როდის შეეშალა „მაგრა“ ინგა გრიგოლიას და როგორია ის მამაკაცებთან ურთიერთობაში
ინგა გრიგოლია, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკაში ისე კარგად ვერ გრძნობს თავს, როგორც ჟურნალისტიკაში იყო. თუმცა, მოტივაცია, რისთვისაც მან ეს ნაბიჯი გადადგა, სერიოზული ჰქონდა. ვერ გეტყვით, გახდება თუ არა ის მნიშვნელოვანი ფიგურა პოლიტიკაში და მოახდენს თუ არა სერიოზულ გადატრიალებას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვეული, მწარე-მწარე ფრაზების წარმოთქმა აქედანაც მშვენივრად გამოსდის. სინამდვილეში, ამ ყველაფრის მიღმა, მათ, ვინც მას ახლოდან არ იცნობთ, გეტყვით, რომ ინგა გრიგოლია ჩვეულებრივი, თბილი ადამიანია. მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ დროს საინტერესოა და სიამოვნებას გგვრის. ინტერვიუ ინგასთვის დამახასიათებელი გულახდილობით, მეგობრულად წარიმართა.
– ინგა, რა ხდება შენს ცხოვრებაში ახალი, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთე?
– იცი, ჩემი ცხოვრება კარდიოგრამასავითაა. როცა კარგი ეტაპი მაქვს, ვიცი, რომ აუცილებლად რაღაც ძალიან ცუდი უნდა დაიწყოს, თუ მაქვს ცუდი ეტაპი, არ ვნერვიულობ ხოლმე, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მას აუცილებლად კარგი მოჰყვება, კანონზომიერია. ჩემი ჩქარი ტემპიდან, პროფესიიდან თუ განვლილი გზიდან გამომდინარე, ყოველთვის რაღაცას ვიწყებდი, მერე ეს რაღაც ორ, სამ წელიწადში თავზე მენგრეოდა. ჩემთვის ყველაზე ცუდი ეს ბოლო წელი იყო, ასეთი ცუდი წელი არ მქონია. ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, სამსახურში პასიურობა მიწევდა. ამიტომ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში მე მიხაროდა 2011 წლის გასვლა. თუ თავზე არ მაყრია საქმე და საათის ისრების მიხედვით არ ვმოძრაობ, საშინლად ცუდად ვარ. შესაბამისად, როცა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, მოწყენილობისთვის ვიცლი.
– ინგა და დეპრესია? წარმოუდგენელია.
– ზოგადად, არ ვარ დეპრესიული ტიპი, მაგრამ ძალიან ღრმა მოწყენილობები მაქვს ხოლმე უსაქმურობის შემთხვევაში. ეს შეიძლება, ყველაზე დიდი, ერთი კვირა გაგრძელდეს. შემიძლია, ორი კვირა დათვივით სახლში ჩავიკეტო, ტელეფონი გამოვრთო, საერთოდ არავის დავეკონტაქტო, ინტერნეტში ვიძრომიალო, ან რაღაც წავიკითხო. იმ დღეს გოგოები ვჭორაობდით და ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა, სად იცხოვრებდი სიამოვნებითო. სულერთია, სად ვიცხოვრებ, მთავარია, ინტერნეტი და ტელევიზორი მქონდეს-მეთქი – ეს იქნება ღრმა სოფელი თუ ყველაზე დიდი მეგაპოლისი. ადრე არ ვიყავი ასე. სახლში მარტო დასაძინებლად მოვდიოდი. ერთადერთი ფუნქცია ჩემს სახლს ჰქონდა, რომ დამეძინა. ახლა ჩემთან უფრო მოდიან, ვიდრე მე გავდივარ ვინმესთან. არ ვიცი, ასაკის ბრალია თუ რა, მე ვფიქრობ, რომ თბილისში ცხოვრება ძალიან უინტერესო გახდა. სადაც არ უნდა წავიდე, არსად ყოფნა არ მაინტერესებს.
– შენ რომ თბილისურ „ტუსოვკებს“ გამოეთიშე და არსად წასვლა-წამოსვლა აღარ გინდა, ესე იგი, მართლა ცუდადაა საქმე?
– (იცინის) ტიპური თბილისური ბარები და ტუსოვკები, ჩემთვის მართლა იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, იშვიათად რომ ვინმემ მნახოს მსგავს ადგილებში. ამ ქვეყანაში საერთოდ ძალიან მოსაწყენი გახდა ცხოვრება. ცხოვრების მოწყენილობაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ სოციალურად ძალიან მძიმე დღეშია ხალხი, არ აქვთ ფინანსური საშუალება და არაფერი. გარშემო ბევრი ისეთი ადამიანი მყავს, ვისაც სამსახური აქვს და შესანიშნავი ხელფასი, მაგრამ მოწყენილები ცხოვრობენ. ზოგადად, ცხოვრება გახდა მოსაწყენი! არ მინდა, პოლიტიკური ტექსტი გამომივიდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის გახდა ეს ცხოვრება ხალისიანი და ეს არის, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო ელიტა. ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ პრეზენტაცია რომ მოაწყვეს, ფარჩის კაბებით ვინც ნახე ეკრანზე, აი, მათთვის გახდა ცოტა მხიარული, თორემ, ფართო საზოგადოებაზე ეს განწყობა არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ თუკი მაქვს შანსი და რაღაც დანაზოგი, გავრბივარ უცხოეთში. საქართველოში, რაც არ უნდა ხალხმრავალ წვეულებებზე ვიყო, ვეღარ ვერთობი.
– სამსახურიც ისეთი გაქვს, ნაკლებად გაგიჩენს ადამიანს გართობის სურვილს, არა? მაპატიე, ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, ტელევიზია უფრო გიხდებოდა და ზუსტად იყო შენზე მორგებული, ვიდრე საკრებულოს, „პრაკატით გამოტანილ“ მსგავს სკამზე ჯდომა?
– სატელევიზიო ნოსტალგია ძალიან მახრჩობს და ბოლო წელი რომ ვახსენე, აბსოლუტურად კარგად გავაცნობიერე, რომ მაგარი შეცდომა დავუშვი, როცა მივიღე გადაწყვეტილება ტელევიზიიდან პოლიტიკურ ცხოვრებაში შემედგა ფეხი. მაგრამ, იმიტომ კი არ მივიჩნევ შეცდომად, რომ აქ ვერ ვგრძნობ თავს კარგად. თემატურობის თვალსაზრისით, ეს დაახლოებით იგივეა, რასაც ვაკეთებდი, უბრალოდ, ჩემს თავს ვატყობ, რომ არ ვგიჟდები იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებ. რას ვიზამ, ერთხელ ყველას ეშლება. საქმე, რომელსაც ვაკეთებ, არ მიყვარს, უბრალოდ, მოტივაცია მაქვს დიდი. ამ ეტაპზე მე მაქვს ჩემი კონკრეტული გეგმები, კონკრეტული მიზნები და ვაპირებ, მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიაში გადავერთო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიშლება. ახლა თამაშიდან გამოსვლა ნიშნავს, ფეხის დადებას, როცა ადამიანი გარბის. ამის შემდეგ ვიფიქრებ ისევ ტელევიზიაზე. არ არსებობს ამბიცია, თანამდებობა, რომელიც ჩემში ტელევიზიის სიყვარულს გადაწონის. თვითონვე მაქვს დისკომფორტი და მეორე, იგივე პოლიტიკური შოუების დეფიციტი. სხვათა შორის, სანამ წამოვიდოდი, მქონდა შემოთავაზება, რომ თუ არ გავაკეთებდი პოლიტიკურ გადაცემას და გავაკეთებდი გადაცემას რაიმე სოციალურ, ქალურ-მამაკაცურ თემებზე, ამ შემთხვევაში, შემეძლო დიდი აუდიტორიით გამეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ უარი ვთქვი. განა იმიტომ, რომ ცუდია და ვინმეს ვაკნინებ, უბრალოდ, ჩემი თავი ვერ დავინახე არაპოლიტიკური თემების მიღმა. ხუთჯერ დამიხურეს გადაცემა და ჩემს თავს ვუთხარი, აზრი აღარ აქვს – ყოველ ნახევარ წელიწადში ახალ პროექტს ვიწყებ და მიხურავენ. ძალიან დიდი პროტესტის განცდით წავედი ტელევიზიიდან და დღემდე მომყვება ეს პროტესტი.
– როგორ ფიქრობ, ეს რისი ბრალია? ბედი არ მწყალობსო, ამას ხომ ვერ იტყვი?
– ჩემ გარშემო ყოველთვის მაგარი ადამიანები იყვნენ, იგივე ჩემი მეგობრები, ჩემზე ათჯერ უფრო ენერგიულები, ინტელექტუალები და განათლებული, მაგრამ წარმატებული ამ ათ კაცში შეიძლება მხოლოდ შენ აღმოჩნდე. წარმატების თვალსაზრისით ფორტუნამ თუ არ მოგცა გაქანების შანსი, სულ რომ თავი მოიკლა, არაფერი გამოვა. ყველაზე დიდი ბედნიერების განცდა არის, როცა ცხოვრება გჩუქნის იმას, რაც ძალიან გიყვარს. სულ მიმაჩნდა, რომ ტელევიზია იყოს ბედის საჩუქარი, ჩემი ახდენილი ოცნება. თუმცა, ძალიან ბევრი შრომა, ენერგია და ემოცია წაიღო ამ ყველაფერმა.
– არაერთხელ გითქვამს ინტერვიუში, რომ შენთვის პირად ცხოვრებას ყოველთვის ბოლო ადგილი ეკავა. ასე გინდოდა, თუ ფიქრობ, რომ ესეც ბედის ამბავია?
– არ მინდოდა-მეთქი, რომ ვთქვა, გულწრფელი არ ვიქნები. ერთი-ორჯერ მქონია სურვილი, მაგრამ რაღაცნაირად არ გამოვიდა. დიდი ხანია, უკვე აღარ მიფიქრია ამაზე. უფრო სწორად, ვერც დავუშვებ საკუთარ თავში იმას, რომ ჩემს სახლში შეიძლება კიდევ ვიღაც ცხოვრობდეს და რაღაც დამატებითი მოვალეობები მქონდეს. სულ ვამტკიცებდი, რომ თუ ადამიანი წარმატებულია კარიერაში, ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, ჰქონდეს, ასევე, წარმატებული ოჯახი. მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ამ კარიერამ ჩაყლაპა, იმიტომ კი არა, რომ მე ურთიერთობები, რომანი არ მქონია – ვერასოდეს ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი ამ ურთიერთობისთვის ან არასოდეს მეცალა. როცა შეყვარებული ხარ, ყველაზე დაძაბულ და აქტიურ პერიოდშიც მოახერხებ ერთი საათით მაინც გაძვრე და ნახო შენი საყვარელი ადამიანი, მაგრამ ურთიერთობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და დიდ დროს მოითხოვს. არის ერთი მომენტიც, როცა ხასიათზე არ ხარ, რაღაც პრობლემები გაქვს. მე სულ პრობლემატური სამსახური მქონდა და ვერასოდეს ემოციურად ბოლომდე ვერ დავიხარჯე იმისთვის, რასაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ჰქვია. ასეთი ტიპის ურთიერთობები, როგორც წესი, ოჯახის შექმნით მთავრდება. კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ნათქვამი – უფლებას მოვალეობა მოსდევს. ეს მოვალეობის ბოლომდე განცდა, მამაკაცთან მიმართებაში არასოდეს მქონია.
– თუმცა, ერთხელ მითხარი, ძალიან კარგი იქნებოდა, სახლში დაღლილი რომ მივალ, საყვარელი ადამიანი შემეგებოსო. არ ნანობ, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვი?
– არა. არ ვნანობ. გადასარევად ვგრძნობ თავს. მაინც ვფიქრობ, არ ვარ იმ კატეგორიის ქალი, რომელიც თავს თავიდან ბოლომდე ოჯახს მიუძღვნის. წეღანაც ვთქვი, რომ თუ არ მაქვს გიჟური საქმე, არ დავრბივარ დილიდან საღამომდე, სხვანაირად არ შემიძლია. ჩემი არჩევანი და პრიორიტეტი ყოველთვის სამსახური იყო. არ ვარ ის ტიპი, რომელიც ოჯახური საქმეებით ბოლომდე დაიტვირთება და ამით თავს ბედნიერად იგრძნობს. რადგან მოხდა ისე, რომ მეორეჯერ აღარ შევქმენი ოჯახი, ესე იგი, ასე უნდა ყოფილიყო. თექვსმეტი წლიდან და ალბათ, კიდევ უფრო ადრინდელი ასაკიდან, გადაწყვეტილებებს თვითონ ვიღებ. შესაბამისად, არანაირი სინანული არ მქონია, მით უმეტეს, დღევანდელი გადასახედიდან. მყავს 22 წლის, არაჩვეულებრივი შვილი. მიხარია, რომ მოვასწარი ბავშვის გაჩენა, იმიტომ, რომ მერე ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება, შეიძლება, ესეც ვერ მომესწრო. მარიამი ჩემი ყველაზე წარმატებული პროექტია.
– ადრე მეორე შვილის გაჩენაზე ლაპარაკობდი. „ხალხის ყბაში“ ჩავარდნას მოერიდე, თუ სურვილი აღარ გაქვს?
– მინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე, იმდენად ჩამითრია ბოლო წლებში ამ გიჟურმა ცხოვრებამ. მე არ მაქვს ამის პრობლემა. იმ დღეს ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი, რომელიც გათხოვილი არ არის, ბავშვი გააჩინე-მეთქი და ის რაღაც ქართულ „კლიშეებზე“ მელაპარაკებოდა. რასაკვირველია, ეს ქართული აზროვნება ისევ დარჩა და მე საშინლად გავაპროტესტე. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საზოგადოების აზრს ანგარიშს გაუწევს, ქართულ „კლიშეებს“ დაექვემდებარება, როცა საკითხი პირად ცხოვრებას ეხება. ყოველთვის მინდოდა, ორი ან სამი შვილი მაინც მყოლოდა, თუმცა არც ამას ვნანობ. დავარქვათ, რომ ვარ კარიერისტი.
– როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო, ყველაზე მთავარი მაინც პირადი ცხოვრებაა. გამოდის, კარიერას გადააყოლე შენი პირადი ბედნიერება. როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილხარ, თუნდაც ძილის წინ, ბალიშზე რომ თავს დებ, არ გიოცნებია, ნეტავ, ყოფითი პრობლემების მოგვარებაში მაინც მეხმარებოდეს ვიღაც, ყველაფერი ჩემი საზრუნავი არ იყოსო?!
– კი. ბევრჯერ მითქვამს, აღარ შემიძლია, ქალიც შენ ხარ, კაციც შენ ხარ! წუწუნს იწყებ. მაგრამ, სინამდვილეში, რამდენჯერაც მითქვამს ეს ფრაზა, იმდენჯერ ვიგრძენი ამ ფრაზის მიღმა დიდი სიამოვნება იმისა, რომ შენ ამ ყველაფერს თავი გაართვი და ჩვეულებრივად ცხოვრობ. ვერ დავიჯერებ, ამ სამყაროში არსებობდეს ადამიანი, ვისაც არ უნდა, რომ თვითონ არ იყოს ამ პრობლემებით დატვირთული და სხვა ზრუნავდეს მასზე. სამწუხაროდ, ასეთი „დაბროები“ არ მქონია ცხოვრებაში, სამაგიეროდ, ღმერთმა მომცა იმის საშუალება და უნარი, თვითონ გავართვა თავი ყველაფერს. სიამოვნებას მანიჭებს, როცა ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. შეიძლება იფიქრო, რაღაცას „ვახურებ“, მაგრამ ასეა. მარტო ცხოვრებამ ბევრი სიამოვნებები დამანახვა, ისეთი, რასაც სხვასთან ერთად რომ მეცხოვრა, ალბათ, ვერ აღმოვაჩენდი. იყო შემთხვევა, სამსახური რომ არ მქონდა, ერთი თეთრიც არ მქონია. მანქანა გავყიდე, იმიტომ რომ საარსებო ფული მქონოდა. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წამებულის იმიჯს მოირგებს და იმაზე დაიწყებს წუწუნს, რომ უბედურია. არ მაქვს იმის ფუფუნება, დავჯდე და ველოდო, როდის გადმომიგდებს რამე სიახლეს ცხოვრება.
– ძალიან მაინტერესებს შენ გვერდით მყოფი მამაკაცი როგორია?
– ვერ ვიტან შტერ და უსაქმურ მამაკაცებს. უპირველესად, მამაკაცი მიყვარდება ინტელექტიდან გამომდინარე.
– ეგ თავისთავად. კიდევ?
– არასოდეს ვანიჭებდი მნიშვნელობას ფიზიკურ მონაცემებს. წარმოუდგენლად შეუხედავი მამაკაციც მომწონებია. აი, ისეთი, ვიღაც რომ გეტყვის – ვაიმე დედა, გული გამისკდა, რამ მოგაწონაო. ჭკვიან კაცებზე ვგიჟდები, შემიძლია, საათობით ვიჯდე და ვუსმინო. არასოდეს ვარ მარტო. სხვათა შორის, ბევრი რომანიც არ მქონია, სულ რამდენჯერმე ვიყავი შეყვარებული და თუ ურთიერთობას ვიწყებ, მრავალი წელი გრძელდება. ანუ, ჩემი სიყვარული არასოდეს ეტევა ერთ ან ორ წელიწადში. ასეთი ვარ, ყველაფერი სიღრმისეულად ვიცი. ამდენად იმის განცდა და მოთხოვნილება, რომ მაინცდამაინც სახლში უნდა მყავდეს საყვარელი კაცი, არ მაქვს. თუ მარტოობამ ძალიან შემაწუხა, ამ პრობლემასაც გადავჭრი.
– როცა მთავრდება ყველა შენი ასეთი გატაცება თუ რომანი, როგორ იღებ ამას?
– იყო შემთხვევა, როცა სხვამ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება და იყო შემთხვევა, როცა მე მივიღე. სადღაც გრძნობ, რომ დამთავრდა უთრიერთობა, ამოიწურა, ვიდრე ძალიან არ გაფუჭდა, უნდა დაასწრო. ვერაფრით მოვიტყუებ თავს, რომ ჩემთვის ადვილია ამის გადატანა. მინიმუმ, ერთი წელი მაინც მჭირდება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე. მეგობრებს უთქვამთ, არ მესმის, რატომ შეიძლება, ამდენ ხანს ინერვიულოო. სხვანაირად არ შემიძლია. ძალიან მძიმედ გადამაქვს ნებისმიერ ადამიანთან დაშორება, ამხანაგსაც რომ დავშორდე, ესეც კი.
– რომელი მამაკაცი ღირს ინგას ნერვიულობად და ცრემლების ფასად?
– იცი, მართალი ხარ. არც ერთი მამაკაცი არ ღირს ამად. სხვათა შორის, მამაკაცების გამო არასოდეს მიტირია. ტირილი ჩემი საქმე არ არის. გამორიცხულია, როგორ ძალიანაც არ უნდა მიყვარდეს, ვიქვითინო. მაგრამ, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, რასაკვირველია, ვნერვიულობ. არ მიმაჩნია, რომ ყოველთვის კაცია დამნაშავე. მე მქონია შემთხვევა, როცა ჩემი თავი დამიდანაშაულებია. ცუდია, როცა არ შეგიძლია რაღაც გაატარო, პატარა რაღაც აპატიო კაცს. ძალიან ფეთქებადი და ეჭვიანი ვარ. ტყუილად არასდროს მიეჭვიანია, მაგრამ თუკი გამიჩნდა ეჭვის განცდა, მერე უკვე ავტომატურად იძაბება ურთიერთობა. არიან ქალები, რომლებსაც შეუძლიათ, რაღაც არ შეიმჩნიონ. თუ რაიმე ეწყინათ, არ გამოხატონ. მე ყველაფერს ხმამაღლა გამოვხატავ და როგორც წესი, კაცებს არ უყვართ, როდესაც ქალი პირდაპირ ამბობს ყველაფერს. მე მქონია კაცისგან საპასუხო ფრაზა – კაი, რა, რა გჭირს, ყველაფერზე რატომ „ჭედავ“... შეცდომები, რომელზეც ვლაპარაკობ, მეც ბევრი ჩამიდენია უპირველესად, ის, რომ ყველაფერს ვაპროტესტებ, რაც არ მომწონს. ანუ, ჩვეულებრივი გრიგოლია ვარ, ურთიერთობაში. ბევრჯერ მსმენია ჩემი მეგობრებისგან, რომ მძიმე ვარ. დიახ, ძალიან მძიმე ვარ! თუ რაღაც არ მომეწონა, პირდაპირ, მოურიდებლად მივახლი ადამიანს. არასოდეს დამიტოვებია გულში არაფერი.
– ყველაზე მეტად როდის შეგშინებია?
– ჯანმრთელობის პრობლემაც კი, როცა დამდგომია, პირველ ყოვლისა, იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რამე რომ დამემართოს, რა ეშველება ჩემს ოჯახს, მარიამს. ამ დროს რატომ არ უნდა ეშველოს, უკვე 22 წლის გოგოა. კაცური თვისებები მაქვს. შიშის გრძნობა რამდენჯერმე მქონდა. ერთ-ერთი იყო 7 ნოემბერი. ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა რაღაც მოდის და ფეხებამდე ვიყინები. გულწრფელად ვამბობ, ძალიან შემეშინდა. მეორედ იყო ჩემი შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ. იმდენად შემეშინდა, „სოდში“ წავედი და საქმე აღვძარი. სრული პასუხისმგებლობა ძალოვან სტრუქტურებს ავკიდე, რომ ჩემი შვილი დაეცვათ. მირეკავდნენ, მარიამს ურეკავდნენ, ესემესები მოდიოდა: თუ ჭკვიანად არ იქნები, შვილს დასისხლიანებულს მოგიგდებთო. დაახლოებით ერთი კვირა გავუძელი ამას. მერე „სოდში“ მივედი და ჩემს შვილს ორი თვის განმავლობაში „სოდის“ ოთხი დაცვის წევრი დაჰყვებოდა.