვს? – გაგულისდა ის ტიპი, სკამს ფეხი ჰკრა და წააქცია. შემდეგ ღვინით სავსე ყანწით ხელში სუფრას შემოუარა, ჩვენთან მოვიდა და მითხრა:
– დალიე!
მე მერის ხელკავი გავაშვებინე და ვანიშნე, რომ იქით გასულიყო, რაც მერიმ უსიტყვოდ შეასრულა, მე კი იმ კრეტინს კვლავ ღიმილით მივუგე:
– არა.
– არა და, მაშინ, თავზე დაგასხამ, – მითხრა მან და ყანწი მაღლა ასწია, რომ ჩემთვის თავზე დაესხა. მაგრამ მას ცრუ მოძრაობა გავუკეთე და, ისე, რომ მისთვის თითიც არ დამიკარებია, გვერდზე გავიწიე. ის დაიბნა, ფეხები ერთმანეთში გადაეხლართა, წაიქცა და ორლიტრიანი ყანწი კისერში ჩაეღვარა...
ამ სცენამ სუფრის წევრების კმაყოფილება გამოიწვია, რადგან, აშკარად ეტყობოდათ, რომ ეს ტიპი, თვალში არ მოსდიოდათ. თუმცა, ამის შესახებ არც არაფერი უთქვამთ და არც გაუცინიათ. საქმე კი ის იყო, რომ ის კრეტინი ეგრეთ წოდებულ „სიტყვას ელოდა“, ანუ, ქურდის ტიტულის მაძიებელი ყოფილა და შავი სამყაროს წარმომადგანელთან კონფლიქტს ყველა ერიდებოდა.
კისერში ყანწგარჭობილი და ღვინოჩაღვრილი ტიპი ფეხზე წამოხტა და ჯერ ყანწი დაანარცხა იატაკზე და დაამსხვრია, შემდეგ მრისხანე თვალებით გადახედა სუფრას, ბოლოს კი ჩემკენ წამოვიდა, სისწრაფეს მოუმატა, მუშტი მომიქნია და ყბაში აპირებდა მორტყმას, როდესაც მე მორიგი მკვეთრი მოძრაობით გვერდზე გავიწიე და „მაძიებელი“ კვლავ იატაკზე დაერჭო, მაგრამ ამჯერად, ცხვირ-პირი და წარბი გაიხეთქა.
– დედა, ბიჭო, სისხლი! – პანიკურად აღრიალდა ტიტულის მაძიებელი „ტრადიციონალისტი“, რომელსაც თურმე სიკვდილივით ეშინოდა სისხლის დანახვის. ეს „კომედია“ იმით დასრულდა, რომ ის კრეტინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში