„უპატარძლო ქორწილია“
არ წერია, მაგრამ ნიშნავს
რაკი კანონმა ხელ-ფეხი გაუხსნა, კონტროლის პალატაც ეროვნული ბანკის გავლით „ქართული ოცნების“ ფინანსების ფინანსურ მონიტორინგს შეუდგა (მოგეხსენებათ, ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიები და მათთან ასოცირებული ორგანიზაციები ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარებიან). თავის მხრივ, „ქართულმა ოცნებამაც“ მიმართა კონტროლის პალატას იმის გასარკვევად, რატომ ასოცირდა ის კონტროლის პალატისთვის პოლიტიკურ პარტიასთან.
სახელდობრ, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიზნებიდან არც ერთი საკუთრივ პოლიტიკურ მიზანსა და ამოცანას არ წარმოადგენს.“
მეორე მხრივ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავკაცი (რომელსაც უკვე თავისუფლად შეიძლება, ვუწოდოთ პოსტრევოლუციური საქართველოს საკანონმდებლო ერთ-ერთი მამათაგანი) ბ-ნი კუბლაშვილი დარწმუნებულია, „მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების არსებობის საკითხი არ შეიძლება, კითხვებსა და ეჭვებს აჩენდეს.“ მეტიც, იგი რიტორიკულადვე განმარტავს იმასაც, თუ რატომ. რატომ და, თურმე, იმიტომ, რომ „ამ ორგანიზაციის პრეზენტაცია და ფილარმონიაში გამართული ღონისძიება, რა იყო სხვა, თუ არა მათ მიერ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.“
იმ მარტივი ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოძრაობა „ქართული ოცნების“ წესდებაში პოლიტიკური მიზნები უბრალოდ არ არსებობს, ბ-ნი კუბლაშვილი განმარტავს, რომ „ამა თუ იმ ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები მხოლოდ წესდებაში არსებული ჩანაწერებით არ გამოიხატება.“
ხოლო, თუ ბ-ნი კუბლაშვილის ლოგიკას დავეყრდნობით (რომ ჩანაწერებით, თურმე, არაფერიც არ გამოიხატება), სავსებით გასაგებია, რატომაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში (თანაც, განა მხოლოდ კონსტიტუციაში?!) ერთი, რეალობა კი სრულიად განსხვავებულია. დაახლოებით, ასე: „შენ დაუკარ, უპატარძლო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკონსტიტუციო) ქორწილია (ესე იგი, დემოკრატიაა).“