კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-3(577) 

 

რესტორნიდან რომ გამოვედით, გაზაფხულის თბილი, მშვენიერი საღამო იყო და მე და მერიმ ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.

– ნახე, რა თბილი საღამოა. მოდი, სახლამდე ფეხით გავისეირნოთ, – შემომთავაზა მერიმ.

რესტორანი „არაგვი“ დღეს აღარ არსებობს და მის ადგილზე სხვა სასტუმრო კომპლექსს აშენებენ, მაშინ კი ეს ცნობილი რესტორანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა, ლაგუნა ვერესა და ცირკის ასახვევიდან სულ რაღაც ორმოციოდე მეტრში. ჩვენს სახლამდე ორიოდე კილომეტრი იქნებოდა და ჯერ ცირკისკენ უნდა აგვეხვია და ჩელუსკინელების ხიდის გავლით პლეხანოვის გამზირზე გავსულიყავით, იქიდან კი სულ რაღაც ასიოდე მეტრში ვცხოვრობდით.

– რა თქმა უნდა, ფეხით წავიდეთ. მართლაც მშვენიერი საღამოა, მით უმეტეს, ამ არამშვენიერი სუფრის შემდეგ, – მივუგე მერის, ხელკავი გამოვდე და ნელი ნაბიჯით გავუდექით გზას.

– საყვარელო, ასეთი ოსტატური ჩხუბი სად ისწავლე? – მკითხა მერიმ, როდესაც ლაგუნა ვერეს გავუსწორდით.

 გუნებაში გამეცინა მერის სიტყვებზე – ხომ არ ვეტყოდი, „კაგებეს“ ინსტრუქტორებთან-მეთქი. ამიტომ, მივუგე:

– ჩემი ჩხუბი სად ნახე?

– აბა, იმ ტიპს წარბი ვინ გაუხეთქა?

– იატაკმა.

– იატაკმა, მაგრამ, იატაკზე ვინ დასცა?

– ვინ და, საკუთარმა თავმა. განა მე მას თითი მაინც დავაკარე?

– არა, თითი არ დაგიკარებია, მაგრამ ისე მოხდენილად იცილებდი მის დარტყმებს, კასიუს კლეი მეგონე.

ახლა უკვე მერიკოს კრივში გათვითცნობიერებულობამ გამაოცა და ვკითხე:

– კი მაგრამ, კასიუს კლეის საიდან იცნობ?

– საიდან და, შენ რომ ამ ორი თვის წინ მოსკოვში იყავი მივლინებით ერთი კვირა და იუგოსლავიელ ტურისტებს ათვალიერებინებდი საბჭოთა კავშირის დედაქალაქს, მაშინ უჩვენეს ტელევიზორში კრივი და ვუყურე, – მომიგო მერიმ.

მერის სიტყვებზე გუნებაში გამეცინა, რადგან მის მიერ ნახსენები ჩემი მოსკოვური ვოიაჟი მორიგი ტყუილი იყო – მაშინ მე ნიუ-იორკში ვიმყოფებოდი სპეცგადაღებაზე და მედისონ სკვერ გარდენზე ჩატარებულ კრივსაც დავესწარი, სადაც კლეიმ თავისი ტიტული დაიცვა.

– გასაგებია, – მივუგე მერის და გზა განვაგრძეთ. 

შუაღამე გადასული იყო და ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მერიმ კისერზე ხელები მომხვია და მომეხვია, მე კი წელზე შემოვხვიე ხელები და სხეულზე მაგრად მივიკარი.

– გეყოფათ კოცნაობა! აბა, რაც ფული და ოქრო-ვერცხლი გაქვთ, ჩამოყაჭეთ!.. – მოგვესმა ახალგაზრდა კაცის ხმა. რომ შევტრიალდით, უზარმაზარი ხანჯლებით შეიარაღებული ორი ახალგაზრდა დავინახეთ.

მერიმ წელზე შემომხვია ხელი და მძარცველებს უთხრა:

– არც ფული გვაქვს და არც ოქრო-ვერცხლი.

– აბა, რა ჩემი სირი გაქვთ? – თქვა მეორე მძარცველმა, მთვარის შუქზე მოლაპლაპე ხანჯალი ასწია და დაამატა: – ჩქარა, ჩამოგვიყაჭეთ ფული და სამკაულები, თორემ, დაგჩეხავთ!

იმ ორ ნაბიჭვართან გამკლავება ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, არ მინდოდა, რომ მერის შეშინებოდა ან გავშიფრულიყავი. ამიტომ, მშვიდობით მოგვარება ვარჩიე და მძარცველებს ვუთხარი:

– მართლა არაფერი გვაქვს, დაგვიჯერეთ და ჩვენს გზაზე გაგვიშვით. თქვენ კი მშვიდობით იარეთ თქვენს გზაზე.

– მაშინ, ეგ გოგო დაგვიტოვე, – თქვა მეორე მძარცველმა, რაზეც მე ღიმილით მივუგე:

– ბიჭებო, მშვიდობიანად დავშორდეთ ერთმანეთს.

შევატყვე, რომ ჩემმა მშვიდმა ტონმა მძარცველები გააღიზიანა: პირველმა ბიჭმა მარჯვენა ხელით ხანჯალი აღმართა, ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და მარცხენა ხელი მერისკენ გაიშვირა, რომ მხარში სწვდომოდა... მე შემეძლო, ხანჯალმომარჯვებული პირველი მძარცველისთვის მუშტი შემომეკრა ყბაში და გამეთიშა, მაგრამ, შესაძლოა, ის  თავისსავე ხანჯალზე წამოგებულიყო. ამიტომ მას ხანჯლიან მაჯაში ვწვდი და ჰაერში დავატრიალე. მან ორი ბრუნი გააკეთა და მაჯამოტეხილი მიწაზე დაენარცხა, მისი მოლაპლაპე ხანჯალი კი მე შემრჩა ხელში. ეს რომ მეორე მძარცველმა დაინახა, ძალიან შეეშინდა, შეტრიალდა და სანაპიროს მიმართულებით გაიქცა.

მერი მიწაზე დავარდნილი მძარცველისკენ დაიხარა, რომელიც საშინლად კვნესოდა, მაჯა გაუსინჯა და თქვა:

– მოტეხილი აქვს.

– ვაი დედა! ვაი დედა! – კვნესოდა ბიჭი.

მე ის წამოვაყენე, ქვაზე დავსვი და ვკითხე:

– სად ცხოვრობ?

– საერთო საცხოვრებელში, – ამოიკვნესა ბიჭმა.

– ახლა ტაქსის გავაჩერებ და ფულს მოგცემ. მეცხრე საავადმყოფოში მიდი და მიმღებში თაბაშირს დაგადებენ. რომ გკითხავენ, რა დაგემართაო, უთხარი, რომ ფეხი გაგიცურდა, უხერხულად დაეცი და ხელი მოიტეხე. იცოდე, არაფერი წამოგაცდენინონ, თორემ, მილიციას გამოიძახებენ და გაგაწვალებენ, – ვუთხარი ბიჭს და ჯიბეში ექვსი ცალი ხუთმანეთიანი ჩავუდე. მერე მისი ხანჯალი პერანგის ქვეშ, ქამარში გავირჭე, ტაქსი გავაჩერე, ჩავსვი და ტაქსისტს ვუთხარი:

– მეცხრე საავადმყოფოში წაიყვანე, ხელი მოიტეხა, სტუდენტია და აქვე, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს.

ტაქსიმ ვაკისკენ აიღო გეზი, მე და მერიმ – ჩელუსკინელების ხიდისკენ და, როგორც კი წყალი გამოჩნდა, წართმეული ხანჯალი მტკვარში გადავაგდე. მანამდე უხმოდ მყოფმა მერიმ მითხრა:

– ახლაც იტყვი, თითი არ დამიკარებიაო?

– რა, ხელი არ უნდა გამენძრია? – კითხვითვე ვუპასუხე მერიკოს.

– ჰო, მაგრამ, ასე ოსტატურად ჩხუბი საიდან იცი?

– ეს ჩხუბი კი არა თავდაცვაა.

– კარგი, ბატონო, მაშინ, მითხარი, ასეთი თავდაცვა სად ისწავლე?

– მე თვითონ. ჩემები რომ დაიხოცნენ და საშინელ დეპრესიაში ვიყავი, იოგასა და მაშინ ჯერ კიდევ აკრძალულ კარატეში დავიწყე ვარჯიში.

ჩემი მშობლების სიკვდილი ჩვენს ოჯახში ტაბუდადებული თემა იყო, ამიტომ მერის მეტი აღარაფერი უკითხავს და გზა განვაგრძეთ. კინოსტუდიას რომ გავუსწორდით და ხელმარჯვნივ ვაპირებდით შეხვევას, ჩვენ გვერდით „01“ მარკის „ჟიგულიმ“ დაამუხრუჭა და იქიდან ორი სამოქალაქოფორმიანი მამაკაცი გადმოხტა. ისინი პირქუში სახეებით აგვეტუზნენ წინ და ერთ-ერთმა მათგანმა მკაცრად გვითხრა:

– სად მიდიხართ?

ღამის მორიგე მილიციელების ამოცნობა არ გამჭირვებია და მშვიდად მივუგე:

– სახლში.

– სად ცხოვრობთ?

– აქვე, პლეხანოვზე, – მილიციელს ჩვენი სახლის მდებარეობა მივანიშნე.

– ვინ ხართ?

მილიციელის გამომწვევი ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო იყო და, შემეძლო, მკაცრადაც მეპასუხა, მაგრამ, გართულებას მოვერიდე და მორჩილად ვუთხარი:

– ცოლ-ქმარი.

მილიციელმა ჯერ მე შემათვალიერა, შემდეგ – მერი და მკითხა:

– ასე გვიან სად იყავით?

– რესტორანში.

– რომელ რესტორანში?

– „არაგვში“, ბატონო.

– მთვრალები ხართ?

– არა.

– აბა, რესტორანში რას აკეთებდით? – ლაპარაკში მეორე მილიციელი ჩაერთო, რომელიც მანამდე ჩუმად იყო.

– ჩვენ არ ვსვამთ, ბატონო. უბრალოდ, მეგობრის დაბადების დღე იყო და, რესტორნიდან რომ გამოვედით, გადავწყვიტეთ, სახლში ფეხით დავბრუნებულიყავით. მე მერი მქვია, ჩემს ქმარს – კოკი. მე ექიმი ვარ, მეუღლე კი – გიდი. გაინტერესებთ კიდევ რამე? – ლაპარაკში მერი ჩაერთო, რომელსაც ყელში ამოუვიდა ბრიყვი მილიციელებისთვის ანგარიშების ჩაბარება და დღევანდელი „ბლატნოი“ ბიჭები რომ იტყვიან, „გაუმწვავა“...

– გიდი რას ნიშნავს? – დაინტერესდა მეორე მილიციელი.

– უცხოეთში დავდივარ, ბატონო, ტურისტები დამყავს და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას ვათვალიერებინებ. ხოლო, უცხოეთიდან სამთავრობო ან ტურისტული ჯგუფები რომ ჩამოდიან, მე მათ ლაპარაკს ვთარგმნი, თან ჩვენს ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებინებ, – ვუთხარი მილიციელს.

– ვაა, უცხოეთში დადიხართ? – გულწრფელად გაუკვირდა მილიციელს და, რადგან იმ პერიოდში უცხოეთში მოსიარულე ადამიანი საზოგადოების მაღალ რანგს ეკუთვნოდა, მილიციელები თქვენობით მომართვაზე გადავიდნენ, მოგვიბოდიშეს და გვითხრეს:

– ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ მორიგეები ვართ, წესრიგის დაცვა გვევალება და ყველა საეჭვო ადამიანს ვამოწმებთ. ნახვამდის.

 მილიციელები წავიდნენ. მერიმ კი მკითხა:

– მაინც, რამ დააეჭვა ეს ხალხი ჩვენში?

– აბა, რა ვიცი, მერიკო, – გამეცინა მე, –  ალბათ, მილიციის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაზე ეჭვი მიიტანოს.

– მილიციის მოვალეობა ხალხის დაცვაა და არა მათთვის ნერვების მოშლა, – ბრაზობდა მერი, – რა ეჭვმისატანები ჩვენ გვნახეს! ჰმ, ამათ არ უყურებ?! შარზე იყვნენ, მიზეზს ეძებდნენ და ფულის წართმევა უნდოდათ! შენი სამსახურის ამბავი რომ გაიგეს, იმიტომ მოგვეშვნენ. მილიცია კი არა, ყაჩაღები არიან და იმ ორ მძარცველზე უარესები, ცირკთან რომ ხანჯლებით დაგვხვდნენ.

მერი აბსოლუტურად მართალი იყო. საბჭოთა მილიციასა და სხვა კანონდამცველ სტრუქტურებში ტოტალური კორუფცია მეფობდა და ფულით თითქმის ნებისმიერი საქმის მოგვარება შეიძლებოდა. ამ სიტუაციას მოხერხებულად იყენებდნენ ცალკეული პიროვნებები და შავი სამყარო და მეც არაერთხელ მისარგებლია ამით.

ერთხელ ორი არასასურველი პიროვნების ლიკვიდაცია მოვახდინე, რომლებიც წყნეთის ერთ-ერთ აგარაკზე ცხოვრობდნენ. ცენტრის დავალებით, ისინი უკვალოდ უნდა გამქრალიყვნენ, ანუ, რომ იტყვიან, მათგან სველი ადგილიც არ უნდა დარჩენილიყო, ასეთი რამისთვის კი ჩვენ სპეციალურ მჟავებს ვიყენებდით: მოკლულ ობიექტს აბაზანაში ან საკანალიზაციო ლუკთან დადგმულ წყალგაუმტარ ჭურჭელში ვაწვენდით და სითხეს ვასხამდით. ობიექტი 15-20 წამში დნებოდა. შემდეგ სითხეს კანალიზაციაში ვასხამდით და საქმეც გაკეთებული იყო. „წყნეთის საქმე“ კი უმოკლეს დროში, დავალების მიღებიდან სამ საათში უნდა შემესრულებინა. რადგან მოსკოვიდან თბილისში მჟავას გადმოგზავნა დროის სიმცირის  გამო არ ხერხდებოდა, მეკავშირემ ფოლადის გასაღებები მომცა და მითხრა:

– ტრუპების გასაქრობად კრემატორიუმი უნდა გამოიყენო. ის სოღანლუღში, რუსთავის გზატკეცილის მარცხენა მხარეს, ტყეში მდებარეობს. იქ მაღალი ძაბვის ბეტონის კიოსკია. იქვეა ბუნკერში ჩასასვლელი კარიც და საიდუმლო კრემატორიუმიც სწორედ იქ მდებარეობს. ეს კრემატორიუმი, თურმე, კარგა ხნის წინ აუშენებიათ „ჩეკისტებს“ და იქ მოკლულ გერმანელ ტყვეებს და, უბრალოდ, პატიმრებს წვავდნენ, რომლებიც ქალაქ რუსთავს აშენებდნენ...

მეკავშირეს გასაღებები გამოვართვი, შემდეგ ფურგონიანი „მოსკვიჩი“ გამოვიყვანე, რომელიც ხორცის გადასაზიდად გამოიყენებოდა და დაკლული საქონლისა და ღორის ხორცით იყო სავსე. მისი მძღოლი-ექსპედიტორი კი, რომელიც მიძინებული მყავდა, წყნეთის ტყეში, ხის ძირას დავაწვინე. მას შემდეგ, რაც მაყუჩიანი პისტოლეტიდან ობიექტები დავხოცე, ისინი „მოსკვიჩში“ ჩავაწვინე, ხორცის დიდი ნაჭრებით შევნიღბე და წყნეთიდან თბილისისკენ დავეშვი. ადამიანებისა და საქონლის „ტრუპებით“ სავსე მანქანით მთელი ქალაქი უნდა გამევლო. მართალია, ხორცკომბინატის კუთვნილი მანქანით ვმოძრაობდი და ეგრეთ წოდებული „პუტიოვკაც“ წესრიგში მქონდა, მაგრამ, იმისი მცირედი შანსი მაინც არსებობდა, რომ ავტოინსპექტორებს გავეჩერებინე და შემომდავებოდნენ. თუმცა, ასეთი შემთხვევაც გავითვალისწინე – ჯიბე სამმანეთიანებით და ხუთმანეთიანებით მქონდა სავსე და მათი მეშვეობით თავს იოლად დავიძვრენდი. თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ფიქრობ, რადგან მოულოდნელობა შეიძლება ყოველი ნაბიჯზე ჩაგისაფრდეს. მივუახლოვდი თუ არა ბაგების ეგრეთ წოდებულ „ტეკს“ დავინახე, რომ იქაურობა „გაიშნიკებით“, ავტომატიანი სამხედროებით და სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი კუნთმაგარი კაცებით იყო სავსე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი სამძებროს „ოპერები“ იყვნენ. ასეთი რეიდები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ეწყობოდა ხოლმე და ავტომატიანები მაშინ გამოჰყავდათ, როდესაც ვიღაცას ეძებდნენ. მართლაც, „ტეკზე“ ყველა მანქანას აჩერებდნენ და მანქანასაც და მასში მსხდომებსაც საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ...

„აი, ბედიც ასეთი უნდა. თუ გამჩხრიკეს და მაყუჩიანი პისტოლეტი აღმომიჩინეს, მანქანაში კი ორი ტრუპი იპოვეს, სეირიც ეს იქნება“, – გავიფიქრე გუნებაში და გადავწყვიტე, იქაურობა დიდი სისწრაფით გამევლო. მოვემზადე კიდეც საამისოდ, მაგრამ, მთელ გზაზე გაშლილი ქაცვის ბუჩქები შევნიშნე. ამიტომ, თავის დაძვრენის სხვა საშუალებით მოგვარება გადავწყვიტე: მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და ჩემთან მოსულ „გაიშნიკს“ და ორ „ოპერს“ ვკითხე:

– რა ხდება, უფროსებო, ხომ მშვიდობაა?

– საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ და რა გიდევს მანქანაში? – შემომიღრინა ბულდოგისსახიანმა „ოპერმა“ და ზიზღით შემათვალიერა.

– წყნეთიდან მოვდივარ, უფროსო, ახლა კი ხორცი ქალაქში უნდა ჩამოვარიგო. ფურგონში ღორისა და ძროხის ხორცი მიწყვია. აი, „პუტიოვკა“. ყველა საბუთი წესრიგში მაქვს, უფროსო, – მივუგე ბულდოგისსახიანს „ჩმორული“ ტონით და ამით ვაგრძნობინე, რომ სწორედ ის იყო „ხაზეინი“, რაც ძალიან მოსწონდათ საბჭოთა მილიციელებს.

– ფურგონი გააღე! – კვლავ ღრენით მითხრა ბულდოგისსახიანმა, შემდეგ თავის კოლეგა ხელქვეითს მიუბრუნდა:

– მიდი, კარგად გაშმონე, რამე არ ჰქონდეს!

ბულდოგისსახიანი შემდეგი მანქანისკენ გაემართა. მე ფურგონი გავაღე და ზურგსუკან მომდგარ „ოპერს“ და „გაიშნიკს“ ვუთხარი:

– აი, უფროსო, ხორცებითაა სავსე, თქვენ თვითონ ნახეთ.

– იარაღი, ნარკოტიკი ან რამე საეჭვო საგანი ხომ არ გაქვს? – მკითხა ბულდოგისსახიანის „შნირმა“.

მე კინტოსავით გავშალე ხელები, დავიღრიჯე და მივუგე:

– საეჭვო არაფერი, მაგრამ, უპატივცემულოდ არ დაგტოვებთ.

პატივისცემის ხსენებაზე მილიციელებმა ყურები ცქვიტეს, მე კი ჯიბიდან სამი ცალი სამმანეთიანი და სამი ცალი ხუთმანეთიანი – სულ ოცდაოთხი მანეთი ამოვიღე, „შნირს“ ხელში ჩავუკუჭე და ხვეწნით ვუთხარი:

– უფროსო, გამიშვი, რა, თორემ, საქმე მიფუჭდება და, თუ დროზე არ ჩამოვარიგე ხორცი, დღეს უპურისფულოდ დავრჩები.

– წადი, თავისუფალი ხარ, – მითხრა „შნირმა“ და ბულდოგისსახიანისკენ გაემართა, მე კი „გაიშნიკს“ მხარზე დავადე ხელი და ვკითხე:

– რა ხდება, უფროსო, ეს ავტომატიანები რატომ გამოუყვანიათ, ხომ მშვიდობაა?

– ერთი საათის წინ ციხიდან ორი სიკვდილმისჯილი გაიქცა. ერთი მანიაკია და ცხრა ადამიანი ჰყავს მოკლული, მეორეს კი ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს ტაქსიში ჩაცხრილული. ძალიან საშიშები არიან, იმათ ეძებენ, მთელი ქალაქი გადაკეტილია და ასეთი რეიდი ამის გამო მოვაწყვეთ, – მომიგო „გაიშნიკმა“, რომელსაც ჯიბეში კიდევ ერთი სამმანეთიანი ჩავუკუჭე და იქარობას სასწრაფოდ გავეცალე.

ქალაქში კიდევ ორჯერ გამაჩერეს და ორჯერვე ხუთ-ხუთი ცალი სამმანეთიანით დავიხსენი თავი, სოღანლუღის „ტეკთან“ კი ოთხი ცალი ხუთმანეთიანი დავტოვე. ამგვარად, მილიციის რეიდებს 77 მანეთი შევწირე და ისე მივადექი  საიდუმლო კრემატორიუმს. მანქანა ფიჭვების უკან დავაყენე, შემდეგ მაღალი ძაბვის ჯიხური გავაღე და კვლავ „მოსკვიჩთან“ დავბრუნდი, რომ „ტრუპები“ გადმომეთრია. უცებ უკნიდან წვეტიანი საგანი მომადეს და ყელზე ხელი მომხვიეს, ჩემ წინ კი უცნობი მამაკაცი აღიმართა და მითხრა:

– ხმა არ ამოიღო და მანქანის გასაღები მოგვეცი!

კაცს სახესა და ლაპარაკის მანერაზე ეტყობოდა, რომ ნაციხარი იყო და მაშინვე თავში გამიელვა: „გაქცეული სიკვდილმისჯილები!“

– ჩქარა, გასაღები, შე ბოზო! – იღრიალა ჩემ უკან მდგარმა მამაკაცმა და წვეტიანი საგანი უფრო მაგრად მომაჭირა ყელზე.

მე ისეთი მოძრაობა გავაკეთე, თითქოს ჯიბიდან გასაღების ამოღება მინდოდა. თუმცა, უცებ ჩემ უკან მდგომს მარჯვენა მაჯაში ჩავავლე ხელი, მოვტეხე, ჟანგიანი შტირი წავართვი და მიწაზე გათიშული დავაგდე, თან, ჩემ წინ მდგომს ფეხებშუა ამოვკარი წიხლი, მოვკეცე, შემდეგ კისერში ჩავარტყი ხელი და ისიც გავთიშე... თავდამსხმელები მაღალი ძაბვის კიოსკთან მივათრიე, კრემატორიუმში ჩავიყვანე და იქვე დავყარე. შემდეგ „ტრუპებიც“ ქვევით ჩავათრიე, კრემატორიუმი ჩავრთე და მითიშულებმაც გაახილეს თვალები...

– სად ვართ? – იკითხა მაჯამოტეხილმა და აყმუვლდა. მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან მაჯაში ვესროლე, ისევ გავთიშე და მეორეს მივუბრუნდი:

– შენც იგივე ხომ არ გინდა?

– არა, ძმაო, რას მერჩი? – მითხრა საწყალი ხმით.

– მაშინ, კითხვებზე სწორი პასუხი გამეცი.

– გისმენ, ძმაო.

– მანიაკი შენ ხარ თუ ეგ?

– მანიაკი ესაა, მე პრისტუპნიკი ვარ.

– კარგი, გასაგებია. სანამ მე საქმეს მოვრჩები, ჭკვიანად იჯექი და ხმა არ ამოიღო.

– კარგი, ძმაო, გასაგებია.

მე „ტრუპები“ კრემატორიუმში შევაცურე, სადაც ორი ადამიანი ეტეოდა და ხუთ წუთში ორივე დაიფერფლა. „პრესტუპნიკი“ თვალებგადმოკარკლული მიყურებდა, მაგრამ, არაფერი უკითხავს. მე მას ვუბრძანე:

– მოდი, მანიაკი აზრზე მოიყვანე!

„პრესტუპნიკმა“ ჩემი ბრძანება შეასრულა. ამასობაში მანიაკი გამოფხიზლდა და გვერდით გაჩოჩდა. მე მანიაკს მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვკითხე:

– ადამიანებს რატომ ხოცავდი?

– ვკაიფობდი, – დაუფიქრებლად მომიგო მანიაკმა...

– მაინც, რაზე კაიფობდი?

– აგონიაზე, – მითხრა მანიაკმა და იქვე დაამატა: – მანამდე კი იმაზე, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, იცოდნენ, რომ მოკვდებოდნენ და თავის დაღწევა არ შეეძლოთ.

– ძალიან გსიამოვნებდა ამის ყურება?

– ძალიან.

– შენ თვითონ არ მოგსურვებია ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა?

ჩემს სიტყვებზე მანიაკს სახე დაეღრიჯა და ჯერ თავის კოლეგას შეხედა, მერე მე და ბოლოს მითხრა:

– არა.

– არადა, მოგიწევს. არც იმ ხალხს უნდოდა ასეთი რამ, მაგრამ აიძულებდი, – ვუთხარი მანიაკს, შემდეგ მეორეს მივუბრუნდი:

– მიდი, ფეჩში შეაგდე!

„პრესტუპნიკი“ საკმაოდ წინდახედული აღმოჩნდა: ზედმეტი პრობლემები რომ არ შეჰქმნოდა, მანიაკს მაჯაში წიხლი ჩააზილა და გათიშა. შემდეგ კრემატორიუმში შეაგდო და მორჩილად გამომეჯგიმა.

– კუთხეში დაჯექი და ხმა არ ამოიღო! – ვუბრძანე „პრესტუპნიკს“, რაც მან უმალვე შეასრულა.

– არ მომკლათ, არ მინდა სიკვდილი! – აკივლდა კრემატორიუმში გამომწყვდეული მანიაკი, რომელიც ზუსტად იმავეს გრძნობდა, რასაც მისი მსხვერპლები.

მე კრემატორიუმი ჩავრთე. მანიაკმა კივილს უმატა, აგონიაში გადავიდა და მალევე ჩაიფერფლა....

– მასე უნდა მაგ ბოზს, – მითხრა „პრესტუპნიკმა“, რომელიც კუთხეში, დამჯდარი ადევნებდა თვალს მანიაკის კრემაციის პროცესს.

– შენ ხომ, რას ამბობ, მამა აბრამის ბატკანი ხარ! მიდი, შეძვერი, ახლა შენი ჯერია! – ვუთხარი მეორეს და კრემატორიუმისკენ მივანიშნე.

– ოხ, შენი დედაც... – ზეზე წამოხტა „პრესტუპნიკი“ და ჩემკენ გამოქანდა, მაგრამ მე მას შუბლში მივაგებე ტყვია  და მოვკალი. შემდეგ კრემატორიუმში შევაგდე და წინა სამის გზას გავუყენე...

ციხიდან გაქცეული სიკვდილმისჯილების კრემაცია ჩემს თავდაპირველ გეგმებში არ შედიოდა, თუმცა, არც მათი ცოცხლად დატოვება ივარგებდა. ჯერ ერთი, ისინი თავად დამესხნენ თავს და, წინააღმდეგობა რომ არ გამეწია, აუცილებლად მომკლავდნენ. გარდა ამისა, ისინი არასასურველი მოწმეები იყვნენ და, ჩვენი პროფესიის თამაშის წესებიდან გამომდინარე, მათი ცოცხლად გაშვება დიდი შეცდომა იქნებოდა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ორივეს ყოვლად უდანაშაულო ადამიანები ჰყავდა დახოცილი და უპირობო სიკვდილს იმსახურებდნენ. ერთი სიტყვით, ისინი ჩემთან ბედისწერამ მოიყვანა და, რასაც იმსახურებდნენ, ის მიიღეს...

სამართლიანი შურისძიება, ჩემი აზრით, მორალურად გამართლებული საქციელია და ჩემი ნება რომ იყოს, შურისმაძიებელს ან საერთოდ არ დავსჯიდი, ან მიზერულ, პირობით სასჯელს მივცემდი. ჩემი სიტყვები ისე არავინ გაიგოს, თითქოს მკვლელობის ლეგალიზაციას ვუჭერ მხარს. სულაც არა. მართალია, შურისძიების უმრავლესობა ადამიანის სიცოცხლის მოსპობით მთავრდება, მაგრამ, ერთია ყოვლად გაუმართლებელი მკვლელობა, მეორე კი – შურისძიება, როდესაც სამართალი ზეიმობს.

ჩემი „პოსტკაგებეშნიკური“ კარიერის კონტრაქტების უმრავლესობა სამართლიანი შურისძიების გამო შეკვეთილი საქმეები იყო და მათი შესრულების შემდეგ ფულთან ერთად მორალურ კმაყოფილებასაც ვიღებდი.

მართალია, მკვლელი – მკვლელია, მით უმეტეს, დაქირავებული, ამ საქმის პროფესიონალი, რომელიც ფულადი გასამრჯელოსთვის აკეთებს ამას. მაგრამ მორალი ამ საქმეშიც საჭიროა და ყველაფერში ფულის აღება არ შეიძლება. მაგალითად, საბჭოთა სუპერკორუმპირებული მილიციელი ან მოსამართლე და ძმანი მათნიც კი ერიდებოდნენ მკვლელებისა და მოძალადეების გამართლებას და ასეთ საქმეში ისინიც კი მორალურად მოქმედებდნენ. მე კი საკუთარი თავი საბჭოელ მილიციელსა და მოსამართლეზე ბევრად მორალურ ადამიანად მიმაჩნია, არც უსამართლო მკვლელობა ჩამიდენია ოდესმე და, როგორც უკვე ვთქვი, სამართლიანი შურისძიების გამო დიდ მორალურ კმაყოფილებას ვიღებ. „ძიამ“ ჩემი ეს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, სისუსტე კარგად იცოდა და, როდესაც ნამდვილი შურისძიების შეკვეთები მოჰქონდა, მეტყოდა ხოლმე:

– მორალური შეკვეთაა, აიღებ?

ერთხელ, ალექსანდრეს ქვემო ბაღში შევხვდით ერთმანეთს და ტრადიციული მისალმების შემდეგ რომანმა მითხრა:

– მორალური შეკვეთაა, მაგრამ, არა რიგითი, არამედ – განსაკუთრებული.

– ყველა ჩემი შეკვეთა განსაკუთრებული და განუმეორებელია. აბა, მითხარი, რაშია საქმე?

– კოხტაიას საქმე გახსოვს?

– რომლის, რაიკომის მდივნის ვაჟის?

– ჰო.

– მახსოვს, – მივუგე „ძიას“.

კოხტაია ერთ-ერთი რაიკომის მდივნის მექალთანე, ერთადერთი ვაჟიშვილი იყო და მექალთანეობით იყო ცნობილი. ამ ნაძირალას არაერთი ქალწულის შეცდენა შერჩენია და ყველა ამ კონფლიქტს მისი ფუნქციონერი მამა აგვარებდა. თუმცა, გარყვნილი კოხტაია, გამოსწორების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიოდა და კვლავ და კვლავ დაუსჯელი რჩებოდა. ერთხელ მან 15 წლის გოგონა გააუპატიურა და როდესაც გოგონას მამამ სიმართლის ძიება დაიწყო, საქმეში, ტრადიციულად, კოხტაიას მამა ჩაერთო და ამ საქმის მოგვარება ფულით სცადა.

– ჩემი გოგონას ნამუსი არ იყიდება, – მოკლედ მოუჭრა დაზარალებულის მამამ რაიკომის მდივანს, როდესაც ის მსხვილი თანხით ეწვია ოჯახში.

– მაშინ, დავმოყვრდეთ. მშვენიერი გოგონა გყავს და ის და ჩემი ვაჟი კარგი წყვილი იქნება, – ახლა უკვე სხვაგვარად, იმ იმედით სცადა კოხტაიას მამამ საქმის მოგვარება, რომ შერცხვენილ გოგონას მის ვაჟზე დააქორწინებდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ყოველგვარი პრობლემის გარეშე გააშორებდა მათ.

– წაეთრიე აქედან! ჭირსაც წაუღიხართ მთელი თქვენი ჯილაგი. მე სამართალს ვეძებ და არა მანიაკ სასიძოს! – პრინციპული უარით გამოაგდო გამწარებულმა მამამ რაიკომის მდივანი, მან კი მასპინძელს უთხრა:

– წავალ, მაგრამ, იცოდე, არაფერი გამოგივა. ვერც ჩივილით დამაკლებ რამეს და ვერც სხვანაირად მომჭამ ფეხებს. სულელი ყოფილხარ, რომ არც ფულს იღებ და არც ჩემთან დამოყვრება გინდა. გირჩევ, კიდევ ერთხელ დაფიქრდე!

– გაეთრიე, შე ნაძირალა! – უღრიალა დაზარალებულის მამამ რაიკომის მდივანს, სახეში სილა შემოარტყა და სახლიდან გააგდო.

გოგონას მამამ სამართალი საქართველოში რომ ვერ ნახა, მოსკოვში გაგზავნა საჩივარი. ამან  უკიდურესად შეაშინა რაიკომის მდივანი. ერთ ღამეს კი, დაზარალებულების ოჯახში სამი ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა და გაუპატიურებული გოგონას დედ-მამა დახოცა, გოგონას 10 წლის ძმას ტყვიამ ხერხემალი დაუზიანა და ბავშვი დაინვალიდდა. თავად გოგონა კი ჭკუიდან შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ნიღბიანებს გადაჭრილი თოფები ჰქონდათ. ამ სასაკლაოს შემდეგ მათ ძვირფასეულობა გაიტაცეს და გაუჩინარდნენ. ამ კრიმინალურ შემთხვევას ძალოვნებმა ძარცვა-მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და ამ კუთხიდან შეუდგნენ საქმიანობას. თუმცა, ყველა, ვისაც კი ამ საქმის შესახებ რამე სმენოდა, დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი კოხტაიას მამამ მოაწყო.

საგიჟეთში გამომწყვდეულმა გოგონამ ერთ დღეს პალატაში ჩამოიხრჩო თავი. სწორედ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი დაიშალა და, ინვალიდი ბიჭი ვიღაც შორეულმა ნათესავმა შეიფარა, ხოლო ყოფილი რაიკომის მდივანი, მისი მეუღლე და კოხტაია უცხოეთში გაიქცნენ. თუმცა, როგორც კი ეროვნული მთავრობა დაემხო, ისინი კვლავ საქართველოში დაბრუნდნენ და ყოფილმა რაიკომის მდივანმა ახალი თანამდებობა მიიღო ახალ მთავრობაში. კოხტაია კი ბიზნესმენი გახდა, ძველებურად დაუქორწინებელი იყო და კვლავ გახრწნილ ცხოვრებას განაგრძობდა... ეს ყველაფერი მე, რომ იტყვიან, „ცვეტში“ ვიცოდი და „ძიას“ გავუმეორე:

– მახსოვს ეგ ნაძირალა. მაგისი ლიკვიდაციის შეკვეთა გაქვს?

– ჰო, მაგისი.

– შემკვეთი იმ საცოდავი გოგონას ძმაა?

– ეგეც გამოიცანი.

– ინვალიდობისგან განიკურნა?

– არა. საცოდავი ისევ ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, თუმცა, ბიზნესმენია, მილიონერი და ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს დედაქალაქში ცხოვრობს და თბილისში საკუთარი თვითმფრინავით სპეციალურად იმიტომ ჩამოფრინდა, რომ შეკვეთა პირადად მოეცა, – მითხრა „ძიამ“.

– ახლა კონკრეტულად დავალების შინაარსი მითხარი.

– ამას შენ პირადად შემკვეთისგან მიიღებ, თუ, რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრას ისურვებ. ცხადია, შენ მიერ მითითებულ ადგილზე და გრიმით.

შემკვეთი, 25 წლისაც კი არ იქნებოდა. მართალია, პარალიზებული იყო, მაგრამ მშვენიერი გარეგნობა და მეტყველება ჰქონდა. ბიჭს უახლესი მარკის მისსავე „ბეემვეში“ შევხვდი, რომელიც ინვალიდებისთვის სპეცშეკვეთით იყო დამზადებული და საჭეს თავადვე უჯდა. მე უკანა სავარძელზე მოვკალათდი და მივესალმე:

– გამარჯობა!

– გამარჯობა, ბატონო ჩემო. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მთაწმინდის პლატოზე ავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, – შემომთავაზა შემკვეთმა.

– ავიდეთ, – მოკლედ მოვუჭერი ყმაწვილს, რომელმაც ძრავა ჩართო და ადგილიდან დავიძარით.

მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა  როდესაც მთაწმინდაზე ავედით და ბიჭმა მანქანა სადგომზე გააჩერა, მითხრა:

– აქ ვილაპარაკოთ თუ გადავიდეთ?

– როგორც თქვენ გნებავთ.

– მაშინ, გადავიდეთ. ცოტა არ იყოს, სული შემეხუთა და, თქვენი ნებართვით, ცოტა ჰაერს ჩავისუნთქავ. 

– მოვეხმაროთ?

– არა, ნუ შეწუხდებით, – გამიღიმა ბიჭმა, შემდეგ ღილაკს თითი დააჭირა და ბორბლიანი სავარძლით გარეთ გადავიდა, მე კი მას უკან მივყევი და ვკითხე:

– როგორ ხართ, მოითქვით სული?

– დიახ. აქ გავჩერდეთ, – მომიგო ყმაწვილმა, მოაჯირთან შეჩერდა, თბილისს გადახედა და მითხრა: – ბოდიშს გიხდით, მაგრამ, სანამ უშუალოდ შეკვეთაზე დაგელაპარაკებით, მინდა, ცოტა შორიდან დავიწყო.

– ბრძანეთ.

– ჩემი ოჯახის უბედურება მთელმა ქვეყანამ შეიტყო და, ალბათ, თქვენც გაიგებდით, – დაიწყო თხრობა პირქუში სახით და შემომხედა. მე მას უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მან თხრობა განაგრძო: – 10 წლის ვიყავი, როდესაც თვალწინ დამიხოცეს დედ-მამა, მე კი სამუდამოდ მიმაჯაჭვეს ამ ეტლს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი გრძნობაა, როდესაც დახოცილ დედ-მამას უყურებ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3