„ბარდელიეროს“ მოლოდინში
„ამსვა, დამსვა და ქსნის დაწესებულებაში ჩამსვა“
შესაძლოა, სწორედ იმიტომაც, რომ 2012 წლის მონაცემით, ეს ჩვენი ოკუპირებული სამშობლო 100 000 სულ მოსახლეზე 539 პატიმრით ევროპაში პირველი, ხოლო 216 ქვეყანას შორის ოდენ მეოთხეა, ციხეების მინისტრი ქალბატონი ძალისხმევას არ აკლებს არც ციხეების მშენებლობის საქმეს და არც მათი კეთილმოწყობისას. თავის მხრივ, მას (ჯერჯერობით და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ძალისხმევაში) არც საერთო მაუწყებლები ჩამორჩებიან და ისეთი მონდომებითა და ემფატიკურობით აშუქებენ ციხის ახალ ამბებს, თითქოს მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება ამას ელოდნენ.
ელოდნენ თუ არა, ფაქტია, რომ კვირა ერთია და ციხეების თემაზე მომზადებული სიუჟეტი – მრავალი. ასე, მაგალითად, გასულ კვირას ქ-ნმა კალმახელიძემ ქსნის დაწესებულებაში პატიმრების მშობლებთან ერთად პატიმრებისთვის განკუთვნილი საკვები დააგემოვნა (იმ პატიმართა მშობლები, რომლებიც დაგემოვნების რიტუალს ვერ დაესწრნენ ან არ დაასწრეს, ირწმუნებიან, რომ ციხის საკვები საკვებად თითქმის უვარგისია). კიდეც მოიწონა და გემრიელადაც შეექცა. ამის პარალელურად, დაწესებულების მზარეულმა (ალბათ, მთავარმა) გაგვიმხილა, რომ ქსნის დაწესებულებას 22 მზარეული ემსახურება, რომლებიც პატიმრებს მთელი კვირის განმავლობაში უმზადებენ საქონლისა და ქათმის ხორცისგან დამზადებულ კერძებს, ხოლო შაბათობით კი თევზის დღე ჰქონიათ (ჩემ მიერ მთავრად შერაცხილმა მზარეულმა ღიმილით დასძინა, რომ პატიმრები თევზის დღეს მოუთმენლად ელიან). მეტიც, რაკი პატიმრების უმეტესობა მარხვაზეა, ოთხშაბათობით და პარასკეობით სამარხვო კერძებს ვახვედრებთო (როგორც შემდეგ გაირკვა, ოთხშაბათს და პარასკევს დაწესებულებას საკვებით საპატრიარქო ამარაგებს). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ამ ჩვენი კანონით, თითო პატიმრის კვებისთვის ყოველთვიურად 24 ლარი იხარჯება (ამ თანხით კი, ჰა და ჰა, კილო-ნახევარი ხორცი შეიძინო), ქსნის დაწესებულების სამზარეულოში, როგორც ჩანს, ჯადოქრები მუშაობენ.
მოკლედ, როგორც უნდა იყოს, რადგან 2012 წელი პატიმრების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების წლად გამოცხადდა, იქნებ მადლისთვის მარილიც მოეყარათ. ამ ჩვენს ხელიხელსაგოგმანებ პენიტენციურ (ციხეების, რაღა!) სისტემას ერთი „ბარდელიერო“ ვითომ რით არ დაამშვენებდა (მით უფრო, რომ იმ ახალ დაეწესებულებაში არაერთი მოქალაქეც დასაქმდებოდა)?!