პოლიტიკური კალეიდოსკოპი
დავოსის ფორუმს ანგელა მერკელი გახსნის
ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც შვეიცარიაში, დავოსში ტარდება წელს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გახსნის. საინტერესოა, რომ მერკელი 2007 წელსაც პირველი გამოსულა სიტყვით ფორუმზე. ფორუმზე განხილვის მთავარ თემად ევროზონის კრიზისი სახელდება და მასზე რეკორდული რაოდენობის სტუმრები არიან მიწვეულნი – 2 600 პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ამისა, ფორუმზე დასწრებას მსოფლიოს 40-მდე სახელმწიფოს პირველი პირი აპირებს, რომელთა შორის არ ფიგურირებენ რუსეთის წარმომადგენლები – დიმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი, რომელთაც, 2011 და 2009 წლებში ფორუმის გახსნის პატივი ხვდათ წილად. წელს დავოსში ჩასვლას გეგმავენ გაეროს გენმდივანი – პან გი მუნი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი და მსოფლიო პოლიტიკის სხვა გავლენიანი ფიგურები.
ფილმი პუტინზე რეიტინგში „რეალითი-შოუსთან” დამარცხდა
დოკუმენტური ფილმი „კრიზისი 2008: გადაარჩინე რუსეთი”, რომელიც ტელეარხ „რასია 1-ის” ეთერში გავიდა და რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ დაძლია რუსეთმა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები და რამდენად დიდია ამ პრობლემების მოგვარებაში ვლადიმირ პუტინის წვლილი, მოსკოველი აუდიტორიის დაახლოებით 15-მა პროცენტმა ნახა. ზუსტად იმავე დროს კი, სხვა ტელეარხის ეთერში გასულ პოპულარულ რეალითი-შოუ „დომ-2-ს“ რეიტინგმა 20-22 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ფილმში საერთოდ არ არის ნახსენები დიმიტრი მედვედევი, რომელიც, ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი 2008 წელს გახდა.
უგო ჩავესის 11-საათიანი სიტყვა
ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ნაციონალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლას 11 საათი მოანდომა. ჩავესი მიკროფონთან დღის პირველ საათზე მივიდა და მხოლოდ შუაღამეს დაასრულა საუბარი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გამოსვლა შარშანდელზე მეტხანს გრძელდებოდა. 2011 წელს ასამბლეის წინაშე ჩავესის გამოსვლა 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 2012 წლის ოქტომბერში ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ექსპერტების ვარაუდით თავისი ხანგრძლივი გამოსვლით ჩავესმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სრულიად ჯანმრთელია და მზად არის დატვირთვებისთვის. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩავესს ონკოლოგიური დაავადება დაუმტკიცეს, თუმცა ქიმიოთერაპიის კურსისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ოფიციალური კარაკასის ცნობით, იგი სრულად გამოჯანმრთელდა.
ბაშარ ასადის უპრეცედენტო ამნისტია
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა 2011 წლის 15 მარტიდან 2012 წლის 15 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებებზე. ოფიციალური დამასკოს ცნობით, ამნისტია იმ დამნაშავეებზე ვრცელდება, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მშვიდობიან მანიფესტაციებში, უკანონოდ ინახავდნენ იარაღს და დეზერტირობდნენ. თუმცა, დანამდვილებით ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის პატიმარი დატოვებს ციხეს. ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების დღიდან, დაახლოებით, ოთხ ათასამდე პატიმარმა დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. თუმცა, სირიული ოპოზიციის ცნობით, ამჟამად ციხეებში ათიათასობით უკანონოდ დაპატიმრებული პატიმარი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ არეულობების დაწყებას სირიაში ხუთი ათასამდე ადამიანი შეეწირა.
ელ-ბარადეის უარი პრეზიდენტობაზე
ნობელის ლაურეატმა და „მაგატეს” ყოფილმა მეთაურმა, მოჰამედ ელ-ბარადეიმ უარი განაცხადა ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. მისი თქმით, სანამ ქვეყანაში დემოკრატია არ დამყარდება, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არანაირი აზრი არ აქვს. ეგვიპტეს ჯერაც ჰოსნი მუბარაქის რეჟიმი მართავს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მუბარაქი 2011 წლის თებერვალში გადადგა თანამდებობიდან და მის სავარაუდო შემცვლელად, სწორედ ელ-ბარადეის კანდიდატურა სახელდებოდა, თუმცა, ბოლო დროა, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად არაბული სახელმწიფოების ლიგის ექსგენერალური მდივანი, ამრ მუსა სახელდება.