რატომ დააჯარიმეს 300 დოლარით ყველაზე მდიდარი ახალზელანდიელი მსოფლიოში – გრემ ჰართი და როგორ გახდა ის ქვეყნის ნაციონალური გმირი
ყველაზე მდიდარი ახალზელანდიელი მსოფლიოში არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და წელიწადში მხოლოდ რამდენიმეჯერ ჩნდება მაღალი წრის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ასეთია გრემ ჰართის მოკლე დახასიათება. 54 წლის ბიზნესმენი ახალი ზელანდიიდან, რომლის პირადი ქონება 4,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ჟურნალ „ფორბსის” 2009 წლის მილიარდერთა ყოველწლიურ რეიტინგში 110-ე ადგილზეა.
ახალზელანდიელი მილიარდერი გრემ ჰართი 1955 წელს დაიბადა ოკლენდში. უნდა ითქვას, რომ მისი გზა ბიზნესმენობამდე სულაც არ იყო იოლი. 16 წლის ასაკში გრემმა მიატოვა სკოლა და მშენებლობაზე პანელების დამგებ მუშათა დამხმარედ, ხოლო მოგვიანებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. 1987 წელს ჰართმა ოტაგოს უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა მაგისტრის დიპლომით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მან შეიმუშავა თეზისი და შემდგომში სადისერტაციო თემად გამოიყენა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას მცირე კომპანია დიდ კორპორაციად. 1990 წელს მის კარიერაში მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, მთავრობისგან მიზერულ ფასად შეძენილი სახელმწიფო სტამბა. მომდევნო წელს მან „უითქულს გრუპის” აქციები შეიძინა. ჯგუფი წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიების ქსელს აერთიანებდა. მომდევნო წლებში ჰართის ინტერესმა მსგავსი კომპანიების მიმართ იკლო. მან მთლიანად გაყიდა თავისი წილი ამ კომპანიებში და საინვესტიციო ბიზნესზე გადაერთო.
გრემ ჰართის პირადი საინვესტიციო კომპანია „რენკ გრუპია” და იგი ფლობს „ბერნს ფილპის” და „კარტერ ჰოლთ ჰარვის” 100-პროცენტიან წილს. „ბერნს ფილპი” არის ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ცნობილი, საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომლის აქციები ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საფონდო ბირჟებზე იყიდება. 2004 წლიდან კომპანიის სათავეში დგას გრემ ჰართი, რომელიც 90-იანი წლების შუა პერიოდიდან კომპანიის დირექტორთა საბჭოს მუდმივი წევრია. რაც შეეხება „კარტერ ჰოლთ ჰარვის”, ეს არის ახალზელანდიური მსხვილი კომპანია, რომელიც დაკავებულია ხის მასალისა და ქაღალდის იმპორტით, რომლის სათავეში ასევე გრემ ჰართი დგას. 2007 წელს ჰართის „რენკ გრუპმა” 450 მილიონ დოლარად შეიძინა მსხვილი ამერიკული, ქაღალდის მწარმოებელი ჩრდილოკაროლინური კომპანია „ბლუ რიჯ ფეიფერ პროდუქტი”. ამ გარიგებამ „რენკ გრუპს” მსოფლიო მასშტაბით მეორე მოთამაშის როლი არგუნა ქაღალდის ბიზნესში. გარდა ამისა, ახლო მომავალში გრემ ჰართი 2,7 მილიარდ დოლარად აპირებს ალუმინის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი კონცერნ „ალკოა ინკისგან” შეიძინოს, ამ კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ორი ქვეგანყოფილება. ეს არის სამომხმარებლო პროდუქციის და შესაფუთი მასალის გამომშვები წარმოება, მათი საერთო მოგების მაჩვენებელმა 2008 წელს „ალკოა ინკის” მთლიანი მოგების 10 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, ამ გარიგებიდან ჰართის ხელში აღმოჩნდება სამომხმარებლო ფოლგის მწარმოებელი კომპანია „რეინოლდს რაპი”. საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის” ცნობით, ბოლო ორ წელიწადში გრემ ჰართმა 7 მილიარდი ამერიკული დოლარით აქტივები შეიძინა ევროპაში, ამერიკასა და ახალ ზელანდიაში. გასულ წელს მან 500 მილიონ დოლარად შეიძინა „ინთერნეიშენალ ფეიფერ კოს” შეფუთვების ქვეგანყოფილება, ხოლო 2 მილიარდ დოლარად – შვეიცარიული „სიგ ჰოლდინგი”, რომლის უმთავრეს კონკურენტად შეფუთვების მსოფლიო ბაზარზე ითვლება „ტეტრა პაკი”. ახალზელანდიური კომპანია „უოკერ კეპიტალ მენეჯმენტის” დირექტორის სტივენ უოკერის თქმით: „გრემ ჰართი გეგმავს შეფუთვების იმპერიის ჩამოყალიბებას, რაც მას სავარაუდოდ გამოუვა კიდეც”.
გრემ ჰართი, 33 წლის მეუღლესთან რობინთან და ორ შვილთან ერთად ოკლენდში ცხოვრობს. ჰართი ირწმუნება, რომ მას ფულის კეთების ინტერესი მხოლოდ თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არ გასჩენია, იგი ამ ყველაფერს ბიზნესინტერესების გამო აკეთებს. ჰართი ერთადერთხელ შეამჩნიეს ჟურნალისტებმა არასაქმიან გარემოში, როდესაც ოკლენდის პორტში, წყალში ჩაუშვეს მისი 58-მეტრიანი და 100 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი იახტა „ულისესი”. სულ ახლახან ჰართმა ამ იახტით გმირობა ჩაიდინა და შუა ზღვაში, ცეცხლმოკიდებული გემიდან სამი ადამიანი და ერთი ძაღლი გადაარჩინა. ამ ფაქტის შემდეგ ახალი ზელანდიის მთავრობამ გრემ ჰართს ნაციონალური გმირის სტატუსი მიაკუთვნა. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ ჰართს პრობლემები შეექმნა ახალზელანდიურ კანონმდებლებთან. 2008 წლის მარტში ყველაზე მდიდარმა ზელანდიელმა პლანეტაზე, თავის საკუთარ ვაიჰეკეს კუნძულზე ასი კვადრატული მეტრის რადიუსზე ხეები გაკაფა, რამაც იქაური ბუნების დამცველი ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობამ გრემ ჰართს 300 ახალზელანდიური დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა, მაგრამ მილიარდერს დღემდე არ გადაუხდია ეს ჯარიმა.