როგორ შოულობდა ახალი პროდუქციის გამოგონებით მილიონებს ამერიკაში ქართველი მეწარმე ჯორჯ კობი და ვის დაუტოვა მან თავისი ქონება
ქართველ ემიგრანტთა შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ბიზნესს მილიონიანი მოგება მოჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, მინის მრეწველი – გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი, რომლის შესახებაც გვესაუბრება ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი:
– გრიგოლი დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ – სოფლის მღვდელთან. ბავშვს დიდ ნიჭთან ერთად, კარგი ხმა და მუსიკალური სმენა აღმოაჩნდა, მაგრამ სწავლის გაგრძელების ნაცვლად, 10 წლის გრიგოლი შინიდან გაიპარა. კითხვა-კითხვით ის ჯერ ოკრიბასა და ქუთაისში ჩავიდა, შემდეგ კი – ბორჯომში, სადაც ახალგახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა უფროს მემანქანედ. იქ დაჰყო პატარა გიგომ 4 წელი. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა იმ ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. აღმოაჩნდა გამომგონებლის ნიჭი – მისი რჩევით შეიმუშავეს პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ეს პატარა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარს კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო, ვინმე სიმონოვის დახმარებით, ჯერ თბილისის, 1902 წელს კი ოდესის შუშის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ, სადაც ერთი წელი დარჩა. ოდესაში იმ დროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული სათვისტომო და ნოვოროსიის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია არსებობდა. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში. გიგო ციხეშიც კი მოხვედრილა ერთ-ერთ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის და იმავე სიმონოვს გამოუხსნია.
– როდის გაემგზავრა გრიგოლ კობახიძე ევროპაში, იქ რას საქმიანობდა?
– 1903 წელს სიმონოვის რჩევით, 20 წლის გიგო კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკაში გაემგზავრა. ინდუსტრიულ დაბაში იყო მუშათა დასახლება და ვითარდებოდა წამყვანი დარგები – მინის წარმოება და მეტალურგია. ფრანგი გამანის ხელმძღვანელობით იქ შუშის დიდი ქარხანაც არსებობდა. დაბაში ქართველთა კვალიც კი არ ჩანდა. თუმცა, რუსული და გერმანული ენები გრიგოლს ბორჯომშივე ჰქონდა შესწავლილი და არ გასჭირვებია. მუშათა სიმრავლის გამო, დასახლებაში რევოლუციური განწყობა სუფევდა. იქ მოუსწრო გიგოს 1905-1907 წლების რევოლუციამ. დააპატიმრეს და გასახლებას უპირებდნენ, მაგრამ გამანი ჩაერია და გადაარჩინა, როგორც საუკეთესო სპეციალისტი. გამანის ყურადღება მიიქცია მისმა ფიზიკურმა ძალამ და ჭიდაობის შესასწავლად მწვრთნელად მიიყვანა. მალე გიგო გამანის ფალავნად იქცა და ფულადი ჯილდოები მისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, დაშა ნოდვიკოვა, გადმოსახლებული ნოვგოროდის გუბერნიიდან. იქვე შეიძინა მეგობარი – შემდეგში, ამერიკაში მისი პარტნიორი, ევგენი იგნატიევი. გამანის რჩევით, 1907 წლის გაზაფხულზე გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა და მიუნჰენში დასახლდა. გერმანელი სპეციალისტების დახმარებით, შექმნა შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო. მასთან ერთად მუშაობდა სამი დამხმარე მუშა. გერმანელები გაოცებულნი იყვნენ ამ უცხოელის საოცარი ნიჭით, ენერგიითა და შრომისმოყვარეობით. წლის ბოლოსთვის მან დანახარჯი აინაზღაურა და ის იყო, შემოსავალმაც დაიწყო დენა, რომ ერთ დღეს საწარმოში მისულს დალეწილი დახვდა ყველაფერი. პლაკატზე ეწერა: „რუსო დათვო, წაეთრიე შენს ბინძურ რუსეთში.” გერმანელი მეგობრების ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, გიგო იქ აღარ გაჩერდა და ინგლისში გაემგზავრა. 1908 წლის დასაწყისში, ის ლონდონში ჩავიდა. თავდაპირველად, ძალიან გაუჭირდა, მინის ქარხანაში მოეწყო უბრალო მუშად. იქაც გამოადგა ცოდნა პროდუქციის გამოშვების დასაჩქარებლად. მისი გამოცდილება მალე შეამჩნიეს მენეჯერებმა და დააწინაურეს. როგორც, მოგვიანებით, ერთ კერძო წერილში სწერდა გივი კობახიძეს, იქაც გამოუყენებია თავისი ილეთები. ცირკში გამოდიოდა და ჭიდაობითაც გაუჩენია დამატებითი შემოსავალი. ჭიდაობას ხშირად არისტოკრატებიც ესწრებოდნენ. ერთმა ლორდმა დაიახლოვა და ხშირადაც ასაჩუქრებდა. ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ცოლიც ჩაიყვანა, მაგრამ მოშურნეებიც გამოუჩნდნენ. ერთი მუშა გადაეკიდა, ჩხუბიც აუტეხა – ჩხუბში კი დაეცა და ხერხემალი დაიზიანა. ინგლისელთა შურისძიებისგან ლორდმა იხსნა, რომელმაც გიგო და მისი ცოლი ამერიკაში გააპარა.
– როგორ ცხოვრობდა ამერიკაში?
– 1909 წლის 1 აგვისტოს, 26 წლის გიგო კობახიძე ნიუ-იორკში ჩავიდა. იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ერთ ნაწილს ჩვეული ხელობისთვის, მეპურეობისთვის მოეკიდა ხელი. გრიგოლი სწორედ მათი დახმარებით მოეწყო ამერიკაში. 9 წელი მუშაობდა ცოლთან ერთად „ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში და ფულს აგროვებდა თავის საქმის დასაწყებად. დამატებით შემოსავლის წყაროდ გაიხადა გამოგონება, მიიღო რამდენიმე პატენტი ავტომატურ საწერ-კალმებზე. წამოიწყო მცირე ბიზნესი. კალმებისა და სხვა წვრილმანი საკანცელარიო ნივთების ვაჭრობით დააგროვა ფული. 1919 წელს დაიწყო დიდი ქარხნის გამართვა მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ქალაქ ეტლებოროში, რათა ნიუ-იორკთანაც ახლოს ყოფილიყო და ნედლეულთანაც. ქარხნის მოწყობა დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა. საჭირო იყო შენობა, მანქანა-დანადგარები, სპეციალისტები, კლიენტურა. ყველაფერს გონივრულად და ნიჭიერად წარმართავდა. დიდ დახმარებას უწევდნენ პარტნიორები – რუსი იგნატიევი და ჩეხი ჩაპეკი. 1922 წელს წარმოება ფეხზე დადგა. The Cobi Glass Produkts Company შევიდა ამერიკის აღმოსავლეთის შტატების სამრეწველო ცხოვრებაში, მალე გაითქვა სახელი და ნდობა მოიპოვა. პირველ სარეკლამო ფურცლებზე აღბეჭდილი იყო ფირმის პროდუქცია – სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული და სხვა, 45 სახის ნაირგვარი ფორმის ნაწარმი, ზომა-წონის მაჩვენებლებით. უშვებდა აგრეთვე ფანჯრის მინებს, ოთახის გასატიხრ ფილებს და ყიდდა ნედლ მასალასაც. კობის პროდუქცია ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი მუდმივად აუმჯობესებდა ტექნოლოგიას. ხელით წარმოება სულ უფრო უთმობდა ადგილს მანქანურს, რომელშიც დაკავებული იყო 300-მდე მუშა და ათეულობით ტექნიკოს-ოსტატი. გრიგოლი ცდილობდა, მათთვის შრომისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას, აჰყავდა შეგირდები და სხვებსაც ასწავლიდა. აყვავების დროს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს შეადგენდა, სუფთა შემოსავალი – 4 მილიონს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას. მთელი მისი დრო ბიზნესს უკავშირდებოდა, მაგრამ არასოდეს ჩამოშორებია საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს. ერთი სული ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და თავისი საქმე ქვეყნის სამსახურში ჩაეყენებინა, მაგრამ 1918-1921 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა, სამშობლოს დახმარებას და სანამ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდოდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლებასთან თბილისში, ქუთაისში, ან ბორჯომში დიდი მინის ქარხნის მშენებლობის თაობაზე. „ნეპი” ნებას რთავდა და ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ შესთავაზეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი ამაზე არ დათანხმდა – მას თვითონვე სურდა მშენებლობისთვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს. უარის შემდეგ გადაწყვიტა, თავის სოფელს დახმარებოდა, რაზეც თანხმობა მიიღო, მაგრამ 1924 წლის აჯანყების გამო, სამშობლოში მხოლოდ 1925 წელს ჩამოვიდა. ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც პატარა ბიჭმა 33 წლის წინათ განვლო. სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე გაათევინა და მოუარა. დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10 000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა. მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. 4 წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა თავის კუთხეს. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. ვინ აღარ მოდიოდა მასთან დახმარების სათხოვნელად, არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან, არამედ – ქუთაისიდანაც. ამ დროს უფროსი ძმის, ლეონტის შვილი მიშა ჩავიდა თბილისიდან და შეატყობინა ბიძას, დაჭერას გიპირებენო. ამიტომ იგი სასწრაფოდ გაემგზავრა სოფლიდან და ქვეყნიდანაც.
– თუ შეეხო მასაც 1929 წელს დაწყებული კრიზისი?
– 1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, საწარმოები, ბანკები. უმუშევართა რიცხვმა 14 მილიონს მიაღწია. გახშირდა თვითმკვლელობები არა მარტო ღატაკთა, არამედ გაკოტრებულ მილიონერთა შორის. ჯორჯ კობის წარმოებაც გაკოტრდა. 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. მართალია, მილიონები დაკარგა, მაგრამ გრიგოლს იმდენი შეძლება კიდევ ჰქონდა, გაჭირვებულ ქართველებს დახმარებოდა არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპასა და საქართველოშიც. „ყველაფერი დაკარგა, გარდა ძლიერი ნებისყოფის, სულიერ-მორალური წონასწორობისა და იმედისა, რომ კვლავ დაიბრუნებდა დანაკარგს,” – შენიშნავდა გივი კობახიძე. უმოქმედობა მის ხასიათს ვერ ეგუებოდა, სულაც არ აპირებდა ფარ-ხმლის დაყრას და ბრძოლას განაგრძობდა: თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ-კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი წარმოების გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა – დაემზადებინა სუნამოს „საქართველოს დედოფლის” ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის უმშვენიერესი ფლაკონი. ჯორჯ კობის ბიზნესი ნელ-ნელა იკრებდა ძალას, თუმცა ის უფრო დიდ სიმძლავრეებსა და სახელმწიფო შეკვეთებზე ოცნებობდა. როცა 1941 წლის 7 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება, გრიგოლმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისთვის. როცა მისი საბუთები და მონაცემები შეისწავლეს, დაუყოვლებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. სულ მოკლე ხანში მოაწყო წარმოება და გახსნა ქარხანა მასაჩუსეტსის მოსაზღვრე როდ-აილენდის შტატის ქალაქ პატაკეტში. მილიონ დოლარად შეიძინა 4 ჰოლანდიური დანადგარი, დაიქირავა 300-მდე მუშა და დაიწყო ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიების, საველე ჰოსპიტლებისა და რიგითი საავადმყოფოებისთვის აუცილებელი პროდუქციის დამზადება. მალე The Cobi Glass Produkts Company კვლავ მძლავრ საწარმოდ იქცა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინიექციისთვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე, მოკავშირეებსაც. მთავრობის ვალი მალე გაისტუმრა და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. მოგებას ძირითადად, ხარისხის ხარჯზე იღებდა. გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, შემოიღო წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისთვის. გრიგოლმა მრავალი ჯილდო მიიღო როგორც მთავრობის, ისე კერძო და სოციალური ორგანიზაციებისგან. როცა ომის შემდეგ წარმოება მშვიდობიან რელსებზე გადავიდა, სიახლე დანერგა – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ეგრეთ წოდებული – Babel ligts, რომელშიც, ქსელში ჩართვის შემდეგ, ფერადი ბუშტები იწყებდა მოძრაობას. მანამდე ნაძვის ხეებს ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად იწვევდა ხანძარს. მოგვიანებით, სანთლებს ფერადი მინისგან ამზადებდა და ქიმიური სითხე აღარ იყო საჭირო. შემდეგ ფერადი მინისაგან დაიწყო სხვადასხვა ფორმის სათამაშოების დამზადება, რომელსაც „ორნამენტი” უწოდა. ქართული დროშის შინდისფერ ყუთებში ჩალაგებულ 24 ან 12 ცალს ეწერა „კობი, მინის საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა.” სათამაშოები გადიოდა კანადაში. ამიტომ, წარწერა ფრანგულადაც კეთდებოდა. ეს სათამაშოები დღემდე იყიდება ინტერნეტ-მაღაზიაში, ნაძვის ხის კენწეროს მოსართავი კი, კვლავ ორიგინალური ფორმისაა.
– როგორც ცნობილია, გრიგოლ კობახიძე ქველმოქმედებასაც ეწეოდა.
– 1930-იანი წლების კრიზისმა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო პარიზის ქართველობა. გრიგოლი იყო შემწე მათი, ვინც პირადად მიმართავდა და, ვისი გაჭირვების ამბავსაც შეიტყობდა. ომის შემდეგ ფულით, ტანსაცმლით, პირველი მოხმარების საგნებითა და წამლებით ეხმარებოდა ევროპასა და დანგრეულ გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს – მიხეილ წერეთელს, გრიგოლ რობაქიძეს, ვიქტორ ნოზაძეს, ალექსანდრე კორძაიას და სხვებს. „გიგოს დახმარებამ გადაგვარჩინა იმ წლებში მე და ჩემი ცოლი. თვეში ორ ამანათსა და ფულს გვიგზავნიდა და ბოლოს ამერიკაშიც გადაგვიყვანა,” – წერდა გივი კობახიძე. გრიგოლ კობახიძის პირად არქივში უამრავი მადლობის წერილი ყოფილა დაცული, მათ შორის, ცნობილი რეჟისორის ვასო ყუშიტაშვილის, რომელსაც გრიგოლი უხდიდა სწავლის ფულს. ფულს უგზავნიდა თავის ძმისშვილს მიხეილსაც, რომელიც გერმანიაში სწავლობდა. როცა მიშამ სწავლა დაამთავრა, დიპლომის ასლთან ერთად, ბიძას მეგობართან გადაღებული ფოტო გაუგზავნა და აცნობა, რომ მისი გაგზავნილი ფულით, მასთან ერთად სასწავლებელი ამ ღარიბ ბიჭსაც დაუმთავრებია. ჰყავდა სხვა სტიპენდიანტებიც. 1927 წელს პარიზში ჩასული, ცნობილი ამერიკელი ავიატორი ალექსანდრე ქართველიშვილი გრიგოლმა იმ მილიონერთან დააკავშირა, რომელიც ავიაციით იყო დაინტერესებული. 1939 წელს მანვე ჩაიყვანა მანჯურიიდან და ლაბორატორია მოუწყო ცნობილ ექიმს, ახალი სამედიცინო პრეპარატის, „ჰემოდინის” შემქმნელს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს. სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძეს შვილი არ ჰყავდა. 1948 წელს, როცა მას ორი ქარხანა ჰქონდა და ცოლის დახმარებით უძღვებოდა ბიზნესს, გივი კობახიძეს სთხოვდა, კომპანიონად გერმანიაში მისთვის მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნა. წერილებიდან ჩანს, რომ მას თავის დროზე უნდოდა ძმისშვილები, ან ახლო ნათესავები ჩაეყვანა ამერიკაში და წარმოებაში ჩაება, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო მათთან ურთიერთობა სულაც შეწყვიტა, რათა ისედაც დაზარალებულ ოჯახს მის გამო ახალი რეპრესიები აღარ დატეხოდა. როცა გივი კობახიძე ამერიკაში ჩაიყვანა და მასთან მუშაობა შესთავაზა, აგრძნობინა კიდეც, რომ მემკვიდრეობის უფლებასაც მიანიჭებდა, მაგრამ 2 წლით მუშაობის შემდეგ, გივი გამოემშვიდობა კეთილისმყოფელს და თავის პროფესიას, ექიმობას მოჰკიდა ხელი. რაკი ქართველი ვერავინ დააინტერესა წარმოებით, გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები – ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებიც გახდნენ კიდეც მისი საქმის გამგრძელებლები. 84 წლის გრიგოლ კობახიძე 1967 წელს გარდაიცვალა. პაგლისებს დავიწყებისთვის არ მიუციათ ჯორჯ კობის ღვაწლი და არც სახელი შეუცვლიათ წარმოებისთვის. გივი კობახიძის ცნობით, 1980-იან წლებში მათ კედელზე ეკიდათ მინის ქარხნისა და წარმოების დამფუძნებლის, ქართველი მრეწველის, გრიგოლ კობახიძის დიდი ფოტო.
საქართველოში ჯორჯ კობის სახელი ამ ბოლო წლებამდე უცნობი იყო. გივი კობახიძის პატარა ნარკვევმა მომაძებნინა ინფორმაცია ამ საოცარ ადამიანზე, ჩემმა მეზობელმა ქალბატონმა ქეთევან შუბაშვილმა-ხელიძემ კი – თბილისში მცხოვრები ძმის შვილიშვილები: ეთერ კობახიძე და ნელი ჭელიძე. ისინი, გრიგოლ კობახიძის სხვა ნათესავების მსგავსად, სათუთად ინახავენ ჯორჯ კობის ხსოვნას და რუდუნებით უვლიან მის ფოტოებსა და ქართულად დაწერილ წერილებს. ინტერნეტ-მაღაზიაში კი დღემდე იყიდება კობის ნაძვის ხის სათამაშოები – „Coby Glass Chrismas Ornaments” და „Babel ligts”.