კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელის სახელი

 

დერმოტი უკვე ნანობდა, ბიძას ტრენტების ოჯახში სადილზე რომ გამოჰყვა. სადილის შემდეგ მედიუმის მოსვლას ელოდებოდნენ. ის ოჯახის უფროსმა ჯეკ ტრენტმა მიიპატიჟა და უნდოდა, დერმოტის ბიძაზე, სახელგანთქმულ ფსიქიატრზე მოეხდინა შთაბეჭდილება. მთავარი პრობლემა კი მაინც სხვა იყო. დერმოტს ჯეკის ცოლი, კლერი ტრენტი უყვარდა, სიფრიფანა, ჰაერივით არსება. თავს ებრძოდა, რადგან ჯეკი დიდი ხნიდან ემეგობრებოდა, მაგრამ გრძნობას ვერაფერი მოუხერხა. კლერი სულ თვალწინ ჰყავდა და, ამიტომ, ცდილობდა, ქალი რაც შეიძლება იშვიათად ენახა, თანაც, იმ დღეს დილიდანვე უცნაური განწყობა დაეუფლა – შინაგანი ხმა საფრთხეზე მიანიშნებდა. ასეთი რაღაცეების არ სჯეროდა, მაგრამ განცდა საკმაოდ მკვეთრი იყო. ფსიქიატრი მრგვალი მაგიდის გარშემო შეკრებილ სტუმრებს წინათგრძნობისა და ქვეცნობიერის კავშირზე ელაპარაკებოდა. უხსნიდა მათ შორის არსებულ განსხვავებას. ის მხოლოდ იღიმებოდა ქალბატონების მოსაზრებებზე, რომ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, წინასწარ იგრძნოს საფრთხე და თავიდან აიცილოს ის. მედიუმი ალისფერ, კაშკაშა კაბაში ჩაცმული, ჯანმრთელი გარეგნობის ქალბატონი აღმოჩნდა. მან იქ მყოფებს რაღაც მითითებები მისცა და სეანსისთვის მოემზადა. დერმოტი ჩუმად იჯდა. შინაგანი ხმა ისევ ეჩურჩულებოდა: „საფრთხე! საფრთხეა ახლოს! პირდაპირ შენს ზურგს უკან!” რა საფრთხე ელოდა მას აქ, მეგობრების წრეში? ნუთუ, ჯეკ ტრენტმა შეიტყო მისი სიყვარულის შესახებ? ჩუმად ამოიოხრა. კლერი... მხოლოდ ფიქრი მის შესახებ, მისი სახელი, ფიქრში წარმოთქმული, ტკივილს აყენებდა. ეს უნდა გადაელახა. კლერი უფრო ზეციურ არსებას ჰგავდა, ვიდრე მიწიერს. არა, მასზე ფიქრი ტკივილი იყო და არა გაფრთხილება. ბიძამისი და კლერი რაღაცაზე კამათობდნენ. სერ ელინგტონმა მოულოდნელად ასეთი რაღაც თქვა:

– ჩემო ძვირფასო ქალბატონო, მე ერთი ვიცი: თუ ადამიანი, რომელიც შეშლილობით არის დაავადებული იმდენად ჭკვიანია, ენას კბილი დააჭიროს, ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, ის ნორმალურისგან გავარჩიოთ.

მედიუმს ეს სიტყვები არ მოუგონია. ის თავისი საქმით იყო დაკავებული. სამაგიეროდ, კარგად გაიგონა დერმოტმა და ისევ აფორიაქდა. მედიუმმა სული გამოიძახა და იქ შეკრებილმა ქალებმა მას სულელური შეკითხვები დაუსვეს. დერმოტს ასეთი რამე ადრეც ჰქონდა ნანახიც და მოსმენილიც, ამიტომ, არ აინტერესებდა. მედიუმი სეანსს ამთავრებდა, რომ უცებ რაღაც ხმა მოესმა და ეს უკვე აღარ ჰგავდა გამოძახებული სულის ხმას, ხმამაღლა და გარკვევით წამოიძახა:

– ჰა, ჰა, ჰა! გირჩევნია, სახლში საერთოდ არ მიხვიდე! ენდე ჩემს რჩევას, არ მიხვიდე სახლში...

– ვის ეხება ეს სიტყვები? – იკითხა ტრენტმა. მედიუმმა მის სიტყვებზე თვალები გაახილა და სერ ელინგტონს, დერმოტსა და ტრენტს შეხედა! – თქვენ სამიდან ერთ-ერთს. მე დავიჯერებდი იმას, რაც ახლახან მოისმინეთ. სისხლი... მე ვხედავ სისხლსაც. ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ სიკვდილი მოყვეს. არა, არ წახვიდეთ სახლში! 

სერ ელინგტონმა ხმამაღლა გაიცინა, მას ტრენტიც აჰყვა. კლერმა მედიუმი გააცილა და ოთახში დაბრუნდა.

– ჩემი წასვლის დროა, – თქვა ფსიქიატრმა – დერმოტ, ჩემო ბიჭო, ხომ გამაცილებ?

– რა თქმა უნდა! სახლში მაინც არ მიმესვლება, თურმე, – გაეცინა დერმოტს.

– ჩვენ კლუბში მივდივართ, ცეკვებზე – უთხრა ტრენტმა, – ხომ მოხვალ?

დერმოტმა თავი დაუქნია.

სერ ელინგტონმა ჯიბეში სახლის გასაღები ვერ იპოვა და იძულებული გახდა, მსახური გაეღვიძებინა. უსიამოვნო საუბარი მასა და დერმოტს შორის მსახურის თანდასწრებითვე გაიმართა. სერ ელინგტონმა პირდაპირ უთხრა, რომ იცოდა, მისი გრძნობის შესახებ კლერის მიმართ და მემკვიდრეობას აღარ დაუტოვებდა, თუკი ამ სისულელეს თავიდან არ ამოიგდებდა. დერმოტმა  უთხრა, რომ ვერანაირი მემკვიდრეობა ვერ ათქმევინებდა კლერის სიყვარულზე უარს. 

– კი მაგრამ, ის ხომ შეშლილია, შეშლილი. გგონია, მართლა იმ სულელი მედიუმისთვის მივედი მათთან? კლერმა მთხოვა.  

– არაფრის მოსმენა არ მინდა! შეცვალეთ ანდერძი, მე კლერს ვერავინ წამართმევს! – იყვირა დერმოტმა და სახლიდან ისე გავარდა, ბიძის ბოლო სიტყვებისთვის, კვალად რომ დაადევნა, ყურადღება აღარ მიუქცევია.

დერმოტი ტაქსიში ჩაჯდა და გრაფტონ-გალერეაში წავიდა. დარბაზში შესვლისთანავე დაინახა კლერი და ბიძასთან ის საშინელი საუბარი მაშინვე გადაავიწყდა. შეშლილიო... მან თქვა, შეშლილი არისო. როგორ შეიძლება ეს ციური არსება შეშლილი იყოს? კლერმაც დაინახა ის და მიუახლოვდა. დერმოტმა ღიმილით გაუწოდა ხელი, მაგრამ ქალის მშვენიერ სახეზე შიში აღიბეჭდა.

– წადით აქედან, ამ ქალაქიდან, ჩემგან რაც შეიძლება შორს. ძალიან გთხოვთ, თუკი მართლა გიყვარვართ, – ჩაიჩურჩულა ქალმა და ხელზე მოებღაუჭა.

– კლერ... – დერმოტს გული გამალებით უცემდა.

– გთხოვთ. თქვენ ხომ ჯენტლმენი ხართ, დამიჯერეთ. წადით შორს და აღარასოდეს მნახოთ. ახლავე წადით. მე ვერასდროს ვიქნები თქვენი. მიუხედავად იმისა, რომ... რომ... – უცებ კლერი მოსცილდა და მოცეკვავეებს შეერია. დერმოტმა ჯეკი დაინახა და გუნება საბოლოოდ მოეშხამა.

– წავედი სახლში.

– სახლში? განა, ახლა არ მოხვედი? თანაც, სულმა ხომ გაგაფრთხილა? – გაიცინა ჯეკმა და ხელკავი გამოსდო. დერმოტმა ხელი გაითავისუფლა:

– სულების არ მეშინია. კარგად იყავი.

გზაში ისევ გაუჩნდა საფრთხის შეგრძნება. საფრთხე! ის საფრთხეში იყო. მსახური მილსონი სახლში არ იქნებოდა – გაახსენდა, დილით რომ დაეთხოვა. პალტო გაიხადა და სამზარეულოში გავიდა ჩაის ასადუღებლად.

ერთი შეხედვით, ყველაფერი წესრიგში ჩანდა. ზარმა მოულოდნელად დარეკა. დერმოტმა ისევ იგრძნო საფრთხის სიახლოვე. ვინ უნდა ყოფილიყო ასეთ დროს? კართან ორი პოლიციელი იდგა.

– მისტერ ვესტ? – იკითხა ერთმა.

დერმოტს მოეჩვენა, რომ სანამ უპასუხებდა, მთელი საუკუნე გავიდა.

– არა, მისტერ ვესტი ჯერ არ მოსულა. მე მსახური ვარ, ჩაის ვადუღებდი.

– თქვენი ბატონი მალე გამოჩნდება. მან ბიძამისი მოკლა. სახლი უნდა გავჩხრიკოთ.

დერმოტს შეაჟრჟოლა. პოლიციელებმა უცერემონიოდ დაიწყეს კარადებსა და უჯრებში ქექვა. დერმოტი მექანიკურად დაჰყვებოდა უკან. რევოლვერი საძინებელ ოთახში, კომოდის უჯრაში იდო, პირდაპირ ზემოდან. პოლიციელმა მოზეიმე სახით ამოიღო:

– აი, ესეც იარაღი. ახალგაზრდა ვესტმა ბიძასთან იჩხუბა. მსახური მოწმეა, როგორ დაემუქრა სერ ელინგტონი, რომ მემკვიდრეობას წაართმევდა. ჰოდა, იმანაც...

დერმოტი მძიმედ სუნთქავდა. მისი ტვინი გამალებით მუშაობდა. მაგრად გაება. ვერაფერს დაამტკიცებდა. იმან, ვინც ეს ჩაიდინა, იმაზეც იზრუნა, რომ დერმოტს გამოსავალი აღარ დარჩენოდა.

– ჩაის შემოგთავაზებთ – უთხრა პოლიციელებს... მათ უარი არ უთქვამთ. დერმოტი სამზარეულოში გავიდა. ფანჯარა გააღო, გადახტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა. გარბოდა უკანმოუხედავად. ვიღაცამ გზა გადაუღობა, ეს ტრენტი იყო.

– ჩემთან წამოდი. კლუბში რომ მოვიდნენ და გიკითხეს, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. საწყალი სერ ელინგტონი.

დერმოტი მექანიკურად დაჰყვა მის ნებას. ჯეკმა ის სახლში შეიყვანა. ზემოთ, კაბინეტში აიყვანა, კარი ჩაკეტა და შემობრუნდა.

– ესეც ასე. ახლა კი პოლიციას დავურეკოთ. აბა, რა გეგონა? აქედან ვეღარ გაიქცევი. ბიძაშენი, ის სულელი მოხუცი, მე ჩავაძაღლე. იდიოტი! ჩემი საგიჟეთში გამოკეტვა უნდოდა. რა, არ იცოდი, რომ მე შეშლილი ვარ? დედაჩემი სულით ავადმყოფთა თავშესაფარში მოკვდა. ვგიჟდები, როცა ადამიანს ვაწამებ. ეს ნეტარებას მანიჭებს. კლერი იმიტომ არის ასეთი ფერმკრთალი, რომ მე მას ნელ-ნელა ვწოვ სისხლს. სწორად მიხვდი, ვამპირივით. სადგისით ვჩხვლეტ ხოლმე. თუმცა, ეს უკვე აღარ არის საინტერესო. მე ამის კეთებას ვერავინ დამიშლის. შენ ციხეში გამოგკეტავენ, მერე კი ჩამოგახრჩობენ. როცა შენს კისერზე თოკს დავინახავ, დიდ სიამოვნებას მივიღებ. მაგ კარს ტყუილად უყურებ, კლერის ოთახში გადის. ის ვერასოდეს გაბედავს, შემოვიდეს და ხელი შემიშალოს...

ჯეკ ტრენტმა სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ ზღურბლზე კლერი გამოჩნდა. რევოლვერის ლულა პირდაპირ ქმრის თავში ჰქონდა დამიზნებული. დერმოტს სუნთქვა შეეკრა.

– შენ ამას არ იზამ, კლერ... ვერ გაბედავ... – ჯეკმა ცოლისკენ გადადგა ნაბიჯი და რევოლვერმაც იქუხა. ტყვია პირდაპირ მოხვდა მიზანს.

– დერმოტ, მოვკალი? მიყვარხარ... – და კლერს გული წაუვიდა.

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3