კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სცემა 38 წლის საპატარძლოს მამამ სასიძოს და და დედა

 

68 წლის კაცი ციხეში სასიძოს დედისა და დის სასტიკი ცემის გამო მოხვდა. ქალები მის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ, ასაკოვანი სასიმამრო, დემნა ტ., პატიმრობიდან სასიძომ იხსნა – ჯერ ადვოკატი აუყვანა, შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ 2 000 ლარი გირაო გადაუხადა, ბოლოს კი მის ქალიშვილზე იქორწინა.    

როგორც საქმის მასალებშია ნათქვამი, განსასჯელის ქალიშვილის, მზია ტ-ს და  ირაკლი ც-ს ქორწინება გადაწყვეტილი საკითხი იყო. ოჯახებს ნიშნობის დღეც კი დათქმული ჰქონდათ, მაგრამ, სასიძოს დის მხრიდან ენების მიტან-მოტანის გამო ნიშნობა ჩაიშალა, საპატარძლოს მამა კი ციხეში აღმოჩნდა. 

დემნა ტ-ს 2 წლამდე პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ, ასაკისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ის 2 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს. თანხა კი, არც მეტი-არც ნაკლები, სიძემ გადაუხადა. თუმცა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მიზეზით აღძრულ საქმეში სწორედ რომ სასიძო იყო დამნაშავე – საცოლესთან მომხდარი კამათი დისთვის რომ არ მოეყოლა, შესაძლოა, დემნა ტ. პატიმარი არ გამხდარიყო...

გამოძიებით ირკვევა, რომ დასაქორწინებელი წყვილი ბიძაშვილმა რაიონში ახლად გახსნილ სახინკლეში დაპატიჟა, სადაც ის  მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სუფრაზე ყველა არაყს სვამდა და მალე დათვრნენ. ცოტა ხანში სუფრის ერთ-ერთმა ნასვამმა წევრმა საპატარძლოს კომპლიმენტი უთხრა, შემდეგ კი გვერდით მიუჯდა და ლაპარაკი გაუბა. ამ ყველაფერს საქმრო თავიდან მშვიდად უყურებდა, ჩხუბისგან თავს იკავებდა, მაგრამ, ბოლოს ხელიდან ძლივს გამოჰგლიჯეს ნასვამი უცნობი. როგორც აღმოჩნდა, სუფრის თავხედმა წევრმა მაგიდის ქვეშ საპატარძლოს ფეხიფეხზე მიადო, რაც ქალის საქმროს არ გამოჰპარვია. მათი გაშველება სუფრაზე მყოფებმა ძლივს შეძლეს...

იმის გამო, რომ ქალმა უცხო მამაკაცს საუბარი გაუბა, ნასვამი საქმრო მომხდარში საცოლეს ადანაშაულებდა – უცნობ კაცს საბაბი შენ მიეციო. 38 წლის ქალი საქმროს არწმუნებდა, რომ თვითონ არაფერ შუაში იყო, მაგრამ, არაფერმა გაჭრა – ირაკლიმ ც-მ ქალი სახლში მიიყვანა და, ისე, რომ არც დამშვიდობებია, მანქანა მოსხლეტით დაძრა და იქაურობას გაეცალა. ამ ამბის შემდეგ დანიშნულები ერთმანეთს აღარ შეხმიანებიან. ვითარების გარკვევა მზიას დედამ სცადა, მაგრამ, სასიძოს ოჯახისგან „საკადრისი პასუხი” მიიღო, კერძოდ, უცხო კაცთან სითამამის გამო სასიძოს დამ საპატარძლო დაიწუნა და ნიშნობა ჩაიშალა. როგორც აღმოჩნდა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ირაკლი ც-მ სახინკლეში მომხდარი ამბავი იმავე ღამეს მოუყვა დას... 

მზია ტ-მ დედამისს საკუთარი ვერსია უამბო, საბოლოოდ კი დედა-შვილმა ივარაუდა, რომ ეს ფაქტი საბაბი იყო, რომ ირაკლის ოჯახს ნიშნობა ჩაეშალა. ამიტომ, სიტუაციის უკეთ გასარკვევად,  სასიძოს ოჯახში ქალის მამა წავიდა, საიდანაც პირდაპირ საპატიმროში „გაამწესეს“... 

დაკავებული დემნა ტ-ს ჩვენებიდან: „ბიჭი ოჯახში დედასთან და დასთან ერთად მოვიდა და ჩემი გოგოს ხელი ითხოვა. ნიშნობის დღეც დაითქვა. სასიძოს ბეჭედში ოთხას დოლარამდე გადავიხადეთ, ყველაზე დიდი და ლამაზი ავურჩიეთ. ამისთვის ორი ოქრომჭედელი გამოვცვალე. პირველი არ ვარგოდა, ფორმა რამდენჯერმე შევაცვლევინე. ბოლოს მომიგდო, რაც გინდა ქენითო და მეორეს გავაკეთებინე... 

ნიშნობამდე ერთი კვირა არც იყო დარჩენილი, მეზობლებთან ერთად უბანში ვიდექი. მანქანით ჩემი სასიძო დავინახე. გამიხარდა, მაგრამ, ისე გაიარა, ზედაც არ შემომხედა. თავი უხერხულად ვიგრძენი და მეზობლებს ვუთხარი, ალბათ, ეჩქარება და ვერ დამინახა-მეთქი. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ცოლი და შვილი ხასიათზე ვერ მეჩვენენ. ცოტა ხნის შემდეგ მეუღლემ მითხრა, ბავშვს სიცოცხლე აღარ უნდაო. მიზეზიც გავიგე: ჩვენი სასიძოს დას ჩემი მეუღლისთვის უთქვამს: ჩემს ძმას ჯერ ცოლად არ მოუყვანია ასეთ რამეს რომ აკეთებს, მერე რაღას იზამსო. ისიც შევიტყვე, რომ ჩემს სასიძოს ვიღაცასთან უჩხუბია. მოკლედ, ჩემი შვილისთვის ცუდი ქალის იარლიყის მიწებება უნდოდათ. 

მაშინვე ბიჭის სახლში წავედი, რომ ურთიერთობა გამერკვია. სახლში ქალები დამხვდნენ. რომ დამინახეს, არ ესიამოვნათ, სკამიც კი არ შემომთავაზეს. დუმილი მისმა დამ დაარღვია – რა ვქნათ, ირაკლიმ ნიშნობა გადაიფიქრა, ჩვენი ბრალი არ არისო. დედამისმაც მოურიდებლად გამომიცხადა – შენი შვილი თამამი გოგოა, ასეთი ჩვენს ოჯახს არ შეეფერებაო. ისე გავბრაზდი, აღარ მახსოვს, რა მოვიმოქმედე. დედასაც და შვილსაც უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე და რასაც მათზე ვფიქრობდი, ყველაფერი ვუთხარი. განსაკუთრებით გოგოს, რადგან ჩემი შვილის წინააღმდეგ ის მეტად აქტიურობდა. არც ის მაკლებდა სათქმელს, მომახალა – ამდენი ქონება შენი შვილისთვის კი არ დაგვიგროვებია. ზარმაცი ხალხი ხართ, არაფერი გაბადიათ, თქვენს ეზოში კოჭლი ქათამიც კი არ დადის. თქვენ გინდოდათ, მთელ ოჯახს ჩვენს ხარჯზე გეცხოვრათო. მივხვდი, ნიშნობის ჩაშლის რეალური მიზეზი რაც იყო და მდგომარეობიდან ისე გამოვედი, აღარ მახსოვს რა მოვიმოქმედე. მახსოვს რომ ვახრჩობდი... დედამისი ეხმარებოდა, მაგრამ, ორივე მოვიგერიე. მეზობლებიც შეიკრიბნენ, თუმცა მათ მოსვლამდე დედა-შვილს კარგად ვცემე, ცხვირიდან სისხლი ვადინე, ისინი კი მაინც არ ჩუმდებოდნენ. მემუქრებოდნენ, რომ ირაკლი ცოცხალს არ გამიშვებდა. მაგრამ, ჩემი სასიძოც რომ იქ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, უარესი მოხდებოდა – ან მომკლავდა ან მოვკლავდი. 

სახლისკენ რომ მივდიოდი, პოლიცია დამეწია და დამაკავა. შემოგლეჯილი ტანსაცმლით წამიყვანეს. ვთხოვე, რომ სახლში შევივლიდი და გამოვიცვლიდი, მაგრამ, ამის უფლება არ მომცეს. 

მე ოჯახში საჩხუბრად არ მივსულვარ, უბრალოდ, სიტუაციის გარკვევა მინდოდა, მაგრამ იმ ქალმა მდგომარეობიდან გამომიყვანა. ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი.  მთელი სოფლის თვალში ჩემს ოჯახს ლაქა მოსცხეს და ოჯახის სახელის გატეხას არავის ვაპატიებ. ამ ჭორებით ჩემს ქალიშვილს მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. დარწმუნებული ვარ, ქალებს ნიშნობის ჩასაშლელად მიზეზი სჭირდებოდათ. მართალია, მათთან შედარებით ხელმოკლედ ვცხოვრობთ, მაგრამ, სიღარიბე დანაშაული არ არის”.

სასამართლო პროცესზე, როგორც დაზარალებულები სასიძოს დედა და დაც დაკითხეს.

სასიძოს დის ჩვენებიდან: „როცა ჩემს ძმას მზიასთვის უსაყვედურია, რატომ მოიქცა უცხო კაცთან ასე, მზიას უთქვამს, ასე სპეციალურად მოვიქეცი, მინდოდა, გეეჭვიანა. ცოლად კი მოგყავარ, მაგრამ, ზედ არ მიყურებ, ჩემთვის ყვავილებიც კი არასდროს მოგიტანიაო... 

იმავე დღეს ჩვენთან მამამისი მოვიდა, გვეგონა, შვილის საქციელის გამო ბოდიშს მოიხდიდა, შეგვეხვეწებოდა, რომ გვეპატიებინა, მაგრამ, შეტევაზე გადმოვიდა – ჯერ რძლად არ მოგიყვანიათ ჩემი შვილი და ასეთ რამეს აბრალებთ, მერე რაღას იზამთო. მეც ვუპასუხე, ჯერ ჩვენი რძალი არ გამხდარა, უკვე სხვებზე უჭირავს თვალი და მერე რაღას იზამს-მეთქი. თმებით დამითრია და მახრჩობდა, დანის ამოღებაც უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით. მემუქრებოდა – თავი უნდა მოგაჭრაო. ყვირილზე მეზობლები მოვიდნენ. ისინი რომ არა, შეიძლება, დღეს ცოცხლები არ ვყოფილიყავით. კიდევ კარგი, დანა არ გამოიყენა, მეზობლებმა მისი წაყვანა ძლივს შეძლეს. ექიმთან წაყვანას გვიპირებდნენ, მაგრამ, საავადმყოფოში არ გავყევით – არ გვინდოდა, ირაკლის ენერვიულა”, – განაცხადა დაზარალებულმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მკურნალობა 300 ლარზე მეტი დაუჯდათ.  

რაც შეეხება ყოფილ საპატარძლოს, მან განაცხადა: „ჩემმა მომავალმა მულმა დედაჩემს უთხრა, შენს შვილს სხვანაირი მონაცემები აქვს, ძალიან თამამი გოგოა, კაცების არ ერიდებაო. ჩვენ ასეთი რძალი რომ გვდომებოდა, აქამდე ჩემს ძმას ათჯერ დავაქორწინებდით, მაგრამ, ჩვენ პატიოსანი გოგო გვჭირდებაო. დედაჩემი უხსნიდა, რომ მე არაფერი დამიშავებია, მაგრამ, გაბრაზებულა – ნუ იცავ, შენ არ იცი, რისი გამკეთებელიაო. დედაჩემს უთქვამს, მე და ჩემი შვილი ვმეგობრობთ და არაფერს მიმალავსო, მაგრამ, იმან უპასუხა, ასე დარწმუნებული ნუ იქნები, სტუდენტობისას რას აკეთებდა, შენ იქ არ ყოფილხარო. დედაჩემს ძალიან ეწყინა, მაგრამ, აღარ აჰყვა... 

იმ საღამოს მამაჩემს რომ შეაგვიანდა ტელეფონზე ვურეკავდით. ჯერ არ პასუხობდა, შემდეგ კი გათიშული ჰქონდა მობილური. შეგვეშინდა, წნევამ ხომ არ აუწიაო და ქუჩაში გავედით. ბირჟაზე გავიგეთ, რომ პოლიციამ ქალების ცემის გამო დააპატიმრა. მომხდარი ყველამ გაიგო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. 

მაშინვე პოლიციაში წავედით, მაგრამ მამაჩემი არ გამოუშვეს. საღამოს სახლში ირაკლი მოვიდა. მისაყვედურა – შენი ბრალია, რაც მოხდაო. მე ვარწმუნებდი, რომ ხმა არ ამომიღია, პირიქით, მისმა დამ დაიწყო ყველაფერი. ამის შემდეგ ირაკლიმ მთხოვა რომ მშვიდად ვყოფილიყავი, მამაჩემს ადვოკატს აუყვანდა და მალე გაათავისუფლებდნენ. მან პირობა შეასრულა – ადვოკატიც აუყვანა და მამაჩემის ციხიდან დასახსნელად ყველაფერი გააკეთა”.

მოწმის სტატუსით სასიდედროც დაიკითხა:  „ირაკლის დას ვეუბნებოდი: დანიშნულები არიან, პატარა უსიამოვნება მოუვიდათ, ერთმანეთს არ დავაშოროთ, მშვიდად მოვაგვაროთ ყველაფერი-მეთქი. ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს – ასეთი რძალი არ გვჭირდებაო. ამიტომ, ჩემი შვილიც აპირებდა, საქმროსთვის ყველა საჩუქარი უკან დაებრუნებინა, რადგან ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, მაგრამ, იმ დღეს ჩემი მეუღლე დააკავეს”. 

როგორც დემნა ტ-ს განაჩენშია ნათქვამი, ის დანაშაულის ჩადენისას აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, „რაც  გამოიწვია გასათხოვარი ქალიშვილის შეურაცხყოფამ, უწესო ქცევის დაბრალებამ და ქორწინების ჩაშლამ”. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ დემნა ტ-ს წარსული არაფრით იყო შებღალული, სასამართლომ ის გირაოთი გაათავისუფლა, თანხა კი სასიძომ გადაუხადა...

 

 

скачать dle 11.3