მამათა შეგონებანი
იოანე სინელი: სიბრძნის აუცილებელი პირობა ზნეობრივი სისუფთავეა, მისი შედეგი კი – სულიერი სამყარო.
იაკობ მოციქული: აკეთე მხოლოდ ის, რაც სულიერად აგამაღლებს და დარწმუნებული იყავი, საზოგადოებას ყველაზე მეტ სარგებლობას მოუტან.
ისააკ ასური: დროდადრო ადამიანთა სულებს ეუფლება განსაკუთრებული სრულყოფა, ხან კი – უდიდესი გაუკუღმართება. გაუფრთხილდი საუკეთესო დროს, შეაჩერე, განდევნე ცუდი და ხშირად გეწვევა ბედნიერება, უფრო ნაკლებად – ცუდი.
იოანე ოქროპირი: „როცა გინდა, ადამიანში დაბუდებულ ეშმაკს დაარტყა, ფრთხილად იყავი, ღმერთს არ მოახვედრო“. ეს იმას ნიშნავს, ადამიანის გაკიცხვისას არ დაგავიწყდეს, რომ მასში ღმერთიცაა.
მამა ანტონი: „ვაი თქვენ, თუ თქვენ შესახებ კარგს იტყვის ყველა“, – თქვა ქრისტემ. ამ სიტყვების დედააზრი ის არის, რომ, მიზნად კი არ უნდა დავისახოთ ადამიანების გულის მოგება, მოვერგოთ და შევეგუოთ მათ არასრულყოფილ და სხვადასხვაგვარ გემოვნებას, სურვილებსა და კაპრიზებს, არამედ, ღვთის გულის მოგება შინაგან მოთხოვნილებად ვაქციოთ, ყური მივუგდოთ და მივყვეთ მის ერთადერთ და უტყუარ ნებას.
გაბრიელ ეპისკოპოსი: როცა ადამიანი კმაყოფილი არაა თავისი მდგომარეობით, მას ორი საშუალებით შეუძლია, შეცვალოს ის: ან ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოს, ან – სულიერი მდგომარეობა. პირველი შეიძლება არა, მაგრამ, მეორე ყოველთვის მის ხელთაა.
იოანე კრონშტადტელი: ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებში ყოველთვის მარტონი ვართ და ჩვენი რეალობა თითქმის მუდამ ამოუცნობი იქნება სხვისთვის. იმ დრამის საუკეთესო ნაწილი, რომელიც ჩვენს სულში ვითარდება, არის მონოლოგი, ან, უფრო სწორად, გულწრფელი ბაასი ჩვენი სინდისისა, ჩვენი და ღმერთისა.
ეფრემ ასური: არ არსებობს სულიერი საზრდოს უკმარისობა, არის მხოლოდ შეთვისების მოთხოვნის ნაკლებობა. ჩვენში ჰაერის უკმარისობის გამო კი არ უჭირს სუნთქვა მომაკვდავ ადამიანს, არამედ მისი შეთვისების უუნარობის გამო.
***
ნუ გაამხელ სხვის ცოდვას და ღმერთი ორს მოგიტევებს.
ნიკოლოზ სერბი: ადამიანი ღვთის მატარებელია. თავისი ღვთაებრიობის გამოვლინება მას სიტყვით შეუძლია. მაშ, როგორ არ უნდა მოეპყრა მას ფრთხილად?!
ნეტარი ავგუსტინე: პირში ნუ ეტყვი ადამიანს ცუდს, რადგან მას ეს სწყინს, ზურგს უკან ამის გაკეთება კი უპატიოსნებაა, რადგან ეს მისი მოტყუებაა. უმჯობესია, ცუდი არა სხვაში ეძიო, არამედ, საკუთარ თავში და ყოველთვის გახსოვდეს ეს.
ბასილი დიდი: როცა ისმენ, როგორ საუბრობენ ადამიანები სხვადასხვა მანკიერებაზე, ნუ გაიზიარებ მოსმენით მათ სიამოვნებას. როცა ისმენ ადამიანების უკეთურ საქმეებზე საუბარს, ნუ მოისმენ ბოლომდე და ეცადე, დაივიწყო ის, რაც გაიგონე, ხოლო ადამიანთა კეთილი საქმეების შესახებ ნაამბობი დაიმახსოვრე და სხვებსაც მოუყევი. ასე მოიქეცი და მალე შეეჩვევი იმას, რომ ადამიანთა ბოროტებაზე საუბარს ისევე მტკივნეულად აღიქვამ, როგორც საკუთარ ლანძღვას და, თუ მოყვასზე ავი სიტყვა წამოგცდება, ესეც ისეთივე მწარე იქნება შენთვის, როგორც საკუთარი თავისთვის სილის გაწვნა.