კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად მივიდა ჭაბუკა ამირანაშვილი ილიკო სუხიშვილთან დასალაპარაკებლად და რას ელოდება ის ანსამბლის ხელმძღვანელობისგან

ამ ბოლო პერიოდში „სუხიშვილებსა“ და ცნობილ კომპოზიტორ-შემსრულებელს, ჭაბუკა ამირანაშვილს შორის წარმოქმნილმა დავამ ცხადია, საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. მუსიკოსს ამ თემაზე სასაუბროდ მივაკითხე, მაგრამ ყველაფერმა დამაინტერესა, რაც კი მას უკავშირდებოდა. მხოლოდ ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ ამ ადამიანზე ისეთ ამბებს, რაზეც ჭაბუკას ჯერ არსად უსაუბრია.

 

– როგორ ჩამოყალიბდით მუსიკოსად და გახდით პოპულარული? ბევრი უკრავს კარგად, წარმატებებიც აქვს, მაგრამ საზოგადოებისთვის არ არის ისეთი ცნობადი სახე, როგორიც თქვენ ხართ.

– მამა მუსიკოსი იყო, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე უკრავდა, პედაგოგობას ეწეოდა და ბევრი სტუდენტი ჰყავდა, მაგრამ იმ პერიოდში პატარა რომ ვიყავი, ოპერის თეატრში, ორკესტრში უკრავდა. მახსოვს, როცა რეპეტიციებზე მივყვებოდი, რაღაც-რაღაც ინსტრუმენტებზე ვუკრავდი. თანაც, დირიჟორის ფუნქცია მომწონდა და მამაჩემს ვეუბნებოდი, დირიჟორი უნდა გავხდე-მეთქი. სანამ დარბაზში დირიჟორი შემოვიდოდა, საშინელი ქაოსი და ხმაური იყო. როგორც კი შემოვიდოდა და ჯოხს აწევდა, ყველა ჩუმდებოდა. როგორც ჩანს, ეს მომენტი მომწონდა, ამდენ ხალხს რომ აჩუმებდა, ამხელა გავლენა და ასეთი მოძრაობები ჰქონდა. მერე მამამ მითხრა: თუ გინდა კარგი დირიჟორი იყო, ყველა ინსტრუმენტი უნდა იცოდე. თუ ყველას ვერ ისწავლი, წარმოდგენა მაინც უნდა გქონდესო. მამას ძალიან უნდოდა, ვიოლინოზე დაკვრაც მესწავლა და მეცხრე მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი. შევისწავლე სიმებიანი ინსტრუმენტები – ვიოლონჩელი, ალტი, ვიოლინო, ასევე მცდელობა მქონდა, კონტრაბასზე. არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელზე დაკვრაც არ მესწავლოს. მინიმუმ, ერთ ნაწარმოებს მაინც ვუკრავდი. ავირჩიე საქსოფონი და ჩავაბარე კონსერვატორიაში. ეს მართლა საოცრება იყო. პიონერთა სასახლეში ჩამოაყალიბეს საესტრადო ორკესტრი, რომელსაც „ბიგ-ბენდს“ უწოდებდნენ. მახსოვს, ინსტრუმენტები რომ შემოიტანეს, ფუტლარებს თავი ახადეს და ეს ულამაზესი ინსტრუმენტი დავინახე, ლამის გავგიჟდი. სხვათა შორის, ამ ინსტრუმენტს თავისი ისტორია აქვს: ათეული წლების განმავლობაში იკრძალებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იმიტომ, რომ შუაში ჯოხი რომ გაუკეთო, დოლარის ნიშანი გამოდის. ძალიან მიკვირს და მაოცებს, როგორ შეაპარა სტალინის პერიოდს საქსოფონი უტიოსოვის ორკესტრმა? რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, მაშინ პირველი არხის გარდა, სხვა არხი არ არსებობდა და გინდა, არ გინდოდა, სულ ამ არხზე ვიყავი. ხუმრობდნენ კიდეც – უთო რომ ჩავრთოთ საღამოს, იქაც ჭაბუკა იქნებაო. ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ტაქსიში ვისხედით და მძღოლი არასწორი მოძრაობებისთვის მილიციამ გააჩერა. შენ ის არ ხარ, ტელევიზორში რაღაც მოღუნულ ინსტრუმენტზე რომ უკრავო. კი, ის ვარ-მეთქი და მძღოლი გაუშვა. შენ ისეთი ბიჭები გიზის მანქანაში, სირცხვილია, ახლა რამე გითხრაო. 

– თქვენ, ასე ვთქვათ, თბილისელი „კარგი ბიჭების“ იმ თაობას მიეკუთვნებით, რომელთა ერთმა ნაწილმაც ცხოვრება უაზრო ბრძოლებსა და პირად გარჩევებში დაასრულა. როგორ ჩაიარა თქვენი სკოლის, სტუდენტობის პერიოდმა.

– ძალიან ცუდი სტუდენტობის პერიოდი მქონდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მამაჩემი მაშინ კონსერვატორიაში, კათედრაზე იყო ჩასაბერი ინსტრუმენტების განხრით, კათედრის გამგე კი ზურა ალავიძე გახლდათ. ზურა სულ მეჩხუბებოდა, ბევრი გაცდენა რომ მქონდა. სხვადასხვა ანსამბლთან ხელშეკრულებები მქონდა და აქეთ-იქით დავდიოდი. თუმცა, გამოცდებზე მოუმზადებელი არასდროს მივსულვარ. მაროკოდან ჩამოვფრინდით და მეორე დღეს გამოცდაზე გავედი. ნოტებით დავუკარი, არადა ზეპირად უნდა დამეკრა. ვერ მოვასწარი ისეთი მეცადინეობა, როგორც საჭირო იყო. დავიწყე დაკვრა, ერთი ნაწარმოების, მეორესი, მესამესი და გამაჩერეს – თქვენ ეს ზეპირად უნდა გაგეკეთებინათო. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვუთხარი – თქვენ ჩემს მახსოვრობის უნარს ამოწმებთ თუ ჩემი, როგორც მუსიკოსის დონეს-მეთქი. ამან კომისიის წევრების აღშფოთება გამოიწვია. ვიცი, არასახარბიელო პასუხი გამომივიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ეტაპზე საკმაოდ გამოცდილი ახალგაზრდა, კლასიკურად განათლებული ბიჭი ვიყავი. კონსერვატორია კი დავამთავრე, მაგრამ გულში მაინც ცუდად ჩამრჩა ის ფაქტი, რომ ჩემი შესრულება ასე მიიღეს. ჩემს თაობას და უბანს რაც შეეხება, მეც ჩვეულებრივ ვიზრდებოდი, როგორც ყველა. თუმცა, ყოველთვის ვიყავი მუსიკოსი. ჩემზე უფროსი მეზობლის ბიჭები რომ დამინახავდნენ ვიოლინოთი ხელში, მთხოვდნენ – აბა, ჭაბუკ, ერთი ნაწარმოები მაინც დაგვიკარიო. თვითონ ვიოლინოს ფუტლარს დაიჭერდნენ, „ბალკონზე“ დამაყენებდნენ და მეც ვუკრავდი. სიამოვნებდათ, ან შეიძლება, სულაც მაშაყირებდნენ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც ვინმესთან ჩხუბი ან უბრალოდ, შელაპარაკება მქონდა, ჩემ გამო ძალიან ბევრი ადამიანი გამოყოფდა ხოლმე თავს და მე რომ არ შემეჩერებინა, აღარ ჩერდებოდნენ. შემეძლო გვერდზე გადამეგდო ინსტრუმენტი და ჩემი მეგობარი ან ახლობელი რომ არ დაეჩაგრათ, საჩხუბრად მივდიოდი. სხვათა შორის გამომდიოდა. იქაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. ასე რომ, ბავშვობაშიც მაფასებდნენ. 

– არ იყო იმის საშიშროება, რომ ვიღაცის გავლენის ქვეშ მოქცეულიყავით, გზიდან გადაგეხვიათ?

– საშიშროება იყო, როგორ არ იყო, მაგრამ მე დავინახე ჩემი თაობის ბიჭები, რომელთა უმეტესობა თუ დღეს აღარ არის ცოცხალი, სწორედ იმიტომ, რომ გზას ასცდნენ. ეს გამოიწვია ნარკოტიკებმა, ეგრეთ წოდებულმა „რაზბორკებმა“. ამას დაემატა ოსეთ-აფხაზეთის ომების პერიოდი... მაშინ, უკვე სკოლა დამთავრებული მქონდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ნარკოტიკით გარდაიცვალა. ამან ჩემზე სერიოზულად იმოქმედა. შიშთან ერთად ინტერესიც მქონდა – რა იყო, როგორ იყო და რატომ აკეთებდნენ ამას. ეს აზრი დამებადა თავში და მეც გავსინჯე რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ვერაფერი კარგი ამაში ვერ ვნახე. მივხვდი, რომ ეს სისულელეა და სხვა არაფერი. თურმე, უნდა მოგეწია, დაგელია, რომ კარგი მუსიკა გაგეკეთებინა. ეს არის აბსურდი. დამიჯერეთ, უბრალოდ, ორგანიზმი გთხოვს ამას და შენც ეძალები და ეძალები, მის გარეშე აღარ შეგიძლია. რა წრეშიც გაიზრდები, იქ მოხვდები, გინდა არ გინდა. მიმაჩნდა, რომ ჩემი მეგობარი მტყუანიც რომ ყოფილიყო, მეც მასთან ერთად უნდა გავხლართულიყავი, მეგობარი არ უნდა მიმეტოვებინა.

– ჩანს, რისკიანი ხართ?

– რისკიანი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ვერ გავხდებოდი ასეთი მუსიკოსი. ყოველი ჩემი ნაბიჯი რისკთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის, ჩემი მეგობრები იმის გამო დამცინიან, რომ რაღაც პერიოდი, თბილისის ზღვაზე კიტოვანი ხალხს აგროვებდა, მეც ავედი ჩემი პატარა ზურგჩანთით. უნდა წავსულიყავი. შენ ჭაბუკა არ ხარ, წადი, შვილო, სახლშიო და გამომიშვეს.

– აი, სად დაუშვებდით შეცდომას...

– რა თქმა უნდა, სერიოზულ შეცდომას დავუშვებდი და დღეს ჩემზე ნაკლები ბიჭები არ გვყავს დაკარგული. არ შეიძლება, ის კაცი წავიდეს ომში, ვისაც ხელში იარაღი არ სჭერია. დღევანდელი ჩვენი გვარდია სწავლა-განათლებას, წვრთნას ცხელ წერტილებში გადის და სწორია.

– მუსიკა, ქუჩა, უბანი, ბრძოლის ჟინი, რისკი... კიდევ რა იყო, რაც ასე ძალიან გიზიდავდათ?

– მერვე კლასში ვიყავი, როცა კინო შემიყვარდა. ძალიან მაინტერესებდა, როგორ იღებდნენ ფილმს, რა ხდებოდა თეატრში. იმ პერიოდში აბსოლუტურად ყველა სპექტაკლზე დავდიოდი, კინორეჟისორობა მინდოდა. ჩემთვის თეატრი დახურული სივრცე იყო, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში თამაში უფრო რთულია, ვიდრე კინოში. იგივე ვარიანტია რეჟისორისთვისაც. ხელი რამ შემიშალა, იცით? აუცილებლად უნდა გამესწორებინა მეტყველება და მიმიყვანეს სესილია თაყაიშვილთან.  დედაჩემი მთელი თავისი ცხოვრება პირველ საბავშვო ბაღში ასწავლიდა და სესილიას შვილიშვილი იმ ბაღში დადიოდა. დედა და სესილია დაახლოვდნენ. შემდეგ დედაჩემმა უთხრა: ბიჭი მყავს და თეატრალურზე უნდა ჩაბარებაო. მერე მოიყვანე ჩემთანო. გამსინჯა. მსახიობობისთვის შტერი ვიყავი. არ მქონდა მონაცემები და კარგი მეტყველება. დავიწყე მეცადინეობა. ყოველ მეცადინეობაზე ქალბატონი სესილიასთვის მიმქონდა სიგარეტი „კოსმოსი“. ვიცოდი, რომ ამას ეწეოდა. ერთხელაც დაიბარა დედა და უთხრა – წელს არ არის კინოსარეჟისოროზე მიღება, ოთხი წლის შემდეგ იქნება და სამსახიობოზე სცადოს, უარს არავინ ეტყვისო. ამიცრუვდა გული და ჩემი ცხოვრების პირველ სიყვარულს, მუსიკას გავყევი. მერე სულ სხვა ინსტიტუტში მოვხვდი, სხვა განხრით. შემდეგ იყო ჯარი. მოკლედ, მთელი ცხოვრება გავიარე. ჯარში გარნიზორის ერთ-ერთ ორკესტრში ვუკრავდი. მთელი გენერალიტეტის საყვარელი მუსიკოსები ვიყავით.

– ჯარის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება, რა შეიცვალა?

– სიყვარულის პერიოდი მქონდა, რომელიც ცუდად დამთავრდა – მეუღლე ჩემი გოგონას მშობიარობას გადაჰყვა. დეა, რომელიც ახლა გათხოვილია და შვილები ჰყავს, დედაჩემმა გაზარდა. შოკი, ეს კიდევ ის სიტყვა არ არის. ეს იყო საშინელებათა სიზმარი. თუ შენ არ შეგემთხვევა, ვერ გაიგებ. არც ვუსურვებ ვინმეს, ეს გამოსცადოს. იმ პერიოდში შემეძლო, ერთი ბოთლი არყისთვის თავი მომეხადა და ბოლომდე ჩამეცალა, დღეები ჩავკეტილიყავი ოთახში. რაც მინდოდა რომ მქონოდა და დავკარგე, ეს ყველაფერი მუსიკაში გადამქონდა. როგორ იგებდა სხვა, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. ვერ შევძელი, ამეღო ავტომატი, წავსულიყავი და ის ექიმი მომეკლა. რომ მომეკლა, რა? არც იმაზე მიფიქრია, სადმე გავქცეულიყავი. იმიტომ რომ, მე მყავდა და, დედა, მამა და შვილი.

– წარმომიდგენია, რას განიცდიდით იმ დროს.

– არაფერი მახსოვს. მახსოვს მარტო ის, რომ ქუჩაში ვიდექით და ტრანსპორტს ვაჩერებდით, ხალხს ვთხოვდით სისხლის ჩაბარებას. იმ პერიოდში ტელევიზიაში ვმუშაობდი და ტელევიზიის ხელმძღვანელობას ვთხოვე, გამოეცხადებინა, რომ მშობიარე ქალს სასწრაფოდ ესაჭიროება ამა და ამ ჯგუფის სისხლი. იმდენი ხალხი მოვიდა, ვერ აგიწერთ. მერე ექიმმა დამიბარა და მითხრა: გაჩერდით, არ ვიცით, ამდენი სისხლი სად წავიღოთო. ამის შემდეგ მოვაწერე ხელი კონტრაქტებს, დავკარი ფეხი და სამუშაოდ წავედი აზიის ქვეყნებში. ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც მუსიკოსი იყო და მღეროდა, შემდეგ ცალკე ჯგუფი ჩამოვაყალიბე. წლების განმავლობაში მქონდა ხელი მოწერილი კონტრაქტზე თურქეთში, მაროკოში. ეს მომწონდა და ამისთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრება. ცუდი ის იყო, რომ ის ადამიანი, რომელიც მე მიყვარდა, ჩემ გვერდით არ იყო. ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა. როდესაც უკვე შედარებით ისეთი პერიოდი დადგა და ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი მეუღლია. უკვე ასაკში შევდიოდი, დავდინჯდი და გავიაზრე, რომ ოჯახი საჭირო იყო, დედა და მამა სულ არ მეყოლებოდა გვერდით. შვილიც გათხოვდებოდა და მე დავრჩებოდი მარტო. თან, ჩემს გვარს და ოჯახს დიდ პატივს ვცემ, მეც მინდოდა მყოლოდა ბიჭი. ჯერ გოგო შეგვეძინა, შემდეგ – ბიჭი.

– არ შემიძლია, „სუხიშვილებთან“ მუშაობის პერიოდზე არ გკითხოთ. რამდენიმე წლის შემდეგ თქვენ შორის სერიოზული უთანხმოება მოხდა, რაც უკვე აღარავისთვის აღარ არის დასამალი.

– არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. ეს ის დრო იყო, როცა სიახლეები შემოდიოდა. მაშინ კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი გახლდათ. მივედი ანსამბლში და ვუთხარი: მინდა, ახალი რაღაც შემოგთავაზოთ, ძველი, ტრადიციული მუსიკა ახლით შევცვალოთ-მეთქი. მუსიკა უდიდეს როლს თამაშობს ყველაფერში. ძალიან მაგარ ფილმში ორმოცდაათი პროცენტი არის მუსიკა, ასევე, თეატრში, ქორეოგრაფიაში. როგორც მიიღებ, ისე დარჩება. შევხვდი ბატონ თენგიზს, მის მეუღლეს – ქალბატონ ინგას, ნიანუს, ილიკოს, მოიწონეს წინადადება და პირველი დაიდგა „ზეკარი“. ამას მოჰყვა „ჯუთა“, „გადი-გამოდი“... ბევრმა მიიღო კარგად, ბევრმა – ცუდად. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ჩვენზე უფროსი თაობა ამგვარ სიახლეებს ცუდად შეხვდებოდა. ილიკომაც და ნიანუმაც გაუძლეს  ზეწოლას. ზეწოლა ხომ იყო, მაგრამ თურმე ჩვენს ზურგს უკან „ზეკარს“ სხვებიც ასრულებდნენ. მათთან ერთად მეც სერიოზულად ვიომე. ჩვენ ვიყავით კარგი მეგობრები და ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ გვქონდა. თან, ვაკეთებდით იმ საქმეს, რომელიც გვიყვარდა. ერთი პერიოდი, მეც ვცეკვავდი და ცოტა წარმოდგენა მქონდა მასზე, ამიტომ კარგად გამომდიოდა მუსიკა.

– მერე რა მოხდა, რატომ დაშორდით ერთმანეთს?

– მე ვითხოვდი საავტორო უფლებებს ჩემს ნაწარმოებებზე. კანონი ყოველთვის იყო, მაგრამ რატომღაც ჩვენთან ვერ არეგულირებდნენ. დღეს ამას საავტორო საზოგადოებამ მოჰკიდა ხელი. ის პერიოდი, რაც ერთად ვიმუშავეთ, კარგად ამინაზღაურეს, მაგრამ რომ დავშორდით, მას შემდეგ თანხა არ ამიღია. გვქონდა უამრავი კონცერტი. ახლა ველოდები სააქციო საზოგადოება „საქპატენტის“ გადაწყვეტილებას. მაშინ მინდოდა, სარჩელი შემეტანა სასამართლოში, მაგრამ გადავიფიქრე. პატივი ვეცი რაღაც-რაღაცეებს ამ ცხოვრებაში და ამიტომ გავჩერდი.

– ანუ?

– იმ დროს საავტორო საზოგადოება არ ფუნქციონირებდა ისე, როგორც საჭირო იყო. არ ჰქონდა ისეთი მასშტაბური მხარდაჭერა არც მთავრობისგან, არც კომპოზიტორებისგან. ახლა შეიქმნა ახალი, რომელსაც გინდა-არ გინდა, გვერდს ვერ აუვლი. 

მოხდა ისე, რომ გულთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა, შუნტირება გავიკეთე. ამას ვერავის დავაბრალებ, ვაბრალებ იმ სტრესებს, რაც ცხოვრებაში გადავიტანე. მამაჩემი გარდაიცვალა. დავკრძალეთ და მახსოვს, ანსამბლში რომ მივედი, ილიკომ მითხრა – ჩვენ ეს პროექტი გავაკეთეთ და შენ აღარ ხარ საჭიროო. კი, ბატონო, რა პრობლემაა-მეთქი. მართლა, სულ იქ ხომ არ ვიქნებოდი?! მე მუსიკოსად რომ მდომებოდა დარჩენა, სხვაგანაც დავრჩებოდი. იმას, რასაც დღეს ამ ანსამბლში უყურებთ, ჩემი მუსიკოსებიდან რამდენიმე კაცი დარჩა და მე წამოვედი. მაგრამ, როცა საავტორო უფლება ვუხსენე, ამაზე უარყოფითი პასუხი მივიღე და აქედან წამოვიდა ყველაფერი. მერე მე ჩემს ადვოკატთან ერთად მივედი, ილიკოს ველაპარაკე და მაშინაც უარი მივიღე. მე ამ ანსამბლს დღემდე პატივს ვცემ. ის ყოველთვის ჩვენი ერის სახე იყო. ის, რაც მინდოდა გამეკეთებინა, მაშინ გავაკეთე და ახლა... იცით, ერთი ნაწარმოები სტუდიაში რომ გაამზადო, რა ღირს? დაახლოებით, ორი ათასი დოლარი. ყველაფერზე ვერ ილაპარაკებ...

– მგონია, ურთიერთშეთანხმებით ყველაფრის მოგვარება შეიძლება. გაბრაზებას კი ყოველთვის მოასწრებთ. არა?

– ეს არ იყო გაბრაზება. გაოცებული ვიყავი, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ასეთი მეგობრობისა და დამოკიდებულების შემდეგ. ჩვენ ერთმანეთთან მივდიოდით ოჯახებში. მართალია, ამის შემდეგ აღარ გვქონია კონტაქტი, მაგრამ არ არის გამორიცხული, ისევ აღდგეს ჩვენი კონტაქტები. უბრალოდ, არის რაღაც ნაბიჯები, რომელიც არასწორად გადაიდგა – ან მე გავასწორებ, თუ ჩემგან არის, ან ისინი გაასწორებენ. ამაში ცუდი არაფერია. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ერთიანობა ვიგრძნოთ. ეს არის ცხოვრება, მეტი კი არაფერი.

 

 

скачать dle 11.3