დამ საყვარელს ძმის ბინა გააქურდვინა
დამ საყვარელს ძმის სახლი გააქურდინა. უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის სახლიდან თავდამსხმელებმა 8 000 დოლარამდე თანხა წაიღეს. პოლიციამ ერთ თვეში 27 წლის დევი დ. დააკავა. ძებნაა გამოცხადებული მის თანამზრახველ ვინმე „რეზიზე”, მაგრამ სახლის პატრონის დის მიერ „დადგმულ სპექტაკლში” მთავარი სხვა გარემოებაა – ლიკა ს-მ საქმე ისე მოაწყო, რომ ყველაფერი მუშას ბრალდებოდა. ამის მიუხედავად, ლიკა ს-ს, 2 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრა, ხოლო მის საყვარელს – 4 წელი პატიმრობა.
ყაჩაღობა მუშის თანდასწრებით
ფეშენებელური ბინა, სადაც ყაჩაღობა მოხდა ერთ-ერთ ცნობილ აგარაკზე, ფაქტობრივად, ტყეში მდებარეობს. ადგილის მიუხედავად, მეპატრონეს სახლი უმეთვალყურეოდ არ ჰქონია დატოვებული – გარედანაც და შიგნიდანაც სახლს ორი სათვალთვალო კამერა აქვს. შემსვლელ-გამომსვლელებზე ინფორმაცია დისკზე იწერებოდა. კამერების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, მათ რიცხვში კი ცხადია, უცნობი არავინ იყო. ამის მიუხედავად, ორმა მძარცველმა ბინა ისე გაასუფთავა, კვალი არ დაუტოვებიათ.
არადა, საგანგებოდ იყო დაცული თანხაც. ოჯახის უფროსის მიერ გამოგზავნილ ფულს მისი და თანხისთვის განკუთვნილ დაკეტილ უჯრაში ინახავდა. ოთახს, სადაც თანხა ინახებოდა რკინის კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ დაკეტილი იყო. ის კი არა, მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა კედელში კარის არსებობას. მაგრამ, ამის მიუხედავად, 8 ათას დოლარამდე, უფრო ზუსტად 7 898 დოლარი მაინც გაიტაცეს. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ოჯახში ორი ადამიანი დახვდა და როგორც გაირკვა, ფულის გარდა, მძარცველებმა მათი მობილური ტელეფონებიც წაიღეს.
ამ ორიდან ერთი პიროვნება სახლის მეპატრონის და, ლიკა ს, ხოლო მეორე, მუშა იყო. იმ დილით ის ოჯახში პირველად მივიდა. დიასახლისთან კანალიზაციის გათხრაზე იყო მოლაპარაკებული, მაგრამ მუშაობის დაწყებამდე ძარცვის მოწმე გახდა. სამართალდამცველებმა ისინი მაშინვე დაკითხეს, მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნეს. სიტუაციას ის გარემოებაც ართულებდა, რომ თავდამსხმელებმა აპარატურა მთლიანად დააზიანეს, ანუ ვიდეოკამერები პოლიციისთვის არაფრისმთქმელი აღმოჩნდა.
მოკლედ, ვინაიდან ვიდეოკონტროლი ისეთი ადგილიდან ხორციელდებოდა, რომ მას არაინფორმირებული პროფესიონალიც კი ვერ მიაგნებდა, პოლიციამ ეჭვი ლიკა ს-ზე მიიტანა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ლიკა ს. ოჯახის უფროსის ერთადერთი დედმამიშვილი იყო, მისი ეჭვმიტანილობა რამდენიმე საათში გამორიცხა. შესაბამისად, ეჭვმიტანილად ცნო წარსულში ნასამართლევი მუშა კობა ნ. მაგრამ, მასზე ხელჩასაჭიდსაც ვერაფერს მიაგნეს... საბოლოოდ, სამართალდამცველები ისევ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „ციხე შიგნიდან გატყდა” და არცთუ უსაფუძვლოდ. ბრალდებული სწორედ ლიკა ს. აღმოჩნდა, რომელიც ისევ და ისევ ძმის ჩარევით, პირობით გათავისუფლდა. არადა, ძალიან დიდი შანსი იყო, რომ მუშა დაედანაშაულებინათ...
დაკავებული მუშა ცდილობდა, საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა.
ჩვენების თანახმად, მუშა იმ დილით ოჯახში დაახლოებით დილის 9 საათზე მივიდა. სახლში ორნი, ის და ლიკა იყვნენ. მისი თქმით, რადგან მეწყვილეს ელოდებოდა, ლიკამ ყავა შესთავაზა. ორივენი მისაღებში, სავარძლებში ისხდნენ. მუშა ყავას სვამდა და მუსიკას უსმენდა, ლიკას კი ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიდა. სწორედ ამ დროს შემოვარდა ორი ბიჭი. ერთ-ერთი მასთან იარაღით მივიდა და ყელზე მიადო – ხელი არ გაანძრიო და არაფერს დააჭიროო. ამის შემდეგ ტელეფონი გამოსტაცა და ჯიბეში ისე ჩაიდო, არც გამოურთავს. მუშა წერს, რომ მეორე უცნობმა ლიკა თმით დაითრია და მეორე ოთახისკენ წაიყვანა, როგორც შემდეგ გაარკვია, იმ ოთახისკენ, სადაც ფული ინახებოდა. ანუ, თავდამსხმელმა თანხის ადგილმდებარეობა წინასწარ იცოდა.
იარაღიანი კი მუშას თავზე ედგა, როდესაც მეორე თავდამსხმელი ლიკასთან ერთად ისევ ოთახში დაბრუნდა, რაღაც დისკი მოითხოვეს, რომელზეც შემდეგ გაიგო, რომ ვიდეოთვალის მონაცემები ფიქსირდებოდა. მისი თქმით, თავდამსხმელები შემდეგ შემოსასვლელისკენ, ანუ იქით წავიდნენ, სადაც ვიდეოგადაღებები იწერებოდა. ბოლოს კი სადენები გამოგლიჯეს და გაიქცნენ. მათი წასვლისთანავე მუშამ გაქცევა დააპირა, მაგრამ ლიკა ძალიან ცუდად გახდა. წყალს ითხოვდა, ახველებდა და მის დასახმარებლად შებრუნდა. სხვა შემთხვევაში, იქაურობას ძალიან მალე დატოვებდა.
რაც შეეხება 35 წლის ლიკა ს-ს, რომელიც ძმის სახლში სარემონტო სამუშაოებს განაგებდა, მანაც დეტალურად აღწერა იმ დღის მოვლენები. განაცხადა, რომ ის ძმის სახლში დილით მივიდა და რადგან მუშების ფული იყო გასასტუმრებელი, ოთახში შევიდა, სეიფი გამოაღო და თანხა დაითვალა. ის თანხას სპეციალურ უჯრაში ინახავდა და სულ დაკეტილი ჰქონდა.
ფაქტობრივად, გამოძიებას მანაც იგივე უამბო, რაც მუშამ. მანაც ხაზი გაუსვა, რომ თავდამსხმელმა, რომელმაც უჯრისკენ წაიყვანა, კარგად იცოდა მისი ადგილმდებარეობა. გამოძიებას დეტალურად აღუწერა, თუ როგორ მოსთხოვეს ჩანაწერი. მან კი გაიკვირვა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს არ იცოდა, რას სთხოვდნენ, მაგრამ კისერში ძლიერად ჩაარტყეს. შემდეგ სახეში შემოარტყეს ხელი და იძულებული გახდა, უხმოდ დამორჩილებოდა მძარცველებს. ლიკა ს. გამოძიებას ვერაფრით უსაბუთებდა, საიდან შეიძლება, სცოდნოდათ თავდამსხმელებს ვიდეოთვალის შესახებ.
როგორ გაიხსნა საქმე
რა მოხდა რეალურად, საქმის მასალებში ეს ჩანს. მაგრამ, სწორედ საქმიდან ირკვევა, რომ რამდენიმე დღეში ლიკა ს-მ თავად გამოთქვა ინიციატივა, გამოძიებასთან ეთანამშრომლა. თანაც ისე, რომ ის ბრალდებული გახდა.
მოკლედ, ბოლოს და ბოლოს გაირკვა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი, დევი დ. მისი საყვარელი იყო და ძარცვაში თავად ლიკას ეხმარებოდა. მისი აღიარებითი ჩვენების თანახმად, დევი დ-სთან უკვე ორი წელია, მეგობრობდა და მიუხედავად იმისა, რომ კაცს ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა, თითქმის ყოველდღე ნახულობდა, მასთან „ახლო” ურთიერთობა ჰქონდა.
მისი თქმით, ყაჩაღობამდე რამდენიმე თვით ადრე, მან და დევიმ საქართველოდან წასვლა და ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ, ხელისშემშლელი გარემოება ფული იყო. ლიკა წერს, რომ მან თანხა ძმას სთხოვა, აუხსნა რაშიც იყო საქმე, მაგრამ მან „ვერ გაუგო” და უარი უთხრა. ძმამ ურჩია, ცოლიანი კაცისთვის თავი დაენებებინა, მით უმეტეს, მისი ცოლი ნათესავად ერგებოდათ. ამის შემდეგ, ლიკა ს. წერს, რომ ის და დევი ფორმალურად დაცილდნენ. თუმცა, ერთმანეთს მალულად მაინც ხვდებოდნენ და მისი ძმის ცარიელ ბინაში რჩებოდნენ. ლიკას თქმით, დევის სწორედ მაშინ დაათვალიერებინა სახლი. მას სეიფიც აჩვენა და ვიდეოკამერებიც, რითაც საყვარელი ძალიან გააკვირვა, მაგრამ სთხოვა, არავისთვის არაფერი ეთქვა.
ლიკა ს-ს თქმით, ვინაიდან ფულის შოვნა ვერც ერთმა ვერ შეძლო, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ქურდობის ინსცენირება მოეწყოთ და სპექტაკლი დაედგათ. მანამდე კი, ქალმა იმის დემონსტრირება დაიწყო, თითქოს დევის საერთოდ დაცილდა. ის კი არა, როდესაც დედამ უთხრა, მისი ძმის სახლში გათბობის სისტემა დევის დაემონტაჟებინა, ლიკა ს. კატეგორიულ უარზე დადგა. დედას უსაყვედურა კიდეც, ხომ იცი, რომ დავცილდი და აღარ მინდა სახლში ვნახოო. ამიტომ, სანამ დევი მისი ძმის სახლში მუშაობდა, ლიკა ძმის სახლში არც მისულა. მუშებისთვის საჭმელს დედამისი ამზადებდა. ამიტომ, ოჯახი გახარებული იყო, რომ მათი შვილი ჭკუაზე მოვიდა და ცოლიან კაცს ჩამოსცილდა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ეჭვი მათზე თავიდან არავინ მიიტანა.
საბოლოოდ, სიტუაცია ერთმა დეტალმა შეცვალა. კერძოდ, საქმის ირგვლივ ჩვენება მისცა თავად სახლის მეპატრონემ, თამაზ ს-მ. სრულიად გაუცნობიერებლად, მან დაკითხვისას გაიხსენა დის მხრიდან თანხის თხოვნის ეპიზოდი. ვინაიდან მას დიდი თანხა ჰქონდა, გამოძიება დაინტერესდა, რატომ უთხრა დას უარი, მით უმეტეს, რომ ის მის სახლს და შვილებს პატრონობდა. პასუხად, თამაზ ს-ს არ დაუმალავს, რომ მის დას ცოლიან კაცთან ჰქონდა საქმე, რომლის ცოლიც ნათესავად ერგებოდათ.
ამის შემდეგ გამოძიებამ ლიკა ს. ხელახლა დაკითხა. გამოძიებამ მას არაერთხელ გაუმახვილა ყურადღება ძმისთვის თანხის თხოვნის ეპიზოდზე, მაგრამ ქალმა თავი შორს დაიჭირა. სწორედ ამიტომ, გამოძიებას ამ დეტალის დამალვა საეჭვოდ მოეჩვენა და არცთუ უმიზეზოდ – ლიკა ს. და დევი დ. ქურდები აღმოჩნდნენ.
საბოლოოდ, ძმის რჩევით, ლიკა ს-მ დანაშაული თავად აღიარა. განაცხადა, რომ დევი დ. უყვარდა, მასთან ერთად წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამიტომ წავიდა ასეთ რისკზე: „თავიდან შევყოყმანდი, ვიფიქრე, შარში არ გავეხვიოთ-მეთქი, მაგრამ დევი დამპირდა, რომ ეჭვს ვერავინ აიღებდა. კამერები მის სახეს ვერ დააფიქსირებდნენ. ვიცოდი, რომ ჩავარდნის შემთხვევაში, არც მე აღმოვჩნდებოდი უკეთეს სიტუაციაში. ჩემს ძმას რომ ფული მოეცა, ამაზე არ წავიდოდი. მას მხოლოდ მოსამსახურედ ვჭირდებოდი. ორივე შვილი მე გავუზარდე, ვხვდებოდი ჩემი გათხოვება არ უნდოდა. მარწმუნებდა, რომ ძალიან მძიმე ხასიათი მქონდა და ჩემი მეორედ გათხოვება არ შეიძლებოდა, ოჯახს კიდევ ავანერვიულებდი”.
მისივე თქმით, იმ დღეს დევი დილაადრიან ინტენსიურად ურეკავდა, ამოწმებდა სახლში ვინ იყო. ბოლოს თავად მისწერა, რომ ის და მუშა იყვნენ, რის შემდეგაც, წამებში იქ გაჩნდა.
ლიკა ს-ს თქმით, ყაჩაღობის მეორე დღეს ის დევის შეხვდა და ყველაფერი უამბო, რაც მათი წასვლის შემდეგ მოხდა. მეორე პიროვნების ვინაობა ჰკითხა, მაგრამ შენი საქმე არ არისო... ლიკა ს-ს თქმით, დევი მან რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ნახა. პირად საკითხებზე ისაუბრეს, მაგრამ იმ დღის შემდეგ აღარ უნახავს... ამიტომ, გადაწყვიტა გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა.
დევი დ. პოლიციამ თურქეთის საზღვარზე დააკავა. რაც შეეხება მის თანამზრახველ ვინმე „რეზის”, მისი ვინაობა არ გაამხილა. შემთხვევით გავიცანი, ყაჩაღობა შევთავაზე და ისიც დამთანხმდაო.
ვინაიდან საყვარლებმა საბოლოოდ დანაშაული აღიარეს, მათ დამსახურებულზე მსუბუქი სასჯელები ერგოთ: კაცს 4 წელი პატიმრობა, ხოლო ქალს – 2 წლით პირობითი სასჯელი. ეს კი, დაზარალებულის, ანუ ლიკა ს-ს ძმის დამსახურება იყო.