როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ და ვის ეძებენ რუსთავში
ლია ტაბატაძე, მანანა ჯლანტიაშვილი და ქეთინო ნიკოლაიშვილი ეძებენ: დაახლოებით 50-53 წლის ნელი წერეთელს.
ისტორია: ვეძებთ ჩვენ მეგობარს და ყოფილ თანაჯგუფელს, დაახლოებით 50-53 წლის ნელი წერეთელს. მე და ნელი კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, მასთან ურთიერთობა არც მე და არც ჩვენს საერთო მეგობრებს 1982 წლის შემდეგ აღარ გვქონია. ვიცით, რომ ნელი რუსთავში ცხოვრობდა, დაოჯახებულია და მის მეუღლეს გელა ჰქვია. დამოუკიდებლად ჩვენ ის ვერ ვიპოვეთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის მოძებნაში. სამწუხაროდ, მეგობრის ფოტო არ გაგვაჩნია, მაგრამ მისი პოვნის იმედს მაინც არ ვკარგავთ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების” რედაქციის იმეილზე მოვიდა. ქალბატონი ლიას დიდი თხოვნით, ვაქვეყნებთ მის ისტორიას. იმედია, მისი მეგობარი მოიძებნება და გამოგვეხმაურება.
– გვიამბეთ, როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი?
ლია ტაბატაძე: მე, მანანა, ქეთინო და ნელი ერთად ვსწავლობდით თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ყველანი ერთად ვართ 1981 წლის 26-ე ჯგუფის (მაშინ ასე იყო ჯგუფები დაყოფილი) კურსდამთავრებულები. ჩვენმა მეგობარმა ნელიმ, ოჯახური პირობების გამო, ბოლო წელს აკადემიური აიღო და ამიტომ მან ჩვენზე ერთი წლით გვიან დაამთავრა ინსტიტუტი. ნელი ძალიან კარგი ადამიანია და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი, კეთილშობილი პიროვნება. მოხდა ისე, რომ სწავლის დამთავრების შემდეგაც, ჩვენ ყველამ გავაგრძელეთ ურთიერთობა და დღემდე ვმეგობრობთ. მაგრამ, ნელისთან ურთიერთობა უკვე რამდენი წელია, რაც აღარ გვაქვს. საქმე ისაა, რომ ნელი ცხოვრობდა (სავარაუდოდ, ამჟამადაც უნდა ცხოვრობდეს) რუსთავში, მაგრამ, ჩვენ მისი მისამართი არ ვიცით. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ოთხივემ დავამთავრეთ ელექტრომომარაგების ფაკულტეტი.
– რამდენი ხანია, რაც ნელისთან კავშირი აღარ გაქვთ და კიდევ რა იცით მეგობრის შესახებ?
– ბოლოს ნელი ჩემთან სამსახურში 1982 წელს იყო მოსული. სამწუხაროდ, მე იმ დღეს სამსახურში არ ვიმყოფებოდი და ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ნელის ეს ძალიან ეწყინა, რადგან, ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა. ნელისთან ბოლოს დაახლოებით 1981 წელს გვქონდა კავშირი. ვიცით, რომ მას აქვს ოჯახი და მეუღლეს ჰქვია გელა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გვარი არ ვიცი. ასევე ნელის ჰყავს უფროსი ქალიშვილი – ეკა (ეყოლა თუ არა კიდევ შვილი, ჩვენთვის უცნობია). ნელის გოგონას დაბადების დღე 8 მარტს აქვს. ჩვენ ყოველთვის მივდიოდით მასთან სტუმრად რუსთავში 8 მარტს, მაგრამ, მისამართი არ ვიცით, რადგან, ყოველთვის ერთსა და იმავე ადამიანს, ჩვენს ახლობელს დავყავდით და არასდროს დავინტერესებულვართ მისამართით და ამ ახლობელთანაც კარგა ხანია, აღარ გვაქვს კავშირი. ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი დანარჩენი მეგობრებიც, რომ ნელის ამდენი წლის განმავლობაში ვერ ვუკავშირდებით. ვიცი, ასევე, რომ ნელის მეუღლე გელა მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ინჟინრად. შეიძლება, გელას გვარი რომ ვიცოდეთ, ნელი უფრო ადვილად გვეპოვნა, რადგან, არ არის გამორიცხული, რომ ის ამჟამად მეუღლის გვარზეა. წარმოშობით ნელი ჭიათურიდან იყო, ისევე, როგორც მისი მეუღლე, მაგრამ, რუსთავში ცხოვრობდნენ.
– აქამდე თუ ეძებდით მეგობარს და რა საშუალებებით?
– სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ინტერნეტით ვცდილობდი მის პოვნას, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ან არ არის დარეგისტრირებული ჩემთვის ცნობილ საიტებზე, ან დარეგისტრირებულია მეუღლის გვარზე. შესაძლებელია, ეკა იყოს დარეგისტრირებული რომელიმე სხვა საიტზე, მაგრამ (გვარის არცოდნის გამო ისიც ვერ ვიპოვეთ).
– როგორ ფიქრობთ, თქვენი მეგობარი თუ გეძებთ თქვენ?
– ნამდვილად არ ვიცი, გვეძებს თუ არა ნელი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოვნა და კავშირის აღდგენა მისთვისაც ძალიან სასიხარულო იქნებოდა. დიდი იმედი, გვაქვს, რომ ჩვენ მას ვიპოვით. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ გვაქვს, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ეს არანაირად არ შეგვიშლის ხელს მის პოვნაში.
– თუ იპოვით მეგობარს, აპირებთ თუ არა შეხვედრას?
– რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ღმერთმა ქნას, რომ ვიპოვოთ ჩვენი ნელი, აუცილებლად ყველა ერთად შევხვდებით ერთმანეთს. ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან პოულობენ ახლობლებს და, გასაკვირი იქნება, ჩვენ რომ ვერ ვიპოვოთ ერთმანეთი.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.