როგორია ხატების იერარქია და რატომ არ შეიძლება უფლისთვის და ადამიანებისთვის რაიმეს დაპირება
ბევრს არ სჯერა, არ სწამს ზეციური სამყაროს არსებობის, არ აქვს იქ მყოფი წმიდანების, ანგელოზების შემწეობის იმედი. გარდა ამისა, როგორც მიწაზე, ასევე ზეციურ სამყაროშიც არსებობს იერარქია, რომლის შესახებაც გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– იერარქია ნიშნავს „სიწმიდეთ მოთავებას“, ანუ, მთავარი სიწმიდე არის ღმერთი და ღვთისგან ქმნილი ყველა არსება, რომლებიც გარკვეულ იერარქიაში არიან დადგენილნი. მხოლოდ სამსახოვანი ღმერთი – მამა, ძე და სულიწმიდა არის თანასწორი. დანარჩენი, რაც იქმნება წმიდა სამების მადლით, გარკვეულწილად ექვემდებარება იერარქიულობას.
– მამაო, როგორ არის მოწყობილი ზეციური იერარქია?
– როდესაც ბიბლიას გადავშლით, პირველივე სტრიქონი გვაუწყებს, რომ „დასაბამიდან ქმნა ღმერთმა ცაი და ქვეყანაი“. ცაში იგულისხმება უხილავი ძალის, ანუ ანგელოზების შესაქმე. ზეციური იერარქიის შესახებ კარგად რომ გავიგოთ, უნდა წავიკითხოთ მეორე საუკუნეში მოღვაწე დიდი მისტიკოსი მამის, პავლე მოციქულის სულიერი შვილის – დიონისე არეოპაგელის ღრმა შინაარსის ნაშრომი: „ზეციური იერარქიის შესახებ“. მას აქვს ჩამოთვლილი ცხრა დასის ანგელოზები სამ-სამ ტრიადად, ზევიდან – ქვევით. პირველი ტრიადა არის: სერაფიმნი, ქერუბიმნი; მეორე – უფლებანი, ძალნი და ხელწიფებანი; მესამე – მთავრობანი, მთვარანგელოზნი და ანგელოზნი, ანუ, უშუალოდ ანგელოზი გადასცემს უფლის წყალობას ადამიანებს, ამქვეყნიურ იერარქიას: კათოლიკოს-პატრიარქს, შემდეგ – მიტროპოლიტს, მთავარეპისკოპოსს და, ასევე, ზევიდან ქვევით მოედინება ღვთის წყალობა და კურთხევა, ანუ ღვთის მადლი გადადის ზემდგომ ანგელოზებზე, ისინი ჯერ თავად შეიწყნარებენ, შემდეგ გადასცემენ ქვემდგომს და ასე თანდათანობით მოდის ადამიანებამდე ღვთის კურთხევა და მადლი.
– წმიდანების იერარქიაც ასეა დაყოფილი?
– საკუთარი მოღვაწეობიდან გამომდინარე, წმიდანებს გარკვეული იერარქია აქვთ. ბუნებრივია, ზემდგომ იერარქიაში იქნებიან პატრიარქები, მოციქულები, წმიდა მამები, რომლებმაც ესა თუ ის ღვაწლი გასწიეს. ძალიან ძნელია, გავარკვიოთ, რომელი წმიდანი რომელ იერარქიაზე იმყოფება, მაგრამ, როდესაც არის უფრო აღმატებული წმიდა მამის მსახურება, ის რანგითაც გამოირჩევა. არის მეექვსე, მეხუთე, მეოთხე რანგი და ასე შემდეგ. ანუ, არ შეიძლება, ყველა წმიდანი ერთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ. არსებობს მეტ-ნაკლებობა და ამას მათი მოღვაწეობა, შემოქმედება განსაზღვრავს. ხოლო ის, რომელი წმიდანი რა იერარქიაშია – საიდუმლოა, მისტიკაა და მხოლოდ უფალმა იცის. უბრალოდ, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომელია აღმატებული წმიდანი და რომელი – შედარებით ნაკლებად მოღვაწე. როდესაც მოძღვარი ჩამოილოცება, როგორც იცით, ის იხსენიებს ღვთისმშობელს, ანგელოზებს, იოანე ნათლისმცემელს. უფლის შემდეგ ქმნილებათა შორის, ანგელოზებზე აღმატებული არის დედაღვთისმშობელი – „ღირს არს“ ამას ნიშნავს. ყველამ თავმდაბლობით უნდა ვიამაყოთ, რომ ადამიანი გახდა ნათლის ანგელოზებზე აღმატებული. ეს კი ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
– ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ღვთისმშობელი მთელი წლის განმავლობაში ეხმარება ადამიანებს, მათ გვერდით არის.
– ერთ-ერთი წმიდა მამა უფლის წყალობით სამოთხეში იყო ატაცებული, სადაც ღვთისმშობელს ეძებდა, მაგრამ ვერ ნახა. მაშინ უფალს ჰკითხა: რატომ არ იმყოფება აქ დედაღვთისაო, რაზეც უფალმა უპასუხა: ღვთისმშობელი სასუფეველში ნაკლებად იმყოფება, ის 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ქვეყანაზე და ყველა გაჭირვებულთან მიდის დასახმარებლად. თუ გვინდა, რომ კარგად გავიგოთ, რა არის ზეციური იერარქია, უნდა დავემორჩილოთ საეკლესიო იერარქიას, უნდა გვყავდეს მოძღვარი, რომელიც, თავის მხრივ, ემორჩილება ეპისკოპოსს, ეპისკოპოსი – კათოლიკოს-პატრიარქს და ასეთი მოწესრიგებული მდგომარეობა არის ეკლესიაში. როგორც ეკლესიაში, ასევე საერო იერარქიაში, ადამიანები ერთმანეთს უნდა ემსახურებოდნენ არა შიშით, არამედ სიყვარულით. კათოლიკოს-პატრიარქი ემსახურება ქვეყანას, ის დადგენილია ჩვენი ცხონებისთვის, უფლის მსახურია ჩვენთვის და გვემსახურება. როგორც იესო ქრისტე მოვიდა ამქვეყნად და ემსახურა ხალხს, ასე ყველა ღვთისმსახური უნდა ემსახუროს საკუთარ მრევლს. თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავმდაბლები, უნდა ვემსახუროთ და დავემორჩილოთ ჩვენს ქვემდგომ ხალხს, ანუ, ზევიდან ქვევით მოდის მსახურება. სამწუხაროდ, ერში ყველაფერი სხვანაირად ხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, როდესაც ადამიანი სხვა ადამიანებისგან სამაგიეროს მოელის, მაშინ ის პატივმოყვარეობისა და დიდების მოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით ადამიანებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ; ნურც უფალს შეჰპირდებით რაიმეს, რადგან, არ იცით ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება. ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვაზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი. სწორედ ეკლესიაში უყალიბდება ადამიანს ეკლესიური კულტურა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, იმ ღვთისმსახურების მაგალითით უნდა სწავლობდეს, რომლებიც უფალმა მათ მსახურებად დაადგინა.
– მამაო, როდესაც თქვენ საეკლესიო იერარქიაზე საუბრობდით, ახსენეთ, რომ ამ შემთხვევაში ზემდგომები ემსახურებიან ქვემდგომებს, ერში კი ყველაფერი პირიქით არის.
– დაგეთანხმებით და, აქვე მინდა განვმარტო, რომ სიტყვა „მინისტრი“ ნიშნავს პიროვნებას, რომელიც ემსახურება ადამიანს. ეს იყო პიროვნება, რომელსაც უზანგი უნდა დაეჭირა ცხენზე ამხედრებული ადამიანისთვის. შესაბამისად მინისტრი, გამგებელი, მმართველი და პრეზიდენტი იმისთვის არიან დადგენილები, რომ ჩვენ გვემსახურონ. როდესაც პრეზიდენტს ვირჩევთ, ის უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ და არა ჩვენ – მას. თუ ასე იქნება, ყველაფერი მოწესრიგდება. დღეს იმიტომ ხდება ამდენი არეულობა, უკმაყოფილება, რომ ადამიანები ვერ ხედავენ ზემდგომის ქვემდგომისადმი სიყვარულს, პატივისცემას. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ქვეყანა არ დაწყნარდება. რაც უფრო წარჩინებული ვართ ქრისტეში და საერო საქმეში, მით უფრო მეტად მოგვეთხოვება ხალხის მსახურება და არა ის, რომ ხალხი გვემსახურებოდეს ჩვენ. „ეპისკოპოსი“ ნიშნავს ზედამხედველს, მეთვალყურეს. როდესაც ის ეკლესიაში მობრძანდება, მას უფენენ ნოხს, რომელზეც გამოსახულია ქალაქი და არწივი, რომელიც დაჰყურებს ქალაქს. ასე უნდა დაჰყურებდეს და ზრუნავდეს ეპისკოპოსი იმ იერარქიაზე, რომელიც მას ჩააბარეს. საერო ადამიანი იერარქიას იგებს მონური მორჩილებით, მაგრამ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ზემდგომი ქვემდგომისთვის დადგენილია სიყვარულისთვის, მსახურებისთვის, მოფერებისთვის. ჩვენ ხშირად ვამბობთ: „ზეციური საქართველო“; ასეთი ხატიც არსებობს – „საქართველოს დიდება“, რომელიც, სასურველია, ყველა ოჯახში იყოს. როდესაც ვსაუბრობთ ზეციურ საქართველოზე, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი წმიდანების სამყოფელი. ძალიან კარგია, თუ ყველა ოჯახში იქნება მთავარანგელოზ მიქაელის, წმიდა გიორგისა და წმიდა ნინოს, ღვთისმშობლის ხატები, რომლებსაც მეოხება უნდა ვთხოვოთ.
– ხატებშიც არის იერარქია დაცული?
– ხატებშიც დაცულია იერარქია, ამიტომ, ჩვენ უნდა შევთხოვოთ შემწეობა ჯერ ზეციურ საქართველოს მკვიდრებს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსნა სწორედ იქიდან მოდის – ზეციური იერარქიისგან, ღვთისმშობლისგან, ჩვენი წმიდანებისგან. ქრისტიანებს, უპირველეს ყოვლისა, წმიდა სამების იმედი უნდა გვქონდეს, შემდეგ – ღვთისმშობლის, ანგელოზებისა და ხილული იერარქიის: კათოლიკოს-პატრიარქის, ეპისკოპოსებისა და სამღვდელოების. თუმცა, ამას სჭირდება სარწმუნოებრივი მიდგომა. თუ გინდა, რომ ზეციური იერარქია დაგეხმაროს, ის სწავლება უნდა დაიცვა, რომელიც შენამდე მოვიდა და წმიდა მამებმა დაგიწერეს. უფალი არ იქნება ჩვენთან, თუ ჩვენ არ აღვასრულებთ უფლის სიტყვას, ნებას. დღეს ჩვენ იმიტომ ვიმყოფებით ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ არ გვწამს, არ გვჯერა ზეციური იერარქიის, ანგელოზების მეოხების, ჩვენი წმიდანების დახმარების. ადამიანი კი ყოველთვის ზეცისკენ ყურებით იმარჯვებს და არა მიწისკენ. ასე რომ, დროა, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე და ჩვენს წმიდანებს შემწეობა ვთხოვოთ – რწმენაში, ეკლესიურ ცხოვრებაში, სიყვარულში, სიმშვიდესა და სათნოებების აღსრულებაში.