მეჯანდაცვეთა ვნებანი
ანუ მკურნალობა – ცისფერი ოცნება
მართალია, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტით ჯანმრთელობის სამინისტროსთვის მილიარდ 772 მილიონ 84 ათასი ლარია განსაზღვრული, მაგრამ, რაკი ამ თანხიდან საპენსიო უზრუნველყოფას მილიარდ 73 ათასი ლარი უნდა მოხმარდეს, სოციალურ დახმარებებს კი – 273 მილიონ 917 ათასი, ცხადი ხდება, რომ 2012 წელს, სახელდობრ, ჯანდაცვაზე, სულ რაღაც, 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ხოლო, თუ სკითხს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ცალკეული პროგრამების დაფინანსება შემცირებულია: კერძოდ, თუკი სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამების დასაფინანსებლად 2010 წელს ბიუჯეტმა 182 მილიონამდე ლარი გამოყო, 2011 წელს – 184 მილიონამდე, 2012 წლის ბიუჯეტმა იმავე მიზნებისთვის უფრო ნაკლები თანხა გაიმეტა (სახელდობრ, 160 მილიონი). ასე მაგალითად, 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარებისთვის 2012 წელს 10-ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვაა განსაზღვრული, მაშინ, როდესაც 2010 წელს ამ საქმეს 14 მილიონ ლარამდე მოხმარდა, ხოლო 2011-ში – 12 მილიონი. მეტიც, ონკოდაავადებათა მართვისთვის 2012 წელს 4 მილიონ 480 ათასი ლარია განსაზღვრული, 2010 წელს ამ სფეროსთვის 4 მილიონ 873 ლარი დაიხარჯა, 2011 წელს კი – 5 მილიონ 657 ათასი. გულის ქირურგიისთვის 2012 წელს 6 მილიონ 880 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა 2010 წელს იმავე საქმისთვის 9 მილიონამდე ლარი გამოიყო, ხოლო 2011-ში – 7 მილიონამდე (ცნობისთვის: 2011 და 2012 წლების ბიუჯეტის მოცულობა თითქმის იდენტურია).
იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა უმწეო ვერ ხვდება უმწეოთა ოფიციალურ სიაში (უმწეო ბევრია, საქართველოს ბიუჯეტის მიერ მათთვის გამოყოფილი თანხა – არასაკმარისი), მოსახლეობის უმეტესობა კი თვითდასაქმებული ან საერთოდაც დაუსაქმებელია, მათთვის მიუწვდომელია დაზღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთთათვის მკურნალობა თითქმის ცისფერი ოცნებაა. მეორე მხრივ, ამ ტრაგიკულ ვითარებას ის სატელევიზიო რგოლებიც ადასტურებს, რომლებითაც უხვადაა გაჯერებული ქართული ტელეეთერი (ზედაც, ინტერნეტსივრცე) და საიდანაც მოგვიწოდებენ, რომ ადამიანებს გადაუდებელი ძვირად ღირებული ოპერაცია ესაჭიროებათ, რისი ფულიც ოჯახს არ აქვს. ამის პარალელურად კი ირკვევა, რომ, სახელდობრ, 2011 წელს ჯანდაცვის სამინისტროს სარეკლამო მომსახურებაზე 509 060 ლარი დაუხარჯავს.
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, ვის აწონებს თავს ეს ჩვენი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ეჭვი მაქვს, ზემდგომებს, რადგან ქვემდგომების ჯანმრთელობის მდგომარეობა თავისთავად ღაღადებს ხსენებული სამინისტროს ეფექტიანობაზე), მაგრამ, ურიგო არ იქნებოდა, თუკი მეჯანდაცვეები მარტივ არითმეტიკულ ოპერაციას (კერძოდ, გაყოფას) მოიშველიებდნენ და დაითვლიდნენ, რამდენ ადამიანს გადაარჩენდა 2011 წელს მათ მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხა?!