კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

მამაკაცები სიყვარულის ღირსები არ არიან

მყავს ბავშვობის მეგობარი, ლალიკო, რომელიც მთელი ცხოვრება ისეთი მკაცრი იყო მორალთან დაკავშირებით, რომ სამეგობროში „ხანჟა“ დავარქვით. მისი შიშით ბიჭს  ზედმეტად ვერ გავუღიმებდით, გაკეკლუცებაზე და შეყვარებულის გამოცვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სადაქალოში ყველაზე ადრე თვითონ გათხოვდა. სამი წელი ხვდებოდა ბიჭს, რომელიც უყვარდა და დედამისის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც იმას გაჰყვა, ვინც უყვარდა. რამდენიმე წელი სიყვარულით ანთებული დადიოდა, მერე კი თითქოს უცებ ჩაქრა. აშკარად ვატყობდით, რაღაც ხდებოდა მის თავს, რამდენჯერმე ვკითხეთ კიდეც, მაგრამ, რადგან არაფერი გვითხრა, თავი დავანებეთ.

ერთხელ, კაფეში ვისხედით და ვჭორაობდით, რა თქმა უნდა, კაცებზე. სრულიად მოულოდნელად, ლალიკომ გამოგვიცხადა, არც ერთი კაცი არ არის სიყვარულისა და ერთგულების ღირსი, ყველასთვის ალალია ქორბუდა რქებიო. გაოცებისგან გავშეშდით, რადგან ეს სიტყვები ლალიკოსგან გავიგონეთ, თორემ, ნებისმიერ ჩვენგანს რომ ეთქვა, შეიძლება, ყურადღების ღირსადაც კი არ ჩაგვეთვალა. რა იყო, გიომ გაწყენინა-მეთქი? – შევბედე კითხვის დასმა. „მაწყენინა“ ის სიტყვა არ არის. მე ის შვილებს მერჩივნა, ისე მიყვარდა; ვაღმერთებდი და, მეგონა, ღმერთმა სხვა გოგონებისგან გამომარჩია, რომ მას შემახვედრა, მაგრამ, ჩვეულებრივი, რიგითი ნაძირალა და არაკაცი აღმოჩნდა და, სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდიო. ეს რომ გვითხრა, გვთხოვა, მეტი აღარაფერი მკითხოთო. იმ დღის მერე სულ ვცდილობდი, ლალიკოსთან უფრო ხშირი კონტაქტი მქონოდა და გამემხნევებინა, მაგრამ, თითქმის მთელი წელი ისეთი სევდიანი დადიოდა, მის დანახვაზე გული გვიკვდებოდა.

ერთ დღეს ლალიკო ქუჩაში შემხვდა და ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, გამიხარდა – ალბათ, ქმართან ყველაფერი მოუგვარდა-მეთქი. ამ შეხვედრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გოგონები რესტორანში დაგვპატიჟა და იქ აღნიშნა თავისი დაბადების დღე. ძალიან მხიარული იყო. თვითონ არაფერი უთქვამს და ჩვენც აღარ ჩავეძიეთ, ქმართან როგორ ხარო. ერთადერთი, ის თქვა, რა მშვენიერი ყოფილა სიცოცხლეო. ამ ამბიდან ერთ კვირაში სამსახურში ახალთახალი „ჯიპით“ მომაკითხა. სხვებთან შედარებით ჩემთან ყოველთვის უფრო ახლოს იყო და მთხოვა, სადმე გავისეირნოთ, შენთან სალაპარაკო მაქვსო. ქალაქგარეთ წავედით და ერთ მყუდრო კაფეში დავსხედით. ყავა და ნამცხვარი რომ მოგვიტანეს, თვალებში შემომხედა და მკითხა, არ გაინტერესებს, ეს მანქანა საიდან მყავსო? მე მეგონა, ქმარმა შერიგების ნიშნად გიყიდა-მეთქი, ვუთხარი. სიცილისგან კინაღამ გული წაუვიდა – ჩემს ქმარს ჩემთვის ათი ლარი არ ემეტება და მანქანას მიყიდდაო?! არა, ჩემო კარგო, სულ სხვა ვინმემ გამიკეთა ასეთი ძვირფასი საჩუქარი, რადგან, ეშინია, არ დამკარგოსო. მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვკითხე, მერე, გიო ვერაფერს ხვდება? არ გეკითხება, მანქანა საიდან გყავს-მეთქი? სანამ რამეს მკითხავდა, მე თვითონ ვუთხარი, რომ განვადებით ვიყიდე და მასაც აღარაფერი უთქვამს, არც კი გადამამოწმა, იქნებ ვატყუებდიო. რომ გადაემოწმებინე-მეთქი? მაშინაც რამე ტყუილს მოვიგონებდი და დამიჯერებდა. მაგან სიყვარული, ერთგულება და პატივისცემა ვერ დააფასა. ეტყობა, სიცრუე და სიყალბე ურჩევნია გულწრფელ ურთიერთობებს და, რადგან ასეა, არასდროს მოვაკლებ ტყუილებსო. მერე შენი მორალური პრინციპები-მეთქი? წყალს გავატანეო, – მითხრა, – თურმე, არავის სჭირდება შენი მორალი და, რაც უფრო უწესო ხარ, მით მეტად გცემენ პატივს სახლშიც და გარეთაცო. ამაში კი მეც ვეთანხმებოდი, თუმცა, დღემდე არ ვიცი, რა ჩაიდინა ცოლის წინაშე გიომ ისეთი, რომ ასეთ ქალს ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა.

სიმართლე გითხრათ, მაინც გული მეტკინა, ლალიკოს ამბავი რომ გავიგე, მაგრამ, კარგად რომ დავფიქრდი, დავრწმუნდი, რომ სწორად მოიქცა, რადგან, მართლაც არც ერთი კაცი არ არის სიყვარულისა და ერთგულების ღირსი!

მარიკა, 29 წლის.

 

ღირსი ვარ, რაც დამემართა

ჩემი ისტორია უნდა გაიამბოთ. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ, ყველაფერი, რაც მოხდა, მხოლოდ ჩემი ბრალია – მე დავუნგრიე ოჯახი მამაკაცს, რომელსაც უყვარდა ცოლ-შვილი და ქალს, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილით ხელში მარტო დარჩა, რის გამოც ისე გადამეხადა სამაგიერო, მტერსაც კი არ ვუსურვებ. ამიტომ, მინდა, ჩემი ამბავი ყველა ქალისთვის მაგალითი გახდეს და არავინ მოინდომოს სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების მოწყობა, თორემ, ბოლოს ყველა ჩემს დღეში აღმოჩნდება.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა მამაკაცი, რომელიც ჩემი დირექტორი იყო. ანუ, მუშაობა რომ დავიწყე და მასთან კაბინეტში რომ შემიყვანა ჩემი განყოფილების გამგემ წარსადგენად, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, თვალებში დამიბნელდა და გული კინაღამ გამიჩერდა. მერე უცებ თავბრუ დამეხვა და სკამთან ახლოს რომ არ ვმდგარიყავი, მის წინ იატაკზე გავიშოტებოდი. ამ უხერხულობიდან როგორღაც დავიძვრინე თავი – წყალი რომ დამალევინეს და ცოტა მომასულიერეს, ვთქვი, ვითომ წინა დღით რაღაცამ მომწამლა და იმიტომ გავხდი ცუდად.

უფროსის კაბინეტიდან რომ გამოვედი, მთელი დღე გული მიფრიალებდა მისი სახის გახსენებისას. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ ერთი ნახვით შეყვარება მწერლების მოგონილი არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ლევანი (ჩემი დირექტორი) სულაც არ იყო ალენ დელონი, მაგრამ, ჰქონდა გარეგნობაში რაღაც ისეთი, ქალს ერთბაშად რომ მონუსხავს. საკმაოდ უხეშ ნაკვთებს ძალიან ვნებიანი გამოხედვა უცნაურ ხიბლს სძენდა. ნებისმიერ ქალს, თუნდაც საქმიანი საუბრისას, ისე შეხედავდა, თითქოს მასზე იყო შეყვარებული, მე კი ამას საკმაოდ გვიან მივხვდი (უფრო სწორად, გვიან გავიგე ეს ამბავი) და ამიტომ მაშინ მეგონა, რომ მასაც ერთი ნახვით შევუყვარდი. რა თქმა უნდა, ჩემი გრძნობების შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს და არც ინფორმაციის შეგროვება დამიწყია ლევანის შესახებ – არ მინდოდა, ვინმეს გაეგო, რომ მისით დავინტერესდი, რომ მერე სამსახურში საჭორაო არ გავმხდარიყავი. შესაბამისად, ცოლ-შვილი რომ ჰყავდა, ისიც საკმაოდ გვიან გავიგე, მაგრამ ამ მიზეზმა ვერ შემაჩერა – მალულად, მაგრამ მტკიცედ ვცდილობდი ჯერ ჩემით მის დაინტერესებას, შემდეგ კი მისი სიყვარულის მოპოვებას. თან, ეს ისე უნდა გამეკეთებინა, ვითომ მე არაფერ შუაში ვიყავი და თვითონ „გადამეკიდა“. ასეთი ტაქტიკა იმიტომ ავირჩიე, რომ გოგონებისგან გავიგე, თანამშრომელი ქალების ოთხმოცდაათი პროცენტი, 20 წლის გოგონებით დაწყებული 40-ს გადაცილებული მანდილოსნებით დამთავრებული, ყველა ეპრანჭებოდა და ეარშიყებოდა, მათი უმრავლესობა კი ყოველგვარი მორიდების გარეშე სთავაზობდა საყვარლობას. მაგრამ, ასეთი „თავდასხმების“ მიუხედავად, ის ეგრეთ წოდებულ სამსახურებრივ რომანებს არ ცნობდა, რადგან ასეთი ურთიერთობა, მისი ღრმა რწმენით, ბიზნესის პირველი მტერია. სხვათა შორის, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ლევანს ცოლ-შვილი ჰყავდა. ჩემი მისვლიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე როლში რომ ვიყავი შესული, მაშინ თქვა ერთმა თანამშრომელმა ქალმა, ნეტავი მაგის ცოლი როგორ უძლებს მის ქმართან მოარშიყე ქალების ამხელა არმიასო. ეს რომ გავიგე, საშინლად არ მესიამოვნა, მაგრამ, უკვე ისე ჯადოგაკეთებულივით ვიყავი, უკაცრავად პასუხია და, ფეხებზე დავიკიდე, რადგან, დარწმუნებული გახლდით, რომ მეც მქონდა სიყვარულისა და ბედნიერების უფლება; რომ ღმერთმა მას შემთხვევით არ შემახვედრა; რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი და ჩემს წილ ბედნიერებას ვერავის დავუთმობდი, თვით მის ცოლ-შვილსაც კი. ამიტომ, ჩემი ქმედებები უფრო შევნიღბე, თან, უფრო გავააქტიურე და, შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა – ლევანი ჩემით დაინტერესდა, მართალია, ჯერ როგორც კარგი და პროფესიონალი თანამშრომლით, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა სიმპათიური მამაკაცი ახალგაზრდა, გაუთხოვარ ქალს (მით უფრო – ახალ თანამშრომელს) დააწინაურებს და თავის მოადგილედ გადაიყვანს, ეს მხოლოდ კარგი მუშაობის დაფასებას არ ნიშნავს. მართალია, ამის გამო ქალებმა ჩემს ზურგსუკან ჩურჩული და ჭორაობა დაიწყეს, მაგრამ მე ისეთ სერიოზულსა და უკარებას ვთამაშობდი, ეს ჭორაობა მალე შეწყდა და სწორედ ამ ჭორაობის შეწყვეტის შემდეგ შემომაპარა ლევანმა ჯერ ქათინაურები, მერე ჩემთან ერთად თათბირებზე დაიწყო სიარული ან, სულაც, თავის მაგივრად მე მიშვებდა და მერე საათობით ვიჯექი მასთან კაბინეტში ანგარიშის ჩასაბარებლად. ამ ყველაფერმა ისე დაგვაახლოვა, უჩემოდ ნაბიჯს აღარსად დგამდა. ერთხელ კი, რაღაც შეხვედრიდან მოვდიოდით მისი მანქანით და რესტორანში დამპატიჟა – ძალიან მომშივდაო. მერე რესტორნიდან სახლამდე მომიყვანა და გამომშვიდობებისას მაკოცა. მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია. იმ დღეს მარტო ვიყავი სახლში და ჩემთან დარჩა. მეორე დილით სასოწარკვეთილი იყო – რომ მცოდნოდა, ქალიშვილი იყავი, შენთან არ დავრჩებოდიო. მე ვაწყნარებდი, ეს არაფერს გავალდებულებს და ჩათვალე, ვითომ არაფერი მომხდარა-მეთქი. მერე მითხრა, მგონი, შემიყვარდი, მაგრამ, ვერც ოჯახს დავანგრევ და ვერც შენ აგირევ ცხოვრებას. ამიტომ, რაც უფრო შორს ვიქნებით ერთმანეთისგან, მით უკეთესი იქნება ორივესთვის. სხვა სამსახურში უნდა გადახვიდე და ამაზე მე ვიზრუნებო. ყველაფერზე დავთანხმდი, რადგან, არ მინდოდა, ჰგონებოდა, რომ „ვეტენებოდი“. ერთი კვირის შემდეგ უკეთესი სამსახური მიშოვა, თითქმის ორი იმდენი ხელფასით, რაც მასთან მქონდა. ჩემი გადასვლა ყველას გაუკვირდა, მაგრამ, ეს ნაბიჯი თანამშრომლებთან იმით გავამართლე, ამხელა ხელფასზე უარი ვერ ვთქვი-მეთქი.

ახალ სამსახურს გული ვერ დავუდე, რადგან სულ ლევანზე ვფიქრობდი. მე პრინციპულად არ ვურეკავდი, თვითონაც არ მეხმიანებოდა და ამას ძალიან განვიცდიდი. ასე გავიდა ერთი თვე. ერთ დღეს კი სამსახურიდან დაბრუნებულს ჩემი სახლის სადარბაზოსთან დამხვდა მანქანით. რომ დავინახე, სიხარულისგან ტირილი დავიწყე და აღარც კი მახსოვს, რას ვეუბნებოდი. ცოტა რომ დავწყნარდი, მითხრა, უშენოდ ვეღარ გავძელი და სახლიდან წამოვედი. ჩემს ცოლს ყველაფერი ვუთხარი და ხვალ გაყრაზე შემაქვს განცხადებაო. მე სულელს,  კინაღამ გული წამივიდა, ისე გამიხარდა. მოვკიდე ხელი, სახლში ავიყვანე და ჩემს მშობლებს საქმროდ გავაცანი. იმ ღამესვე ჩემთან ხომ არ დარჩებოდა, ამიტომ, სასტუმროში იქირავა ნომერი და, სანამ ბინას ვიშოვიდით, იქ ვცხოვრობდით. მერე კი ნაქირავებ ბინაში გადავედით. ცოლთან გაყრის საქმეები რომ მოათავა, ერთ კვირაში ქორწინების სახლში განცხადება შევიტანეთ და ორი თვის მერე ქორწილიც დავგეგმეთ. ლევანმა ფული მომცა და მითხრა, მე ამ საქმეებში ვერ ვერკვევი, წაიყოლე შენი დაქალები და საპატარძლო კაბა, ფეხსაცმელები და ყველაფერი, რაც გჭირდება, თვითონ იყიდეო. რომ ვოცნებობდი, ისეთი კაბა ვიყიდე, მართლა დედოფალს ვგავდი. დიდი ქორწილი მოვინდომეთ და სტუმრების სია ერთად შევადგინეთ. ლამის სამასი კაცი გამოვიდა, მაგრამ მინდოდა, ჩემი ბედნიერების შესახებ ყველას გაეგო და ჩემი საახლობლოდან ლამის ქუდზე კაცი დავპატიჟე. ჩვენი გეგმით, ჯერ ეკლესიაში უნდა მივსულიყავით, ჯვარი დაგვეწერა და მერე წავსულიყავით რესტორანში, სადაც გაშლილი სუფრა გველოდა. მე მოვირთე, მოვიკაზმე და გაბრწყინებული ველოდებოდი ლევანსა და მის მაყრიონს. მაყრიონი მოვიდა, მხოლოდ ლევანი და მისი მეჯვარეები არ ჩანდნენ. ყველას სათითაოდ დავურეკე, მაგრამ ტელეფონი ყველას გათიშული ჰქონდა. საშინლად უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მამაჩემი დასაბმელ გიჟს ჰგავდა. ლევანის მაყარიც შეთხელდა – ვინც მოახერხა, წავიდ-წამოვიდა. ალბათ, იფიქრეს, აქ რაღაც მოხდება და, ჯობია, არ ჩავერიოთო. დათქმულ დროს ორი საათით რომ გადასცილდა, ავიტეხე, ალბათ ავარია მოუვიდათ ან რამე სხვა უბედურება შეემთხვათ და ახლავე უნდა გავარკვიო-მეთქი. მერე ერთ ჩემს ნათესავს ვთხოვე, შენ უნდა მომაძებნინო-მეთქი. ძალიანაც არ ესიამოვნა, მაგრამ, უარი ვეღარ მითხრა. ყველა სავარაუდო ადგილი რომ მოვიარეთ, ჩემმა ნათესავმა მითხრა, ბავშვი ხომ არ გაუხდა ცუდად და მასთან ხომ არ არისო. ვიცოდი, სადაც ცხოვრობდა და მივედით. არ დავუჯერე ჩემს ნათესავს და მე თვითონ დავრეკე კარზე ზარი, საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა. კარი ასე ხუთი-ექვსი თვის ორსულმა ქალმა გამიღო. დამინახა, აშკარად მიხვდა, ვინც ვიყავი, მაგრამ, წარბიც არ შეუხრია, დამცინავად შემომხედა და სახლში შემიპატიჟა – მობრძანდით, ლევანი უფროს შვილს ამეცადინებს და ახლავე გათავისუფლდება. ჩვენ მალე მესამე შვილი გვეყოლება. მე ტოქსიკური ორსულობა მაქვს და ჩემი ქმარი ყველანაირად მეხმარება, რომ არ დავიღალოო. ის შენი ქმარი აღარ არის-მეთქი, – ამოვიხრიალე. არა, ჩემო კარგო, ერთი თვის წინ ოფიციალურად შევრიგდით, თუმცა, სანამ შენთან იყო, მაშინაც არ დავუტოვებივარ და ამას ჩემი მუცელიც ადასტურებსო. მე გიჟივით შევვარდი სახლში, რომ საკუთარი თვალით დამენახა ადამიანი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა და რომელმაც ამქვეყნად ყველაზე მეტად დამამცირა. ოთახში რომ შევედი, დავინახე, როგორ ამეცადინებდა ერთ შვილს, მეორე კი კალთაში ეჯდა და ეფერებოდა. რომ დამინახა, ქაღალდივით გათეთრდა, მაგრამ, ხმა ვერ ამოიღო. შიშის, უსუსურობისა და უხერხულობისგან ჯერ გაქვავდა, მერე, როგორც იქნა, დაუბრუნდა მეტყველების უნარი და ძლივს ამოიხავლა – მე ჩემს ოჯახთან დავბრუნდი და, თუ შეგიძლია, მაპატიეო. როგორ გამოვლასლასდი მისი ბინიდან, არ მახსოვს. მხოლოდ ის მაგონდება ბუნდოვნად, ვიღაც თეთრხალათიანებმა საკაცით მანქანაში რომ შემიტანეს. გონს ერთი კვირის შემდეგ მოვედი, მაგრამ საავადმყოფოში მთელი თვე ვიწექი. კარგა ხანს ეყო ეს ამბავი ქალაქს საჭორაოდ და მე კარგა ხანს ვეღარ გამოვდიოდი გარეთ. მერე კი ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგა, სხვა უფრო „საინტერესო“ ამბავიც ბევრი მოხდა თბილისში და ჭორიკნებმა ნელ-ნელა დამივიწყეს.

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა, ისევ ისე მტკივნეულად განვიცდი ყველაფერს. ლევანი მთელი არსებით მძულს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მძულს საკუთარი თავი და გულის სიღრმეში ვაღიარებ, რომ ღირსი ვიყავი, რაც დამემართა.

ელენე, 32 წლის.

 

скачать dle 11.3