რა მიზეზით დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვინ ეძებს ამხანაგებსა და შვილის ნათლიას ჭიათურიდან
39 წლის ლუკა კაპანაძე ეძებს დაახლოებით 36-38 წლის დიტო კამლაძეს და დაახლოებით 35-38 წლის ბეჟან არჩილის ძე გაბუნიას.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობრებს: დაახლოებით 36-38 წლის დიტო კამლაძეს და დაახლოებით 35-38 წლის ბეჟან არჩილის ძე გაბუნიას. ჩვენ ერთად ვსწავლობდით ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანაკურსელები ვიყავით, შემდგომ კი განუყრელი მეგობრები გავხდით. სამწუხაროდ, უკვე წლებია, რაც მათთან კავშირი არ მქონია. ძალიან მინდა მათი პოვნა და ურთიერთობის აღდგენა. მაქვს მათი ფოტოები: დიტო ფოტოზე არის თეთრი ფერის პერანგით, მეორე ფოტოზე კი ბეჟანია, იმედია, თქვენი დახმარებით ვიპოვი მეგობრებს.
– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი და რა იცით მათ შესახებ.
– მე, დიტო და ბეჟანი 1992-1997 წლებში ერთად ვსწავლობდით ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანაკურსელები ვიყავით და უნივერსიტეტშივე დავმეგობრდით. მაშინ დაახლოებით 18-19 წლისანები ვიყავით. სწავლის დამთავრების შემდეგ, როდესაც დავოჯახდი, ჩემი შვილის ნათლიად სწორედ ბეჟან გაბუნია ავირჩიე და ასე გადაიზარდა ჩვენი მეგობრობა ნათესაობად. ამჟამად ჩემი უფროსი გოგონა, თამარ კაპანაძე, 20 წლისაა და სწავლობს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. მასაც ძალიან უნდა ნათლიის პოვნა. რთულია, როდესაც წლების განმავლობაში, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ გაქვს კავშირი მეგობრებთან. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. ვიცი, რომ დიტო კამლაძე სოხუმიდან იყო, ბეჟანის მშობლები კი ქუთაისში უნდა ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, მათი ზუსტი მისამართი არ მაქვს და ამის გამო ვერ ვუკავშირდები ვერც ერთს.
– აქამდე თუ გიცდიათ მეგობრების მოძებნა?
– აქამდეც მიცდია მეგობრების მოძებნა, ძირითადად, გაკითხვა-გამოკითხვით, მაგრამ, უშედეგოდ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ორივე მეგობარი ამჟამად საქართველოშია, უბრალოდ, რაღაც მიზეზების გამო, ჩვენ შორის კავშირი შეწყდა და ის აუცილებლად აღდგება. მოგეხსენებათ, მეგობრის დაკარგვა ადვილი საქმე არ არის, ნამდვილი მეგობრის შეძენა კი ძალზე ძნელია.
– თქვენი აზრით, სად უნდა იყვნენ თქვენი მეგობრები ამჟამად, ხომ შეიძლება, რომ ისინი საქართველოდან წასულებიც კი არიან?
– ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი იყოს, თუმცა ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ვინმე იცნობს მათ ფოტოთი, სახელით ან გვარით და მომაწვდის მათ შესახებ ინფორმაციას, ძალიან გახარებული ვიქნები. იმედია, ისინი კარგად არიან, თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარეთ იყვნენ.
– როგორ ფიქრობთ, ისინი თუ გეძებენ?
– დიდი იმედი მაქვს, რომ ვახსოვარ და გაუხარდებათ, როდესაც გაიგებენ, რომ მე მათ ვეძებ. თუკი მეძებენ, მიპოვიან. ნათქვამია, ვინც ეძებს, ის პოულობსო (იცინის). მე მისამართიც კი არ შემიცვლია და ნამდვილად არ ვიცი, რა არის ჩვენ შორის კავშირის შეწყვეტის მიზეზი. იმედი მაქვს, ვიპოვით ერთმანეთს და აღარასდროს დავკარგავთ. ყველა ღონე უნდა იხმარო, რომ მეგობრები შეინარჩუნო. ძალიან მინდა ჩემი მეგობრებისა და შვილის ნათლიის პოვნა. ჩემი ოჯახის წევრებიც მგულშემატკივრობენ ამ საქმეში და გვჯერა, რომ მათ აუცილებლად ვიპოვი.
– სად ან როგორ აპირებთ შეხვედრას პოვნის შემთხვევაში?
– ღმერთმა ქნას და, თუ მე ისინი ვიპოვე, აუცილებლად შევხვდებით და ღიმილით გავიხსენებთ ყველაფერს ცუდსაც კი. ვფიქრობ, ჩემთან შევიკრიბებით. მანამდე კი, სანამ შევხვდებით, აუცილებლად გვექნება სატელეფონო კავშირი და ყველაფერს დავგეგმავთ (იღიმება). ნამდვილად ძალიან მინდა მათი პოვნა და გაგება, თუ როგორ არიან, როგორ აეწყო მათი ცხოვრება, ალბათ, ორივე დაოჯახებულია და შვილებიც ჰყავთ. იმედი მაქვს, პოვნის შემთხვევაში, ჩვენ ოჯახებით ვიმეგობრებთ.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.