ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ჩემს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა ისე, რომ არ მომეცა დამსწრის მოწვევის უფლება. კანონიერია თუ არა ჩხრეკის ჩატარება დამსწრის მონაწილეობის გარეშე?
პასუხი: ჩხრეკის ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია, დამსწრის მოწვევის უფლება განუმარტოს ბრალდებულს ან იმ პირს, რომელიც არ არის ბრალდებული, მაგრამ, შეიძლება, შეეხოს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება. მათ ჩხრეკის დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემათ გონივრული ვადა, არანაკლებ 1 საათისა. ჩხრეკის დამსწრის გარეშე ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის, მტკიცებულებათა დაზიანების, განადგურების ან ხელყოფის, ასევე, გადამალვის რეალური საფრთხე. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ბრალდებული სარგებლობს ზემოაღნიშნული უფლებით, რასაც გამომძიებელი ან პროკურორი აღნიშნავს საგამოძიებო მოქმედების ოქმში. შესაბამისად თუ არ არსებობდა მითითებული გარემოებები, თქვენს სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკა – უკანონოა.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, აქვს თუ არა უფლება შრომისუუნარო მოხუცს, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი შვილები, მოსთხოვოს დახმარება იმ ადამიანს, რომელიც არც შვილია და არც გერი, მაგრამ, არის შორეული ნათესავი, რომელიც შვილივით ჰყავს გაზრდილი და აქვს ამაგი მასზე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირი, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა, მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ აღმზრდელი შრომისუუნაროა და საჭიროებს დახმარებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს შვილები, მაგრამ, არანაირი დახმარების მიღება არ შეუძლია თავისი შვილებისგან ან მეუღლისგან.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ფუნქცია ენიჭება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე დამსწრეს და რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობს ის?
პასუხი: დამსწრე, არაუმეტეს ორისა, მოიწვევა საგამოძიებო მოქმედებების, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების ფაქტის, მათი მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წინ დამსწრედ მოწვეულ პირს გამომძიებელი ან პროკურორი განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, მათ შორის უფლებას, უარი განაცხადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში დამსწრედ მონაწილეობაზე. დამსწრე ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელმოწერით დაადასტუროს ამ მოქმედების ჩატარების ფაქტი, მისი მიმდინარეობა და შედეგები; გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გამოძიების მასალები. დამსწრე შეიძლება დაიკითხოს როგორც მოწმე იმ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებულ გარემოებათა შესახებ, რომლის ჩატარებაშიც იგი მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მას აქვს მოწმის უფლება-მოვალეობები. დამსწრეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში, გააკეთოს განცხადება საგამოძიებო მოქმედების თაობაზე და გამოთქვას შენიშვნა, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს ოქმში, ასევე, სრულად გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სამართლებრივად რას გულისხმობს „ერთი სარკმლის პრინციპი”?
პასუხი: „ერთი სარკმლის პრინციპი“ არის ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას. დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან და ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა საფუძვლით ხდება ამა თუ იმ საქმიანობაზე ლიცენზიის დაწესება და რა გარემოება განსაზღვრავს ლიცენზიის დაწესების კრიტერიუმებს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით, რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რომელია სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებული დაწესებულებები?
პასუხი: სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებული დაწესებულებებია: დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ფონდები; ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან სხვა საჯარო ფუნქციებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, რომელთა შემოსავლის წყარო კანონით არის დადგენილი; ასევე, რომლებიც განკარგავენ მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს და ყოველწლიურად ანახლებს საქართველოს მთავრობა.
კითხვა: მაინტერესებს, რა იურიდიულ შედეგებს წარმოშობს დასაქორწინებელ პირთა ნიშნობა და წარმოშობს თუ არა ის დანიშნული პირის დაქორწინების ვალდებულებას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ნიშნობა არის დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა, მაგრამ, ის არ წარმოშობს შემდგომი დაქორწინების ვალდებულებას. ნიშნობა არ არის, ასევე, სასამართლოში იძულებითი ქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის შეტანის საფუძველი, ხოლო ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები, დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხარეებს უბრუნდებათ უკან.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, საქართველოს კანონმდებლობით არის თუ არა დადგენილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისთვის ვადები და, თუ არის, როგორ არის აღნიშნული ვადები განსაზღვრული?
პასუხი: ზოგადად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. ვადის გაგრძელება 9 თვემდე შესაძლებელია უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილის თანხმობით, რომელიც სანქცირებული უნდა იყოს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მიერ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 12 თვისა, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით, რომელიც სანქცირებული უნდა იყოს საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.