კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო სცა პატივი ყაენმა გასომხებულ ქურთს – სადუნ მანკაბერდელს, რომელიც გულმოდგინედ ქართველობდა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი რამდენიმე თვეში ოცდამეათე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, არც სპორტზე გახლავთ მწყრალად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გასული საუკუნის 70-იან წლებში დაცული მისი სადიპლომო შრომის სათაური ასეთია: „ურთიერთმიმართების საკითხისათვის: ფეხბურთელის ოსტატობის დონესა და ფეხბურთისადმი მის დამოკიდებულებას შორის”. 

 

გელა გარაყანიძე: სახელგანთქმული მეცნიერი, ვახუშტი ბატონიშვილი თავის ცნობილ ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, ისეთ ფაქტებსა და მოვლენაზეც წერს, სპორტის ისტორიკოსსაც დააინტერესებს და სპორტის ფსიქოლოგსაც. 

დღეს, საყოველთაოდ მიღებული აზრით, ფეხბურთია სპორტის ყველაზე გავრცელებული სახეობა. ფეოდალურ ხანაში, ბევრის აზრით, ჭიდაობა იყო უფრო პოპულარული.

თუმცა, ვინც ვახუშტის ნაღვაწს იმ კუთხით შეხედავს, რომ მასში ჭიდაობასა და მოჭიდავეებზე მრავალგვარი სახის ცნობებს ამოიკითხავს – იმედი გაუცრუვდება. 

– ბატონო გელა, ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრნი – ვახუშტი პირველ ყოვლისა, მემატიანე გახლდათ და გეოგრაფი... ამ სფეროში საკმაოდ ღირსშესანიშნავი და დიდი მოცულობის (მაშინდელი საზომებით) მემკვიდრეობა დაგვიტოვა... ის ხომ სპორტული ჟურნალისტი არ ყოფილა?!

– მესმის თქვენი პათოსის... მოჭიდავეებზე რომ ეწერა ბევრი, მოიმდურებდა მოჭადრაკეებს, მოცურავეებს, ცხენოსნებს, ტყვიის მსროლელებს, მშვილდოსნებს, ნიჩბოსნებს...

ვახუშტი მხოლოდ ორი მოჭიდავის პერსონით შემოიფარგლა – სადუნ მანკაბერდელითა და ყვარყვარე ათაბაგით. პირველი მეცამეტე საუკუნეში ცხოვრობდა, მეორე – მეთექვსმეტეში.

– რა სახის სპორტული მიღწევები ჰქონდა ამ ორ პიროვნებას? იმედია, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ იქნებოდნენ სახელმოხვეჭილნი! მოკლედ გვიამბეთ მათ შესახებ.

– უპირველესად, აღსანიშნავია, რომ დიდი საბას მიხედვით: „ჭიდება არს მხეცი და კაცი რა შეიჭიდნენ, გინა მხეცი და მხეცი, ანუ პირუტყვი და პირუტყვი; ხოლო კაცი კაცსა რა ეჭიდებოდეს, რკენა ეწოდების.”

... მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარია. ქართული დელეგაცია მონღოლთა ყეენის კარზე იმყოფება ურდოში. დელეგაციის ერთ-ერთი წევრი სადუნ მანკაბერდელი გახლავთ – გასომხებული ქურთი, რომელიც ქართველობს... თანაც ისე, რომ მონღოლებს მასზე ერთგული, არც არავინ ეგულებათ! და აი, ამ მედროვე კაცის სულში, თურმე რაინდული საწყისი ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა! იცით, რას გაუბედავს იგი ყეენს მისსავე დაპყრობილ ტერიტორიაზე?! – „აჰა, აქა ესეოდენნი სპანი და უკეთუ ვინ მერკინების, ანუ მედგინების, ანუ ისარსა განასრევს ვინ”.

– ძალიან თამამად არის ნათქვამი, ყველა ვერ შებედავდა. რა მოჰყვა შედეგად ამ თავგანწირულ სულისკვეთებას? მანამდე კი ერთი ნიუანსი დავაზუსტოთ, სულ რამდენ სახეობაში გამოსასვლელად იყო მზად სადუნი? ორში, თუ სამში? რას ნიშნავს სიტყვა „მედგინების”?

– სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასპარეზობა ორ სახეობაში შედგა – ჭიდაობასა და მშვილდოსნობაში, თუმცა... 

– „მერკინების” – ერთი, „ისარს განასრევს” – ორი! სიტყვა – „მედგინების”, სიტყვის – „მერკინების” სინონიმია?

– ასე მიიჩნევენ! თუმცა, მე პირადად, მეეჭვება. თუ სადუნმა მხოლოდ ორ სახეობაში მოითხოვა პაექრობა, სიტყვა „მედგინების” ზედმეტი და არაფრისმთქმელი გამოდის. ამასთან, არც ერთ ენათმეცნიერს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ ეს ორი სიტყვა სინონიმია. მსგავსი რამ არსად ფიქსირდება. 

– იქნება, სადუნის სპორტულ შედეგებზეც მოგვითხროთ მოკლედ.

– თვითონ ვახუშტიც ძალზე  ლაკონურია: „და ვერავინ გამოჩნდა დარი მისი, ამისთვის სცა ყეენმან პატივი”. 

– მაშინ გადავიდეთ ყვარყვარე ათაბაგის სპორტული მარიფათის აღწერილობაზე. 

– მემატიანე აქაც ძალზე მშრალია: „ყუარყუარესათვის ხონთქარს ფალავანი ერკინა, ყუარყუარეს დაეცა. ამისთვის ქრისტეანობით გამოეშვა და თვისი საბატონო მოეცა”. ხონთქარი – ოსმალეთის სულთანია, ყვარყვარე – ჯაყელების შთამომავალი, ქაიხოსრო ათაბაგისა და მუხრანბატონის ასულის, დედისიმედის ვაჟი... 

... სისწრაფე – სპორტული წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, მიღებული გადაწყვეტილების სწრაფად შესრულების შნო, აი, რა ფასობს ყველაზე მეტად სპორტში! ეს შტრიხი – თანდაყოლილი სისწრაფე, ქართველ სპორტსმენებს არ აკლიათ და ამ ფაქტზე არც არავინ დავობს. მეჩვიდმეტე საუკუნეში დაბადებული ვახუშტიც ამავე თვალსაზრისს გვიდასტურებს, როცა ქართველის ზოგად ტიპს აღწერს: „ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი,... წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვიათ სქელნი, მხნენი მუშაკნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი”... 

– ბარემ, ყველა იმ სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა მოკლე ფიზიკური დახასიათება შევახსენოთ მკითხველს, ვინც საქართველოს ფარგლებში სახლობდნენ. 

– კახელებზე ამბობს, რომ ისინი არიან „მზგავსნი ყოვლითავე ქართველთა”... იმერლებზე – „ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეთცა იუწყე, გარნა უშუენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ცქვიტნი, კისკასნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ძლიერნი”... გარეგნობას არ ეხება, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო ვახუშტის დაკვირვება იმერლების საუბრის ტემპზე – „უცქვიტესად მოუბარნი”.

ლეჩხუმელებზე – „ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მხნენი.” რაჭველებზე – „კაცნი ტანოვანნი, მხნენი, ძლიერნი”. მეგრელებზე – „კაცნი და ქალნი შუენიერნი, არამედ იმერთაებრ არა ტანოვანნი, ხორციანნი, მსწრაფლნი”. აფხაზებზე – „ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი, წერწეტნი, ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი”. სვანებზე – „დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი”. გურულებზე – „მზგავსნი იმერთა”... გურულთა ფიზიკურ აგებულებზე ვახუშტი არაფერს ამბობს. 

– რას ნიშნავს სიტყვები „ჰაეროვანი” და „კისკასი”? 

– „ჰაეროვნება” – „კეთილ-მოხდომილი სახოვნება”. „კისკასი” – „სწრაფად მქცევი”. 

ვიმეორებ – სისწრაფეა ქართველი სპორტსმენების გამარჯვებათა მთავარი კოზირი. აი, მათი აქილევსის ქუსლი კი – გამძლეობაა. თუმცა, ვახუშტი ერთ ისეთ ცნობას გვაწვდის, თუ ის სარწმუნოა, მაშინ... 

– რატომ არის გამძლეობა ქართველების სუსტი წერტილი? ასეულობით წლების განმავლობაში ქართველი მომხდურ მტერს ებრძოდა, მასზე ბევრად მრავალრიცხოვანს და შეუბრალებელს... გამძლეობა რომ არ გვქონოდა, როგორ მოვიტანდით თავს დღევანდლამდე?

– თქვენ გულისხმობთ ზოგადად გამძლეობას, რომელსაც განაპირობებს სულიერი რწმენაც, თვითგადარჩენის ინსტინქტიც... რომელიც იკვებება ხალხური პოეზიითაც, სიმღერებითაც, ცეკვებითაც... დიდებული ქართული ღვინითაც... მე სხვა ტიპის ფიზიკურ გამძლეობას ვგულისხმობ – დროის მონაკვეთში სასრულ ფიზიკურ გამძლეობას! იცით, რა ეროვნების ადამიანებს ეკუთვნით საქართველოს რეკორდები სტაიერულ დისტანციებზე ცურვაში, სირბილში, ნიჩბოსნობაში, ველოგადარბენაში... 

– მაინც რა ეროვნების?

– რუსებს, სომხებს, ებრაელებს...

– იქნებ ქართველები ნაკლებად ეტანებიან ამ დისციპლინებს, ამ დისტანციებს?

– იმიტომ ეტანებიან ნაკლებად, რომ წარმატების იმედი არ აქვთ. შეგიძლიათ, დამისახელოთ, რომელიმე ქართველი, მარათონელი ვაჟის გვარი? ქალებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... და ამ დროს ვახუშტი იძლევა ცნობას, რომ ზოგიერთი ქართველი მარათონულ დისტანციებსაც წარმატებით ფარავდა – „ვიეთნი ლგ ეჯს იდ ჟამს გაირბენს”.

– თუ შეიძლება განმარტეთ, რა მანძილის გარბენა იგულისხმება დროის რა მონაკვეთში?

– „ჟამი” – შუა საუკუნეებში ერთ საათს ნიშნავდა. „იდ” ნიშნავს თოთხმეტს (ი – ქართული ანბანის მეათე ასოა, დ – მეოთხე). მარტო ის ფაქტი, რომ ქართველს 14 საათი შეუსვენებლად შეეძლო სირბილი – უკვე რეკორდია! ამ ხნის განმავლობაში იგი გარბოდა 33 ეჯს. 

– რამდენ კილომეტრს უდრიდა ერთი ეჯი?

– აქ ცოტა ჩახლართული ვითარებაა, მაგრამ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. საბა – „სამი მილი ერთი ეჯი არს”. ვინაიდან თვითონ მილის განმარტებაა მრავალგვარი, არჩევენ საზღვაო მილსაც და სახმელეთოსაც... პირდაპირ მილს ნუ გადავიყვანთ მეტრებში, შემოვლითი გზით წავიდეთ. 

ერთი მილი უდრის ათას ბიჯს. სამი მილი იქნება სამი ათასი ბიჯი. ახლა, გვაინტერესებს რას უდრის ერთი ბიჯი.

– ბიჯი, იგივე ნაბიჯი არ არის?

– სწორედაც, რომ არა. საბას მიხედვით ბიჯი სხვაა და ნაბიჯი სხვა. „ბიჯი და ნაბიჯი განიყოფებიან: ნაბიჯი არს ერთის(ა) ფეხის გარდადგმა, ხოლო ბიჯი მეორის(ა) გარდანაცვლება, რომელი ზომით იქმნების ხუთი ტერფი”. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ერთი ეჯი 4,5 კილომეტრია. ხოლო თუ ამ მანძილს ოცდაცამეტზე გავამრავლებთ, მივიღებთ 148,5 კილომეტრს. 

150 კილომეტრი მანძილი 14 საათში! იცით, რას ნიშნავს – დილის 7 საათზე რომ გავიდეს კაცი თბილისიდან, გორის მიმართულებით სირბილით და საღამოს 9 საათზე ისევ თბილისშივე ჩამობრუნდეს შეუსვენებლივ.

 

 

скачать dle 11.3