კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ რცხვენია სალომე გოგიაშვილს ქორწილში ხალხის დაპატიჟება და რა ოცნება აიხდინა ვახო ბიჭიკაშვილმა

„აფხაზეთის ხმა” ორივესთვის მეორე სახლად იქცა. შინაურულმა გარემომ და თითქმის მშობლიურმა კედლებმა ისე იმოქმედა სალომე გოგიაშვილზე, რომ ვახო ბიჭიკაშვილთან ინტერვიუში პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე, ექსკლუზიურად უამბო „თბილისელების” მკითხველს.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე გოგიაშვილი

– ვახო, პროფესიით ხარ მსახიობი?

– კი, პროფესიონალი. 2005-2009 წლების თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინო მსახიობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ. 

– ალბათ, ბევრჯერ გაქვს მოყოლილი, როგორ აღმოჩნდი „რუსთავი 2-ში”, მაგრამ სხვა რაღაც მაინტერესებს: როდესაც თეატრალურს ამთავრებ, ოცნებობ, რომ კარგ ფილმში გადაგიღონ, ცნობილი თეატრის სცენაზე დადგე... დარწმუნებული ვარ, როგორც დრამატულ მსახიობს  გექნებოდა იმის ამბიცია, რომ შენი შესაძლებლობები დაგემტკიცებინა. რატომ გაგიჩნდა სურვილი, „კომედი შოუში” ყოფილიყავი, სადაც ძალიან წარმატებული ხარ და არა, ვთქვათ, კინოში ან სცენაზე?

– ყველა ადამიანმა, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა იპოვოს. რა თქმა უნდა, მქონდა ამბიცია, რომ თეატრისა და კინოს კარგი მსახიობი ვყოფილიყავი, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ამის დეფიციტი არის, ალბათ, რეჟისორები არ მიწყენენ. არის რამდენიმე თეატრი, სადაც თამაშზე ვოცნებობდი და ეს ოცნება გარკვეულწილად ამიხდა – ვითამაშე რამდენიმე სპექტაკლში, მაგრამ, იმ თეატრის მსახიობი არ ვარ და ეს მხოლოდ ჩემი მიზეზით მოხდა: როდესაც წინ ორი გზა მქონდა, ერთზე „მანსანკანი” იდო და მეორეზე – „ჭეშმარიტი ხელოვნება” (ასე მითხრეს, ამას ჭეშმარიტი ხელოვნება ჰქვიაო), მე პირველი, მასხარაობისა და ლაზღანდარობის გზა ავირჩიე. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კომფორტულად ვგრძნობდი თავს, მშვიდადაც ვიყავი და ფინანსური სიტუაციაც გაუმჯობესდა და, მოკლედ, ეს გზა მომეწონა.

– თან, „მასხარაობა” ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. როგორ ფიქრობ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ, რასაც შენ აკეთებ, ნებისმიერი გააკეთებს?

– კი, ასე ჰგონიათ. ოღონდ, იქ, „ჭეშმარიტ ხელოვნებაში” რომ დიდი ბიძიები სხედან, მათ მხოლოდ ერთი რამე იციან: ოოო, თითის დაქნევა და კრიტიკა. ვიღაცა ჯამბაზს დაგიძახებს, მაგრამ, ყველა ხომ არ არის ჯამბაზი! ჯამბაზი იყო არლეკინი, წარმოიდგინე, როგორი მაგარი ტიპი, მაგრამ, ის სულ სხვა რაღაცას აკეთებდა, ჩაპლინი – სულ სხვა რაღაცას. 

– მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ხარ საოცრად მხიარული და იუმორით სავსე, გადაღება რომ მთავრდება, ალბათ, ამ ყველაფრის თავი აღარ გაქვს. მაინტერესებს, როგორი ხარ სახლში და მეგობრებთან ერთად?

– შეიძლება ითქვას, მძიმე ხასიათი მაქვს... ჩემი ქართლური მომენტები მაქვს ხოლმე – მხარზე სააკაძე მაზის და ხანდახან ხმალსაც იშიშვლებს. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ცოლი მოვიყვანე, უფრო მივხვდი ამ რაღაცეების ბალანსს. მთელი ეს წლები საგიჟეთში ვცხოვრობდი: გადაღებები, გასვლები, კონცერტები, ჩაწერები, სახლში არმისვლა, არა ძილი, არა კვება და, ამან ჩამომიყალიბა რთული ხასიათი. თორემ, ადრე რთული ხასიათი რატომ უნდა მქონოდა – ჩემთვის უდარდელად ვცხოვრობდი. როცა ყველაფერი ჩემი საზრუნავი გახდა, გავგიჟდი. ახლა უკვე ორნი ვართ და, ის ჩემზე ზრუნავს მე – მასზე. სახლში ნორმალურ დროს მივდივარ და მძინავს, ანუ, კარგ რეჟიმში ვარ. არა მგონია, ჩემი მეუღლისთვის ან მეგობრებისთვის მძიმე ვიყო, უფრო უცხო ადამიანების მიმართ გამოვხატავ ხოლმე აგრესიას. ვთქვათ, სადღაც მივედი ფხიზელი, მთელი დღის ნამუშევარი, დაღლილი ვზივარ ჩემთვის და ვიღაც ნასვამი მოდის და მეუბნება, იხუმრეო, ამ დროს, მსუბუქად რომ ვთქვა, ხასიათი მეშლება. ხშირად ისეც ხდება – მოდის ვიღაც ტელეფონით, მიღებს და თან მეუბნება: აუ ჩემს შვილს მაგრად უყვარხარ და კაცურად რამე გაუკეთე რა... ამ დროს „მენძრევა” და, მინდა, დედა ვუტირო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით (იცინიან).

– იცი, რა მინდა, მითხრა?! რა მიგაჩნია შენს ყველაზე დადებით და უარყოფით თვისებად? 

– მაინც ბანალურად უნდა გიპასუხო, მაგრამ, მთავარია, ასეთი შეგრძნება მაქვს: დადებითი ის არის, რომ სიყვარული შემიძლია, ადამიანები მიყვარს და, ალბათ, უარყოფითიც ეგ არის, რომ სიყვარული შემიძლია იმათი, ვისაც არც ვიცნობ და შემდეგ ხდებიან ამოცნობილები.

– ბევრი ცუდი მიგიღია ამის გამო?

– რა თქმა უნდა. ეს გამოცდილება მაქვს. ამ შემთხვევაში, ამ ორ თვისებას გამოვარჩევდი, თორემ, შეიძლება, ბევრი ჩამოვთვალო. მიყვარდება ადამიანი, არ ვიცი, ვინ არის, ვმეგობრობ და, შეიძლება, სულ სხვა აღმოჩნდეს – ისე მიმტყუნოს და ისე გამწიროს, თვალი არ დაახამხამოს. ეს მწყვეტს გულს. 

– ოჯახურ ცხოვრებას მოერგე?

– კი, გადასარევად. ორივე ერთად, გაწერილი გეგმით ვმოძრაობთ. სხვათა შორის, ამდენი არასდროს მიშოპინგია. ახლა ვიცი, რომ ეს უნდა ვიყიდო, ის მჭირდება, იქ უნდა მივიდე. საერთო ნაძვის ხე ვიყიდეთ... მსგავსი რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში ადრე არ ხდებოდა. ცოტა „სტრანნი” რაღაცეებსაც ვყიდულობ ხოლმე. იმ დღეს, მაგალითად, ვიყიდე ქაფურის სპირტი, ზეითუნის ზეთი, ბოლოკი, „სილკ ტივი”, გაზისა და დენის საფასური გადავიხადე. ოჯახს სჭირდება, რა ვქნა?!

– რომ არა ეს საქმე, სად, რა ტიპის სამსახურში იგრძნობდი თავს კომფორტულად?

– ყველა ტიპის სამსახურში, სადაც ფულს ვიშოვიდი და თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. 

– პროვოკაციული შეკითხვის ხასიათზე დამაყენე...

– ნუ, „იმას“ არ ვიზამდი. ამიტომაც დავაყოლე, კომფორტულად სადაც ვიგრძნობდი თავს-მეთქი.

– მაგალითად, ბანკში იმუშავებდი?

– კი, თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, იქ რას გავაკეთებდი. ალბათ, სუპერიდიოტის სახით ვიჯდებოდი და უცნაურ რაღაცეებს დავითვლიდი. ნათესავი ან ვიღაც ეგეთი თუ იქნებოდა მმართველი და დამაწყებინებდა მუშაობას, მხოლოდ ასე თუ მოვხვდებოდი ბანკში.

– ანუ, გამოდის, რომ კარიერისტი ხარ?

– არა, ფული მჭირდება (იცინიან). ფულის გემო ძალიან სასიამოვნოა. ამბობენ, ჭუჭყიანიაო, მაგრამ, სახლში მისული ხელებს ყოველთვის ვიბან – ამ ჰიგიენას ვიცავ. ფული მინდა, დაე, დამსვაროს.

– დაე, ვიყოთ ჭუჭყში. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვახო ბიჭიკაშვილი

– ძალიან მიყვარხარ – ასე რომ დავიწყო, შეიძლება?! ხომ ხარ კარგად? ბაია როგორ გყავს?

– კარგად, მშვენივრად ვართ ყველა. პატარას თავისი და შეყვარებული ჰგონია და ეძახის ხოლმე, მოდი, მეკოცნავეო. მაშო ეუბნება – არ შეიძლება, შენი და ვარ. ეს კი არ ნებდება – მელე ლაა... (იცინიან). 

– სალომე, ახლა სადაც მუშაობ, რადიო „აფხაზეთის ხმაში”, საამაყო რადიოა, საიდანაც ერთი წუთითაც არსად წასულხარ, ვიცი, რომ ეს სამსახური ძალიან გიყვარს, მაგრამ, აი, რამდენად მაგრად, ეს მაინტერესებს.

– მართლა ძალიან მიყვარს. სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, რადიოს არასდროს ვუსმენდი. დისკი რომ არ მქონდა მანქანაში, მაშინაც კი არ ვრთავდი რადიოს. ერთ დღესაც, ნიკა ხაჩიძე მოვიდა და მკითხა, მუშაობას თუ დაიწყებდიო. მაშინ ვიფიქრე, გავერთობი, გავხალისდები, თან, ნიკუშასთან ერთად კარგი იქნება-მეთქი. ახლა ისე შემიყვარდა და ისე მომწონს ეს ყველაფერი, ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება რადიოს გარეშე. სიტუაციაც გადასარევია. შეიძლება, ჩემი სამუშაო დღე არ იყოს, მაგრამ, მაინც მოვიდე, ვნახო ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ. მქონდა ის გამოცდილება, რომ, თუ ადამიანებს ვერ ვეწყობი, რაც არ უნდა კარგი სამსახური მქონდეს, იქ ვერ ვჩერდები. 

– მოხვალ – ხაჩიძე გიღიმის, იქ კრეატიული ჯგუფი ათას სისულელეს გაწერინებს... ამაზე მინდა გკითხო: შენი ტიხრები, რომელიც FM სივრცეში ძალიან პოპულარულია და იუმორის აბსოლუტურად ცალკე მიმართულებაა... აი, ამ ყველაფერს როგორ ფიქრობ? (იცინიან).

– შენ ამას არ უნდა მეკითხებოდე! ერთ-ერთი ტიხარი, გარე მოვაჭრე სალომე, სადაც გაწელილად და ოდნავ მოგუდულად ვამბობ – „რეზინის გველი“, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული (იცინიან): ზღვაზე ვისვენებდი, პლაჟზე წყლის ხმას ვუსმენ და, უცებ, მოდის ვიღაც ბიჭი, რომელიც ყიდდა „ფანტას”, „კოკა-კოლას” და რეზინის გველს. იმის შემდეგ ის ბიჭი მიყვარს და, აი, აქ მომეცა საშუალება, რომ მისადმი მთელი სიყვარული ტიხარში ჩავაქსოვო. 

– ძალიან პირადში არ გადავიჭრები, მაგრამ, თუ არსებობს შენს ცხოვრებაში ადამიანი, ვინც შენს ყველა სიხარულს იზიარებს, გვერდით გიდგას – სალომე გოგიაშვილი სადაც არის და როგორც უხარია ყოფნა, მეც იქ ვიქნებიო? 

(სალომე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პასუხობს, – ავტორი):

– ექსკლუზიურად ჟურნალ „თბილისელებისთვის”: გავთხოვდი, ვახო, მეათეჯერ გავთხოვდი. 

– მეღადავები?

– არა, მართლა! (ვახო ულოცავს, ჰკოცნის, ავტორი). ჩემი მეუღლეა ვახო ნიკოლაიშვილი, რომელსაც კარგად იცნობ. მოკლედ, მესამედ გადავდგი ეს ნაბიჯი, ჩემო საყვარელო. ხალხი უკვე ყოველ წელს, თითქოს დაბადების დღეს მილოცავენ, ისე მეუბნებიან „გილოცავ გაბედნიერებას“! 

–  ესე იგი, სხვა ვახოსთან უნდა ჩაგვეწერა ინტერვიუ.

– ასე გამოდის. მას ძალიან უნდა ქორწილი, მე – არა. უკვე მერიდება ერთი და იმავე ხალხის დაპატიჟება. „სად მიდიხარ? სალომეს ქორწილში“... – სირცხვილია უკვე. 

– რა სასაცილო გოგო ხარ, ვგიჟდები. მაგრამ, რადგან უნდა ადამიანს, დაე, შედგეს ქორწილი.

– დაე, შედგეს. სხვათა შორის, რადიოზე ვსაუბრობდით და, ერთადერთი სამსახური, ჩემი მრავალი სამსახურიდან, რადიოა, რომელიც ვახოს ძალიან უყვარს და პრობლემა არ აქვს, რომ ვიმუშაო. იცნობს ნიკას, იცის ყველა ის ადამიანი, ვინც აქ მუშაობს; თან, ხედავს, როგორ კომფორტულად და კარგად ვგრძნობ თავს. ნიკა ხაჩიძის დამსახურებაა, რომ ასე ბედნიერად ვარ FM 98.9-ზე.

– როგორ გარისკე და გადადგი ეს ნაბიჯი ისე, რომ არ გამაგებინე?

– გარისკვა პირველად არის რთული, თორემ, მერე წყალივით მიდის... (იცინიან) ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ისე, ჩემი საოცარი ცხოვრების გადამკიდე, მართლა ძალიან მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ... თუ ახლაც არ გამიმართლა, აღარ ყოფილა ჩემი საშველი. დიდი ხანია, ვიცნობ ამ ადამიანს, კარგად, კომფორტულად, მშვიდად ვგრძნობ მის გვერდით თავს და, დარწმუნებული ვარ იმაში, რის გამოც ამ ნაბიჯის გადადგმა გავრისკე. 

– პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი ბედნიერება მინდა გისურვო, რადგან შენ მართლა იმსახურებ ამას. თუ აპირებ საქორწინო მოგზაურობას? რადიო თუ გაგიშვებს საქორწინო მოგზაურობაში, მაშინ, როდესაც ასეთი დაძაბული წელი დაიწყო?

– იმ დროს წავალ მოგზაურობაში, როდესაც რადიოში დასვენება მექნება, თორემ, მე რადიოს ვერ ვუღალატებ.

– არადა, მინდოდა, გეთქვა, რომ რადიოში  ისვენებ და მოგზაურობ.

– კი, ესეც არის. შეიძლება, აქაც გავაკეთოთ თაფლობის თვე. 

– აი, ეს მინდა სათაურად – თაფლობის თვე რადიო „აფხაზეთის ხმაში“... კიდევ ერთხელ გილოცავ და მართლა ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ! 

 

 

скачать dle 11.3