კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოინდომეს სირიელმა სომხებმა ლაზიკაში მესხეთელ თურქებთან ერთად დასახლება და რატომ არ უნდათ ადგილობრივ ჯავახელ სომხებს „თურქ-მესხებთან“ სამცხე-ჯავახეთში

აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზი მოჰაჯირების შთამომავლების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება ჯერ კიდევ ბაღაფშის „პრეზიდენტობის“ პერიოდში განიხილებოდა. თუმცა იქ არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური, ასევე, პოლიტიკური ვითარების გამო, არც თურქეთის მოქალაქე ეთნიკურ აფხაზებს გამოუჩენიათ დიდი ენთუზიაზმი, დაბრუნებოდნენ თავიანთ ფესვებს და, მაინცდამაინც, არც რუსეთი შეჰგებებია ამ პროცესს გაშლილი ხელით. ამის პარალელურად, ამჟამად რუსეთია დაინტერესებული აფხაზეთში, ოღონდ მოჰაჯირების სირიაში მცხოვრები შთამომავლების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებით, რაშიც უკვე  თავად აფხაზეთის აფხაზობა აღარ არის დაინტერესებული. რა განსხვავებაა თურქეთისა და სირიის მოქალაქე ეთნიკურ აფხაზებს შორის, რატომ გაუჩნდა რუსეთს მოულოდნელად მათი აფხაზეთში ჩასახლების ინტერესი და რა კავშირი აქვს სერგეი ბაღაფშის მოულოდნელ დაღუპვას თურქეთიდან აფხაზი მოჰაჯირების შთამომავლების  ჩასახლების მცდელობასთან, –  საკითხს მამუკა არეშიძე განგვიმარტავს.    

 

– რამდენ ქვეყანაში ცხოვრობენ აფხაზი მოჰაჯირების შთამომავლები?

– მეცხრამეტე საუკუნეში აფხაზური დიასპორები განფენილი იყო ოსმალეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე, ოსმალეთის იმპერიაში კი შედიოდა დღეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები: სირია, ლიბანი, პალესტინა, ევროპის ნაწილი და სხვა. აგრეთვე, აფხაზების განსახლების ადგილი იყო აჭარაც, რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა და ამიტომაც ცხოვრობს 5 000 აფხაზი დღეს აჭარაში.

დღეს მოჰაჯირების შთამომავლები უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ცხოვრობენ, მაგრამ მათი მიდგომა სამშობლოსადმი განსხვავებულია.

– თუმცა ერთსა და იმავე პერიოდში გაასახლეს აფხაზეთიდან?

– დიახ, ისინი ერთსა და იმავე პერიოდში მოსწყდნენ თავიანთ საშობლოს და ეს მოხდა მეცხრამეტე საუკუნის 60-70-ან წლებში. ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი დიასპორა ცხოვრობს თურქეთში. 

– რამდენი არიან, მართლაც,  700 000?

– არა, ჩერქეზებსაც თავიანთ რაოდენობას ათვლიან. ციფრის დასახელება რთულია, რადგან სხვადასხვა ციფრი სახელდება და ისინი, ძირითადად, გაბერილია. მოჰაჯირობის პროცესში აფხაზეთიდან 60 000 ადამიანი გაასახლეს და ისინი მილიონი ვერ გახდებოდნენ. სამშობლოსადმი მათ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ, როგორც გითხარით, მიდგომები აქვთ განსხვავებული. თურქეთში მცხოვრებნი თავიანთ თავს თურქეთის მოქალაქეებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ სხვა ერებთან ერთად შექმნეს თურქეთის სახელმწიფო. ამდენად, პასუხისმგებლობა აქვთ ამ სახელმწიფოსა და მის პოლიტიკაზე. ახალი არ არის, რომ თურქეთში მცხოვრები მოჰაჯირების დაბრუნება უნდოდა აფხაზეთის ხელისუფლებას. ამაზე გაუთავებლად იყო ლაპარაკი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: ძირითადად, საუბრობდნენ თურქეთში მცხოვრები აფხაზების შთამომავლებისა და ევროპაში გაფანტულ აფხაზების შთამომავლების დაბრუნებაზე, მაგრამ არასდროს უხსენებიათ მოჰაჯირების არაბულ ქვეყნებში მცხოვრები შთამომავლები. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებ.

როდესაც ვახსენე, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზები თავს მიიჩნევენ თურქეთის სრულფასოვან მოქალაქეებად და ატარებენ თურქეთის პოლიტიკას-მეთქი, ეს უკავშირდება იმასაც, თუ რა ტიპის მიდგომა აქვთ მათ რუსეთისადმი. ყველა „პრეზიდენტის“ პროგრამაში, არძინბა იქნებოდა ეს ბაღაფში თუ ანქვაბი, ითქვა, რომ უნდა დამყარდეს მჭიდრო კონტაქტი მოჰაჯირების შთამომავლებთან და რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ. არძინბამ ეს ვერ განახორციელა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ წინააღმდეგ ომში მონაწილეობას იღებდნენ თურქი აფხაზებიც. მართალია, დაახლოებით, 20-30 ადამიანი, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს არა რაოდენობას, არამედ ხარისხს. ყველა მათგანი იყო ყოფილი სამხედრო ან ჟანდარმერიის სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლი. მოჰაჯირების შთამომავლების მასობრივი დაბრუნება ვერც არძინბამ მოახერხა, თუმცა მცირე ნაწილი მაინც დაბრუნდა და ზოგიერთი მათგანი დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაშიც კი არის. ბაღაფშმა ხუთჯერ მოინდომა თურქეთში წასვლა მათთან მოსალაპარაკებლად. ის არა მარტო ჰუმანიტარული პრინციპით მოქმედებდა, რომ ის ხალხი გაძევებულია სამშობლობდან და აუცილებლად უნდა დაბრუნდნენო, არამედ ბაღაფშის მთავარი სურვილი იყო დემოგრაფიული სურათის აფხაზების სასარგებლოდ შეცვლა. მას მიაჩნდა, რომ თურქეთში მცხოვრები მოჰაჯირების შთამომავლები არიან საუკეთესო ამისთვის. ბაღაფშმა ვერაფრით აისრულა ეს ოცნება იმ ფორმატში, როგორც უნდოდა. რუსეთი არ აძლევდა საშუალებას, რომ ამ მიზნით წასულიყო თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად. თუმცა ბაღაფში მაინც წავიდა, ვითომ სამკურნალოდ და შეხვდა მოჰაჯირების შთამომავლებს. რამდენიმე დიდი შეხვედრა გამართა, მაგრამ აფხაზი მოჰაჯირების მთავარი გზავნილი ასეთი იყო: უნდა მომხდარიყო აფხაზეთის რუსეთისგან დისტანცირება და აფხაზეთს თავისი პოლიტიკური კურსი უნდა მიება ან დასავლეთზე, ან თურქეთზე. როგორც სოხუმში ვარაუდობდნენ, ბაღაფში ამ თავის თამამ ნაბიჯს შეეწირა. ბაღაფში მოჰაჯირების შთამომავლებს დაეთანხმა, რაღაც დოკუმენტებზეც მოუწერა ხელი და მოსკოვისთვის სახიფათოც გახდა. იმიტომ რომ მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს თურქეთის მოქალაქეების მასობრივ ჩასახლებას აფხაზეთში, რადგან ეს ნიშნავს ნატოს გავლენას აფხაზეთში და თურქული ელემენტის გაძლიერებას.

– სირიელი აფხაზების თემა რატომ გახდა აქტუალური?

–   2000 წელს ჩემი თვალით მყავს ნანახი გუდაუთაში სირიიდან ჩამოსული აფხაზი 7-სულიანი ოჯახი. ეს იყო დურგალი კაცი, რომელიც თავისი ხელობით ირჩენდა თავს. სირია სულ სხვა თემაა: თუ თურქეთში მცხოვრები აფხაზები თავიანთ თავს თურქული სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ, შესაბამისად იქცევიან სირიაში მცხოვრებნიც. თან, უნდა ითქვას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: სირიაში უმცირესობა მართავს უმრავლესობას. საზოგადოება რელიგიური ნიშნითაა გაყოფილი: ალავიტები, რომლებიც მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენენ, მართავენ დანარჩენ სუნიტებს. ბაშირ ასადის გვარი არის ალავიტური გვარი. რადგან იქაური აფხაზები სუნიტებს  ვერ დაეყრდნობოდნენ, ეყრდნობოდნენ იმ რელიგიურ ჯგუფს, რომლიც მათთან ყველაზე ახლოს იყო არა რელიგიური, არამედ ბუნებრივი თვალსაზრისით. რადგან აფხაზებიც ერიდებოდნენ სუნიტებს, ამიტომ არის, რომ ბაშირ ასადის გვარდიაში ბევრი აფხაზი მსახურობს, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურასა და საპოლიციო ძალებშიც. ხოლო, რადგან ასადების გვარი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არის რუსეთის უერთგულესი მოკავშირე, ეს აფხაზებიც რუსეთის უერთგულესი მოკავშირეები არიან.

საინტერესო დეტალი:  რუსეთს თავისი ტერიტორიის გარეთ აქვს ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა და ეს არის სირიის ქალაქი ტარტუსი. აი, ამ ბაზაზე მსახურობდნენ ადგილობრივი მოსახლეობიდან მოჰაჯირების შთამომავლები.

– სირიაში რამდენი აფხაზია?

– სხვადასხვა მონაცემებია, თითქოს 60 000-მდეც არიანო. ფაქტობრივად, ესენი, სირიაში მცხოვრები აფხაზები არიან რუსეთის პოლიტიკის ერთგული ადამიანები და ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ რუსეთმა დააყენა ის წინადადება, რაც დააყენა: სირიაში სამოქალაქო ომის წინა პერიოდია და რადგან აფხაზები შეიძლება, აღმოჩნდნენ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ, უნდა მოხდეს მათი ევაკუაცია. ლაპარაკია 2 000 ოჯახის ჩასახლებაზე აფხაზეთში. აი, ამას მოითხოვს დღეს მოსკოვი სოხუმისგან და ეუბნება, ხომ გინდოდათ მოჰაჯირების დაბრუნება და ესენი  დააბრუნეთო. ოფიციალურ სოხუმს კი ცოცხალი თავით არ უნდა მათი დაბრუნება.

– ცნობილია, რომ თურქეთში საკმაოდ კარგად ცხოვრობენ მოჰაჯირების შთამომავლები და ამიტომაც ჭირდა დაბრუნებაზე მათი მასობრივად დაყოლიება. სირიაში რა პირობებში ცხოვრობენ?

– მათი მატერიალური მდგომარეობა მძიმე არ არის, მაგრამ სამოქალაქო ომის შემთხვევაში მთავარი აგრესია წავა ალავიტების წინააღმდეგ. ალავიტები ცოტანი არიან და ამიტომ აფხაზებსაც მოსთხოვენ პასუხს იმის გამო, რაც ხდებოდა ასადის მმართველობის დროს. თუმცა შესაძლოა, მოვლენები სულაც არ განვითარდეს სამოქალაქო ომის მიმართულებით, მაგრამ რუსებისთვის მაინც საჭიროა თავისი ერთგული აფხაზობის ჩამოსახლება აფხაზეთში, იმიტომ რომ არ ენდობა დღევანდელ აფხაზებს თავის ანქვაბიანად. ქართველმა საზოგადოებამ თავში უნდა ჩაიდოს, მოცემულობა ასეთია: მოსკოვი აფხაზებს არ ენდობა და არც არასდროს ენდობოდა. ერთადერთი ერი იყო აფხაზები, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში მიიღო ტიტული: „ნაროდ იზგოი“. იმდენჯერ აუჯანყდნენ რუსებს, რომ 1881 წლიდან 1909 წლამდე სამოქალაქო უფლებები არ ჰქონდათ, თუმცა ჩერქეზებს ჰქონდათ.

– ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის სამეფო ყველაზე ბოლოს დაიმორჩილა რუსეთის იმპერიამ ქართულ სამეფოებს შორის.

– ამიტომ ქართველმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ რამხელა სივრცეს იძლევა სამოქმედოდ ასეთი მდგომარეობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზები ჩვენზე არიან გადამკვდარი. 

– ერთნაირ პოზიციაში ვართ: რუსეთი არც მათ ენდობა და არც ჩვენ.

– და ამ სიტუაციაში მანევრის საშუალება შეიძლება, მაგრამ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. რუსებს კი სჭირდებათ ერთგული აფხაზები.

– თუ მაქსიმუმ 2 000 ოჯახზეა ლაპარაკი, ეს გამოდის, ვთქვათ, 10 000 ადამიანი. ცოტა არ არის დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად?

–  პატარა აფხაზეთისთვის ეს ბევრია. თან, სირიელი აფხაზები არ არიან ღარიბები. თქვენ არ იცით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა: სირიელი სომხების გადასახლების ვერსია.

– აფხაზეთში?

– არა, მათ ლაზიკაში უნდათ ცხოვრება, შავი ზღვის სანაპიროზე. ისინი საკმაოდ მდიდარი ხალხია და მათაც ეშინიათ ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლის.

– თუ ლაზიკა არ იქნა, მაშინ სად?

– არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში,  არის იდეა, რომ ისინი შავი ზღვის სანაპიროზე უნდა დასახლდნენ. არ ვიცი, ვისგან წამოვიდა ლაზიკის მშენებლობის იდეა, მაგრამ ვიცი, რომ წინააზიელ სომხებში მუსირებს აზრი, რომ იქმნება ახალი ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა და რომელიც უნდა გახდეს სინგაპურის მსგავსი ქალაქი. სხვათა შორის, სინგაპურში მხოლოდ 17 პროცენტია ადგილობრივი მოსახლეობა, დანარჩენი ჩამოსახლებულია. მეტიც, ლაზიკაში არა მხოლოდ სომხებმა უნდა იცხოვრონ, არამედ მუსლიმანმა მესხებმაც და ის ქალაქი უნდა აშენდეს მუსლიმანი მესხების ფულით, რომელსაც ევროკავშირი გადაიხდის. როგორც ჩანს, პრობლემას ვერ ხედავენ ასეთ თანაცხოვრებაში.

– მაგრამ ჯავახეთში ხომ ხედავენ? ადგილობრივი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა სწორედ რელიგიური ნიშნის გამო ეწინააღმდეგება მესხეთელი თურქების სამცხე-ჯავახეთში დაბრუნებას.

– ჯავახეთში სულ სხვა იყო.

– მე შეიძლება, მინდა, რომ მთვარეზე დავსახლდე, მაგრამ როგორ დავსახლდები? საიდან დაასკვნეს, რომ სირიელ სომხებს ეკუთვნით რამე შავი ზღვის სანაპიროზე?

– ეს სურვილი კი არ არის, არამედ ტრადიციაა. მე გეტყვით ასეთ ფაქტს: 1946 წელს ბათუმის პორტს მოადგა 2 000 ლიბანელი სომეხით დატვირთული გემი, ხდებოდა ლიბანელი სომხების რეპატრიაცია სომხეთში. ისინი უნდა გადამსხდარიყვნენ მატარებელზე და წასულიყვნენ სომხეთში, მაგრამ არც ერთი არ წასულა, ყველა ბათუმში დარჩა. ეს მოხდა 1946 წელს! ამასთან, ჩვენ გვახსოვს, როგორ ხდებოდა ვარზგენ პირველის, სომეხთა კათოლიკოსის ძალისხმევით, სომხების ჩასახლება შავიზღვისპირეთში. შავი ზღვა არის სომხური იდეის განუყოფელი ნაწილი. აღარ ვლაპარაკობ იმ გზაზე, რომელიც იჭრება აჭარასა და სომხეთს შორის. ასე რომ, ეს არის დიდი პოლიტიკური თამაშის კულუარები, რომლებიც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის. იმას კი არ ვამბობ, ვეტაკოთ სომხებს და არ შემოვუშვათ-მეთქი. მე ვამბობ იმას, რომ ხშირად იმალება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები ან ისე ყრუდ ითქმება, რომ საზოგადოება ვერ ამახვილებს ამაზე ყურადღებას.

ისევ სირიელი მოჰაჯირების თემას დავუბრუნდეთ: რუსეთი ცდილობს თავისი მდგომარეობის განმტკიცებას, აფხაზები კი ამას ეწინააღმდეგებიან, იმიტომ რომ არ უნდათ ამ ტიპის ნათესავების ჩამოსახლება და ამ ბრძოლაში აფხაზები მარტო არიან. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ხელი გამოვიღოთ, საქართველოს ხელისუფლებისა და ექსპერტთა ჯგუფების წარმომადგენლები ჩუმად არიან. ხმას არ იღებენ ამ თემაზე.

 

 

скачать dle 11.3