კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ისწავლა მანქანის ტარება ბებიასგან ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ანუკა ნაკაშიძემ და რა იქცა მისთვის ნარკოტიკად

ავტომობილები მის ცხოვრებაში პატარაობიდან შემოვიდა, მაშინ როდესაც ქალი მძღოლები სერიოზულ უმცირესობაში იყვნენ. წლების წინ, პროფესიით ჟურნალისტი, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ მთელ ცხოვრებას ავტომობილებს დაუკავშირებდა და საქართველოში ქალთა პირველი ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი იქნებოდა. ანუკა ნაკაშიძე – ქალი ექსტრემალი ამჟამინდელ საქმიანობაზე გვესაუბრა.

 

 ანუკა ნაკაშიძე: ბავშვობიდან მიზიდავდა ავტომობილები. ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, თითქმის ყველას ჰყავდა ავტომობილი, მათ შორის ბებიასაც. ის საკმაოდ კარგად მართავდა ავტომობილს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მანქანის ტარების სურვილი გამიჩნდა და სადღაც, თოთხმეტი წლის ასაკში მართვა უკვე შემეძლო. მოგეხსენებათ, მართვის მოწმობას თვრამეტ წლამდე ვერ ავიღებდი და ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი. ერთი სული მქონდა, როდის გავხდებოდი თვრამეტის. უნდა ვაღიარო, ორი წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი (იცინის). იმ პერიოდში შეიძლებოდა თავის დაძვრენა, ფულს მისცემდი და გიშვებდნენ. თვრამეტი წლის გავხდი თუ არა, იმ დღესვე ავიღე მართვის მოწმობა. მართალია, ტარება უკვე ვიცოდი, მაგრამ მაინც ჩავაბარე სკოლაში და ვისწავლე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, ავტომობილის შიდა აგებულება მაინტერესებდა. 

– და ამას გასწავლიდნენ?

– არა. ზუსტად იმ პერიოდში ავტონაწილების რუსული დასახელებები გადმოაქართულეს და პედაგოგსაც უჭირდა ახალი დასახელებების დამახსოვრება, თვითონაც კონსპექტით იყო. აუდიტორიაში, სადაც ლექციებს გვიკითხავდნენ, გვერდით ოთახში დაშლილი ავტომობილი იდო, სადაც, წესით, უნდა შევსულიყავით და ნაწილებზე ესაუბრა ლექტორს. მაგრამ, იქ არასდროს შევყავდით. ჩემი დიდი პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ – მაინტერესებს, შიდა ამბებიც ამიხსენით-მეთქი, კაცმა ოფიციალურად გამომაგდო ლექციიდან. ბიჭებს არ აინტერესებთ, რა შემჭამეო, – ამბობდა. 

– მოკლედ, იქ აგებულება ვერ ისწავლე.

– ვისწავლე, მაგრამ რუსულ-ქართულ ენებზე – ყველაფერი არეულ-დარეულად. იმ კაცმაც არ იცოდა თვითონ, რას რა ერქვა ქართულად.

– რა პროფესიის ხარ?

– თქვენი კოლეგა, ჟურნალისტი. ცხრა წელი ვიმუშავე პრესაში, ტელევიზიაში, ჟურნალის რედაქტორიც ვიყავი. დღემდე ვწერ, წიგნის გამოცემასაც ვაპირებ. იმიტომ კი არა, რამეზე პრეტენზია მაქვს, ისე, უბრალოდ, ჩემთვის მინდა. გენეტიკაც ხელს მიწყობს, ბაბუა მწერალი მყავს და არ მინდა დაიკარგოს. 

– ალბათ, საკუთარ მაგალითზე სულ გიწევდა იმის მტკიცება, რომ მამაკაცებზე არანაკლებ კარგად მართავ ავტომობილს.

– მაშინ, დაახლოებით, ჩვიდმეტი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით, თბილისში გაცილებით ნაკლები ავტომობილი დადიოდა და ქალი მძღოლი თვალშისაცემი იყო, მით უფრო, მოზარდის ასაკის. სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი. თან, იმ დროისთვის საკმაოდ კარგი ავტომობილი მყავდა. ძალიან მიყვარს სისწრაფე და უნდა ვაღიარო, ქალაქის ქუჩებში არანორმალურად ცუდად დავდიოდი. მივხვდი, რომ მჭირდება სივრცე, სადაც შემეძლება ადრენალინის დახარჯვა.

– არადა, გარეგნულად მშვიდი ჩანხარ.

– ამას ხშირად მეუბნებიან. არ მიყვარს და ვერ ვჩერდები ერთ ადგილას, სულ მოძრაობაში უნდა ვიყო. პროფესიაც ასე ავირჩიე, ვიცოდი, ოფისში, ერთ ადგილას ვერ ვიმუშავებდი. აღმოჩნდა, რომ ფედერაციის გაკეთება შესაძლებელი იყო. ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია ზუსტად ეს სივრცე აღმოჩნდა, მოვაწყობთ შეჯიბრს, გახვალ, მონაწილეობას მიიღებ, დაიხარჯები, ისიამოვნებ და მშვიდად წამოხვალ სახლში. ზოგი ოცნებობს სიმდიდრეზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ჩემი ოცნება არა, უფრო სურვილი გახლდათ, რადგან რთულად შესასრულებელიც  არ იყო, შემექმნა ისეთი სისტემა, რომლითაც ქალები დამოუკიდებლად ჩაერთვებოდნენ ამ სპორტში. დავიწყე კვლევა. ორი წლის განმავლობაში იცით, როგორ მასალებს ვაგროვებდი?! რამდენი ქალი მძღოლია საქართველოში, რამდენს აქვს სურვილი გაერთიანდეს ფედერაციის გარშემო. აღმოჩნდა, რომ ასაკიან ქალებსაც აინტერესებთ ეს ყველაფერი. მათ ექსტრემალურ ტარებას ნაკლებად ასწავლი. გაჩნდა იდეა ფანკლუბივით ადგილი შეგვექმნა, სადაც შეჯიბრებს ჩავატარებდით და მასში მონაწილეობას ქალბატონები მიიღებდნენ. რალი ჩავატარეთ – თბილისი-კოჯორი, რომელშიც სამოცდაორი წლის ქალბატონიც მონაწილეობდა. მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მან საკუთარი მაგალითით გვაჩვენა, რომ სანამ სისხლი ჩქეფს და ცოცხალი ხარ, ყველაფერი შეგიძლია აკეთო. 

– ანუ, მიზანი მაინც ქალბატონების ავტოსპორტში ჩართვა იყო?

– კი. ბევრს ებადება შეკითხვა, რატომ ასე დამოუკიდებლად?! პასუხი მარტივია. დამოუკიდებლად გაცილებით იოლია სპონსორების მოძიება. მოგეხსენებათ, ეს ძვირად ღირებული სპორტია და სპონსორების მოძიება ჭირს. მსოფლიოში უამრავი ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციაა, ჩვენ ვეხმიანებით მათ და დაფინანსების მეტი პერსპექტივა გვიჩნდება. ვიზუალური მხარეც თავისას აკეთებს. გაცილებით ლამაზია ქალი მანქანასთან, ვიდრე მამაკაცი და პოტენციური, ევროპულად მოაზროვნე სპონსორებისთვის, რეკლამირებისთვის გაცილებით მიმზიდველი თემაა. უკვე ოთხი შეჯიბრება ჩავატარეთ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო გადარბენა თბილისი-გორის მიმართულებით, რომელიც იაპონიის მოვლენებს მივუძღვენით. გორის ცენტრალურ მოედანზე კი გაკეთდა სლალომი. პირველმა ქართველმა მრბოლელმა ქალებმა თანაგრძნობა ასე გამოხატეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ავტოსპორტის აკვანია. მივედით იაპონიის საელჩოსთან და იქიდან ჩავედით გორში. რატომ გორი? იმიტომ რომ, გორის მოვლენების დროს პირველი იაპონია გამოგვეხმაურა. ეს კარგი ჟესტი იყო ჩვენი მხრიდან. 2012 წლიდან უკვე შეჯიბრებების კალენდრის დაწერას ვაპირებთ. ექსკლუზივი მაქვს შენთვის. „ფია-ში“ შეიქმნა ქალებისთვის ცალკე დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელსაც პირველი ქალი მრბოლელი, მიშელ მუტონი ხელმძღვანელობს. ფინანსების არქონის გამო, პირველ ყრილობაზე ახალ დელიში ჩასვლა ვერ მოვახერხეთ. მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, ამ კავშირებს გავაღრმავებთ. ჩვენს ფედერაციაში არის რამდენიმე პოტენციური სპორტსმენი, რომელთა მომზადება და საერთაშორისო შეჯიბრებებზე გაშვება თავისუფლად შეიძლება.

– რამდენად სერიოზულად აღიქმება ეს ყველაფერი იმ გოგონათა ოჯახებში, ზოგს ხომ შეიძლება ქმარი ან შეყვარებული ჰყავს. რას ამბობენ ოჯახის მამაკაცები? 

– გვყავს გოგონები, რომლებსაც ქმარი და შვილები ჰყავთ... ვინც იცის სწრაფად მართვის გემო, ყველა იტყვის, რომ ეს ნარკოტიკივითაა. ადამიანი, რომელიც ასე უზომოდაა შეყვარებული ამ სპორტზე, ექსტრემალია და როცა შენს მეორე ნახევარს უზომოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებს ეს, რატომ უნდა დაუშალო?! არ დაუშლი. გიყვარს ქალი თავისი გატაცებებით.

– დაშლას არ ვგულისხმობ, თუნდაც ცოტა ირონიულ დამოკიდებულებას მამაკაცების მხრიდან.

– ყველაზე დიდი ირონია მამაკაცთა ფედერაციიდან წამოვიდა, თქვენ რაღა გინდათო. მერე უკვე გახსნაზე მოვიდნენ და ნახეს, ისეთი თინეიჯერები არ შევკრებილვართ, რომ არ გვცოდნოდა, რას ვაკეთებთ, ძალიან ბევრი მილოცვა მივიღეთ. მათ ვაჩვენეთ რა სერიოზულად ვუდგებით ამ ყველაფერს. მევლუდ მელაძემ დამირეკა და მითხრა, ანუკა, არ მეგონა, თუ ასე სერიოზულად ჩაებმებოდით ამ სამყაროშიო. დღეს უკვე მეგობრები ვართ. ვფიქრობ, ერთობლივი შეჯიბრების ჩატარებაც შეიძლება. ძალიან სახალისოა ხოლმე, ქმრები და შეყვარებული რომ გულშემატკივრობენ საყვარელ ქალებს საავტომობილო შეჯიბრებაზე (იცინის). 

– ახლა ისე სწრაფად აღარ დადიხარ როგორც ადრე?

– არა. ადრე მართლა კატასტროფულად დავდიოდი. თუმცა, მამაკაცების რისხვას ნამდვილად არ ვიმსახურებდი. ერთი კანონი მაქვს – არასდროს შევუშალო ხელი გვერდით ან უკან მომავალ მანქანას. პირიქით, ძალიან ბევრს უკვირდა, როგორ ახერხებ ასე კარგად მართვასო. ქალი იყო სამზარეულოში, კაცი გარეთ. კაცებს უჭირთ ქალების ემანსიპირებულობასთან შეგუება. დეკემბერში გვინდა, სკოლის გახსნა. მინდა, ერთ პიროვნებას, ზვიად ხაჭაპურიძეს, ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის რექტორია, მადლობა გადავუხადო. ის უანგაროდ გვიდგას გვერდში და ამდენი ხნის განმავლობაში ფართს გვითმობს სრულიად უსასყიდლოდ. 

– შენ თუ გითქვამს ოდესმე, აუ, ახლა ამ სისულელეს მარტო ქალი გააკეთებდა.

– არა, მგონი, არასდროს მითქვამს. უფრო მეტად ხნიერ მამაკაცებზე ვბრაზდები, ომამდე ტანკისტები რომ იყვნენ (იცინის). როდესაც საჭესთან ახალგაზრდა, სიმპათიურ გოგონებს ხედავენ, საშინელი აგრესია ეწყებათ, ცუდი აზრები მოსდით თავში. 

– შენ თუ იმსახურებ კომპლიმენტებს?

– ერთ კურიოზს მოგიყვები, ისე მოხდა, რომ ამჟამად საკუთარი ავტომობილი არ მყავს. ჩემი მანქანა ფედერაციამ შეიწირა. ფული დაგვჭირდა და მანქანა ინვესტიციის სახით ჩავდე. სულ ვამბობ, რომ უნდა ვიყიდო-მეთქი. ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილიც არ მინდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი.

– რა მანქანა გინდა?

– ზოგადად „ლამბორჯინი მორჩელაგო“ (იცინის). მაგრამ, რაც რეალობას შეეფერება ეს არის „ნისანი ზეტ 350”. მეორადი ეს მოდელი ძალიან ძვირიც არ ღირს. თუმცა, მაინც იმედი მაქვს, „ნისანის” ცენტრი მაჩუქებს. რაც შეეხება კომპლიმენტებს, ერთი ისტორია მაქვს, რომელსაც ჩემი შვილი სულ იხსენებს. ჟურნალში ვმუშაობდი, ძალიან მეჩქარებოდა, სტამბა ცხრაზე იკეტებოდა და უნდა მომესწრო რაღაცის მიტანა. გოგებაშვილიდან, ჩემი სახლიდან ქავთარაძემდე, როგორ და რა სისწრაფით ვიარე, ვერ აგიწერთ, თან ორივე შვილი მანქანაში მეჯდა. იქ რომ მივედით, ვიღაც კაცი გადმოვიდა მანქანიდან და მითხრა, აფერუმ, თქვენს ქალობასო (იცინის). თურმე, მთელი გზა უკან მომყვებოდა. ქალი ასე დადიოდეს, არ მინახავსო. სიჩქარე, გაზზე ფეხის დადგმა, უხეში მანევრები – არ ნიშნავს, სწრაფად და ეფექტურად სიარულს. ყველა პროფესიონალი პილოტი ამბობს, რომ, რაც უფრო კომფორტულად დადიხარ და საფრთხეს არ უქმნი სხვებს, ეს არის პროფესიონალიზმი. მინდა, ჩვენც შევიტანოთ წვლილი მართვის კულტურის ამაღლებაში.  

 

скачать dle 11.3