როგორი გარემო ვნებს ასპიდიუმს და ემუქრება თუ არა მას ახლა გაყინვის საფრთხე
ზამთარში ბევრ მცენარეს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება, რათა არ გაიყინოს. ამ დროს დიდი ყურადღებაა საჭირო მათ მიმართ, თუმცა, არის ისეთი მცენარეებიც, რომლებიც ამ სეზონზე მინიმალური მოვლის პირობებშიც კი კარგად ხარობს. „ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად, ასპიდიუმს განვიხილავთ და შევიტყობთ, შესაძლებელია თუ არა, ის გაიყინოს დაბალ ტემპერატურაზე და კიდევ რა საფრთხე შეიძლება, დაემუქროს მას ამ სეზონზე.
– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ასპიდიუმის შესახებ?
– ასპიდიუმი, ძირითადად, ტროპიკული მცენარეა, ის გამოირჩევა ულამაზესი ღეროვანი სისტემითა და ძალიან დიდი ფოთლებით. გარეგნულად ძალიან ჰგავს პალმას. მისი სამშობლო არის მალაიზია და ეგვიპტე. ამიტომ, ის მოიაზრება სუბტროპიკულ მცენარედ.
– რადგან სუბტროპიკული მცენარეა, შესაძლებელია საქართველოს პირობებში მისი გახარება და იქნებ აგვიხსნათ, რა ტემპერატურა სჭირდება ამ მცენარეს?
– საქართველოში ეს მცენარე მეცხრამეტე საუკუნიდანაა შემოტანილი და მას შემდეგ მშვენივრად ხარობს. საერთოდ, მას სჭირდება 25-28 გრადუსი. ზამთარშიც მაღალი ტემპერატურა უნდა შევუქმნათ, რათა კარგად გაიხაროს.
– ზამთარში დაბალი ტემპერატურის პირობებში, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მცენარეს, ხომ არ დაიღუპება ის სიცივისგან?
– დაბალი ტემპერატურის დროს, ბოჭკოვან სისტემას საფრთხე ემუქრება, იწყება ფოთლების დახვევა და მცენარე წყვეტს ზრდას. ამიტომ გირჩევთ, ზამთარში ასპიდიუმი ბინაში ამყოფოთ და მისთვის სასურველი ტემპერატურა შეუქმნათ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ტემპერატურის შექმნა შეგიძლიათ გამათბობლით, თუმცა მასთან ძალიან ახლოს ან მის თავთან ნუ დადგამთ.
– რა სიხშირით სჭირდება მცენარეს ახლა წყალი?
– ზამთრის სეზონზე, მცენარეს კვირაში სამი-ოთხჯერ სჭირდება წყლის შეპკურება. რაც შეეხება მორწყვას, სასურველია, ეს კვირაში ერთხელ მოხდეს. მორწყეთ ისე, რომ მიწა კარგად გაიჟღინთოს. როდესაც ლარნაკზე ჩამოიწურება წყალი, ის აუცილებლად გადაღვარეთ.
– სად გვირჩევთ ასპიდიუმის დადგმას ზამთარში?
– მცენარე უნდა იდგეს აღმოსავლეთის მხარეს და მას გაბნეული კაშკაშა შუქი უნდა ხვდებოდეს. მწველი მზის სხივი ვნებს მცენარეს და მოარიდეთ ასეთ ადგილს.
– შესაძლებელია თუ არა ზამთარში მისი აყვავილება და როდის ეწყება დასვენების პერიოდი?
– მისი აყვავილება შეუძლებელია წელიწადის ამ სეზონზე. თუმცა, ზამთარში ის არ ისვენებს, ჩვეული რიტმით განაგრძობს ზრდას და იყრის ახალ-ახალ ფოთლებს.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ახლა, თუ ის უკვე ჩვენს ბინაშია. რა დამატებითი პირობების შექმნაა საჭირო მისი კარგად გახარებისთვის?
– ეს მცენარე პრეტენზიული არ არის. ერთადერთი, რა საფრთხეც შეიძლება დაემუქროს, არის ის, რომ მცენარე ოროჯახიანია და გაყოფის დროს, შეიძლება ერთ-ერთი ოჯახი დაიღუპოს. ამიტომ, მაინც გირჩევთ, რომ გაყოფა მოხდეს არა ზამთარში, არამედ გაზაფხულის დასაწყისში. მისი ბოლქვი იოლად იყოფა დანის საშუალებით. ვისაც უკვე გაქვთ ბინაში ეს მცენარე, ამ სეზონზე დადგით ის საძინებელსა და მისაღებ ოთახებში, რადგანაც ის იოლად ითვისებს ნახშირორჟანგს და დიდი რაოდენობით გამოყოფს ჟანგბადს.
– სწრაფად თუ შეიძლება გავზარდოთ პატარა მცენარე?
– ის საკმაოდ სწრაფად მზარდი მცენარეა. წელიწადში ამოაქვს დაახლოებით 10-მდე ფოთოლი და არის ულამაზესი. გახსოვდეთ, რომ წელიწადის ყველა სეზონზე და არა მარტო ახლა, ასპიდიუმი უნდა იყოს მუდმივად ბინაში. არ უყვარს ორპირი ქარი, ნიავი და ამის მსგავსი გარემო. მისთვის ყველაზე სასურველი ადგილი ნათელი ოთახია.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე?
– მისი ნიადაგი უნდა იყოს ტორფირებული. სასურველია, მსუბუქი მიწა, მინერალებით გამდიდრებული.
– საჭიროა თუ არა ზამთარში დამატებითი კვება?
– დამატებითი კვება მცენარეს ამ დროს არ სჭირდება. ის თავისივე ბეწვებით იკვებება და ზედმეტი სასუქების მიწოდებით, თავს ნუღარ შეიწუხებთ ამ სეზონზე.
– თუ ზამთრის სეზონზე ტემპერატურა დაეცა, ყინვის დროს როგორ მოვუაროთ მცენარეს და საკმარისი იქნება თუ არა 25 გრადუსი ტემპერატურა?
– ყინვაშიც, ნორმალურია მისთვის 25 გრადუსი და არავითარ შემთხვევაში გაყინვის საფრთხე არ დაემუქრება.
– შესაძლებელია თუ არა მცენარის გასხვლა და ფორმირება?
– ასპიდიუმი არანაირად არ ემორჩილება გასხვლას. ის 1,5 მეტრის სიმაღლის იზრდება და თქვენთვის სასურველი ზომის მინიჭება, ან კომპაქტური ფორმის შენარჩუნება, ამ მცენარის შემთხვევაში, შეუძლებელია. ის იზრდება თავის სურვილისამებრ, დამოუკიდებლად.
– რაც შეეხება მავნებლებს?
– მავნებელი ამ მცენარეს არ უჩნდება. ის თავად პარაზიტთა ოჯახს მიეკუთვნება და ამისგან თქვენ დასვენებული იქნებით.
– კიდევ რას გვირჩევთ, რა პირობები შევუქმნათ მას ზამთრის გარდა, წელიწადის სხვა სეზონებზე?
– მცენარეს ზაფხულში მაღალი ტემპერატურა არ ვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ის იდგას ბინაში ნათელ ადგილას. ჩრდილში ზრდას შეწყვეტს და ამასთანავე, არც მზის მწველი სხივები უყვარს. თავს კარგად გრძნობს გაფანტული სხივების ქვეშ. მისი თესლით გამრავლება თქვენთვის შეუძლებელია, ამიტომ გაყოფის პროცესით მცენარე თებერვალსა და მარტში გაამრავლეთ.
– გავრცელებულია თუ არა ასპიდიუმი და სად შეგვიძლია მისი შეძენა საქართველოში?
– მისი შეძენა შეგიძლიათ ბოტანიკურ ბაღში, ან ორანჟერეებში.
– ძვირად ღირებულია თუ არა ასპიდიუმი და რა არის მისი საშუალო ფასი?
– ასპიდიუმის ფასი დაახლოებით 30-70 ლარამდე მერყეობს. მცენარის ფასი მისსავე ზომასა და სიდიდეზეა დამოკიდებული. ის იმდენად ლამაზი და უპრეტენზიო მცენარეა, ნებისმიერს ვურჩევ, გაახაროს ბინაში და დატკბეს მისი მშვენიერი მწვანე ფოთლებით.