კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

მეშინია, ჩემი სიძე არ შემიყვარდეს

წესით, თავმოყვარე ადამიანი ასეთ რამეს საქვეყნოდ არ გამოაცხადებს, მაგრამ, ისე დავიღალე ამ საიდუმლოს ტარებით, გადავწყვიტე, გაგენდოთ (რა თქმა უნდა, სახელებსა და რაღაც სიტუაციებს შეგნებულად ვცვლი).

უკვე რამდენიმე წელია, დავრწმუნდი ჩემს არატრადიციულ ორიენტაციაში, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, მთლად გეი კი არა, ბისექსუალი ვარ. გამოგიტყდებით, მამაკაცები უფრო მიზიდავენ, ვიდრე ქალები, მაგრამ ქალებთანაც ვყოფილვარ. მყავს უმცროსი და, რომელიც შარშან გათხოვდა და რამდენიმე თვეში შვილსაც ელოდება. ჩემს დასა და სიძეს ძალიან უყვართ ერთმანეთი. სანდრო კარგი ქმარია და ჩვენთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით კი ჩემთან ცდილობს დამეგობრებას, მაგრამ, მე ყველა ღონეს ვხმარობ, იშვიათად შევხვდე და მასთან ერთად არსად წავიდე, რადგან დანახვის წუთიდან ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა როგორც ფიზიკურად, ისე პიროვნული თვისებებით. თავიდან ამ მოწონების გამჟღავნების არ მეშინოდა, ახლა კი ძალიან დაძაბული ვარ: ჯერ ერთი, არ მინდა, გავიშიფრო, მეორეც – დას ოჯახს ხომ არ დავუნგრევ (ეს რომ ჩემმა სიძემ გაიგოს, შეიძლება, ცოლს გაეყაროს)?! და, რაც მთავარია, მეშინია, საბოლოოდ არ შემიყვარდეს, რადგან, ყოველი თუნდაც შემთხვევითი ნახვის, ან, უბრალოდ, დალაპარაკების შემდეგ, ვგრძნობ, როგორ მიჩქროლდება გული და როგორ ვკარგავ თავს.

აი, ასეთ საშინელ დღეში ვარ. ვიცი, ვინც ამ წერილს წაიკითხავს, ყველა გამლანძღავს და შემაგინებს, მაგრამ, რა ვქნა, ეს ხომ ჩემი ბრალი არ არის. მეც არ მინდა, ასეთი რომ ვარ, ყველა ჩვეულებრივი ბიჭის მშურს, თუნდაც ყველაზე მახინჯის, ღატაკის, უსახურის, მაგრამ, რა ვუყო, ასეთი გავჩნდი და ჩემი ბრალია?! არც გარეგნობა მაკლია, არც განათლება, არც წრე და საზოგადოება და, მაინც ყველაზე უბედური ადამიანი ვარ დედამიწაზე, რადგან ვერაფრით ვეგუები ჩემს „განსხვავებულობას“. ჩემნაირების უმეტესობა ბედთან არის შეგუებული და, რომ ჰკითხო, სულაც არ გრძნობენ თავს დაჩაგრულად (რაშიც მე ეჭვი მეპარება); ის კი არა, ლამის ყველა არხზე და ყველა ჟურნალსა თუ გაზეთში ყელმოღერებით აცხადებენ, ,,ცისფერები” ვართო, მაგრამ, ჩემი აზრით, ამით ცდილობენ, საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. კაცმა რომ თქვას, ვერც გაამტყუნებ – ისინი ამ გზით ცდილობენ, გახდნენ საზოგადოების სრულყოფილი წევრები და ბევრი მათგანი ახერხებს კიდეც ამას. ის კი არა, თუ რამდენიმე წლის წინ მათი ნაცნობობაც სამარცხვინო იყო, ახლა ისე გაიქაჩა ზოგიერთი, რომ ძალიან „სვეტსკი“ მანდილოსნებიც სიამაყით აცხადებენ, რომ ესა თუ ის გეი მათი უახლოესი მეგობარია. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამას ყველა „ცისფერი“ ვერ ახერხებს და სწორედ ამ დანარჩენებს შორის ვარ მეც. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ მე უფრო ბისექსუალი ვარ და, თანაც, არც არასდროს გამჩენია სურვილი, ეს ხმამაღლა გამომეცხადებინა და ამით მომეწონებინა საზოგადოებისთვის თავი.

ყველამ თვითონ იცის თავისი საქმის. ზოგი ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებს, ზოგს – „ჰკიდია“, ზოგი კი ტრაგიკულად განიცდის. პირადად მე რომ მკითხოთ, მირჩევნია, საერთოდ არ დავბადებულიყავი, რადგან, საქმე მარტო ჩემს განცდებში არ არის. ზუსტად ვიცი, როგორც კი გაიგებენ ჩემიანები, მაშინვე კეთროვანივით უარმყოფენ, ამას კი ნამდვილად ვეღარ გადავიტან...

მერაბი, 24 წლის.

 

რატომ დავკარგე ბავშვობის მეგობარი

ჩემი ბავშვობის მეგობარი 18 წლის გათხოვდა. მეჯვარე მე ვიყავი. მისი ქმარი, ირაკლი, თორმეტი წლით მასზე უფროსია. გარეგნობაც კარგი აქვს, მატერიალურადაც კარგად არის და საერთოდ, თბილისში ერთ კარგ ქალაქელ ბიჭად იცნობენ. კარგ მომლხენადაც ითვლება, კარგ დამრტყმელადაც და ურთიერთობასა და საუბარშიც დახვეწილი ინტელიგენტის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი სიტყვით, ქალაქში ერთ-ერთ სასურველ საქმროდ ითვლებოდა და გოგოები ბუზებივით ეხვეოდნენ. ეკა რომ შეირთო, ყველას აინტერესებდა, ეს წუნია „ალენ დელონი“ რით მოხიბლა ამ ლაწირაკმა გოგომო და ყველა ნაცნობს შურდა ეკასი, რომ ასეთი ბიჭი „გამოიჭირა“. მაგრამ, სინამდვილეში, ეკას მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა მცდელობა, რომ ირაკლი მოეხიბლა, ეს თავისთავად მოხდა. მათი გაცნობაც, ასე ვთქვათ, ტრაფარეტული იყო: საერთო ახლობლის დაბადების დღეზე გაიცნეს ერთმანეთი და იმ წუთიდან ირაკლი ეკას აღარ მოშორებია.

მოკლედ, ეს ჩვენი საამაყო სიძე თან ჰყვებოდა ეკას ოჯახსაც და მეგობრებსაც და ამით კიდევ უფრო განიმტკიცა მაგარი კაცის ავტორიტეტი. თუმცა, რატომღაც, გულის სიღრმეში ყოველთვის მაღიზიანებდა მისი თავგამოდება იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი ტიპია, ერთი სიტყვით, „წითელი მენთებოდა“, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არავისთან ვამბობდი და, ჩემდაუნებურად, სულ ვაკვირდებოდი მის საქციელს, რომ საკუთარი თავისთვის ამეხსნა, რატომ ვიყავი მის მიმართ ასე განწყობილი. თითქმის ორწლიანი „დაკვირვებების“ შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვცდებოდი, რადგან, მთელი ამ ხნის განმავლობაში ირაკლის ჩვენთან, ეკას დაქალებთან, არაფერი შეშლია. ამაში რომ დავირწმუნე თავი, შვებით ამოვისუნთქე და თითქოს ლოდი მოვიშორე გულიდან, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სწორედ ახლა ვცდებოდი.

ერთი თვის წინ ჩემი და ეკას მეგობარი ირაკლის ძმაკაცს გაჰყვა ცოლად და ქორწილში ჩვენ სამნი ერთად წავედით. ირაკლიმ ჩემს მშობლებს უთხრა, არ ინერვიულოთ, ჩვენ წავიყვანთ თქვენს ქალიშვილს და ჩვენვე მოვიყვანთო.

მოკლედ, მივედით ქორწილში. უამრავი ხალხი იყო და მათ შორის ბევრი აღმოჩნდა ირაკლის ახლობელი და მეგობარი. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ კაცები კარგად შექეიფიანდნენ, ერთი ირაკლის ძმაკაცი კი, განსაკუთრებით დათვრა და ისე გადამეკიდა, თავიდან ვეღარ მოვიშორე. საერთოდ ვერ ვიტან მთვრალ კაცს, მით უმეტეს – უცნობს, რომელიც კარგ ტიპად გაჩვენებს თავს და მოსვენებას არ გაძლევს თავისი სისულელეებით. ამ ყველაფერს ირაკლიც ხედავდა და ეკაც, მაგრამ არც ერთს ხმა არ ამოუღია, არც კი ეცადნენ, რომ ის კაცი ჩემთვის მოეშორებინათ. ბოლოს ისე შევწუხდი, ირაკლის ვთხოვე, იმ შენს ძმაკაცს უთხარი, თავი დამანებოს-მეთქი. მან კი რაღაც უსიამოვნოდ გაიცინა და აგდებულად მითხრა, რა გინდა, რას ერჩი, მიეცი საშუალება, ცოტა გაერთოსო. ისე მეწყინა, სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა. ეკამ ეს სიტყვებიც გაიგონა და არც ახლა ამოიღო ხმა. ცოტა ხნის შემდეგ, ხალხის უმრავლესობა საცეკვაოდ რომ წამოიშალა, ისე მოხდა, რომ ჩვენს მაგიდასთან მხოლოდ მე, ეკა და ირაკლი ვისხედით. უცებ ის ტიპი ბანცალ-ბანცალით წამოვიდა ჩვენკენ, ირაკლის გვერდით მიუჯდა და, თავისი ჭკუით, ჩუმად ჰკითხა: თქვენ რომ გახლავთ, იმ „ნაშას“ რომ წავეპადხოდო, ხომ არ „გაგიტყდებაო“. ირაკლიმ სიცილით დაჰკრა მხარზე ხელი და უპასუხა: თუ „დაგევასა“, მიდი, მიაწექი და გაერთე, პრობლემა არ არისო. ეს დიალოგი მეც გავიგონე და ეკამაც, მაგრამ მას ისევ არაფერი უთქვამს. ისე გავმწარდი, უკვე საკუთარ საქციელს ვეღარ ვაკონტროლებდი. მივედი ირაკლისთან და ბრძანების კილოთი ვუყვირე, ადექი-მეთქი. ისეთი ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა, ყველამ ჩვენ შემოგვხედა, მუსიკაც კი გაჩუმდა. ირაკლი, ცოტა არ იყოს, დაბნეული წამოდგა, მაგრამ, იხტიბარი არ გაიტეხა და ტუჩებზე მიხატული ღიმილით მკითხა: ,,რა იყო, ლამაზო, გინდა, რომ ვიცეკვოთ?“ ეს იყო ბოლო წვეთი. აღარც კი მახსოვს, როგორ მოვიქნიე ხელი, ან იმდენი ძალა სად მქონდა, რომ ამ საზიზღარი არსებისთვის სამჯერ გამეწნა სილა სახეში. მხოლოდ მესამე ტკაცანმა გამომაფხიზლა. გონს რომ მოვეგე, ხალხს გადავხედე და შემრცხვა, რომ ყველა მე მომჩერებოდა. მაგრამ, უცებ ეს სირცხვილიც დავძლიე და ჩემს საქციელს ირაკლის (და, შესაძლოა, ეკასიც) მხრიდან სათავისო ახსნა-განმარტება რომ არ მოჰყოლოდა ჩემი წასვლის შემდეგ, ხალხისკენ მივბრუნდი და ხმამაღლა ვთქვი: ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ, ეს კაცი, რომელსაც გვერდით უზის მეუღლე და ეს მეუღლე ამ წუთამდე ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, კაცი, რომლის პირველი შვილის ნათლია ვარ, კაცი, რომელიც კაცი მეგონა, ჩვეულებრივი სუტენიორი ყოფილა, ოღონდ, ცოლის დაქალებზე აგროვებს სტაჟს, რაშიც, როგორც ახლა დავრწმუნდი, თავისი ძვირფასი მეუღლეც ეხმარება-მეთქი. მერე ეკასაც მივაუხლოვდი, იმასაც გავაწანი სილა და იქაურობა დავტოვე.

იმ დღიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ბედავს ჩემთან მოსვლას ან დარეკვას. ერთადერთხელ დამირეკა ირაკლის ერთმა ძმაკაცმა (რომელიც იმ დღეს ქორწილში იყო) და მითხრა, ირაკლიმ შემოგითვალა, ოღონდ ეს ამბავი არავის უთხრა და, რაც გინდა, მთხოვეო. ჩემი მოყოლა რად უნდა, იმ ქორწილში ლამის ხუთასი კაცი იყო და, როგორ დავიჯერო, არავინ არსად არაფერს იტყოდა?!

ირაკლი ხომ ნაგავი აღმოჩნდა, მაგრამ, ეკა გაცილებით უარესი ნაგავი ყოფილა და, მისი დანახვა აღარ მინდა, ჩემს სიცოცხლეში არ შევურიგდები.

მაკა, 20 წლის.

 

ჩემს ძმას ჩემი დაქალი შეუყვარდა

ჩემს ძმას და ჩემს დაქალს ერთმანეთი შეუყვარდათ. მე ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგან ნუციკო ყველანაირად კარგი გოგოა. ისინი უკვე კარგა ხანია, ხვდებიან ერთმანეთს და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს, რომ მათი ურთიერთობა აეწყოს. თავიდან ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, მაგრამ, ამ ბოლო დროს რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყო. ამას უკვე რამდენიმე თვეა, ვგრძნობ, თუმცა, არც ერთს არაფერს ვეუბნებოდი, რადგან ეს მათი პირადი საქმეა და, გარეშე პირის, თუნდაც ყველაზე დიდი გულშემატკივრისა და ახლობელი ადამიანის ჩარევა, ჩემი აზრით, საქმეს უფრო გააფუჭებდა. საქმე ისაა, რომ ბოლო ხანებში ხშირად კინკლაობენ, რაღაც საკითხებში ვერ თანხმდებიან და ერთმანეთს ებუტებიან. მაგალითად, ჩემი ძმა ვერ იტანს, როცა გოგო სიგარეტს ეწევა ან ძალიან გამომწვევად აცვია, რასაც ნუციკო აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ არც ეწევა და არც გამომწვევად იცვამს, საკმარისია, რაიმე მსგავს თემაზე ჩემმა ძმამ თავისი აზრი გამოთქვას ან სთხოვოს, ეს არ ჩაიცვა, ის ჩაიცვიო, ნუციკო აუცილებლად საწინააღმდეგოს გააკეთებს და მერე იწყება მათ შორის უსიამოვნებები.

დიდხანს ვიკავებდი თავს ჩარევისგან, ერთ დღეს კი გადავწყვიტე, ორივეს ცალ-ცალკე დავლაპარაკებოდი და შესაფერის მომენტს ვარჩევდი, რომ ნუციკომ თვითონ შემომჩივლა, შენი ძმა მზღუდავს და მავიწროებსო. მე მშვიდად მოვუსმინე და ვურჩიე, ნუ აჰყვები, მის ჯინაზე საწინააღმდეგოს ნუ გააკეთებ და ყველაფერი მოგვარდება-მეთქი. გაცოფებულმა მიპასუხა – აბა, იმას გავატანინო თავისიო?! ვერაფრით ვერ შევაგნებინე, რომ დათმობით უფრო მეტს მიაღწევდა, ვიდრე ჯინიანობით. ბოლოს მთხოვა, შენს ძმას დაელაპარაკე და უთხარი, თუ არ უნდა, რომ სამუდამოდ დამკარგოს, მონათმფლობელის როლის თამაშს თავი დაანებოს, არ უხდებაო. მონათმფლობელობა რა შუაშია, ეს კი ვეღარ გავიგე, მაგრამ, ნუციკო ისე იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში, მასთან კამათს აზრი აღარ ჰქონდა და შევპირდი, რომ ჩემს ძმას დაველაპარაკებოდი. მართალია, ცოტა გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, როგორც იქნა, მოვახერხე. ზურამ ბოლომდე მომისმინა და მითხრა, ნუციკოს თუ ვუყვარვარ, ასე ყოველ სიტყვაზე არ უნდა გამომეკიდოს და ხალხში საპროტესტო გამოსვლები არ უნდა მომიწყოსო. მე ზურასაც ვთხოვე, ან თავი შეეკავებინა შენიშვნებისგან და გაფრთხილებოდა თავის გრძნობას, ან დაშორებოდა ნუციკოს, რადგან, თუ ერთ-ერთი მაინც არ დაუთმობდა, გააწამებდნენ ერთმანეთს და ბოლოს მაინც დაშორდებოდნენ. ზურა დამეთანხმა, მართალი ხარო და შემპირდა, ნუციკოს შენიშვნებით თავს აღარ მოვაბეზრებო. მაგრამ, არც არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ, თუ აქამდე მე არაფერს მეუბნებოდნენ, ახლა ხან ზურა მოდის ჩემთან ნუციკოზე საყვედურებით და მეუბნება, შენს დაქალს რამე უთხარიო, ხან – ნუციკო მორბის აქოშინებული, ძმას მილანძღავს და მავალებს, გადაეცი, თავი დამანებოსო, მეორე დღეს კი ისევ თვითონ ურეკავს და პაემანს უნიშნავს.

ღმერთმა ხომ იცის, რომ ორივე ძალიან მიყვარს და მათ მხოლოდ ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ, ისე დამღალეს, არც ერთის დანახვა აღარ მინდა. დავიღალე მათი ფოსტალიონობით და არც „გაფუჭებული ტელეფონის“ თამაში მსიამოვნებს. მეც ახალგაზრდა ვარ და, მათი გადამკიდე, ვეღარ ვიცლი, პირად ცხოვრებას მივხედო. ჩემი აზრით, ყველამ თვითონ უნდა მოაგვაროს საკუთარი პრობლემები და სხვა არ შეაწუხოს.

ელენე, 21 წლის.

 

არ ვიცი, როგორ მოვიქცე

უმამოდ გავიზარდე. დედა და ბებია მეუბნებოდნენ, მამაშენი შენს დაბადებამდე ერთი თვით ადრე დაიღუპაო. ყველა ბავშვის მშურდა, ვისაც მამა ჰყავდა და ძალიან განვიცდიდი, რომ ჩვენს ოჯახში სულ ქალები ვიყავით. რომ წამოვიზარდე, დედაჩემს ვკითხე, მამას ნათესავებთან რატომ არ გვაქვს ურთიერთობა-მეთქი. მშობლები ადრე გარდაეცვალა, და-ძმა არ ჰყავდა, სხვა ნათესავებს კი არ ვიცნობდი და ამიტომო, – მითხრა. საეჭვო არაფერი მიგრძნია და დავუჯერე. სულ ცოტა ხნის წინ კი სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ დედაჩემი საერთოდ არ ყოფილა გათხოვილი, მე კი ნაშვილები ვყოფილვარ. საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. ყველა შემძულდა, არავის დანახვა აღარ მინდოდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე და თითქოს ცხოვრებას გამოვეთიშე, მაგრამ, ამ ყველაფრის მიზეზს ვერავის ვეუბნები. ჩემი დაქალები გაოცებულები არიან, ცდილობენ, მარტო არ დამტოვონ, თან მყვებიან, მაგრამ, ვერაფრით ვერ გამახალისეს. იმდენად უინტერესო გახდა ჩემთვის ყველაფერი, თითქოს ცხოვრება შუშის მიღმა, სადღაც სხვა განზომილებაში მიედინება. გოგოებთან ერთად არსად აღარ დავდივარ. ის კი არა, ჩემთან რომ მოდიან, ისიც მაღიზიანებს, მაგრამ, ვერაფერს ვეუბნები. ასევე ვერაფერს ვეუბნები დედას და ბებიას, რომლებიც ჭკუაზე აღარ არიან ჩემი ასეთი საქციელის თუ მდგომარეობის გამო. ჩემი აზრით, ეჭვი აქვთ, რაც მოხდა, მაგრამ დანამდვილებით არ იციან და არაფერს მეკითხებიან, რომ არ გამაღიზიანონ. როდემდე გავძლებ ასე, არ ვიცი. ძალიან ძნელი ყოფილა, როცა მარტო რჩები დარდთან და, თან, არ იცი, როგორ მოიქცე. ნეტავი, დედა ან ბებია თვითონ დამელაპარაკონ ამ თემაზე. მე ვერ ვბედავ, რადგან, მეშინია, ვაითუ თავი ვერ შევიკავო და ვაწყენინო. ამის გაკეთება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ, აღარც ასე შემიძლია ცხოვრება. ახალი წელიც ისე გავატარე, არ გამიღიმია. თან, არც მე წავედი ვინმესთან და არც ჩემთან დავპატიჟე მეგობრები, რადგან, მარტო მინდოდა ყოფნა.

ჯერჯერობით ისევ ისე ვარ, უბრალოდ, საკუთარ თავს ვამზადებ, რომ დედას და ბებიას ყველაფერი ვუთხრა და გულიდან ლოდი მოვიხსნა, მაგრამ, არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო.

თათია, 18 წლის.

 

скачать dle 11.3