რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „მაზდა მილენია“, 1997 წლის. ავტომობილის ძრავის დაქოქვიდან 3-5 წუთის შემდეგ ძრავა გადადის ავარიულ რეჟიმში, კერძოდ, ემატება „აბაროტები“ და მიწერს, რომ მოცურების საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობსო. იქნებ ამიხსნათ, რა პრობლემა აქვს ჩემს ავტომობილს და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება? ეგრეთ წოდებული „ტრამლიორი“, „ვოზდუხამერი“ და აქსელერატორი გამოვცვალე, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.
პასუხი: არც ერთი ის დეტალი, რომელიც გამოცვალეთ, არაფერ შუაშია თქვენს პრობლემასთან. საქმე ეხება ძირითადი კომპიუტერის გვერდით მყოფ პატარა, „აბეესის“ სისტემის კომპიუტერს, სადაც რომელიმე „დაჩიკი“ ანუ გადამცემია გამოსაცვლელი ან მცველი დამწვარი, რაც ძალიან მარტივი შესაცვლელია. რადგანაც ეს კომპიუტერი არასწორ ინფორმაციას აწვდის სისტემას, რომ „აბეესი“ ანუ მოცურების საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობს, სწორია, რომ ავტომობილი ავარიულ რეჟიმში გადადის, ძრავაც მაღალ ბრუნზე იწყებს მუშაობას და ავტომობილის სხვა დეტალებიც. ამიტომ, პირველ ყოვლისა, შეამოწმეთ „აბეესის“ პატარა კომპიუტერის მცველები, რომელიმე ხომ არ არის დამწვარი და, უკვე შემდეგ, თუ ამანაც არ უშველა – მისი გადამცემები. მთავარი კომპიუტერი კი აბსოლუტურად გამართულად მუშაობს, რადგან სწორ ინფორმაციას აწვდის სისტემას.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფიესტა“, რომლის მოდებაც („ცეპლენია“), დამიზიანდა. ხელოსნები მეუბნებიან, რომ „ცეპლენიას“ მოვხსნით და ახალ ფენას გადავაკრავთ, რომლითაც ის ნორმალურად იმუშავებსო. ზოგიერთი კი მარწმუნებს, რომ ეს არ ვარგა და „ნაკლადკის“ გადაკვრას ისევ თურქული „ცეპლენიის“ დისკი ჯობიაო. რამდენადაც ვიცი, არც ერთი არ ვარგა, მაგრამ ორიგინალი დეტალი ძალიან ძვირი ღირს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე? ცუდსა და უარესს შორის არჩევა მომიწევს?
პასუხი: რა თქმა უნდა, „ცეპლენიის“ ორიგინალი დისკი ძალიან სერიოზულად განსხვავდება ხარისხით იმათთან შედარებით, რაც ჩამოთვალეთ. ის ძალიან დიდხანს მუშაობს. გერმანიიდან ჩამოყვანილ მეორად ავტომობილებს, რომელთა ძირითადი ნაწილი უკვე ათ წელზე მეტისაა, მოდების დისკი შეცვლილი არც ერთხელ არ აქვთ, ანუ ქარხნულია. თურქულ ან გადაკრულ დისკებს შეცვლა ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდათ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ კარგად მოუარეს. მისი კარგად მუშაობისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა სიმძლავრის ძრავითაა აღჭურვილი. არის შემთხვევები, როდესაც პატენტი დისკი რამდენიმე თვე მუშაობასაც კი ვერ უძლებს. რაც შეეხება გადაკვრას, ამას ხელოსნები სხვადასხვა მასალით აკეთებენ. კარგი მასალა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ სხვა მომენტი იჩენს თავს. ქარხანაში „ცეპლენიის“ დისკი ქარხნული წესითა და სიზუსტით იხვრიტება და იშტამპება, ხოლო ხელოსნები ამას სახელდახელოდ აკეთებენ – ჩვეულებრივი ხელის ბურღით ხვრეტენ და ხელის დარტყმით „შტამპავენ“. ამ შემთხვევაში ის ბზარებს იკეთებს და შესაძლოა დაიშალოს. თუ თქვენ მაინც დისკის გადაკვრას გადაწყვეტთ ეს აუცილებლად კარგად გამოცდილ ხელოსანს გააკეთებინეთ. ამიტომ, თუ ორიგინალის ყიდვის საშუალება არ გაქვთ, თურქული წარმოების დისკები მაინც უნდა შეიძინოთ.