როგორ აჭმევს საკუთარი ხმა საჭმელს ლევან ყოჩიაშვილს და როგორი ურთიერთობა აქვს მას თავისი ცოლის დაქალებთან
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” კვირიდან კვირამდე მეტ მაყურებელსა და შესაბამისად, პოპულარობას იძენს. სერიალის მთავარი გმირი, დათო, იგივე ლევან ყოჩიაშვილი, თავის პერსონაჟს დიდად არ ჰგავს. თუმცა, როგორც თავად ინტერვიუს პროცესში აღნიშნა, მსგავსება მათ შორის რაღაც-რაღაცეებში მაინც არის. ისიც დაოჯახებულია, მასაც ორი შვილი ჰყავს და საკუთარი გმირივით, ისიც მეოჯახეა. უფრო დაწვრილებით კი მის შესახებ, მისივე ნაამბობიდან შეიტყობთ.
– სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” როგორ მოხვდით?
– გიორგი ლიფონავასთან ადრეც მიმუშავია. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ არის. ამ სერიალისთვის ქასთინგი არ გამივლია. იყო ფილმი – „ჭამა და სექსი,” „ნაფიცი მსაჯულები.” ასევე, „კლინიკაში” ვითამაშე პატარა ეპიზოდში.
– რეალურ ცხოვრებაში თუ ხართ დაოჯახებული?
– 18 წლის ასაკში დავოჯახდი. მეუღლე და ორი შვილი მყავს. გოგონა 13 წლის არის, ბიჭი კი – 4-ის.
– სახლში როგორი ხართ? არის თუ არა რაიმე მსგავსება სერიალისა და რეალურ ოჯახს შორის?
– რაღაცეებში არის მსგავსება. დათოსნაირი არა, მაგრამ დამთმობი მეც ვარ. აი, მეოჯახე კი ნამდვილად ვარ. ამ საკითხში ჩვენ ვგავართ ერთმანეთს.
– თქვენი ცოლის დაქალებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ცოლის დაქალებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იმ დოზით რომ მქონდეს როგორც სერიალში, შეიძლება, ურთიერთობა გაგვიფუჭდეს. დათოს უფრო უყვარს ყველაფერი ცოლის გარშემო, ამიტომაც ითმენს ამდენს.
– მოსწონთ სერიალი თქვენი ოჯახის წევრებს?
– სანამ ეთერში გავიდოდა, ძალიან ნერვიულობდნენ. ახლა კი დამშვიდდნენ, უყურებენ.
– გადაღების პროცესზე რას გვეტყვით?
– ძალიან საინტერესოა, რადგან გიორგისთან ადვილია მუშაობა. ძალიან საინტერესო და ჭკვიანი კაცია. მსახიობებს ძალიან გვიადვილებს მუშაობას.
– გასული სერიებიდან, ყველაზე მეტად როდის ამოიცანით საკუთარი თავი დათოს გმირში?
– ბავშვმა „ნესქვიკი“ რომ გადაასხა ჩემს პროექტს, აი მაშინ. ასეთი რაღაცეები ჩემს ოჯახშიც ხდება, ბავშვები ისეთ ადგილას ჯდებიან, სადაც არ არის საჭირო.
– როგორი მამა ხართ?
– ნორმალური. მკაცრი მამა ნამდვილად არ ვარ.
– თქვენი მეუღლეც მსახიობია?
– არა, ინგლისური ენის სპეციალისტი.
– ამჟამად თუ ხართ რომელიმე თეატრში?
– „სამეფო უბნის თეატრში” ვიყავი. მერე კი ტელევიზიამ უფრო მეტი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში და შეიძლება ითქვას, ბოლო წლებია თეატრში არაფერი გამიკეთებია.
– ისევ სერიალს და მასში მონაწილე ყველაზე პატარა მსახიობებს დავუბრუნდები. როგორია თქვენი ურთიერთობა მათთან?
– ძალიან კარგი ბავშვები არიან. ორივე ცელქი და ძალიან საყვარელია. რეჟისორს როგორც დიდი მსახიობები ისე უსმენენ და უჯერებენ ყველაფერს. რეჟიმი ყველას ერთნაირი გვაქვს იქ. ბავშვები კი დაღლას საკმაოდ კარგად იტანენ. თავიდან ცოტა უჭირდათ, მაგრამ უკვე შეეჩვივნენ და ფორმაში არიან. მსახიობები არიან უკვე ორივენი. თან, საკმაოდ პოპულარულებიც. სხვადასხვა გადაცემებში იწვევენ და ჟურნალებში იბეჭდება მათი ინტერვიუები.
– კურიოზული მსახიობი ხართ?
– არა. კურიოზი არასდროს გადამხდენია როგორც მსახიობს, ალბათ, ძალიან მობილიზებული ვარ.
– თითქმის მთელ დღეს სერიალზე მუშაობას უთმობთ, სხვა რამისთვის თუ გრჩებათ დრო?
– ტელევიზია რომ არის „საქართველო”, იქ ვმუშაობ უკვე 4 წელიწადია. არხის ხმა ვარ და თან, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ვახმოვანებ. სულ ვამბობ, ხმა საჭმელს მაჭმევს-მეთქი. საკუთარი ხმა ნამდვილად გამომადგა.
– ფეთქებადი ადამიანი ხართ?
– არა. ჩემი წყობიდან გამოყვანა ადვილი არ არის, მაშინ რაღაცაზე ძალიან უნდა გავბრაზდე. ფეთქებადი ნამდვილად არ ვარ.
– ოჯახში მხოლოდ თქვენ ხართ მსახიობი?
– კი. თავიდან კინოსარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ადრე 4 წელიწადში ერთხელ იყო ამ ფაკულტეტზე მიღება. მე რომ ვაბარებდი, იმ წელსაც არ იყო მიღება და ამიტომ, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.
– რა გიყვართ ყველაზე მეტად?
– ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი ოჯახი. კარგი ადამიანები მიყვარს ძალიან.
– რას ნიშნავს დღესდღეობით თქვენთვის სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები?”
– ეს სერიალი ჩემთვის, უპირველესად გამოცდილებაა, რადგან ასეთ პროექტში ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა. სერიალებში კი მითამაშია, მაგრამ მთავარი როლი არა. ისეთი ტემპი აქვს, სრულ მობილიზაციას ითხოვს. თან, ძალიან კარგი პარტნიორები მყავს. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა ჩემთვის.
– ხალხი თუ გცნობთ?
– სერიალი ისე შედის მაყურებლის ცხოვრებაში, რომ ეს მომენტი ნამდვილად აქვს. თავიდან ნაკლებად, მაგრამ ახლა უკვე მცნობენ. სადაც ვერ წარმოუდგენიათ და იქ გნახავენ, მაშინ უკვირთ ყველაზე მეტად. თან, პირდაპირ ვერაფერს გეუბნებიან, გიყურებენ, ზოგი რაღაცას გეკითხება და ასე შემდეგ.
– ყველაზე მეტად რა მსგავსებაა თქვენსა და დათოს შორის?
– ერთგულებითა და ოჯახის სიყვარულით მე და დათო ერთმანეთს ძალიან ვგავართ.
– რით არ ჰგავხართ ერთმანეთს?
– ისეთი მხიარული ნამდვილად არ ვარ, როგორიც დათოა. არც სერენადები მიმღერია საყვარელი ადამიანისთვის და ვერც წარმომიდგენია. ამას, ალბათ, ვერასდროს ვიზამ.
– არც სიურპრიზებით გაგინებივრებიათ საყვარელი ადამიანი? მაგალითად, ერთ-ერთ სერიაში მეუღლეს სიურპრიზი გინდათ მოუმზადოთ და მისთვის მანქანის ყიდვას გეგმავთ.
– მანქანამდე ჯერ ვერ მივედით, მაგრამ სიურპრიზების კეთება ნამდვილად მიყვარს.
– ეჭვიანი თუ ხართ?
– ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანი არ ვარ. საერთოდ, როცა ადამიანი გიყვარს, იეჭვიანებ კიდეც. საყვარელი ადამიანისგან მუდმივად გინდა, ყურადღება, შენ გამო უნდა შეწუხდეს, დაიღალოს და ასე შემდეგ. ამ მხრივ ვარ ეჭვიანი, სხვა შემთხვევაში – არა.
– თქვენზე თუ ეჭვიანობს მეუღლე?
– არა. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, რომ ვიქორწინეთ. ამიტომ, ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ.
– მავნე ჩვევა თუ გაქვთ?
– სიგარეტის მოწევა, ალბათ, მავნე ჩვევაა. ზედმეტად მიყვარს წესრიგი, ნივთებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ყოველთვის დალაგებული უნდა იყოს. ჩემი აზრით, ესეც მავნე ჩვევაა.
– როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?
– მოწესრიგებული და ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს.