რატომ არ გაუშვეს ეგვიპტეში მარიტა როხვაძე და მისი შეყვარებული მაფრტო და რისთვის აპირებენ ისინი საკუთარი სრულწლოვანების გამოყენებას
როგორც ცნობილია, „ჯეოსტარი 2011“ 31 დეკემბერს გამოვლინდა და ამ ტიტულის მფლობელი, ენერგიული, ხალისიანი და ნიჭიერი მომღერალი, მარიტა როხვაძე გახდა. მარიტასთვის 2012 წელი დიდი სიხარულითა და ემოციებით დაიწყო. გარდა გამარჯვებისა, მას გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს და რომელიც რამდენიმე თვეა არ უნახავს. როგორ დაიწყო მარიტასა და ზურა ნიქაბაძის სიყვარულის ისტორია, ამის შესახებ თავად შეყვარებულები გვესაუბრებიან.
მარიტა როხვაძე: „ჯეოსტარში“ გამარჯვება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. თავიდან ლევანი მასწრებდა დიდი პროცენტით, მერე გათანაბრდა ხმები. კულისებში მე და ლევანი ვამბობდით: ორივე გამარჯვებული ვართო. ბოლო წუთები საერთოდ აღარ მახსოვს. დუტამ რომ გამოაცხადა, მარიტამ გაიმარჯვაო, აზრზე ვერ მოვედი. ხალხის დამსახურებაა, რომ გავიმარჯვე და მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებოდი, ვიძინებდი იმის მოლოდინში, რას მაჩუქებდა თოვლის ბაბუა. ასეთი უჩვეულო ახალი წელი არასდროს მქონია და ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლებოდა ჩემთვის თოვლის ბაბუას გაეკეთებინა. დავიჯერე, რომ ოცნებები მართლა სრულდება, თუმცა ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო. „ჯეოსტარის“ ჯილდო ხომ მიდევს სახლში, ხანდახან ვუყურებ და ვერ ვხვდები, რა ხდება. მაგრამ, მერე მახსენდება, რომ მე „ჯეოსტარი 2011“ ვარ და ამ დროს გული ისე მიძგერს, ასე მგონია, სადაცაა ამოვარდება.
– ეგვიპტეში წასვლაც შენი ერთ-ერთი დიდი ოცნება იყო.
– კი. ბავშვობიდან მინდოდა იქ წასვლა და მოგზაურობა – პირამიდების, სამარხების, ეგვიპტური კულტურის ნახვა, გაცნობა ჩემთვის მართლა ოცნება იყო. ეს ოცნებაც ამიხდა. „ჯეოსტარმა“ ბევრი ოცნება ამისრულა.
– შენ და ზურა მიდიხართ ეგვიპტეში?
– ეგვიპტეში მე და ზურა მივდივართ და ზურას დედაც მოგვყვება, მარტო არ გაგვიშვეს. 16 იანვარს მივდივართ, 10-დღიანი ტურია.
ზურა ნიქაბაძე: ამერიკაში ვსწავლობ, ნიუ-იორკში ვცხოვრობ, მანჰეტენზეა ჩემი კოლეჯი. როგორც კი ჩავაბარე გამოცდები, მაშინვე წამოვედი საქართველოში. 24 დეკემბერს უკვე თბილისში ვიყავი და გამიხარდა, „ჯეოსტარის“ ფინალს რომ დავესწარი.
მარიტა: არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზე.
ზურა: ამერიკაში დავდივარ მასწავლებელთან და სოლო-გიტარაზე ვუკრავ. მიუხედავად იმისა, რომ მე და მარიტას მთელი ოკეანე, ამდენი კილომეტრი გვაშორებს, მთლიანად მის დროზე ვარ გადმორთული. მასთან ერთად ვიღვიძებ, ვურეკავ, ვეკითხები – რა გააკეთა დღეს, მთლიანად მისი გრაფიკით ვცხოვრობ. ვსწავლობ კოლეჯში, არ დავდივარ კლუბებში. არ მჭირდება ასეთ ადგილებში სიარული და რაც მთავარია, მიყვარს მარიტა.
– ალბათ გაგიჭირდა ამერიკაში წასვლა, შეყვარებულის დატოვება.
– სანამ წავიდოდი, მარტო დედაჩემმა იცოდა მარიტას შესახებ. როდესაც ამერიკაში ჩავედი მამასთან, სულ ვჩხუბობდი: არ მინდა აქ, სად წამომიყვანეთ-მეთქი. ვერავინ ხვდებოდა, რატომ არ მინდოდა ამერიკაში ყოფნა. ბოლოს გაიგეს, რომ შეყვარებული მყავდა. მითხრეს: თუ გიყვარს, ისწავლე შენი მარიტასთვის, რომ გამოადგე მომავალ ცხოვრებაშიო. „ჯეოსტარის“ საშუალებით მარიტა ყველამ გაიცნო. გასაცნობად ამაზე უკეთეს საშუალებას, ალბათ, ვერც მოვიფიქრებდი.
მარიტა: დროში 9 საათია განსხვავება, მაგრამ ჩემთან ერთად იღვიძებდა, დგებოდა, იძინებდა, ჭამდა – სულ ჩემს დროზე იყო მორგებული. ზურას ყოველი სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შენიშვნები არ მოუცია, რადგან ჩემი ყველა ნამღერი მოსწონდა. სულ მამშვიდებდა, რადგან ყველა გამოსვლაზე ვნერვიულობდი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო და არ მქონდა უფლება, ცუდად მემღერა. არა მხოლოდ ზურას, არამედ მთელი საქართველოს გამო, რადგან ჩემ უკან ბევრი ხალხი იდგა და ვერავის გავუცრუებდი იმედს. ზურა ყოველი გამოსვლის წინ მირეკავდა, მამხნევებდა. რომ ვიმღერებდი, ისევ მირეკავდა, მილოცავდა. სხვათა შორის, მიწინასწარმეტყველა – მე მჯერა, რომ შენ გაიმარჯვებო. ამას ქასთინგებიდან მოყოლებული მეუბნებოდა.
ზურა: შორს კი ვიყავით, მაგრამ ერთმანეთთან ისეთი ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა, ეს არც გვიგრძნია. უბრალოდ, ერთმანეთს ფიზიკურად ვერ ვეხებოდით, თორემ სულ ერთად ვიყავით.
– მომიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი.
მარიტა: ორივე ერთი ეკლესიის მრევლი ვიყავით, მაგრამ მაშინ არ ვიცნობდით ერთმანეთს, უბრალოდ, ვხედავდით. შემდეგ ერთად ვემზადებოდით ქართულში და იქ გავიცანი. ისე გვამგვანებდნენ ერთმანეთს, რომ ყველა ბიძაშვილებს გვეძახდა. ზურამ ამერიკაში წასვლამდე ერთი კვირით ადრე მითხრა – მიყვარხარო. ორივე უკვე ისე ვიყავით, რომ ვეღარ დავმალავდით. შემდეგ ამერიკაში წავიდა და 7 თვე არ გვინახავს ერთმანეთი. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, რადგან ერთი კვირის შეყვარებულები ვიყავით. ზურა წავიდა და ძნელი იყო ამ ურთიერთობის შენარჩუნება. მაგრამ, პირიქით, ჩვენი სიყვარული უფრო გაძლიერდა. გავერკვიეთ ჩვენს გრძნობებში და მივხვდით, რომ ჩვენი დაშორება არ შეიძლება.
ზურა: ძალიან რთული პერიოდი იყო, თან ისე გაიწელა... ძნელი იყო მეფიქრა და თან, მესწავლა, რომ სკოლაში არ ჩავრჩენილიყავი. მაგრამ მოვინდომე და ჩავაბარე.
მარიტა: მეც სულ ვეუბნებოდი: ჩვენ გვჭირდება, რომ კარგად ისწავლო. თან, უკვე ამერიკული მხარე აფინანსებს. სკოლა წარმატებულად დაამთავრა, კოლეჯშიც წარმატებულად ჩააბარა და სწავლობს.
– მარიტა, შენც ხომ არ აპირებ ამერიკაში წასვლას.
ზურა: არ ვაპირებ მარტო ყოფნას, სადაც ვიქნები, ვიქნებით ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, სად. ამაზე ხშირად გვისაუბრია, თან ორივე უკვე სრულწლოვნები ვართ. ოჯახის შექმნას ჯერ არ ვაპირებთ, მაგრამ ერთად ყოფნაზე, ის რომ მარიტამაც ჩემთან ერთად ისწავლოს – ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობთ.
– ალბათ, ყველაზე კარგად ის პერიოდი გახსენდებათ, როცა ერთად ემზადებოდით.
მარიტა: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს 7 საათზე გვქონდა გაკვეთილი და მთელი საათ-ნახევრის განმავლობაში გვერდიგვერდ ვისხედით. უფრო სწორად, მე მივუსკუპდი. სხვა ადგილი არ იყო და სადაც ვემზადებოდით, იქ იყო გრანტები, ანუ თუ კარგად ისწავლიდი, იმ თვეში სწავლის საფასურს არ გადაიხდიდი. მე და ზურამ ერთნაირი ქულები ავიღეთ და გრანტი გავიყავით.
– არ ჩხუბობდით?
– ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ თუ როდისმე გვიჩხუბია, ეს ჩემი მიზეზით მომხდარა, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა. 5 წუთში ვრიგდებოდით. რაღაცას ვეტყოდი, გაბრაზდებოდა, მერე მივიდოდი, მოვეფერებოდი და მაშინვე ვრიგდებოდით. როდესაც ამერიკაში იყო, ხანდახან ვეჭვიანობდი. თუმცა, ამ ადამიანს თავიდან ბოლომდე ვენდობი. ცოტა ჯიუტი ვარ და უთანხმოება, ძირითადად, ჩემი სიჯიუტის გამო ხდებოდა, მაგრამ ზურა ყოველთვის მითმობდა.
ზურა: თავიდან თითქოს ერთმანეთს ვეთამაშებოდით, გვერდიგვერდ ვისხედით, ერთმანეთის ხელი გვეჭირა. მაგრამ, ჩვენი ამბავი ვისაც ვუთხარით, ყველას გაუკვირდა, არაფერი გეტყობოდათო. როგორ ვახერხებდით დამალვას, არ ვიცი.
მარიტა: როდესაც ზურამ მითხრა: მე შენ მიყვარხარო, საერთოდ არ ყოფილა მოულოდნელი. ამას ისედაც ვგრძნობდით ორივე და მეც უკვე მიყვარდა.
ზურა: მიხარია, რომ „ჯეოსტარამდე“ გავიცანი, მანამდე შემიყვარდა და ისიც კი არ ვიცოდი, თუ მღეროდა. ვიღაცას თუ ჰგონია, მარიტა იმიტომ მიყვარს, რომ კარგად მღერის და „ჯეოსტარში“ გაიმარჯვა, ეს ტყუილია. არ ვეტენები და არც არაფერი, მანამდეც მიყვარდა.
მარიტა: ზურას ყოველთვის ვეუბნები, რომ როდესაც გეტყვი, რატომ მიყვარხარ, ჩათვალე, რომ აღარ მიყვარხარ. მე არ ვიცი ეს ადამიანი რატომ მიყვარს. რომ არ ვიცი, რატომ მიყვარს, ამიტომ მიყვარს ასე საოცრად.
ზურა: მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. ცოტა ფიცხი ხასიათი აქვს და როდესაც ბრაზდება, განსაკუთრებულად საყვარელია.
მარიტა: ძალიან რთულია ასე, ცალ-ცალკე ყოფნა. იმდენად დავისაკუთრე და შევისისხლხორცე ეს ადამიანი, ვერ ავიტან, მომაგლიჯოს ვინმემ. „ჯეოსტარში“ რომ ვიყავი, ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი, მაგრამ სახლში რომ მოვდიოდი და ვაანალიზებდი: ზურა ჩემთან ერთად არ იყო, ცუდ ხასიათზე ვდგებოდი. ტელეფონზეც იმდენჯერ გვიტირია ერთად. თუმცა, ზურა პესიმისტურად არასდროს ყოფილა განწყობილი, სულ მეუბნებოდა, მალე ჩამოვალო და მართლა მალე გაირბინა ამ დრომ. სანამ წავიდოდა, ბეჭდებიც გავაკეთეთ, რომელზეც ჩვენი სახელები დავაწერეთ და სულ გვიკეთია.