რატომ მუშაობდა 7 წლის ივანა მელაი რესტორანში და რატომ ამღერდა ის ქართველ მამაკაცებზე
მან ქართულ სცენაზე ფეხის დადგმისა და ტელეეკრანზე გამოჩენის დღიდან გამოიწვია ხმაური. ივანა მელაი საქართველოში, „მამაკაცების სამოთხიდან“ – უკრაინიდან ჩამოვიდა. სექსუალური იმიჯით, ხმის ტკბილი ტემბრით, საუბრის საოცარი მანერით ივანამ საოცარი სისწრაფით შეძლო წარმატების მოპოვება. ივანა მელაიმ სამოცმილიონიანი უკრაინული პოპულარობის ნაცვლად ოთხმილიონიან საქართველოში გადაწყვიტა ბუდის აშენება. როგორ ცხოვრობდა ის სამშობლოში, ამაზე თავად გვიყვება ინტერვიუში.
ივანა მელაი: დავიბადე და გავიზარდე „ზაკარპატიეში“, პატარა ქალაქ ჰუსტში. ნიჭიერ ბავშვთა სკოლაში დავდიოდი. სიმღერა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ყოფნისას დავიწყე. ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა, ცეკვა, პრანჭიაობა... სულ ვიცვამდი დედიკოს და ბებიას კაბებს, ქუსლიან ფეხსაცმელს. სულ ვიგონებდი რაღაც სატელევიზიო შოუებს, რომელთა წამყვანიც ვიყავი და ამ გადაცემებს კასეტებზე ვიწერდი. 7 წლისამ დავწერე პირველი სიმღერა და, ის, რა თქმა უნდა, მაგნიტოფონზე ჩავიწერე.
– ვინ აღმოაჩინა შენი ნიჭი და ვინ აგიყვანა დიდ სცენაზე?
– ჩემი ნიჭი ბაღის მუსიკის მასწავლებელმა აღმოაჩინა. პირველი სიმღერა ჩემი მშობლების რესტორანში, მამიკოს ვუმღერე მის დაბადების დღეზე. რესტორანში მომუშავე მუსიკოსებმა ჩემთვის დაუკრეს. ჩემი გამოსვლა ყველას ისე მოეწონა, რომ მას შემდეგ მშობლების რესტორანში ყოველ საღამოს ვმღეროდი და ამაში ხელფასსაც მიხდიდნენ. ხალხი გაკვირევებული იყო 7 წლის ასაკში როგორ ვმღეროდი უიტნი ჰიუსტონის, სელინ დიონის სიმღერებს... არადა, ეს ისე მარტივად გამომდიოდა.
– სკოლის შემდეგ რა მოხდა, სად განაგრძე სწავლა?
– სკოლის შემდეგ ნიუ-იორკში კონკურსზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიზა არ მომცეს. ამიტომ, იძულებული გავხდი, გეგმები შემეცვალა. კიევის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში ჩავაბარე. პარალელურად სწავლა განვაგრძე სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში მომღერლის კარიერა – ჩემი უმთავრესი კარიერაა. პირველი ვოკალური კონკურსი 8 წლისამ მოვიგე. ამას უამრავი კონკურსი მოჰყვა როგორც უკრაინის, ისე საერთაშორისო მასშტაბის, რომლებზეც ან ლაურეატი ვხდებოდი ან პირველი ადგილის მფლობელი. პირველი სოლო კონცერტი ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში მქონდა. 13 წლის ვიყავი, როდესაც „ზაკარპატიეში“ საქველმოქმედო ტური მოვაწყვე; 15 წლის ასაკში კონცერტებით შემოვიარე ფინეთი და შვედეთი. როგორც ხედავთ, კარიერული ნაბიჯები საკმაოდ ადრეულ ასაკში გადავდგი და 17 წლის ვიყავი, ჩემი პირველი ალბომი რომ გამოვიდა. სოლო კონცერტზე, რომელიც ალბომის პრეზენტაციას მიეძღვნა, ოცი ათასი ადამიანი შეიკრიბა. 18 წლის რომ გავხდი, კიევში გადავედი საცხოვრებლად და მოკლე დროში ორი კონკურსი მოვიგე. ძალიან მალე საუკეთესო უკრაინულ მუსიკალურ არხზე – M1-ზე დავიწყე წამყვანად მუშაობა.
– ასე დაიწყო შენი, როგორც ტელეწამყვანის კარიერა?
– დიახ. ჟურნალისტიკით დაკავებული არასდროს ვყოფილვარ, ეს არასდროს მისწავლია და, ვერ ვიტყვი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. გადაცემაში, რომელიც მიმყავს, ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ. საერთოდ, შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ჰობია.
– უკრაინაში საოცარი წარმატებები გქონია.
– თანაც, საკმაოდ ბევრი. 18 წლის ვიყავი, როდესაც უმსხვილეს კომპანიასთან ერთ მილიონიანი კონტრაქტი გავაფორმე. ამას მოჰყვა უამრავი კლიპი, ჟურნალები, ცნობილი კომპოზიტორების სიმღერები, პირველი ადგილები ჰიტ-აღლუმებში. მეუხერხულება, ჩემს პოპულარობაზე ვილაპარაკო, უმჯობესია, ის ჩემმა მსმენელმა და მაყურებელმა შეაფასოს. ჩემთვის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი აპლოდისმენტები და ის ჯილდოებია, რომელიც ჩემს სამშობლოში დავიმსახურე. მაგალითად, შარშან გავიმარჯვე ნომინაციაში „წლის ყველაზე მოდური მომღერალი” და ბროლის მიკროფონიც დავიმსახურე. რამდენიმე წლის განმავლობაში, თანმიმდევრულად, რუსეთისა და უკრაინის წლის ყველაზე ლამაზ და სექსუალურ მომღერლებს შორის მასახელებდნენ, ვიყავი ათეულშიც და ხუთეულშიც. ჩემი ერთ-ერთი კლიპი, მონტენეგროშიც კი წლის საუკეთესო კლიპად აღიარეს, ხოლო ჩემი სიმღერა სერბეთის რადიოში წლის სიმღერად დაასახელეს. ერთი სიტყვით, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი. ალბათ, ეს არის პოპულარობა – როდესაც გაფასებენ.
– როდის იგრძენი, რომ ვარსკვლავი ხარ, ამ სიტყვის ევროპული გაგებით?
– მიმაჩნია, რომ ვარსკვლავის შემადგენელი ნაწილი ვარ, მთელი ვარსკვლავი კი შედგება ჩემგან, ჩემი მშობლებისგან, ახლობლებისგან, ყველა იმ ადამიანისგან, რომლებიც გვერდში მიდგანან: ჩემი მუსიკოსები, დიდი გუნდი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს და, რა თქმა უნდა, ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან.
– შენ ბევრს მღერი ქართველ მამაკაცებზე. ამ სიმღერამ „აფხაზეთის ხმის” დაჯილდოებაზე პრიზიც კი აიღო, მაგრამ, ჩვენ ძალიან ცოტა რამ თუ ვიცით შენს წარსულ პირად ცხოვრებაზე, გრძნობებზე, რაც ამ დრომდე გქონდა. მოგვიყევი შენს პირველ სიყვარულზე და, საერთოდ, როგორია შეყვარებული ივანა?
– პირველი სიყვარული, ისევე, როგორც შემოქმედება, ჩემთან ადრეულ ასაკში მოვიდა. მქონია ძლიერი გრძნობები, თუმცა, მათ შესახებ მოყოლას რა აზრი აქვს, მე ხომ მათზე ვმღერი. მხოლოდ ერთს ვიტყვი – სიყვარული შემიძლია. რაც შეეხება ქართველ მამაკაცებს, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი ჩემთვის კაცობრიობის ძლიერი სქესის ნამდვილი ეტალონები არიან.
– როგორ ცხოვრობ თბილისში, როგორ მიგიღეს აქ?
– ჩემი გრძნობები არასდროს მატყუებს. აი, ვიგრძენი, რომ აქ არაჩვეულებრივად ვიცხოვრებდი და გადმოვედი კიდეც საცხოვრებლად. ამ ქვეყანაში სტუმრებს მსოფლიოში ყველაზე კარგად ხვდებიან. ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა ქართველისთვის, მეგობრობა ძალიან ბევრს ნიშნავს (იცინის). თქვენთან კი პირველი შეხვედრის შემდეგაც კი უწოდებენ ადამიანები ერთმანეთს მეგობრებს. დროთა განმავლობაში მეგობრები ან უფრო გიახლოვდებიან, ან უფრო და უფრო დიდი მანძილი გაშორებთ ერთმანეთს, მაგრამ, თუ ნამდვილად შენიანს იპოვი, ვეღარაფერი გახდება თქვენი ურთიერთობის ბარიერი. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ გარშემო მეგობრების ისეთი წრე მყავს, რომლებსაც შეუძლიათ სიხარულის შურის გარეშე გაზიარება. ყოველ ჯერზე, კონცერტებიდან ვბრუნდები თუ გადაღებებიდან, უცხო ქვეყნიდან საქართველოში ისე ჩამოვდივარ, როგორც სახლში.
– რა შეგიძლია თქვა ქართულ შოუ-ბიზნესზე, რთულია თუ არა ამ სფეროში საკუთარი თავის დამკვიდრება და როგორ მიგიღეს ადგილობრივმა მომღერლებმა?
– ბუნებით ანალიტიკოსი ვარ. ქართულ შოუ-ბიზნესში დავინახე, რომ თქვენი არტისტები, რომლებსაც ვიცნობ, უცხოურ მუსიკას უსმენენ და მღერიან. მათ აქვთ გემოვნება. მოუსვენარი ვარ და ყოველთვის ვიცი, რა მინდა. აქაურმა მომღერლებმა თბილად მიმიღეს, ბევრ მათგანთან უკვე ვმეგობრობ კიდეც.
– რა გეგმები გაქვს, რაიმე ახალს ხომ არ აპირებ საქართველოში?
– წინასწარ რაღაცეების გახმაურება არ მიყვარს. ძალიან ხშირად ვიცვლები, ვიცვლი იმიჯს და ეს ძალიან მომწონს. დროდადრო, ცხოვრების გზაზე, ახალ-ახალ პროფესიებს ვითვისებ. ათი წლის მერე უკეთესი ვიქნები – ეს დაზუსტებით ვიცი, რადგან ყოველ საათს საკუთარ თავზე ვმუშაობ!