მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ვცდილობ, გარდაცვლილი დედის სურათთან სახლში ყოველ შაბათს ავანთო სანთელი. სწორად ვიქცევი თუ არა?
პასუხი: სახლში სანთელი უნდა აანთოთ ცალკე, ხატებისთვის გამოყოფილ კუთხეში, შაბათობით კი შეგიძლიათ, დედის სახელზე ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადოთ.
კითხვა: მართლმადიდებლურ ხატებზე ხშირად მინახავს რუსული და ბერძნული წარწერები. რუსული წარწერები ქართული ტაძრების თაღებსა და კედლებზეც შემიმჩნევია. ქართული ეკლესია ხომ ავტოკეფალიურია და დაუდევრობით არის ეს წარწერები შემორჩენილი თუ აუცილებლობით?
პასუხი: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ღვთის მადლით, ავტოკეფალიური, ანუ, დამოუკიდებელია და საეკლესიო წარწერებშიც ქართულს ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს უძველესი ქართული დამწერლობით შემკული ხატები და ტაძრები, თუმცა, ტრადიციულ ხატებზე გვქონდა ბერძნული წარწერებიც, რადგან საქართველოსა და საბერძნეთს, ამ ორ მართლმადიდებლურ ქვეყანას, დასაბამითგან ჰქონდა ურთიერთობა. ქრისტიანული კულტურა ფართოდ შემოდიოდა საბერძნეთიდან. იქვე მოღვაწეობდნენ ჩვენი წმიდა მამებიც. რუსული წარწერები კი საქართველო-რუსეთის შეერთების დროიდან შემოგვრჩა. სირთულეების მიუხედავად, ქართულმა და რუსულმა ეკლესიებმა შეინარჩუნეს ქრისტიანული ურთიერთობები და ერთიან მართლმადიდებლურ სამყაროს ეკუთვნიან. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა ამოვშალოთ ხატებსა და ტაძრებზე ერთმანეთის წარწერები?! ეს ვანდალიზმი იქნებოდა.
კითხვა: მინდა, ცოტა ხნით დედათა მონასტერში ვიცხოვრო. სად შეიძლება, თბილისში ან თბილისის ახლოს ჩემი სურვილი შევისრულო?
პასუხი: შეგიძლიათ, მიხვიდეთ ავლაბარში, დარეჯანის სასახლის ეზოში, ან, ავჭალაში, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასთან არსებულ მონასტერში, მცხეთაში კი სამთავროს დედათა მონასტერია. მიბრძანდით რომელიმე მონასტრის წინამძღვართან, დაელაპარაკეთ და ის გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ.
კითხვა: რომელი უფრო დიდი დღესასწაულია – შობა თუ აღდგომა?
პასუხი: აღდგომის დღესასწაული დღესასწაულთა შორის დღესასწაულია, ანუ, ყველაზე აღმატებულია. „სიკვდილისა სიკვდილით დათრგუნვით“ უფალმა ყოველი ჩვენგანი მარადიული გახადა. ასე რომ, აღდგომის დღესასწაული თავისი მნიშვნელობით შეუდარებელია.