მამათა შეგონებანი
არსენი ჩუდოვი: ჩვენ აღსარებაზე ვდგებით იმ განზრახვით, რომ მოძღვრის მეშვეობით უფლისგან მივიღოთ მიტევება ცოდვებისა. იცოდე, რომ შენი აღსარება ფუჭია, ყალბია, უქმია და შეურაცხმყოფელია უფლისთვის, თუ მიდიხარ აღსარებისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე, არ ჩხრეკ შენს სინდისს, სირცხვილს ან სხვა მიზეზის გამო ფარავ შენს ცოდვებს, აღსარებას ამბობ შემუსვრილობისა და ლმობიერების გარეშე, ფორმალურად, ცივად, მექანიკურად, მტკიცე გადაწყვეტილების გარეშე, რომ აწი გამოსწორდები... ზოგიერთი ახერხებს როგორღაც ჰყავდეს რამდენიმე მოძღვარი იმ ანგარიშით, რომ ერთს ერთ ცოდვაში გამოუტყდეს, მეორეს – მეორეში.
ზოსიმე პალესტინელი: ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევს. მაგრამ, სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით, თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია იესოს მიერ მოვლინებული ჩვენს გასათავისუფლებლად ყოველგვარ სენთაგან, ამიტომაც სიყვარულით უნდა მივიღოთ იგივე ნაკლთა განსაკურნებლად. ხოლო თუ არ მივიღებთ ამ წამალს და ჩვენს მტრებს არ შევიწყნარებთ, წიაღვუდგებით მას, როგორც უგუნურნი ვავნებთ საკუთარ თავს.
გრიგოლი დიდი: ერთნი ცხოვრების აზრს ღორმუცელობაში პოულობენ, მეორენი – ავხორცობაში, მესამენი – ძალაუფლებაში, მეოთხენი – ძიებაში და ამას ახმარენ მთელ ძალას, არადა, ადამიანებს მხოლოდ ერთი საზრუნავი უნდა ჰქონდეთ: სულის წვრთნა. მხოლოდ ეს ანიჭებს მათ ჭეშმარიტ კეთილდღეობას, რომლის წართმევაც შეუძლებელია.
მათე მახარებელი: არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ, ღმერთსაც ემსახუროთ და მამონსაც.
გაბრიელ ეპისკოპოსი: როცა ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ცოდვებისგან თავის ხსნა, ძალიან ცდებიან. ადამიანი შეიძლება, იყოს მეტ-ნაკლებად ცოდვილი, მაგრამ არასოდეს იქნება უცოდველი, რადგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისგან თავის დახსნის მცდელობაშია, მხოლოდ ამაში ხედავს ცხოვრების ჭეშმარიტ კეთილდღეობას.
გრიგოლი დიდი: ცდუნება და ცრუმორწმუნეობა ადამიანს ყოველი მხრიდან ეძალება. ცხოვრებაში ამ საფრთხეთა შორის სიარული ჭაობში სიარულს ჰგავს: მუდმივად ეფლობა და მუდმივად ცდილობს ამოფორთხებას.
იოანე ზედაზნელი: რომ წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები ცხოვრობენ მხოლოდ ცხოველური ყოფით და არ ეწინააღმდეგებიან ვნებებს, – რა საშინელი იქნებოდა ცხოვრება, რა სიძულვილი ექნებოდათ ერთმანეთის მიმართ, რა გარყვნილება დამკვიდრდებოდა, რა სისასტიკე! ადამიანთა თანაარსებობა შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ მათ იციან თავიანთი სისუსტეები, ვნებები და ებრძვიან საკუთარ ცოდვებს, ცდუნებებსა და ცრუმორწმუნეობას.
მიტროპოლიტი ფილარეტი: განდიდების სურვილით ჩადენილი საქციელი ყოველთვის ცუდია, როგორი შედეგიც არ უნდა გამოიღოს მან; სიკეთითა და განდიდების სურვილით თანაბრად გაჯერებული საქციელი კი უმნიშვნელოა. კარგი საქციელი მხოლოდ ისაა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ღვთის ნების აღსრულებაა.