რატომ გაიპარნენ ჯვრისწერიდან არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე
მსახიობი, ქორეოგრაფი, ტელეწამყვანი და, უბრალოდ, კარგი ბიჭი, არჩილ სოლოღაშვილი დაქორწინდა. ლურჯ მონასტერში, ჯვრისწერაზე რძისფერ კლასიკურ კოსტიუმში გამოწყობილი სიძე და პასტელის ბაც ვარდისფერ, ულამაზეს სადა კაბაში შემოსილი პატარძალი, ნუცა ქავთარაძე ერთმანეთის გვერდით ისე ბრწყინავდნენ, ასეთი სილამაზე არც ერთი ფილმის ფინალში არ მინახავს, ემოციების გასამძაფრებლად „ჰეფი ენდს“ კარგი მუსიკა რომ ადევს.
აჩიკო სოლოღაშვილზე ბევრს აღარ მოგიყვებით, მის შესახებ თითქმის ყველაფერი იცით, მისი რჩეული კი, 21 წლის ნუცა ქავთარაძეა, „კურიერის” ჟურნალისტი, ლამაზი, ეშხიანი გოგო. ისინი დიდი ხანია, იცნობდნენ ერთმანეთს, როგორც ჟურნალისტი და რესპონდენტი, ურთიერთობა კი მათ შორის მას შემდეგ შეიცვალა, რაც აჩიკომ „რუსთავი 2-ში“ დაიწყო მუშაობა. ერთწლიანი რომანი 21 იანვარს ჯვრისწერით დაგვირგვინდა და სხვა, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდა. როგორც უკვე გითხარით, შეყვარებულებმა ჯვარი ლურჯ მონასტერში დაიწერეს – ისინი მამა დავითმა დააქორწინა. აჩიკოს მეჯვარეები იყვნენ მისი მეგობრები: ირაკლი ძნელაძე, ლევან კახელი და ანუკი ჯავახიშვილი; ნუცას მეჯვარეები კი – თიკა დაუშვილი, იაკო ადეიშვილი და ანი ჩხაიძე. წყვილმა ჯვრისწერაზე უამრავი საჩუქარი მიიღო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ, ყველაზე ორიგინალური სიურპრიზი მაინც „შუა დღემ” მოუმზადა და ამას მთელმა საქართველომ უყურა პირდაპირ ეთერში, მათ ათდღიანი მოგზაურობა აჩუქა შარმ-ელ-შეიხში. როდესაც ნეფე-პატარძალს ვკითხე, ერთმანეთს რა აჩუქეთ-მეთქი, პასუხად ის მოვისმინე, რასაც ველოდი – ჩვენ ერთმანეთს საკუთარი თავი ვაჩუქეთო.
იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრების სია ნახევარ თბილისს მაინც მოიცავდა, წყვილმა გადაწყვიტა, ჯვრისწერის შემდეგ „გაპარულიყვნენ” და რამდენიმედღიანი თაფლობის თვე მოეწყოთ ყვარლის ტბაზე. ზამთრის სუსხიან დღეებში, დათოვლილი ტბა და ულამაზესი ხედები, ალბათ, საუკეთესო ადგილია ქორწინების პირველი დღეების გასატარებლად. ცხელ ეგვიპტეს კი მაშინ ესტუმრებიან, როდესაც სამსახურებიდან მეტი ხნით გაუშვებენ. ჯერჯერობით კი ძალიან ხანმოკლე შვებულება მისცეს.
აჩიკოს და ნუცას ჯვრისწერაზე უამრავი სტუმარი მივიდა: ალბათ, მთელი „რუსთავი 2”, მუსიკისა და დრამის თეატრი, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები... ტაძრიდან გამოსულ ახალდაქორწინებულებს ბედნიერების, ბარაქისა და გამრავლების ნიშნად თავზე ბრინჯი დააყარეს.
მას შემდეგ, რაც აჩიკომ ეკლესიიდან მანქანამდე ნუცა ხელში აყვანილი მიიყვანა და ჩასვა, იქაურობა დატოვა. სტუმრებმა კი საყვარელი მეგობრების ქორწილის აღნიშვნა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ჯგუფ-ჯგუფად ვინ სად და როგორ წავიდა აღარ ვიცი, მაგრამ იმ საღამოს თბილისის რამდენიმე ადგილას აჩიკოსა და ნუცას „მინი-ქორწილები“ რომ გაიმართა „უსიძეპატარძლოდ”, ფაქტია.
„თბილისელების“ სახელით, ჩვენს საყვარელ რესპონდენტს ვულოცავთ გაბედნიერებას და მარადიულ სიყვარულს ვუსურვებთ ულამაზეს მეუღლესთან ერთად!