კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იშოვა პირველი მილიონი მამუკა ხაზარაძემ


მამუკა ხაზარაძე საქართველოში უკვე რამდენჯერმე დაასახელეს ყველაზე განათლებულ და ელეგანტურ ბიზნესმენად. წლების წინ ის საუკეთესო ბიზნესმენის ტიტულის მფლობელიც გახდა. მის სახელს უკავშირდება „ბორჯომისა“ და „თი ბი სი ბანკის“ დაფუძნება და განვითარება. როგორც ქართული პრესა აღნიშნავს, მისი ქონება 400 მილიონ დოლარს აღწევს.

მამუკა მამიას ძე ხაზარაძე 1966 წლის 29 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1983 წელს მან თბილისის 30-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. 1988 წელს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაასრულა, 2000 წელს კი – ჰარვარდის ბიზნესსკოლა. 1988-1990 წლებში ის ინჟინრად მუშაობდა საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1990 წელს ხაზარაძე შემოქმედებითი პროგრამების საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 1991 წელს ხაზარაძე ფირმა „შანსის“ დირექტორია, 1991 წლიდან – „თი ბი სი თბილისის ბიზნეს ცენტრის“ პრეზიდენტი, 1994 წლიდან დღემდე „თი ბი სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2003 წლიდან კი კომპანია „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერს კომპანის“ პრეზიდენტი.

პირველი ნაბიჯები ბიზნესის სფეროში მამუკა ხაზარაძემ 23 წლისამ გადადგა, როდესაც გადაწყვიტა სამხატვრო სალონში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები წარმოედგინა და გაეყიდა. მოგვიანებით, ის პრესასთან საუბარში იხსენებდა, რომ მისი პირველი მცდელობა ბიზნესში წარუმატებელი გამოდგა. თუმცა, ხაზარაძემ და მისმა მეგობრებმა მაინც მოახერხეს რამდენიმე ცნობილი მხატვრის ნახატების გამოფენის ორგანიზება. ყველაზე მთავარი, რაც პირველი მცდელობებიდან ბიზნესმენმა მიიღო, რუსეთთან კონტაქტების დამყარება იყო. „პირველი ბიზნესიდან“ მიღებული გამოცდილება ხაზარაძეს შემდეგ გამოადგა.

მეორე მცდელობისას ხაზარაძეს უკვე გაუმართლა – მილიონი მანეთი იშოვა. მან ტელევიზიით მოისმინა, რომ თბილისში ამერიკული ლუდი ჩამოიტანეს. იმის გამო, რომ ლუდს ვაგონებიდან ვერ ცლიდნენ, მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. ხაზარაძემ გადაწყვიტა ლუდის ბიზნესში ეცადა ბედი და საქართველოდან მის გატანაზე ეზრუნა. როგორც თავად ამბობს, ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო. მამუკა ხაზარაძე მეგობრებთან ერთად, სანკტ-პეტერბურგში დაუკავშირდა ნაცნობებს, რომლებიც ამ ქალაქში მხატვრების გამოფენისას გაიცნო. მათ გაუზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლუდის შეტანა სურდა რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში. ახლა ცოტა არ იყოს, კურიოზულად ჟღერს – უცხოური ლუდი პეტერბურგში საქართველოდან უნდა შეეტანათ.

ხაზარაძეს და მის მეგობრებს იმაშიც გაუმართლათ, რომ ის მატარებელი, რომელშიც პეტერბურგში გასაყიდი ლუდი იყო ჩატვირთული, ამ მიმართულებით გასული ბოლო მატარებელი აღმოჩნდა. მალე საქართველოდან რუსეთში სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა და გზები ჩაიკეტა. სწორედ ასე იშოვა პირველი მილიონი მანეთი ხაზარაძემ, რაც იმჟამინდელი სავალუტო კურსით დაახლოებით 30 ათასი დოლარი იყო. ამის შემდეგაც სცადა მან მსგავსი საშუამავლო ბიზნესის წარმოება, მაგრამ უკვე უშედეგოდ.

მესამე ბიზნესმცდელობა უკვე კარაქს უკავშირდებოდა. 90-იან წლებში თბილისში ყველაფრის დეფიციტი იყო და ხაზარაძემ გადაწყვიტა ქართული კონიაკი ესტონურ კარაქში გაეცვალა. მან კვლავ გარისკა, ბანკიდან 2 მილიონდოლარიანი კრედიტი აიღო და გარანტად მამისეული ბინა ჩადო, რომელიც თბილისში პლეხანოვის პროსპექტზე მდებარეობდა. ბიზნესის წარმოება რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სარისკო საქმე იყო, მხოლოდ საქართველოს მაგალითზე არ დასტურდება – ესტონეთში ჩასულებს ამ ქვეყნის მთავრობა გადამდგარი დახვდათ, ხოლო ქვეყნიდან პროდუქციის გატანა – აკრძალული. თუმცა, ქართულმა კონიაკმა მაინც თავისი ჰქნა. ესტონური კარაქი თბილისში ჩამოიტანეს, ის დაახლოებით, ერთ თვეში გაიყიდა. ხაზარაძემ ბანკს ვალი პატიოსნად დაუბრუნა. საინტერესო დეტალი – ბანკი, საიდანაც ხაზარაძემ კრედიტი აიღო, იმ დროისთვის უკვე გაკოტრებული იყო, მაგრამ მას აზრადაც არ მოსვლია ვალი არ დაებრუნებინა.

ხაზარაძის განცხადებით, ის ბიზნესში მხოლოდ პატიოსანი თამაშის წესებს ცნობს. მისი თქმით, ბიზნესი ბეწვის ხიდია, საიდანაც, როგორც კი გადაუხვევ, ნგრევა იწყება. მას მიაჩნია, რომ ბიზნესში მხოლოდ მოგებაზე ფიქრი ხელს უშლის წარმატებას. „ადამიანმა იმედი არასდროს უნდა დაკარგოს. საქართველოში უამრავი სფერო არსებობს, სადაც ახალი ბიზნესის დაწყება თავისუფლად შეიძლება“, – აცხადებს ხაზარაძე. და კიდევ, მისი აზრით, ბიზნესში მთავარი რისკია. ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, „თი ბი სის“ დაფუძნებისას მისი საწესდებო კაპიტალი მხოლოდ 500 დოლარი იყო. დღეს კი ეს ბანკი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და აღიარებულია.

მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ უბრალო და ჩვეულებრივი ადამიანია. არ სიამოვნებს, როცა მას ბატონობით მიმართავენ. მის კომპანიაში ყველას ეძლევა საშუალება საკუთარი იდეები და ნოვაციები სხვებს გააცნოს და განახორციელოს. მიაჩნია, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს ის ადგილი, რომელსაც ხელმოცარული პოლიტიკოსები შეაფარებენ თავს. მისი აზრით, ბიზნესი ნიჭის გამოვლენის საშუალებაა. ცნობილ ბიზნესმენს არ სურს, ბიზნესის ფილოსოფიის დეგრადირება მოხდეს. „როცა ახალგაზრდა ხედავს, რომ მებაჟე უფრო მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე ის, ვინც წლების განმავლობაში პატიოსნად შრომობს და ღამეები არ სძინავს იმაზე ფიქრით, თუ როგორ დაფაროს ბანკიდან აღებული კრედიტი, რა თქმა უნდა, არჩევს გახდეს მებაჟე და არა პატიოსანი მეწარმე“, – აღნიშნავს ბიზნესმენი.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისთვის არავის მიუცია ისეთი თანხა, რომლითაც ბიზნესს ააწყობდა და ყველაფერს თავისით მიაღწია. თუმცა, აღიარებს, რომ ბიზნესში წარმატებისთვის აუცილებელია საჭირო დროს საჭირო კარზე დაკაკუნება. მისი თქმით, კარგი იდეა საქმის ნახევარია, მაგრამ მარტო იდეისთვის კრედიტი შეიძლება არ მოგცენ.

გავრცელებულ ხმებს, რომ მისი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ნათესავებისგან შედგება, არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ყველა ნათესავს პროფესიონალიზმის ნიშნით ირჩევს და სამუშაო საათებში ნათესაობა არ მოქმედებს. ის ახალგაზრდებს იმითაც აიმედებს, რომ „თი ბი სის“ კონკურსებისას, ხშირად თითქმის ქუჩიდან მოსული ადამიანებიც აუყვანია სამუშაოდ. ასე რომ, მისი განცხადებით, ვინც ბევრს სწავლობს და შრომობს, პროტექციის გარეშე კარგი სამსახურის შოვნის შანსი უნდა ჰქონდეს. „მაქსიმალურად უნდა იფიქრონ ახალგაზრდებმა პროფესიონალიზმზე. წარმატება მოვა. მთავარია, რწმენა და სიყვარული შენი ქვეყნის, ქუჩის და თუნდაც უბნის. ვინც ეძებს, აუცილებლად იპოვნის სამსახურს, ხოლო ვინც ელოდება, ის ვერაფერს მიიღებს“, – ასეთია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენის შეგონება.

ამბობს, რომ სიყვარულში გაუმართლა. მამუკა ხაზარაძის მეუღლე – ირინა ხიდაშელი მისი თანაკლასელია და ბავშვობიდან იცნობს. ბიზნესმენის თქმით, მეუღლე მის საქმეებში არ ერევა, მაგრამ მისთვის დიდი სტიმულია. ჰყავთ სამი შვილი, რომლებიც შრომისმოყვარეობასა და ცხოვრებაში დამოუკიდებლობას პატარაობიდანვე ეჩვევიან.

ბორჯომი

„ბორჯომი“ მამუკა ხაზარაძის სახელს 1995 წლიდან უკავშირდება, როცა მან კომპანია პარტნიორებთან ერთად შეიძინა. იმ დროისათვის ხაზარაძე მხოლოდ 30 წლის იყო.

„ბორჯომის“ პირველი ინვესტორები ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და ჰოლანდიური კომპანია „ინგი“ გახდნენ. ამჟამადაც კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერები მამუკა ხაზარაძე და მისი მეგობარი ბადრი ჯაფარიძე არიან. მამუკა ხაზარაძემ და მისმა მეგობრებმა ბორჯომის ჩამომსხმელი ორი ქარხანა ქართული პროფკავშირების გაერთიანებიდან გამოისყიდეს.

1997 წელს მამუკა ხაზარაძემ „ბორჯომის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ცნობილი ფრანგი მენეჯერი ჟაკ ფლერი მოიწვია, რომელიც არასტაბილურ ქვეყნებში ბიზნესის აწყობით იყო ცნობილი. ის საქართველომდე ირანში, საბერძნეთსა და ეგვიპტეში მუშაობდა. კომპანია „ბორჯომის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის, ფლერის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „ბორჯომი“ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა – მათ შორის უმთავრესი გაყალბება იყო. იმ დროისთვის ბაზარზე დიდი რაოდენობით იყიდებოდა გაყალბებული „ბორჯომი“. ამას თან დაერთო ის ფაქტიც, რომ 1997 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წვრილ კომპანიასაც დართო ნება „ბორჯომი“ ჩამოესხა. ამან ბაზარზე „ბორჯომის“ გაყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირა.

იმავე წელს „ბორჯომმა“ კაპიტალის მოზიდვა დაიწყო. ხაზარაძის გუნდის უმთავრესი ამოცანა ცნობილი ბრენდისადმი ნდობის დაბრუნება გახდა. რამდენიმე წელიწადში გადაწყდა, „ბორჯომი“ მხოლოდ ერთ კომპანიას ჩამოესხა ექსკლუზიურად, გაყალბების თავიდან ასაცილებლად.

ფლერი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ ის დარგის უნიკალური ისტორიით დააინტერესა. ფრანგი მენეჯერი იხსენებს, რომ ხაზარაძემ დეტალურად უამბო, როგორც აღმოაჩინეს რუსმა სამხედროებმა ბორჯომის წყაროები მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში. მოგვიანებით კი რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრ მეორის ძმამ, მიხეილ რომანოვმა კურორტი ბორჯომი დააფუძნა. ბორჯომის მინერალური წყლის ჩამოსხმა ჯერ კიდევ 1894 წლიდან იწყება, ზუსტად იმ დროს, როცა საქართველოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით „ჰეინეკენისა“ და „კოკა-კოლას“ წარმოება დაიწყო.

„ბორჯომის“ პოპულარობის ზენიტი საბჭოთა პერიოდს უკავშირდება, როცა საწარმო 450 მილიონ ბოთლამდე ასხამდა და მილიონობით ლიტრ ბორჯომის წყალს კი ლუდისა და ლიმონათის დამზადებისას იყენებდნენ.

„ბორჯომს“ სირთულეები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეექმნა. აფხაზეთის ომის გამო მისი ექსპორტირება ვეღარ ხდებოდა. წარმოება კრახის წინაშე აღმოჩნდა. „ბორჯომის“ აღორძინების ხანა უკვე მამუკა ხაზარაძის სახელს დაუკავშირდა, რომელმაც 1995 წელს შეიძინა წარმოება. მან ქარხნის რეკონსტრუქციაში მილიონი დოლარი გადაიხადა. 2000 წლიდან ბაზარზე „ბორჯომის“ პოზიციები აღდგა. ამჟამად მინერალური წყალი თანამედროვე ქარხნებში ისხმება, კომპანია კი მომგებიანი გახდა.

2003 წლიდან „ბორჯომმა“ უკრაინული კომპანია „იდს“ შეიძინა, რომელიც უკრაინის მინერალური წყლის ბაზრის 19 პროცენტს აკონტროლებდა და ბრენდებს „მირგოროდსკაიას“ და „ალიასკას“ ფლობდა. შედეგად „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერს კომპანი“ უკრაინის მინერალური წყლის ბაზრის დაახლოებით 25 პროცენტს აკონტროლებს. ამჟამად „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერს კომპანი“ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მინერალური წყლების წარმოების ერთ-ერთი ლიდერია. მისი პროდუქცია მსოფლიოს 35-მდე ქვეყანაში იყიდება. ეს კომპანია უპირობო ლიდერია უკრაინისა და საქართველოს ბაზრებზე.

„ბორჯომს“ არაერთი სკანდალი უკავშირდება. 2005 წელს გავრცელდა ხმები, რომ უკრაინის ბაზარზე გაყალბებული „ბორჯომი“ შედიოდა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან სამი კვირის შემდეგ თავად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ეწვია ბორჯომს. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ქართული „ბორჯომი“ არანაირ მავნე ნივთიერებებს არ შეიცავდა.

ყველაზე დიდი წინაღობა „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერს კომპანის“ 2006 წელს შეხვდა, როდესაც რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ „ბორჯომის“ რუსეთში შეტანა აკრძალა. არადა, რუსეთი ყოველთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო ამ მინერალური წყლისთვის.

დღესდღეობით „ბორჯომი“ ძირითადად უკრაინაში, რუსეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში იყიდება. 2009 წლის 22 ოქტომბერს კომპანია „ბორჯომმა“ სახელი შეიცვალა. ის ახალი სახელით – „იდს ბორჯომი“ დარეგისტრირდა. სახელის ცვლილება კომპანიის სტატუსის შეცვლას უკავშირდება – კომპანია ლოკალური მწარმოებლიდან მულტინაციონალური გახდა. ბორჯომის ბაზაზე, ჯერ კიდევ 2004 წელს, საერთაშორისო კომპანია „იდს ბორჯომი ინტერნეიშნლ“ ჩამოყალიბდა, რომელშიც იმ დროისათვის რუსული და უკრაინული კომპანიებიც შევიდნენ. „იდს ბორჯომი“ დსთ-ის ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში მინერალური წყლის წარმოების ლიდერია. მასში შედიან „იდს ბორჯომი ეუროპი“, უკრაინული „იდს ეუროპი“ და რუსული „იდს ბორჯომი ეუროპი“. ამ კომპანიის ბრენდებია: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბაკურიანი“, „ბორჯომის წყაროები“, „მირგოროდსკაია“, „სტარი მირგოროდი“, „ტრუსკავეცკაია“, „სოროჩინსკაია“, „ალიასკა“, „ედელვაისი“ და „სვიატოი ისტოჩნიკი“.

„თი ბი სი ბანკი“

„თი ბი სი ბანკი“ დღეს საქართველოს წამყვან უნივერსალურ ბანკად მიიჩნევა. მისი აქციონერები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანია. ბანკი 1992 წლის 17 დეკემბერს შეიქმნა.

2001 წელს „თი ბი სის“ მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს საპენსიო სადაზღვევო ჰოლდინგი „ჯი პი აი“. ის პირველი კომპანია იყო, რომელმაც მომხმარებელს საპენსიო დაზღვევა შესთავაზა. 2002 წლიდან „თი ბი სი“ საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი გახდა ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით. 2001 წელს ის წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. 2002 წელს „ფაინანშალ თაიმსმა“ „თი ბი სი ბანკი“ მსოფლიოს წლის საუკეთესო ბანკების რეიტინგშიც შეიყვანა და 125 საუკეთესო ბანკს შორის დაასახელა. ამჟამად „თი ბი სი ბანკის“ 30 პროცენტს ფიზიკური პირები ფლობენ, აქციების ყველაზე მსხვილი პაკეტი კი – 12,8 პროცენტი მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის.

2007 წელს „თი ბი სი ჯგუფმა“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური გარიგება დადო – ლისის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია 182 მილიონ დოლარად შეიძინა. „თი ბი სიმ“ ამ ტერიტორიის ბიზნესგანვითარების გეგმა შეიმუშავა, რომელიც იქ ტურისტული კომპლექსის შექმნას ითვალისწინებს. იმავე წელს „თი ბი სი ჯგუფმა“ აზერბაიჯანის საკრედიტო ორგანიზაცია „სოა კრედიტის“ აქციების 75 პროცენტი იყიდა, რომელიც ამერიკული „შჰორებანკის“ შვილობილი კომპანიაა. 2008 წელს „თი ბი სიმ“ მანამდე უპრეცედენტო აქცია ჩაატარა – მილიონი დოლარი გაათამაშა მეანაბრეებისათვის.

მამუკა ხაზარაძე ასევე არის „საქართველოს განვითარებისა და რეკონსტრუქციის კომპანიის“ პრეზიდენტი, რომელიც მან 2003 წელს დააფუძნა ჰოლანდიელ ფინანსისტ ბობ მეიერსსა და ქართველ პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. ეს კომპანია თბილისში 22 მსხვილ ობიექტს ფლობს. ამ კომპანიამ პარტნიორებთან ერთად, თბილისში ორი მნიშვნელოვანი ობიექტის – თბილისის რკინიგზის სადგურისა და „ცეკავშირის“ ყოფილი შენობების რეკონსტრუქციის თაობაზეც გააკეთა განაცხადი. 2007 წელს ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყოფილი „ცეკავშირის“ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა იგეგმებოდა პირველი კლასის ოფისებით, კონფერენც-დარბაზებითა და რესტორნებით, თუმცა, ეს პროექტი დროებით შეჩერებულია. ბიზნესმენი წლების წინ თბილისში კინოქალაქის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ძველი კინოსტუდიის ადგილას უნდა აშენებულიყო. ეს პროექტი, რომლის იდეაც ხაზარაძეს ეკუთვნის, რომის კინოქალაქის ანალოგი უნდა ყოფილიყო. ამ პროექტის ღირებულება 25 მილიონი დოლარია.

მამუკა ხაზარაძე აქტიურად ეწევა ქველმოქმედებასაც. მისი კომპანია ცნობილი პროექტის, ლიტერატურული პრემია „საბას“ დამფინანსებელი და ორგანიზატორია, რომელიც „თი ბი სი ბანკმა“ 2003 წელს დააფუძნა.

რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, 2008 წლის 13 აგვისტოს მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, „თი ბი სი ბანკმა“ საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა და პირველი შენატანი მასში, 5 მილიონი დოლარის ოდენობით, თავად ბიზნესმენმა განახორციელა.

უკვე წლებია, დროდადრო ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ მამუკა ხაზარაძეს სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს სთავაზობენ ქვეყნის მთავრობაში, პრემიერის პოსტის ჩათვლით. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს პოლიტიკური მწვერვალები ნაკლებად იზიდავს და კვლავაც მისთვის ყველაზე კარგად ნაცნობ სფეროში – ბიზნესში აპირებს წარმატებების მიღწევას.


скачать dle 11.3