რა ინციდენტი შეემთხვა ვაჟა მანიას ათენში გამოცდების ჩაბარების წინ და რის გამო გადადის ის ამერიკაში საცხოვრებლად
უნიჭიერესმა, ყველასგან გამორჩეულმა მომღერალმა და უსაყვარლესმა ვაჟა მანიამ ცოტა ხნის წინ ყველაზე დიდი ოცნება აისრულა: ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ჩააბარა. ამ მიზნის მისაღწევად მას არაერთი სიძნელის, დაბრკოლების, წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. თუმცა, საბოლოოდ, თავისას მაინც მიაღწია და ახლა 4 წლის განმავლობაში მუსიკის მექაში ყველაზე ძლიერი პედაგოგებისა და სტუდენტების გვერდით მოუწევს ყოველი დღის გატარება.
ვაჟა მანია: ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, მივემგზავრები. ამას წინათ ერთ-ერთი მუსიკოსის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც წერდა: მაშინ ვარ ბედნიერი, როდესაც ჩემი საქმე აწყობილი მაქვს და შემდეგ ოჯახში ვგრძნობ თავს ბედნიერად. მაგრამ, თუ საქმე არ მაქვს აწყობილი, პირად ცხოვრებაშიც ვერ არის ყველაფერი კარგადო. ჩემს თავსაც შევატყვე ასეთი რაღაც. მეც, თუ საქმე არ მაქვს სრულყოფილი, პირად ცხოვრებაშიც ვერ ვარ კარგად. როდესაც რაღაც პრობლემა მაქვს კარიერაში, ეს პირად ცხოვრებაზეც აისახება. იქაც ცუდად ვარ და აქაც. ანუ, ჩემთვის, ამ ეტაპზე, უფრო მუსიკალური მხარეა მნიშვნელოვანი. როცა ამ კუთხით რაღაც არ გამოდის, ცუდ ხასიათზე ვარ, „დაგრუზული“. მეკითხებიან, რა გჭირსო. ამ დროს არაფრის ხასიათზე არ ვარ, მორჩა, დამთავრდა ყველაფერი.
– ამ დროს ძნელი ასატანი ხარ?
– გააჩნია ამ დროს ვინ იქნება ჩემ გვერდით – თუ ამიტანს კარგია, თუ არადა წავა. მეც ასევე ადვილად ვემშვიდობები... როცა ცუდ ხასიათზე ხარ, ამას ხომ უნდა ხვდებოდეს ადამიანი და ხელი შეგიწყოს.
– თუ გიფიქრია იმაზე, როგორი იქნება მომავალში შენი კარიერა, პირადი ცხოვრება, ოჯახი?
– ბევრი მიფიქრია იმაზე, რომ ორივე ერთად არ გამომდის. როცა შეყვარებული ვარ, საქმეს ბევრი რამ აკლდება და მერე ვამბობ: რამდენი დრო დავკარგე ტყუილად. სიყვარული ყოველთვის კარგია, მაგრამ ჯერჯერობით ამ გრძნობისთვის, განსაკუთრებით კი სერიოზული ურთიერთობისთვის, მზად არ ვარ. ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, ისეთი შანსები, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო. ალბათ, 4-5 წლის შემდეგ, უკვე ისე ვიქნები, რომ პირად ცხოვრებას მივხედო. თუმცა, ჯერ არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ არ მგონია, სწავლის დროს პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო.
– მერე სიყვარული გეკითხება – მოვიდე თუ არ მოვიდეო?
– როგორ არა, ყოველთვის მეკითხება... კარიერისტი ვარ, მირჩევნია საქმე გამოვიდეს, რომ მერე ჩემთან ერთად მყოფმა ადამიანმაც თავი კარგად იგრძნოს. მისთვის ვაკეთებ ყველაფერს. როდესაც კარიერას ავაწყობ, ძალიან დიდი ხელშეწყობა უნდა მქონდეს იმ ადამიანისგან, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი იქნება. ამიტომ, ძლიერი პიროვნება უნდა იყოს, ის, ვინც ხელს შემიწყობს, მომეკუსკუსება, მომესიყვარულება და ყოველთვის გამიგებს. ისეთი ადამიანი ვარ, ბევრ რაღაცაში მჭირდება გაგება, თორემ მერე კონფლიქტი წარმოიშობა.
– ეს რაღაც დაუჯერებელია. ნამდვილად არ ხარ კონფლიქტური.
– კონფლიქტური არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი რქიანი ვხდები, ჯობია დამითმოს. სამაგიეროდ, მერე მე მოვეფერები. მირჩევნია, ადამიანმა რაღაც ელემენტარული დამითმოს, თუ, რა თქმა უნდა, ამის მიზეზი მაქვს. თორემ მე რომ დამთმობი ვარ, ასეთი შეიძლება არავინ იყოს. უაზროდ გაჯიუტება და ახირებები არ მახასიათებს. უბრალოდ, როცა საჭიროა, უნდა დამითმოს. მერე მეც მივალ და იმდენჯერ მივეკუსკუსები, რომ გადაკუსკუსდება.
– იმისთვის, რომ ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში გესწავლა, ძალიან ბევრი რამ გააკეთე.
– ძალიან ბევრი რამ გავაკეთე და ვაკეთებ. რაც კი გამიკეთებია და ხალხს მოუსმენია, ყველაფერი იმისთვის იყო, რომ დღეს მე მყარი გარანტია მქონოდა და ამერიკაში წავსულიყავი. ძალიან ბევრი დაბრკოლება შემხვდა, ბევრჯერ არ გამიმართლა, მაგრამ რწმენა, ძალა დამეხმარა იმაში, არ დავნებებულიყავი. ასე რომ, ეს ყველაფერი იმ ერთადერთი მიზნის განხორციელებაში დამეხმარა. 3-4 წელი არ არის ცოტა დრო. ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებდა – ერთხელ რომ არ გამოგივა, სამჯერ, ოთხჯერ... ახლაც პასუხს რომ ველოდებოდი, ისე გაიწელა, ტვინში მასხამდა. რომ მომივიდა პასუხი – ჩააბარეო, მაშინ მივხვდი, რომ ყოველი წამი, წუთი, ნაფიქრი დამიფასდა.
– როგორც ვიცი, გამოცდები საბერძნეთში ჩააბარე და ამას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
– მოკლედ, ათენში ჩავედი გამოცდის ჩასაბარებლად, თან ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ქალაქში მიტინგები, არეულობა იყო. 27 ოქტომბერს უნდა მქონოდა გამოცდა. წინა დღეს მივედი, რომ გამერკვია მეორე დღის განრიგი. „რესეფშენში“ მითხრეს, შენი გამოცდა ხვალ არ არის, უკან წაბრძანდით საქართველოში და 9 ნოემბერს ჩამოდითო. გადავირიე, ვიზაც ათდღიანი მქონდა, თავიდან უნდა ამეღო, ვერაფერს მოვასწრებდი, თან ამხელა ხარჯი უნდა გამეწია. გული გამისკდა, ამომიბრუნდა. გარეთ გავედი, რომ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა. ვფიქრობ, რა ვუთხრა. ჩემი უკან დაბრუნების შანსი არ იყო. მივედი ისევ და ვეუბნები: გამორიცხულია, უკან დავბრუნდე. თან, ვაჩვენე საბუთი, სადაც გარკვევით ეწერა, რომ გამოცდა 27 ოქტომბერს მქონდა. არ არსებობსო, შეცდომით არის ცნობა გამოგზავნილი და ვნახოთ, ხვალ გავარკვევთ, რა იქნებაო. იმდენი ვინერვიულე, რასაც ვმეცადინეობდი, სულ დამავიწყდა. არადა, ყველაფერი ნიუანსებში მქონდა გათვლილი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ოღონდ გამოცდაზე გავიდე-მეთქი. მაგრამ მეუბნებიან: ამერიკიდან გამომცდელები არ არიან ჩამოსულები და რა ვქნათო. ბოლოს გადაწყდა – ჩვენს პედაგოგებს ჩააბარეო. გამოცდაზე ძალიან ნანერვიულები, უძილო მივედი. ისეთი სტრესი იყო, მთელი ღამე არ მძინებია. გამოუძინებელი, აფორიაქებული ვიყავი. ორი ტიპი შემოვიდა, მითხრეს, არ ინერვიულოო. გამოცდებზე – ორი სიმღერა ვიმღერე და თეორიული საგნები ჩავაბარე, თან ვიდეო გადამიღეს, რომ მერე ამერიკელ გამომცდელებს ენახათ. ისინი იბარებდნენ გამოცდებს. სულ ვაკვირდებოდი მათ ემოციებს. რომ ვთქვი, საქართველოდან ვარ-მეთქი, გაუხარდათ. მერე ასაკი მკითხეს... რომ ვუთხარი ტრომბონზე, ფორტეპიანოზე ვუკრავ-მეთქი. უი, რა კარგიაო, – გაუხარდათ. სამაგიეროდ, პასუხს ველოდებოდი დიდი ხნის განმავლობაში, თვე-ნახევარი ველოდი, მაგრამ, როცა პასუხი მოვიდა, არც მაშინ მომკლებია ნერვიულობა.
– რა ეწერა ასეთი?
– სწავლის საფასური მომწერეს, იმხელა თანხა იყო, გული გამისკდა. მივწერე, დაფინანსება არ მოვიპოვე-მეთქი?! კი, 8 ათასი დოლარი მოგეცითო. გადავირიე, ეს არაფერი იყო. ვფიქრობდი – აღარ მივდივარ, დამთავრდა ყველაფერი, ფულზე ვერავის ვერაფერს ვეტყვი-მეთქი. 2 დღე „დაგრუზული“ დავდიოდი და უცებ მომივიდა ფოსტით მიწვევა, სადაც ეწერა, რომ ჩემი სწავლის საფასურის ნახევარზე მეტი დაფინანსებული იყო. ისე გამიხარდა... თან, ოთხივე წელი დამიფინანსეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს, დანარჩენი თანხის ანაზღაურება მათ ითავეს. ასევე, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ კობა ნაყოფიას. მას შემდეგ, რაც მან გამიცნო, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ეს მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რომ ლონდონში წასვლასა და, სწავლაში დამეხმარა. თუნდაც კლუბში რომ ვმღეროდი, არ გადიოდა კვირა, არ მოსულიყო, ან არ დაერეკა და არ ეკითხა: დღეს თუ მღერიო. ჩემი დიდი გულშემატკივარია და ალბათ, ჩემი წარმატებით გადავუხდი მადლობას. ვიცი, ეს ძალიან გაუხარდება, მან ჩემთვის ყველაფერი გაიღო. ბევრ ადამიანს არ გაუკეთებია იმდენი, რაც მან მე გამიკეთა, თანაც უანგაროდ. დააფასა ჩემი მონდომება, ნიჭი და ბევრი ოცნება ამიხდინა, ბევრი სურვილის ასრულება ჩემთვის მისაწვდომი გახდა. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს ეკას, რომელიც ყველაფერში დამეხმარა.
– ახლა ამერიკაში სულ სხვანაირი ცხოვრების წესი, რიტმი იქნება.
– ეს ვაჟა საერთოდ უნდა დავივიწყო, ახალი ვაჟა უნდა აღმოვაჩინო, შევქმნა ახალი ხმა, ჟღერადობა უნდა ვიპოვო. ბერკლი ამის ყველანაირ საშუალებას მომცემს. თან, მიხარია რომ მივდივარ იქ, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა. ისეთი მუსიკოსები არიან, ყველა ერთი-მეორეზე მაგარია, მგლები არიან. მთავარია, არ ვიფიქრო იმაზე – მე ვის უნდა ვაჯობო. ეს ყველაზე დიდი უაზრობაა. ამიტომ, მივდივარ იმ განწყობით, რომ მოვხვდე ამ ადამიანებს შორის. ვისიამოვნო და მგლის ლეკვი ვიყო, მერე მეც გავიზარდო ისე, როგორც ისინი. ბოლო პერიოდში ისე დავიღალე, რომ ვერც კი გამიცნობიერებია, ამერიკაში რომ მივდივარ. მეგონა, სიხარულისგან კედელს მივარტყამდი თავს, მაგრამ ყველაფერი ძალიან დინჯად მიდის. ემოციურად დაცლილი ვარ, მგონი, იქ მოვიქოქები და შევუდგები საქმეს.