კაცობრიობა ბიოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას
ცნობამ იმის შესახებ, რომ ფრინველის გრიპის გამომწვევ ვირუსზე ექსპერიმენტების ჩატარებისას, შეიქმნა ვირუსი, რომელსაც ასეულობით მილიონი ადამიანის განადგურება შეუძლია, სერიოზულად შეაშფოთა მსოფლიო.
კვლევები ტარდებოდა როტერდამში, ერაზმის სამედიცინო ცენტრში ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის დაფინანსებით. მეცნიერები ცდილობდნენ, გამოერკვიათ, რამდენად სწრაფად შეუძლია A(H5N1) ვირუსს მუტაცია განიცადოს და ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ფორმად გადაიქცეს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 5 მუტაციაა საკმარისი, რომ ვირუსი ერთი ქრცვინიდან მეორე ქრცვინზე ჰაერწვეთოვანი გზით გადავიდეს, თანაც შედეგი ლეტალური იყოს.
როტერდამელი მეცნიერები მოითხოვენ, A(H5N1) ვირუსის მუტაციის მონაცემები მსოფლიოს 100 ლაბორატორიაში მაინც იყოს განთავსებული და მასზე ათასობით მეცნიერს მიუწვდებოდეს ხელი, რომ სადმე ვირუსის კერა თუ აღმოჩნდა, სანამ ის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების მუტაციამდე მივიდოდეს, მეცნიერთა დახმარებით, ჯანდაცვის ადგილობრივმა ცენტრებმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ.
სხვა მეცნიერთა აზრით კი, ასეთი ექსპერიმენტი საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია, ბუნებაში ვირუსმა ზუსტად ისეთი მუტაცია განიცადოს, როგორც ლაბორატორიაში. ამიტომ, მისგან პოტენციური სარგებელი ძალიან მცირეა, ზიანი კი – კატასტროფული. ისინი მოითხოვენ, რომ მიღებული ვირუსი განადგურდეს, უკიდურეს შემთხვევაში, აუცილებელია, დაცვის განსაკუთრებული პირობები, ისეთი, როგორიც უმაღლესი, მეოთხე, დონის ბიოლოგიურად უსაფრთხო ლაბორატორიებშია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში სწორედ ასეთ ლაბორატორიებში ინახება ყვავილის ვირუსის ნიმუშები. ამასთანავე, აუცილებელია, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფოს ხელმძღვანელების მიერ მკაცრად გაკონტროლდეს ნებისმიერი ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. ეს კი, პოტენციური საშიშროების შეფასების თვალსაზრისით, ჩატარდეს მანამდე და არა პოსტფაქტუმ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკვე მოუწოდა ჰოლანდიელ ექსპერტებს, არ გაახმაურონ და საიდუმლოდ შეინახონ სამეცნიერო შრომის ყველა დეტალი და მონაცემი. ექსპერიმენტის მასალები განსაკუთრებით მიუწვდომელი უნდა იყოს ტერორისტებისთვის.