როგორ უნდა შეინახოს ადამიანმა ნათლისღების დროს დანთებული სანთელი და თეთრი ზეწარი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა შვილისთვის სახელის დარქმევისას
19 იანვარს მართლმადიდებლური სარწმუნოება ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანად მოქცევა – ყოვლადწმიდა სამების სახელით ნათლისღება, ნათლობა, უპირველესად, ნიშნავს სწორედ ამ პირველქმნილი ცოდვისგან გათავისუფლებას, რომელსაც ადამიანი დედის მუცელში ჩასახვისთანავე ექვემდებარება. ნათლისღების საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– ნათლისღება არის წმიდა საღმრთო საეკლესიო საიდუმლო, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. მონათვლის აუცილებლობას კი ვრცელი, ქრისტიანული კატეხიზმოც სრულიად გარკვევითა და ცხადად გვასწავლის, ნათლობისთვის აუცილებელია სინანული და რწმენა: „შეინანეთ და ნათელიღეთ კაცად-კაცმა თქვენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, მოსატევებლად ცოდვათა და მიიღეთ ნიჭი სულიწმიდისა“, „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს“.
– რატომ არის აუცილებელი ჩვილის მონათვლა დაბადებიდან მეორმოცე დღეს?
– ამაზე კატეხიზმო ასე პასუხობს: „მშობელთა და მიმრქმელთა რწმენით, რომელნიც, ამასთან, ვალდებული არიან, ასწავლონ მათ სარწმუნოება, როცა წამოიზრდებიან“. ძველი აღთქმის დროს წინადაცვეთის წესს ჩვილ ყრმებზე აღასრულებდნენ, ხოლო ნათლისღება ახალ აღთქმაში წინდაცვეთის ადგილს იკავებს, მაშასადამე, ჩვილ ყრმებზეც უნდა აღსრულდეს ნათლისღების საიდუმლო. ნათლისღება ესაჭიროება ჩვილ ყრმებსაც, რამეთუ ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და ნათლისღების გარეშე არ შეუძლიათ, მიიღონ ამ ცოდვის მიტევება. ვინც ხელახლა არ იშვება, არ მიიღებს პირველშობილთა ცოდვის შენდობას, ის დაექვემდებარება ამ ცოდვის გამო მარადიულ სასჯელს. უფრო ვრცლად და ყველასთვის სარწმუნოდ, მართლმადიდებლური სწავლება ჩვილ ყრმათა მონათვლის შესახებ გადმოცემული აქვს მოსკოვის მიტროპოლიტს, წმიდა მაკარს: „თუკი, ნათლისღება აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, როგორც ერთადერთი კარი ცათა სასუფეველში შესასვლელად, მაშინ ეს საიდუმლო უნდა მიეცეთ არა მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ჩვილ ყრმებსაც, რამეთუ ყრმებსაც აქვთ უნარი ღმერთის სასუფეველში შესვლისა, სულიწმიდით განათლებისა“. ყრმებიც არ არიან მოკლებულნი პირველმშობელ ცოდვას და მისგან განწმენდა და ცათა სასუფეველში შესვლა სხვაგვარად არ ძალუძთ, თუ არა მხოლოდ ნათლისღებით – წყლითა და სულიწმიდით შობით შეუძლია ადამიანს ცათა სასუფეველში შესვლა, რადგან „შობილი იგი ხორცისგან ხორცი არს და შობილი იგი სულისგან სული არს“. ასე რომ, სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანის ნათლისღება მის ყრმობის ასაკშივე უნდა აღსრულდეს. ახალშობილი დაბადებიდან მერვე, ან მეორმოცე დღეს უნდა გაინათლოს, ხოლო, თუ ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინ, ჯობია, მისი მონათვლა დაბადებისთანავე მოხდეს, რაც ხშირ შემთხვევაში, გამოჯანმრთელების მიზეზიც გამხდარა. სამწუხაროდ, დღეს მშობლები ბავშვის ნათლობას ფინანსური პრობლემების გამო გარკვეული წლების გასვლის შემდეგ აღასრულებენ, რაც დიდი შეცდომაა და ეს ბავშვის ცხოვრებაზე სერიოზულ კვალს ტოვებს. ახალშობილს ორმოცი დღის განმავლობაში ღმერთი დასაცავად მფარველ ანგელოზს უგზავნის და მერე ყრმა ცოდვებითა და განსაცდელებით სავსე წუთისოფელში ზეციური მფარველობის გარეშე რჩება.
– რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს იმ წესებს, რომელსაც მღვდელი ნათლისღების დროს აღასრულებს?
– მოსანათლავად გამზადებული ადამიანი გრძელ პერანგში გამოწყობილი შედის, უქამროდ, თმა გაშლილი აქვს იმის ნიშნად, რომ თავის წარსულსა და სოფლის ამაოებას განეშორება. ის დგას ფეხშიშველი და თავდახრილი, პირი კი აღმოსავლეთისკენ (უფლის სავანისკენ) აქვს მიბრუნებული. მღვდელი ამ დროს მას სახესა და მკერდზე სამგზის სულს უბერავს და თან, თავზე ადებს ხელს. ეს პროცესი სულიწმიდის დაქროლვას ნიშნავს, რაც ადამიანს ბოროტი სულის განდევნაში ეხმარება. ამის შემდეგ მოძღვარი „შეფიცვის ლოცვებს“ კითხულობს, მოსანათლავი კი ნათლიასთან ერთად, დასავლეთისკენ ბრუნდება (დასავლეთი ბნელეთის, დემონების სამფლობელოს გამოხატავს). ამ დროს ის ქრისტეს მხედარი ხდება და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს: „განვეშორები ეშმაკისგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან“. ამას სამჯერ იმეორებს და ზიზღისა და უარყოფის ნიშნად, დასავლეთის მხარეს განერწყვავს. ეს ცოდვისა და ცოდვის მამის – დემონისადმი სიძულვილის ნიშანია. ამის შემდეგ მოსანათლავი ნათლიასთან ერთად აღმოსავლეთისკენ ბრუნდება და სამგზის დებს პირობას, იფიცება უფლის წინაშე: „შევუდგები ქრისტეს“. როდესაც მოსანათლავი ჩვილია, მაშინ ამ სიტყვებს ნათლია წარმოთქვამს. შემდეგ ნათლული და ნათლია სარწმუნოების სიმბოლოს – „მრწამსს“ კითხულობენ. ამ პროცესს მღვდლის მიერ წყლის კურთხევა მოსდევს, რათა მან იორდანის წყლის ძალა და მადლი შეიძინოს. შემდეგ ის გასანათლავ ადამიანს შუბლზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე ზეთს სცხებს, რომელიც ცოდვილი ადამიანის ქრისტესთან შერიგებას ნიშნავს. ემბაზი (რაშიც ადამიანი ინათლება) გამოქვაბულს ნიშნავს, რომელშიც ქრისტეს სხეული იყო დასვენებული. წყალი – მიწას, ხოლო გასანათლავის წყალში სამგზის ჩაძირვა ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას ქრისტესთან ერთად. აქედან გამომდინარე, ნათლობა ნიშნავს, რომ ჩვენში მცხოვრები ცოდვილი კაცი ქრისტესთან ერთად მოკვდა და ახალი, სულიერი ცხოვრებით აღვსილი პიროვნება მაცხოვართან ერთად აღდგა. ნათლისღების დროს მღვდელი მოსანათლავს მირონს სცხებს, რომელსაც მღვდელმთავარი განსაკუთრებული წესით, გამუდმებით სახარების კითხვითა და სხვადასხვა ყვავილით ამზადებს. მისი ცხებით ადამიანი სახარების მცნებებს იძენს, რომლებიც მას ცოდვებთან ბრძოლაში ეხმარება. ნათლობის დასასრულს მღვდელი ნათელღებულს თმას ჯვარედინად ჰკვეცს, თმის მოკვეცა ნიშნავს იმას, რომ მონათლული ადამიანის ბატონი მაშინ ღმერთია. სასურველია, ეს მოკვეცილი თმა ნათელღებულის სანთელთან და თეთრ ზეწართან ერთად შეინახოს, რომ მას უფლის წინაშე ყოველთვის ახსოვდეს თავისი მოვალეობები.
– ხშირად სწორედ ნათლისღების დროს არქმევენ მშობლები შვილებს სახელებს, განსაკუთრებით კი – წმიდანების.
– წმიდანები ყოველთვის ეხმარებიან და შეეწევიან ადამიანებს. როდესაც მათ სახელებს ვარქმევთ ჩვენს შვილებს, მათ უკვე წმიდანების სახით ჰყავთ მფარველები, რომელთა წინაშე მთელი ცხოვრება უნდა ილოცონ, დახმარება, შემწეობა სთხოვონ და მადლობა გადაუხადონ. თუ გული სულიერი სინათლისკენ მიისწრაფის, ყველა ნათელი სახელი და სახე ძალუმად მოქმედებს მასზე. ღრმად იჭრება სულში და იქ ივანებს დიდი ხნით. ამიტომაც, წმიდანების სახელების ხსენება, მათ მიმართ აღვლენილი ლოცვა ადამიანს აღელვებს, სიმშვიდეს ანიჭებს, ასუფთავებს გულს და ახლოს არ ეკარება იმ ადამიანის სულს, რომლის გული ამსოფლიურ ამაოებას დაუპყრია. წმიდა ოქროპირის გადმოცემით, ქრისტიანთათვის წმიდანთა სახელების დარქმევის ტრადიცია ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დამკვიდრდა. ნეტარი თეოდორატის მოწმობით კი, ახლად ნათელღებული სულებისთვის წმიდანთა სახელების წოდება საყოველთაო წესად მეოთხე საუკუნეში გადაიქცა. ქრისტიანებმა კარგად უწყოდნენ წმიდანთა ღვაწლი უფლის წინაშე, მათი ღვთისნიერი საქმეები, უყვარდათ ისინი და თავიანთი შვილებისთვის მათი სახელის დარქმევა დიდ პატივად მიაჩნდათ. თუმცა, თეოფანე დაყუდებული ჩიოდა, სახელებს ჩვენში არაღვთიურად არჩევენო. რომელ დღესაც დაიბადება ყრმა, ან რომელ დღესაც ინათლება, ანდა ამ ორ მოვლენას შორის დროის მონაკვეთით შეარჩიეთ სახელი, ან ნათლობიდან ახლოს სამი დღის პერიოდიდან. ამ დროს გადამწყვეტი ადამიანური მოსაზრება კი არ იქნება, არამედ, როგორც უფალი მიგვანიშნებს, რადგან დაბადების დღე უფლის ხელთ არის. ეკლესიური განაწესით, ჩვილს ქრისტიანული სახელი ნათლობამდე ერქმევა, რაც ნათლობისადმი მოსამზადებელი მოქმედებაა. კურთხევანის მიხედვით, ქრისტიანს სახელი დაბადებიდან მერვე დღეს ერქმევა, ისევე როგორც იესო ქრისტეს დაარქვეს დაბადებიდან მერვე დღეს.