პოპულარულია თუ არა თბილისში 3D ტატუები და რა ჯდება პირსინგის ინტიმურ ადგილზე გაკეთება
ტერმინი – ტატუ პოლინეზიური ენის ტაიტური დიალექტიდან მომდინარეობს. მათ ენაზე „ტატაუ” ნახატს ნიშნავს. ამ ტერმინის მასებში დამკვიდრება ცნობილი მოგზაურის, ჯეიმს კუკის დამსახურებაა, რომელმაც სიტყვა – „ტატუ“ პირველად თავის ნაწერებში, 1773 წელს მოიხსენია. მანამდე სხეულზე ხატვის ხელოვნებას არ ჰქონდა სახელი. მას შემდეგ ტატუირების ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში ვითარდება და ამჟამად მოდის ერთგვარი ტენდენციაა. ტატუირების მოდურ ტენდენციებსა და ამ სფეროს სხვა საინტერესო თემების შესახებ, ტატუირების სპეციალისტის ანდრეი აივაზიანისგან შევიტყობთ.
– ტატუირების რა ტენდენციებია თბილისში – რა მოთხოვნები აქვთ, რას და, სად იხატავენ?
– ძირითადად, გოგონები იკეთებენ პატარა ნახატებს, იშვიათად, რომ რაიმე დიდი დაიხატონ. ეს ხდება მუცლის არეში, მკერდის ქვევით, ფეხზე. ძალიან ხშირად იკეთებენ სხვადასხვა წარწერას (ინგლისურად ან ქართულად), ან ვარსკვლავებს მაჯაზე. ბიჭები, რომ მოდიან, ვცდილობ, სერიოზული ნახატი გავუკეთო. მამაკაცებთან კი უფრო დიდ ნახატებზე ვმუშაობ, იეროგლიფებს და სხვა პატარა ტატუებს არ ვაკეთებ. იაპონური თემა, რეალიზმი, პორტრეტები – ვცდილობ, ეს ტენდენციები დავნერგო. საერთოდ ტატუ ისეთი რამეა, კარგად უნდა დაფიქრდე, რის დახატვა გინდა, რადგან შემდეგ, ამ ნახატთან ერთად მოგიწევს ცხოვრება. ამიტომ, არ უნდა აჰყვე მოდას – მოდა გადაივლის, მაგრამ ტატუ დაგრჩება.
– რა ასაკის ადამიანები მოდიან ტატუს გასაკეთებლად?
– პირადად მე 18 წლამდე ახალგაზრდებს, მხოლოდ მშობლის თანხმობით და თანდასწრებით ვემსახურები. ზოგადად, 18-დან 50-60 წლამდე ადამიანები მოდიან და იხატავენ სხეულს. თუმცა, ძირითადი კლიენტურა მაინც 20-დან 30 წლამდეა.
– პირსინგი თუ არის პოპულარული და სად იკეთებენ ძირითადად? ინტიმურ ადგილებში თუ იკეთებენ?
– ენაზე იკეთებენ, ყველაზე ხშირად კი – ჭიპზე. ჭიპი პირველ ადგილზეა საქართველოში. შემდეგ მოჰყვება წარბი, ტუჩი, ცხვირი და ინტიმური ადგილები. ინტიმურ პირსინგს, მე პირადად, მხოლოდ გოგოებს ვუკეთებ. თუმცა, ეს იშვიათად ხდება, 2-3 თვეში ერთხელ.
– მტკივნეული და უსაფრთხო თუა პირსინგის გაკეთება?
– ძალიან მტკივნეული არ არის, გაყუჩებას კი ითხოვენ, თუმცა წამიერი ტკივილია. სპეციალური ნემსებია და მთავარია არ იყოს „კუსტარული”. ერთჯერადი მოხმარების უნდა იყოს აუცილებლად და სპეციალურად პირსინგისთვის განკუთვნილი.
– გველის ენას თუ იკეთებენ თბილისში, თუ არის ამის მოთხოვნა?
– აქ მოთხოვნა არ არის. ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა. თუმცა, თუ სურვილი იქნება, მზად ვარ გავაკეთო – გველის ენაც, „შრამირებაც”, „ტუნელებიც”, „ბოდიმოდიფიკაცია”. ამის კურსები მაქვს გავლილი უცხოეთში, ნანახი მაქვს როგორ აკეთებენ და კლიენტი თუ მოინდომებს, მზად ვარ ამისთვის.
– ძვირი სიამოვნებაა ტატუს და პირსინგის გაკეთება?
– ტატუს ფასი ჩემთან არის 50 ლარიდან და ზევით. გააჩნია, ნახატის სირთულესა და ფერებს. აუცილებელია, ტატუირების სპეციალისტი მუშაობდეს ერთჯერადი ნემსით, საღებავისთვის განკუთვნილი ერთჯერადი შეფუთვით და ეს ყველაფერი კლიენტის თვალწინ უნდა გაიხსნას. პირსინგის ფასი 60 ლარიდან იწყება. ეს არის ცხვირი, ტუჩი და წარბი. ჭიპის გახვრეტა – 80 ლარი და ენის 100 ლარი ღირს. ამ ფასში შედის სპეციალური ლითონისგან დამზადებული საყურეები, რომლებიც უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და არ იწვევს უკურეაქციას. ასევე, გამოიყენება ბიოპლასტისგან დამზადებული საყურე, რომელსაც იმ შემთხვევაში ვაყენებ, თუკი გოგო დაფეხმძიმდა. ბიოპლასტი ელასტიკური ნივთიერებაა – იღუნება, იწელება, მკვრივი რეზინივითაა და უსაფრთხოა ორსულობის დროს.
– ბოლო დროს 3D ტატუ გახდა აქტუალური და თუ არის მასზე მოთხოვნა?
– კი, რამდენჯერმე იყო მოთხოვნა. 3D ტატუს გაკეთება ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო მეტი დრო სჭირდება. იგივე საღებავი გამოიყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარია სპეციალისტის ხელი – უნდა მოხდეს ფერების შეხამება, ჩრდილების დასმა, ამობურცვის ეფექტი, ფასიც ნახატის სირთულიდან გამომდინარეობს.
– რა იდეებით მოდიან, რის დახატვა სურთ და რა გაქვს ისეთი დახატული, რაც შენს პრაქტიკაში ყველაზე ორიგინალურად მიგაჩნია?
– ამერიკელმა გაიკეთა ჩემთან ტატუ და საქართველოს გერბი დაიხატა ზურგზე. ყველაზე ძვირი, რაც კი დამიხატავს, 1 500 ლარი დაჯდა, 5 სეანსის (1 სეანსი-3 საათი) განმავლობაში ვხატავდი დრაკონს მკერდის არეში. ხშირია შემთხვევა, როცა ძველი, ადრე გაკეთებული ტატუს სხვა ნახატით გადაფარვა უნდათ. ეს უფრო შრომატევადი საქმეა. ძირითადად, თავისი იდეებით მოდიან, ან მე ვთავაზობ ნახატის ესკიზებს. ეს იმ შემთხვევაში, როცა არ იციან, რა დაიხატონ, თუმცა ტატუს გაკეთების სურვილი აქვთ. ყველაზე უცნაური და ორიგინალური ტატუ, რაც ჩემს პრაქტიკაში მქონია, ეს იყო უნიტაზები მხრებზე, რომელიც ორ მეგობარ ბიჭს დავახატე (იცინის).
– წლის რა დროს არის სასურველი ტატუს გაკეთება?
– ზამთარში, რადგან ცივა, კანი არ ღიზიანდება და ნახატი მალე ხორცდება. ზაფხულში კი ცხელა, ოფლიანდები, მზე წვავს და დიდხანს სჭირდება შეხორცება. საერთოდ, ტატუს შეხორცებას 10-15 დღე უნდა. ამ დროის განმავლობაში შესაძლოა, ტატუირების ადგილის ცივი წყლითა და ანტიბაქტერიული საპნით დაბანა. ცხელი წყლით დაბანა დაუშვებელია, ასევე სასურველია, ბეპანტენის მალამო, ვაზელინის წასმა კი არ არის რეკომენდებული, რადგან ის კანს არბილებს და სითხე გამოჰყავს.
– ხშირად თუ ესწრები ტატუ-კონვენციებს, იგივე ფესტივალებს? როგორც ვიცი, 2011 წელს ოდესაში სპეციალური დიპლომი მიიღე.
– ასეთი ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით მსოფლიოს. საერთოდ, ყოველ წელს ტარდება კიევში, ოდესაში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ევროპის სხვა ქალაქებში. 2011 წელს ოდესის კონვენციაზე ვიყავი სტუმრად ჩასული და სრულიად შემთხვევით, ისე, რომ არ ვაპირებდი მონაწილეობას, გავიმარჯვე ნომინაციაში – „Best of The Day” ანუ იმ დღის საუკეთესო ტატუირება დავხატე სხეულზე. მეგობრებმა მათხოვეს აპარატი, ესკიზი უცებ გავაკეთე და, იქვე, ბიჭი ვნახე, რომელსაც ფეხზე 4 საათში დავუხატე სრულიად უფასოდ, შავ-თეთრ ფერებში თევზი. ასე გავიმარჯვე იმ ნომინაციაში, რაც საკმაოდ პრესტიჟულია ტატუირების სპეციალისტებისთვის.
– ცნობილი ქართველები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები თუ იკეთებენ ტატუებს?
– კრისტი ყიფშიძისთვის, შორენა ბეგაშვილისთვის, დათო გომართელისთვის გამიკეთებია ტატუ. კრისტის ფეხზე მზე დავუხატე და შორენას ხელზე – წარწერა. ასევე, ძალიან დიდი ტატუ აქვს გაკეთებული ცნობილ მოდურ ფოტოგრაფ ოლეგიტოს (ოლეგ ცქიტიშვილი – ავტორი.). საერთოდ, შოუ-ბიზნესის ხალხი მოდის და იკეთებს ტატუს.
– ტატუს მოშორების პროცედურა თუ კეთდება და მტკივნეულია?
– ტატუს მოშორება სპეციალური აპარატით ხდება, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ტატუს მოცილება ერთ სეანსში არ ხდება. მნიშვნელობა აქვს – რა სიღრმეზეა საღებავი, სხეულის რა ნაწილზეა, ფერადი უფრო ძნელად შორდება და უფრო მეტ დროს საჭიროებს ვიდრე შავ-თეთრი. ნაიარევი არ რჩება, ლაზერული სხივი, რითაც მოშორება ხდება, შედის კანის ქვეშ, მოლეკულებად შლის საღებავის სტრუქტურას და ლიმფასთან ერთად გამოდევნის. მეტ-ნაკლებად მტკივნეული პროცედურაა.
– რას ურჩევდი მათ, ვისაც ტატუირების გაკეთება უნდა?
– ახალგაზრდებს ვურჩევდი, არ გაიკეთონ ტატუ კისერზე ან ისეთ ადგილებში, რასაც ტანსაცმელი არ ფარავს. ამან შესაძლოა, მათ ხელი შეუშალოს ბანკში, ან სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის დაწყებაში. არ არის სასურველი, ტატუს გაკეთება გამოსაჩენ ადგილას და ამას ყოველთვის ვუხსნი კლიენტებს. ასევე, ვურჩევდი ყველას, სანამ ტატუირების გაკეთებას გადაწყვეტენ, აუცილებლად გაეცნონ სპეციალისტის პორტფოლიოს. დაათვალიერეთ, გაეცანით ნამუშევრებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიკეთეთ ტატუ, თუ მისი მუშაობის ხარისხი გაკმაყოფილებთ. მოერიდეთ იაფფასიან ტატუირებას, რადგან ტატუზე ეკონომიის გაკეთება, არ არის მართებული. კარგად დაფიქრდით, თუ რისი დახატვა გსურთ. შეარჩიეთ ისეთი ნახატი, რომელიც არ მოგბეზრდებათ. მაგალითად, ჩემთან რომ მოდიან სულელური ნახატებით, მე უარს ვამბობ ტატუს გაკეთებაზე. ვიცი, რომ 2-3 წელში იმ ადამიანს ეს ტატუ მობეზრდება, ხოლო ტატუს მოშორება ან გადახატვა, საკმაოდ, ძვირი სიამოვნებაა.