რატომ არ შეიძლება ტანსაცმელზე ღამის საათებში ღილის დაკერება და როდის ხდება ხის მოჭრა უბედურების მიზეზი
ყველა ადამიანს თავისი მფარველი და მკურნალი ხე ჰყავს. ამიტომაც, ძველი ხალხი ცდილობდა, რაც შეიძლება ბევრი ხე დაერგო, მათ მოჭრას კი მორიდებოდა. სხვათა შორის, ხეებს ადამიანების დაცვაც შეუძლია ბოროტი და ავი ენერგიებისგან. როგორც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ამბობს, როცა შურიანი ადამიანი დაჟინებით გიყურებთ, ესე იგი, ის ზემოქმედებას ახდენს თქვენზე და აუცილებლად უნდა გაერიდოთ მას. ხესთან ჩახუტებით კი, თქვენს ორგანიზმს ჯანმრთელობითა და სიცოცხლით ავსებთ.
მანანა: ყოველთვის მიხარია, როცა ჩემს გამოცდილებას სხვებს გადავცემ და ამის გათვალისწინებით, ისინი სასურველ შედეგს აღწევენ, ცხოვრებას უკეთესად იწყობენ და აწმყოთი და მომავლით ხარობენ. ადამიანები ხომ ამ მისიით ვართ მოვლენილნი ამქვეყნად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. რაც შეეხება ხეებს, ძველ ხალხს სწამდა, რომ ყველა ადამიანს თავისი მკურნალი და მფარველი ხე ჰყავს, რომელიც ამავე დროს, მისი ეგრეთ წოდებული, ორეულიცაა.
– უძველესი დროიდან მოდის მოსაზრება, რომ მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ და მათი მოჭრა ადამიანს განსაკუთრებულად ეკრძალება. ამაზე რას გვეტყვით?
– მართალია, ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ მრავალწლიან მცენარეებსა და ნარგავებს, ერიდებოდნენ მათ მოჭრას. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მათ არასდროს დაჰკრავდნენ ცულს. მფარველ ხეებს, სხვადასხვა ქვეყანაში წმინდა სახელებს არქმევდნენ და რაიმე საქმის წამოწყების დროს, გაჭირვებისას, მათ შესთხოვდნენ დახმარებას. ეთაყვანებოდნენ, სთხოვდნენ დალოცვას და საჩუქრებს უძღვნიდნენ. მათ მიაჩნდათ და ღრმად სწამდათ, რომ ამ ხეებს შეეძლო ჯანმრთელობის, ბარაქის, კეთილდღეობის და დღეგრძელობის, საქმეში წარმატების მოტანა, ავადმყოფობისგან განკურნება, გათვალვისა და ჯადოს აცილება და ასე შემდეგ. საქართველოში ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და ალბათ, ბევრს გინახავთ გაფორმებული და ფერად-ფერადი, მოფრიალე ლენტებით აჭრელებული, ეგრეთ წოდებული „ნატვრის ხეები”. სლავები მას „ჯადოსნური ხეს” უწოდებდნენ ბერძნები კი – „წმინდა ხეს”. ასე რომ, „ნატვრის ხეზე” შებმული ლენტები იმის დასტურია, რომ ეს ტრადიცია თუ ცრურწმენა დღესაც არსებობს და ხეს ადამიანი დღესაც სთხოვს დახმარებას. გაგიკვირდებათ და, ზოგიერთ ქვეყანაში ხეებს განსაკუთრებულად ეთაყვანებიან და სწამთ, რომ მათ მძლავრ და მრავალწლიან მერქანში, ეგრეთ წოდებულ ტანში, მათივე გარდაცვლილ წინაპართა სულებია ჩასახლებული – ის მათი სამფლობელოა. ფიქრობენ, ვინც ასეთ ხეს ცულს დაჰკრავს და დააზიანებს, მას დიდი უბედურება და რისხვა დაატყდება თავს. ასევე, ცოდვად ითვლება ნებისმიერი ბებერი ხის მოჭრა, თუ ის არ არის გამხმარი. ხე ბუნებრივი სიკვდილით უნდა მოკვდეს და არა ადამიანმა მოუსწრაფოს მას სიცოცხლე. ძველად თვლიდნენ, რომ ვინც ასე მოიქცეოდა და ამ ცოდვას ჩაიდენდა, მას უახლოეს მომავალში რაიმე დიდი უბედურება ეწვეოდა. ეს ეხებოდა იმ ხეებს, რომლებიც ადამიანის დარგული იყო.
– კონკრეტულად, რა დანიშნულება აქვს მათ ამ მხრივ და როგორ გადმოგვცემენ ხეები თავიანთ ენერგიას?
– ახლავე მოგახსენებთ. მკურნალი ხის მიზანი და ამოცანაა, დაიცვას ადამიანი ბოროტი სულებისგან, გადასცეს მას თავისი ძალის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ადამიანები და ხეები ერთმანეთთან შეერთებულნი და დაკავშირებულნი არიან უხილავი ბედის ძაფებით, გნებავთ ხაზებით. ამის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ ძველი დრუიდების ჩანაწერებში. ასე რომ, გამოდის, ხეს და ადამიანს სიხარულიც და წუხილიც ერთი აქვთ, ანუ, თუ ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ხეც კარგად არის, თუ შეუძლოდაა, ხეც ნელ-ნელა იწყებს ხმობას. აბა, დააკვირდით, იმ ეზოში დარგულ ხეებს, სადაც ავადმყოფი ცხოვრობს და მიხვდებით, რომ პატრონთან ერთად, ხეებიც ავადდებიან. ეს მათ ფოთლებსა და ტოტებზე ემჩნევათ. ხოლო, თუ სახლში უბედურება დატრიალდა, ხე-ორეულიც იზიარებს ადამიანის ბედს – ხმება და ჭკნება. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხეების პულსირებადი ბიოდენების ენერგია, ფოთლების, ფესვებისა და ნაყოფის სამკურნალო ძალა ჩვენივე სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სასიცოცხლო ძალების აღსადგენად. ამისთვის, თქვენი ემოცია უნდა გადასცეთ მას ჩახუტებით, საუბრით, ყური უნდა უგდოთ ფოთლების შრიალს, ხშირად ისეირნოთ ბუნებაში. თუ თქვენ ცოტათი მაინც გაგაჩნიათ ინტუიცია, ზუსტად მიხვდებით, რომელ ხესთან კონტაქტი მოგიტანთ სიკეთეს. ის კი თავად მიგიზიდავთ, თავისი იდუმალებითა და ენერგეტიკით. ზოგადად, მცენარეებს ასტრალური ძალა გააჩნიათ და ის ადამიანმა აუცილებლად, თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. აქვე ერთ ძველ ეზოთერულ წესს გასწავლით, რომელიც პირადი ცხოვრების მოწყობაში, კარიერასა და ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. აიღეთ ნაძვის ტოტი, დაამაგრეთ ზედ ძაფით ფერად-ფერადი ღილები და თან ჩაუთქვით, რისი ახდენა გსურთ. შემდეგ ეს ტოტი ჩამოკიდეთ ოთახში და მას ხშირად უყურეთ. თუ სიყვარულში გსურთ წარმატება და პირადი ცხოვრების უკეთ აწყობა, მაშინ ნაძვის ტოტზე დაამაგრეთ წითელი ღილები; თუ კარიერაში გსურთ წინსვლა და უკეთესი ცვლილება, მაშინ – იისფერი; ხოლო ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის კი – ოქროსფერი ღილები გამოგადგებათ. ასევე, უმჯობესია, ისინი კენტი იყოს და თუ სამივე სფეროში გსურთ წინ გადადგათ ნაბიჯი, მაშინ ტოტზე დაამაგრეთ თანაბარი რაოდენობის ფერადი ღილები. ამ წესს დღესაც იცავენ მთაში და თუ რომელიმე ოჯახში, მსგავსი, ღილებით გაფორმებული ნაძვის ტოტი დაგხვდათ, მიხვდებით, რომ ამ ოჯახში ძველ ტრადიციას არ არღვევენ. კარგი იქნება აგრეთვე, თუ აიღებთ ერთ წითელ, ერთ ლურჯ და ერთ ოქროსფერ ღილს და იმ ჩანთის სარჩულზე გამოაკრავთ, რომელსაც ყოველდღე ატარებთ. ის ერთგვარი თილისმა და დამცველი იქნება თქვენთვის და ესეც ბედნიერებას და წინსვლას გიქადით. არამც და არამც არ იქონიოთ სახლში გატეხილი ღილი, ეს ცუდის ნიშანია. ასევე, თუ ტანსაცმელზე ღილი გატყდა, ის სასწრაფოდ მიუშვირეთ გამდინარე წყალს, შემდეგ ცეცხლის ალზე შემოატარეთ და ისე გადააგდეთ. ამით თავს დაიცავთ შესაძლო საფრთხისგან.
– გამიგია, რომ ღამის საათებში ღილის დაკერება არ ვარგა ტანსაცმელზეო. ეს თუა გასათვალისწინებელი?
– რასაკვირველია, გასათვალისწინებელია. საერთოდ, არა მარტო ღილის დაკერება არ ვარგა ღამის საათებში, არამედ ფრჩხილისა და თმის მოჭრაც, რადგან ასე, სიცოცხლეს იმოკლებთ. თუ ტანსაცმელზე ღილი აგძვრათ, ჯობია, დაელოდოთ დილას და მერე დააკეროთ. ამით ბევრ უსიამოვნებას დააღწევთ თავს. ესეც ძველი წესია და ამასაც განსაკუთრებულად იცავდნენ ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები. ყოველთვის ვამბობ, თუ შეგიძლია, რომ თავი დაიზღვიო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. თუ ბედს მინდობილი ხარ და არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეცვალო რაიმე შენს ცხოვრებაში, მაშინ ნუღარც დაიწუწუნებ, კარგი არაფერი ხდებაო. ეს აქსიომაა და მტკიცება არ სჭირდება.