გულგამხეთქავად ოპტიმისტები
ანუ „ბალი ორი შაურია“
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2009-2011 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება გახლდათ. რომ იტყვიან, შედეგები გულისგასახეთქია, რადგან გამოკითხულთა 12 პროცენტს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ჰგონია, 16 პროცენტს კი წარმოდგენაც არ აქვს ამ საკითხზე; ღვთის შეწევნით, დანარჩენ 72 პროცენტთან მიმართებით ყველაფერი რიგზეა, რა თქმა უნდა, ინფორმირებულობის თვალსაზრისით, მაგრამ, 51 პროცენტს არაფერი სმენია საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების შესახებ.
არანაკლებ მძიმედაა ვითარება ევროსაბჭოსთან მიმართებაში: გამოკითხულთა 37 პროცენტის აზრით, საქართველო ევროსაბჭოს წევრი არ არის, ხოლო 27-ს ამ საკითხზე წარმოდგენაც არ აქვს.
კვლევაში არაფერია ნათქვამი ამ არაინფორმირებულობის მიზეზებზე, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პოლიტიკით, ძირითადად, გალაღებულ ქვეყნებში არ ინტერესდება მოსახლეობა, ჩვენი ხარვეზის გასამართლებლად, აშკარაა, ამ არგუმენტს ვერ გამოვიყენებთ. მეორე მხრივ, რაკი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის სწორედ საერთო მაუწყებლებია ყურმისაწვდომი, ისინი კი ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ფრიად ხშირად ახსენებენ (შიგადაშიგ – უხსენებენ), უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი საერთო მაუწყებლებს არ ეწაფება (რაც, თუ პროპაგანდისტულ წიაღსვლებს გავითვალისწინებთ, სულაც, არ არის ურიგო).
და, თუ გავიხსენებთ, რომ, ჩვენი ხელისუფლების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ოპტიმისტები ვბრძანდებით რეგიონში, რა თქმა უნდა, ვიქნებით, თუნდაც, ზემომოყვანილი ინფორმირებულობის ხარისხს გადამკიდე ხოლო, თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ, მალე, შესაძლოა, თუ მთლად „ნატოს“ ვერა, აუტიზმს მაინც გამოვკრათ ხელი.