სიტყვა „მადმუაზელი“ კანონით აიკრძალა
ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ სესონ-სევინში მიმართვა „მადმუაზელ“ კანონით აიკრძალა. ადგილობრივი მმართველობა დაეთანხმა ფემინისტური მოძრაობის აქტივისტების მოთხოვნას, სიტყვა მოძველებულად და შეურაცხმყოფელად ეცნოთ. ამიერიდან ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ამ სიტყვის ნაცვლად გამოიყენებენ სიტყვას – „მადამ“. სესონ-სევინის მერმა, მიშელ ბიანმა 2008 წლის არჩევნებში სწორედ თავისი პროგრამით – „სქესთა თანასწორობისთვის ბრძოლით“ გაიმარჯვა, რასაც აქტიურად ახორციელებს პრაქტიკაში. თუმცა, ეს ქალაქი არ არის პირველი – ქალაქი რენი „მადმუაზელის“ წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2007 წელს გამოვიდა.
ამ ღონისძიებას კი, მისი მომხრეები იმით ამართლებენ, რომ მამაკაცს, მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა, მოიხსენიებენ, როგორც „მესიე“. ინგლისურ ენაში კარგა ხანია, უკვე აღარ გამოიყენება სიტყვა „სკუაირი“ – რაც უცოლო მამაკაცს ნიშნავს. მოდიდან გამოდის მიმართვა „მის“. გერმანული ენა მიმართვას „ფროილაინ“ 1973 წელს გამოეთხოვა. თუმცა, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში საქმე სხვაგვარად არის. „მადმუაზელ“, „სინიორინა“, „სინიორიტა“, გაცილებით რთულ ფუნქციას ასრულებს, ვიდრე „ფროილაინ“ – გერმანულ ენაში. ამ სიტყვებით რომანულ ენებში ქალის არა მარტო ოჯახურ მდგომარეობას და სოციალურ სტატუსს აღნიშნავენ, არამედ დამოკიდებულებას მისი პიროვნებისადმი, ფამილარობას და ფლირტის შესაძლებლობასაც.