მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-5(579)
ქეიფი გაგრძელდა. როგორც მერი მპირდებოდა, მართლაც ძალიან სოლიდური, კარგი საზოგადოება იყო შეკრებილი. ისინი მღეროდნენ, ხუმრობდნენ და ჩინებულ დროს ვატარებდით. ერთი სიტყვით, თავს მშვენივრად ვგრძნობდი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მასპინძელი დაჟინებით მათვალიერებდა და, აშკარა იყო, იხსენებდა, სად ვყავდი ნანახი.
– გამახსენდა! – წამოიძახა მასპინძელმა, მერე გაეღიმა და თქვა: მაგრამ, შეუძლებელია! ის კაცი ან ფრანგი იყო, ან არაბი, თანაც, ისეთი სასტიკი, რომ თქვენ ნამდვილად არ იქნებოდით. ბოდიში, შემეშალა, მაგრამ, ასეთი ზუსტი მსგავსება ნამდვილად განსაცვიფრებელია.
მასპინძლის სიტყვებმა თავში დამკრა და მივხვდი, რომ მას „ატლანტიდაზე“ ვყავდი ნანახი – იმ გემზე ხომ ქართველი მოცეკვავეებიც იყვნენ.
– ხომ არ მოგვიყვებით, ვისში შეგეშალეთ? – ვკითხე მასპინძელს.
– სიამოვნებით, – გამიღიმა მასპინძელმა, – ამ სამი თვის წინ მარსელიდან რიო-დე-ჟანეიროში მივემგზავრებოდი გემით სხვა საბჭოთა არტისტებთან ერთად. შუა ოკეანეში ვიღაც ტერორისტებმა მთელი გემი მძევლად აგვიყვანეს და ფული მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გემის აფეთქებით იმუქრებოდნენ. გემზე ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, ვინც ის ტერორისტები გაანადგურა, მათი უფროსი კი წყალქვეშა ნავით წაიყვანა.
– წყალქვეშა ნავით? – გაიმეორა ერთ-ერთმა სტუმარმა ქალბატონმა და მასპინძელს გაოცებულმა შეხედა.
– ნამდვილად, ჩემო კარგო, ნამდვილად, – მიუგო ქალბატონს მასპინძელმა და მე მომიბრუნდა: – სწორედ იმ კაცში შემეშალეთ, ჩემო კარგო, და ბოდიშს გიხდით. არადა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გგავთ!
– არა უშავს, ხდება ხოლმე, – ვუთხარი მასპინძელს.
გაოცებულმა ქალბატონმა თამადას მოუბოდიშა და ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა. შემდეგ ღვინით სავსე ჭიქა ასწია, გამიღიმა და თქვა:
– ამ სასმისით ყველა ნამდვილი მამაკაცის დღეგრძელობა იყოს, – შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: – თქვენ გაგიმარჯოთ და იმ თქვენს ორეულს, რომელმაც უდანაშაულო ხალხი სიკვდილს გადაარჩინა.
– კოკი, მართლა შენ ხომ არ იყავი ის სუპერმენი? – მკითხა მერიმ, როდესაც წვეულებიდან სახლში წამოვედით.
– ვინ სუპერმენი, საყვარელო? – ვითომ ვერ მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი და კითხვა შევუბრუნე მერის.
– აი, ის, ვინც ტერორისტები დახოცა და წყალქვეშა ნავით გაუჩინარდა. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში თბილისში არ იმყოფებოდი და, როგორც მაშინ მითხარი, ციმბირში გყავდა წაყვანილი ჩეხი ტურისტები.
– რა თქმა უნდა, მე ვიყავი, საყვარელო, გავუღიმე მერის, – რა, არ ვგავარ სუპერმენს? და, საერთოდ, დაიმახსოვრე, რომ მე ძალიან, ძალიან სახიფათო, საშიში კაცი ვარ და ტერორისტები ჩემი შიშით კანკალებენ.
– სუპერმენს მართლაც ჰგავხარ და სულაც არ გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს რომ მითხრან, შენი ქმარი დიდად საიდუმლო ადამიანიაო.
– მერედა, ვინ გითხრა, რომ ეს ასე არ არის? – სერიოზული სახით მივუგე მერის და ვკითხე, – გინდა, ერთი დიდი საიდუმლო გაგანდო?
– რა საიდუმლო? – შეცბა მერი.
– გინდა თუ არა?
– მინდა!
– ოღონდ, შემომფიცე, რომ არავის ეტყვი.
– ვფიცავ!
– მე შენ მიყვარხარ! – ვუთხარი მერის და დავამატე: – იცოდე, პირობა გაქვს მოცემული და არავის უთხრა.
– მე კი მეგონა, რომ მართლა რაღაც იდუმალებით მოცული რამ უნდა გეთქვა, – მითხრა იმედგაცრუებულმა მერიმ.
– ჩვენს სიყვარულზე იდუმალებით მოცული სხვა ამბავი რა უნდა იყოს? – მივუგე მერის, ხელში ავიტაცე და ასე მივიყვანე სახლში.
მართალია, მერის აღარ უხსენებია ჩემი სუპერმენობა, მაგრამ, მზვერავები რომ იტყვიან, ჩავარდნის პირას ვიყავი. ანუ, ისეთ ხალხს ვყავდი ნანახი და, ისეთ სიტუაციაში, რომ, შესაძლოა, ჩემთვის არასასურველი პირები ან ორგანიზაციები დაინტერესებულიყვნენ ჩემით, რაც არც მე მაწყობდა და არც ჩემს უწყებას... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იმითაცაა საშიში, რომ, შეიძლება დაინტერესებულმა მხარემ შურისძიება მოინდომოს, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია. ჩემს კარიერაში მსგავსი შემთხვევა ერთხელ მქონდა და, რომ არა ჩემი პროფესიონალიზმი და ფორტუნა, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა.
ერთხელ ერთი ლიკვიდაცია მოვახდინე. ობიექტი ცნობილი მოსკოვური კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო.
– საქმე ისე უნდა შეიფუთოს, თითქოს ეს მისმა კრიმინალურმა მოწინააღმდეგემ ჩაიდინა. გამოიყენებ მაყუჩიან „სტეჩკინს“, სახეზე ნიღაბი გეკეთება და საქმეს ხალხმრავალ ადგილზე გააკეთებ, – მითხრა გენერალმა მუხინმა, – ზუსტად ისე, როგორც ამას ბოროტმოქმედები ასრულებენ. შესრულებაში მათი ხელწერა უნდა იკითხებოდეს. ერთი ჩვენი თანამშრომელი დაგეხმარება. პროფესიონალი მრბოლელია და ობიექტს რომ მოსპობ, შემთხვევის ადგილიდან მისი მეშვეობით მიიმალები. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!
ობიექტის ლიკვიდაციას ყოველგვარი ხმაურისა და დამხმარის გარეშეც შევძლებდი, მაგრამ, ასეთი სპექტაკლის დადგმა „კაგებეს“ გეგმებში შედიოდა და ისღა დამრჩენოდა, რომ ბრძანებას დავმორჩილებოდი. მეწყვილეს საქმის შესრულებამდე ორი საათით ადრე შევხვდი და ჩემი ძველი თანაკლასელი პავლიკა შემრჩა ხელში, რომელიც მეცხრე კლასის შემდეგ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად და მას მერე არ მენახა. სიმართლე რომ ვთქვა, პავლიკას ნახვა სულაც არ მეპიტნავა და მერჩივნა, უცნობი მეწყვილე მყოლებოდა, მაგრამ ასე გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ და რას გავაწყობდი?
– ვა, კოკი! შენ ხარ შემსრულებელი? – მითხრა პავლიკამ, როდესაც მის გაუმჯობესებულ „ნოლექვსში“ ჩავჯექი.
– ხმადაბლა ილაპარაკე და სახელებს ნუ ახსენებ, – მოკლედ მოვუჭერი პავლიკას და დავამატე, – მიდი, იმ ჩიხში შეაყენე მანქანა და დეტალებზე დავილაპარაკოთ.
პავლიკამ მანქანა დაძრა, თან მითხრა:
– აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ერთმანეთს ასეთ ვითარებაში შევხვდებოდით. მოსკოვში გადმოხვედი საცხოვრებლად?
– აი, აქ გაჩერდი, – ბანზე ავუგდე სიტყვა პავლიკას, მან კი მკითხა:
– როგორ ხარ, ცოლ-შვილი თუ გყავს? და საერთოდ, მომიყევი შენ შესახებ. რაც არ უნდა იყოს ნული კლასიდან მეცხრემდე ათი წელი ერთად ვისწავლეთ და ძველი მეგობრები ვართ.
– ჩვენ ახლა მეგობრები კი არა, შემსრულებლები ვართ და კარგად მომისმინე, – ვუთხარი პავლიკას, წინ იმ კვადრატის რუკა დავუდე, სადაც საქმე უნდა გამეკეთებინა და დავამატე, – აი, აქ გაჩერდები შენ. მე საქმეს რომ გავაკეთებ, ორ ეზოს მოკლეზე გადავკვეთავ, მანქანაში ჩაგიჯდები და მოვუსვამთ. კარგად დაიხსომე, მხოლოდ ამ ქუჩით უნდა გავიქცეთ, შემდეგ ვოლოკოლამსკის შოსემდე მივალთ და იქ გავიყრებით. გაიგე?
– კი. გავიგე. – მოკლედ მომიჭრა პავლიკამ და ხმა აღარ ამოუღია.
საქმე წარმატებით შევასრულე, ობიექტი სახალხოდ ჩავცხრილე „სტეჩკინიდან“, შემდეგ წინასწარ შერჩეული გზით წავედი, მანქანაში ჩავუჯექი პავლიკას და ვუთხარი:
– წავედით!
პავლიკამ „ჟიგული“ ადგილიდან მოწყვიტა და წინასწარი გეგმის საწინააღმდეგოდ, სულ სხვა მიმართულებით აიღო გეზი.
– სად მიდიხარ? – მშვიდად ვკითხე პავლიკას, მან კი მედიდურად მომიგო:
– შენ სროლა-დაბრედვაში ხარ მაგარი, საჭე კი მე მომანდე. ასე უფრო მოკლე გზაა და სწრაფად გავალთ.
– სისწრაფე აქ არაფერ შუაშია. ის გზა უფრო უსაფრთხო იყო, აქ კი შეიძლება დავიწვათ და, რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებელი შენ იქნები, – ისევ მშვიდად ვუთხარი პავლიკას და მეტი აღარაფერი მითქვამს გაყრის ადგილზე რომ მივედით, მანქანიდან უხმოდ გადავედი, მეწყვილეს არ დავემშვიდობე და ჩემი გზით წავედი.
ლუბიანკაზე არ შემივლია, რადგან შეთანხმებული არ ვიყავი და თბილისში იმავე საღამოს დავბრუნდი. მერი და ბავშვები ზღვაზე იმყოფებოდნენ დასასვენებლად და მეორე დღეს მეც მათთან უნდა ჩავსულიყავი. გასამგზავრებლად რომ ვემზადებოდი, ერთი აკვიატებული აზრი არ ამომდიოდა თავიდან და გუნებაში ვიმეორებდი: – შეცვლილი მარშრუტი შეცდომა იყო და, შეიძლება, პავლიკას თავნებობა ძვირად დაგვიჯდეს-მეთქი. ერთი სიტყვით, ცუდი წინათგრძნობა მქონდა – ინტუიცია საშიშროებას მკარნახობდა და ათმაგად ფრთხილად ვიყავი. მართალია, ჩემს ბინას საკმაოდ გამძლე და სქელი მუხის კარი ჰქონდა და ორი საიმედო საკეტი იცავდა, მაგრამ, თავს დაცულად მაინც არ ვგრძნობდი. ამიტომ, სამალავიდან მაყუჩიანი პისტოლეტი და ორლესული ხანჯალი ამოვიღე, რომ საჭიროების შემთხვევაში გამომეყენებინა, თან, ჩემოდნის ჩალაგებას შევუდექი.
ტელევიზორი დაბალ ხმაზე მქონდა ჩართული. პროგრამა „ვრემიას“ დაწყების ხმა რომ მომესმა, მივხვდი, საღამოს 10 საათი შესრულდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, ხმამ რუსულად მკითხა, ჩემი ბინა იყო თუ არა. მე დავუდასტურე, რომ ჩემი ბინა იყო და ვკითხე:
– ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ?
– ბოდიშს გიხდით, რომ ასე გვიან გირეკავთ, მე სატელეფონო სადგურიდან გაწუხებთ. ხვალ ჩვენი თანამშრომლები თქვენი სატელეფონო ხაზის შესამოწმებლად მოვლენ და დილის ცხრიდან ათამდე სახლში იქნებით?
მართალია, მეორე დღის დილის ცხრა საათზე უკვე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, მაგრამ ქალს მივუგე:
– დიახ, სახლში ვიქნები.
– მაშინ, გეთაყვა, დილით ჩვენი თანამშრომლები შეგაწუხებენ და ნუ გაუბრაზდებით, კარგი?
– მხოლოდ ერთი პირობით, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, – ღიმილით მივუგე ქალს.
– რა პირობით? – წამეკეკლუცა ქალი.
– თუ თქვენს ვინაობას მეტყვით და მეგობრულ ვახშამზეც წამომყვებით რესტორანში.
– ნადია სვეტლოვა ვარ. სამწუხაროდ, სახლის ტელეფონი არ მაქვს და ხვალ მე თვითონ დაგირეკავთ, რომ ვახშმის დროსა და ადგილზე შევთანხმდეთ, – მხიარულად მითხრა ქალმა.
– ნამდვილად დამირეკავთ თუ თავიდან მიშორებთ?
– ნამდვილად დაგირეკავთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ.
– კეთილი, მაშინ, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ, ხვალ დილით მოვიდნენ, არ გავუბრაზდები. მაინც მარტო ვარ სახლში. თქვენს ზარს კი, მოუთმენლად დაველოდები და ფეხს არსად მოვიცვლი.
– დიდი მადლობა. შეხვედრამდე.
– შეხვედრამდე, ნადენკა. მოუთმენლად ველი თქვენს ზარს, – ვუთხარი ქალს და ტელეფონი გავთიშე. შემდეგ „ძიას“ სახლის ნომერი ავკრიფე და ვუთხარი:
– ხომ არ გეძინა?
– რა დროს ძილია. ხომ მშვიდობაა?
– რომან, სასწრაფოდ უნდა დამიდგინოთ, მუშაობს თუ არა ავტომატურ სატელეფონო სადგურში ვინმე ნადია სვეტლოვა და გეგმავენ თუ არა სატელეფონო სადგურის თანამშრომლები ხაზების შემოწმებას ჩვენს რაიონში.
– ნახევარ საათში დაგირეკავ, – მითხრა „ძიამ“ და, მართლაც, ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ შემატყობინა, – არც ნადია სვეტლოვა მუშაობს არც ერთ ატეესში და არც ატეესჩიკები აპირებენ ხაზების შემოწმებას. რა ხდება, დახმარება ხომ არ გჭირდება?
– არა. გმადლობ.
– კარგი, მაგრამ, თუ რამეში დაგჭირდი, ნებისმიერ დროს დამირეკე.
– მადლობა. ღამე მშვიდობისა, – ვუთხარი, რომანს, ტელეფონის ყურმილი დავკიდე და უცნობ ქალთან სატელეფონო საუბრის ანალიზს შევუდექი.
აშკარა იყო, რომ ქალი ვიღაცის შეკვეთას ასრულებდა. ისიც ნათელი იყო, რომ შემკვეთებს აინტერესებდათ, სახლში ვიყავი თუ არა.
„ნუთუ ეს ყველაფერი, დღევანდელი მკვლელობის შედეგია, გავიშიფრე და ასე მალე მომაგნეს? – გავიფიქრე გუნებაში, – თუ ასეა, გამოდის, რომ პავლიკას მეშვეობით გამოვიდნენ ჩემზე და, სავარაუდოდ, სულ მალე, ღამითვე, მეწვევიან“.
რაც უფრო ღრმად ვაანალიზებდი ყველაფერს, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ დილით მოსკოვში გავიშიფრე და მოკლულის სისხლის ასაღებად მომაკითხეს. მე, რა თქმა უნდა, როგორც თბილისის, ასევე მოსკოვის „კაგებეს“ ცენტრალური აპარატისთვის შემეძლო მეთხოვა დახმარება. თუმცა, გადავწყვიტე, მარტო მემოქმედა და სასწრაფოდ შევუდექი საქმეს. თითქმის არ მეპარებოდა ეჭვი, რომ შურისმაძიებლები ძალიან მალე მეწვეოდნენ. ამიტომ, სამალავიდან ეგრეთ წოდებული „სალაყბო პულვერიზატორი“ ამოვიღე, რომლის შესხურების შემდეგაც ადამიანს ნებისყოფა უდუნდებოდა და ყველა დასმულ კითხვაზე სწორად პასუხობდა. როდესაც ყველაფერი მზად მქონდა, სახლი ჩავაბნელე და ძილის იმიტაცია მოვაწყვე, ჩუმად ავძვერი სხვენზე და წინასწარ მოწყობილი სამალავიდან შევუდექი ქუჩის დაზვერვას. ჩემს ეზოს ეგრეთ წოდებული „პრახადნოი“ არ ჰქონდა, შიგნით ერთადერთი ჭიშკრის მეშვეობით იყო შესაძლებელი მოხვედრა და უცხო ადამიანების გამოჩენა არ გამომეპარებოდა. ღამის 3 საათს გადაცილებული იყო, როდესაც ჩემი ეზოდან სამოციოდე მეტრის მოშორებით „ნოლ ექვსი“ მარკის „ჟიგული“ გაჩერდა, იქიდან სამნი გადმოვიდნენ – ორი კაცი და ერთი ქალი და ჩემი ეზოს მიმართულებით აიღეს გეზი.
„აი, სტუმრებიც გამოჩნდნენ. დროა, მათ დახვედრაზე ვიზრუნო“, – გავიფიქრე გუნებაში და, როდესაც ჩემს ეზოში შემოვიდნენ, სასწრაფოდ დავბრუნდი ბინაში, და ჩემი პოზიცია დავიკავე, თან გავიფიქრე, კიდევ კარგი, რომ ჩემი ცოლ-შვილი სახლში არ არის-მეთქი...
მე შემოსასვლელში ვიყავი ჩასაფრებული და მოთმინებით ვიცდიდი. ეზო ჩაბნელებული იყო, ყველას ეძინა და ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდით. ვიგრძენი, რომ შურისმაძიებლები უკვე ჩემს ბინასთან იმყოფებოდნენ და თავი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე. კარი უხმაუროდ გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ ჯერ მამაკაცი, მერე ქალი და ბოლოს ისევ მამაკაცი. ისინი უხმოდ მოძრაობდნენ, ერთმანეთთან არ ლაპარაკობდნენ და, აშკარა იყო, კარგად მოფიქრებული გეგმით მოქმედებდნენ. თითოეულ მათგანს ხელში მაყუჩიანი პისტოლეტი, ეჭირა, ეს კი მათ განეიტრალებას ართულებდა. შურისმაძიებლები გაიყვნენ და სხვადასხვა ოთახში დაიწყეს ჩემი ძებნა. მე ყველაზე ახლოს საძინებელთან ვიმყოფებოდი, სადაც ერთ-ერთი მამაკაცი შევიდა. როდესაც დანარჩენებიც თვალს მიეფარნენ, საძინებელში შევედი და კეფაში ხელის ძლიერი დარტყმით პირველი მამაკაცი გავანეიტრალე. მეორე განეიტრალებულიც მამაკაცი იყო. ის თავად შემოვიდა საძინებელში, რომ გაეგო, რა ქნა მისმა მეგობარმა, მასაც ძლიერი მუშტი მოხვდა კეფაში და იქვე მიიძინა. ქილერი ქალი თავის კოლეგა მამაკაცებზე უფრო ფრთხილი და ჭკვიანი აღმოჩნდა: მან იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა და გაისუსა. ის იმედოვნებდა, რომ მე პირველი გამოვიდოდი საძინებლიდან, ის კი მესროდა და მომკლავდა, მაგრამ, ვერ მივართვი... გათიშული კაცები აზრზე მოვიყვანე, შემდეგ ნებისყოფის მოსადუნებელი პულვერიზატორი შევასხურე და ვუბრძანე, საძინებლიდან გასულიყვნენ. მათ ჩემი ბრძანება შეასრულეს – ზომბირებულებივით გავიდნენ ოთახიდან. მე იატაკზე დავწექი, ნელი ხოხვით გავყევი მათ, თან პისტოლეტი მქონდა მომარჯვებული, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ქალისთვის მესროლა.
– სად ხართ? ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდით, ვიფიქრე, რაღაც შეემთხვათ-მეთქი. რა ქენით, ჩააძაღლეთ ის „კაგებეშნიკი“? – უთხრა ქალმა თავის „პაძელნიკებს“ და, ცხადია, რომ ქვევით არ დაუხედავს და რა თქმა უნდა, არც მე დავუნახავვარ. მე ქილერ ქალს ფეხზე მოვქაჩე და წონასწორობა დავაკარგვინე, შემდეგ პისტოლეტი გავაგდებინე ხელიდან, მუცელში ჩავარტყი და მოვკეცე, ბოლოს თმაში ჩავავლე ხელი იატაკზე დავაგდე, წიხლი ყელზე დავაჭირე და ვუთხარი:
– შემსრულებელს მოკლე თმა და კარგი პერიფერიული მხედველობა უნდა ჰქონდეს. ახლა კი, შე ძუკნავ, ფრთხილად წამოდექი და ზედმეტი მოძრაობა არ გაბედო, თორემ, ტვინს გაგასხმევინებ!
შემდეგ სამივე ვაიძულე, რომ საძინებელში შესულიყვნენ, რის შემდეგაც ქალმა მკითხა:
– ამათ რა სჭირთ?
– მალე შენც მათნაირად იქნები, – ვუთხარი ქალს, პულვერიზატორი შევასხურე და ცოტა ხნის შემდეგ ვუბრძანე, – აბა, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, ჩემზე როგორ გამოხვედით?
– პავლიკას მეშვეობით, – მომიგო ქალმა, რომელიც უკვე შესაბამის კონდიციაში იმყოფებოდა.
– პავლიკა როგორ გაშიფრეთ?
– ცხვირწინ ჩაგვიქროლეთ და ის ერთ-ერთმა ჩვენგანმა იცნო, რომელიც პავლიკას მეზობელია.
– კრეტინი! – კბილებში გამოვცარი, – აი, რა ქნა მარშრუტის შეცვლამ. ახლა სად არის პავლიკა?
– მდინარე იაუზას ფსკერზე წევს ტყავგამძვრალი.
– ჩემ შესახებ კიდევ ვინ იცის?
– ჩვენ სამმა, მძღოლმა და საველიჩმა.
– საველიჩი ვინღაა?
– ჩვენი უშუალო შეფი.
– მოსკოვშია?
– არა, სასტუმრო „ივერიაში“ გველოდება.
ტყუილი გამორიცხული იყო, რადგან პულვერიზატორის ზემოქმედებას ვერავინ უძლებდა. ამიტომ, ზომბირებულ შემსრულებლებთან ერთად გავედი ჩემი სახლიდან და მძღოლიც მათ მდგომარეობაში ჩავაგდე. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტით დავხოცე ოთხივე და მანქანიანად მტკვარში გადავჩეხე.
თენდებოდა. მეტრო ახალი ამუშავებული იყო, როდესაც კონსპირაციულ ბინაში წავედი, გარეგნობა შევიცვალე, საჭირო რეკვიზიტები ავიღე და სასტუმრო „ივერიაში“ გავემართე.
– რით შემიძლია, გემსახუროთ? – მკითხა პორტიემ ინგლისურად, რადგან, რატომღაც ამერიკელად ჩამთვალა.
– მე რუსი ვარ, – მივუგე პორტიეს ინგლისურად, გავუღიმე და რუსულად განვაგრძე: – ნომერი მინდა თქვენს სასტუმროში.
პორტიემ ისეთი გაოცებული მზერა მომაპყრო, თითქოს მილიონი მეთხოვოს და ცივად მითხრა:
– თქვენ, ალბათ, ხუმრობთ. სად გვაქვს ადგილები?
– ამერიკელი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ხომ გექნებოდათ? – ღიმილით ვუთხარი პორტიეს და დახლზე ასმანეთიანი დავუდე, – თუ შეიძლება, მეხუთე სართული მინდა. ყოველთვის ამ სართულზე ვბინავდები ხოლმე.
– შეკვეთილი ნომრები ფასიანია, – ურცხვად მითხრა პორტიემ, რომელსაც ასმანეთიანი უკვე ჯიბეში ჰქონდა მოყუჩებული.
– რაზეა ლაპარაკი, – პორტიეს მეორე ასმანეთიანიც მივეცი, რის შემდეგაც მან იკადრა და გამიღიმა, შემდეგ ნომრის გასაღები წინ დამიდო და მითხრა:
– თქვენი პასპორტი მომეცით, თუ შეიძლება.
პასპორტის მაგივრად პორტიეს მესამე ასმანეთიანი მივეცი და ვუთხარი:
– პასპორტს ჩემი ქსიუშა მოიტანს შუადღისთვის. თურმე, მის ჩანთაში ჩამიდევს. მე ადრე გამოვფრინდი და ასე იმიტომ მოხდა.
– კარგი, ასე იყოს, – მომიგო სამასი მანეთით გამდიდრებულმა პორტიემ და ლიფტისკენ მიმითითა, – შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და დაისვენოთ.
მეხუთე სართული იმიტომ ავირჩიე, რომ საველიჩიც იმ სართულზე იყო დაბინავებული. მე ფეხაკრეფით მივედი მისი ნომრის კართან, მივაყურადე. როცა დავრწმუნდი, რომ ეძინა, „ატმიჩკით“ ფრთხილად გავაღე საკეტი და ოროთახიან ნომერში შევედი. საველიჩი ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცი იყო. თავზე რომ წამოვადექი მძინარეს, მხოლოდ მაშინღა იგრძნო საშიშროება, გაეღვიძა და მკვეთრად წამოდგომა დააპირა, მაგრამ, შუბლში იარაღის ტარი ვთხლიშე, ლოგინზე დავაგდე და ვუთხარი:
– ნუ რეზკობ, საველიჩ, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ!
– მომაგენი? – სინანულით მითხრა საველიჩმა, რომელმაც მიცნო.
– რა თქმა უნდა. აბა, რა გეგონა?
– ჩემები სად არიან?
– მტკვრის ფსკერზე ყრიან შუბლგახვრეტილები.
– მაინც, როგორ მოახერხე მათი დახოცვა?
– პროფესიონალი ვარ.
– პროფესიონალები ასე არ იშიფრებიან, – წამკბინა საველიჩმა, მე კი მას მშვიდად მივუგე:
– პავლიკას ბრალია და იმიტომაც წევს იაუზას ფსკერზე ტყავგამძვრალი.
– ტყავი თავად ლუდაჩკამ გააძრო, – მითხრა საველიჩმა.
– იმან, მე რომ ნადია სვეტლოვად გამეცნო?
– სწორედ იმან.
– თქვენ ხუთის გარდა, კიდევ ვინ იცის ჩემ შესახებ?
– ბევრმა იცის და ყველას ვერ დახოცავ. ამიტომ, გირჩევ, თავი დამანებო და მშვიდობიანად გამეცალო. მე კი მეტკას მოგიხსნი.
აშკარა იყო, რომ საველიჩი „შებმის“ მიზნით მატყუებდა. ამიტომ, უტყუარი საშუალება გამოვიყენე – პულვერიზატორი სახეში შევასხურე. პრეპარატმა მოქმედება რომ დაიწყო, კითხვა გავუმეორე:
– ჩემ შესახებ კიდევ ვინ იცის?
– მეტმა არავინ, – მომიგო ნებისყოფადაკარგულმა საველიჩმა. მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან შუბლში ვესროლე და მისი ნომრიდან გამოვედი. შემდეგ სასტუმროს ჰოლში ჩავედი და კარისკენ გავემართე.
– საით, პატივცემულო? – მკითხა პორტიემ, რომელიც კართან იდგა და ამერიკულ „მარლბოროს“ ექაჩებოდა.
– ჩემი ქსიუშა ჩამოვიდა და აეროპორტში მივდივარ დასახვედრად. რომ დავბრუნდებით ანკეტა შევავსოთ, – ვუთხარი პორტიეს და წამოვედი.
გრიმი რომ მოვიხსენი, ვიბანავე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და კვლავ ჩემს ეზოში დავბრუნდი, უკვე დღის ორი საათი იყო. ჩემს კარს ვაღებდი, როდესაც ჩემი მეზობელი, სამოცდაათი წლის სავლე ბაბუა მომიახლოვდა და მითხრა:
– მერიკო და ბავშვები დაჩაზე არიან, ხომ?
– დიახ, სავლე ბაბუა, – მივუგე მოხუცს.
– შენ კი, შე მამაძაღლო, დრო იხელთე და გულაობ?
– არა, რას ამბობ, სავლე ბაბუა, – გავუღიმე მეზობელს.
– გაჩუმდი, კოკი, ნუ იტყუები. ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხვედი ღამის ოთხ საათზე ვიღაც ქალთან ერთად. შენ კი მეუბნები, არ ვგულაობო.
– სავლე ბაბუა, – ისევ ღიმილით ვუთხარი მოხუცს, – მოდი, ეს ჩვენი საიდუმლო იყოს, კარგი?
– კარგი, კარგი, შე მამაძაღლო, ვინ არ შემცდარა, მაგრამ, კიდევ რომ გნახო ქალებთან ერთად, იცოდე, მერიკოს ვეტყვი.
– შევთანხმდით, – მოხუცს ხელი ჩამოვართვი, ბინაში შევედი და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩემებთან გასამგზავრებელ მზადებას შევუდექი, თან ვფიქრობდი: „ჰმ, უყურე ამ მოხუცს, სად დამწვა?! კიდევ კარგი, იმათი დახოცვა ჩემს სახლში არ გახდა საჭირო, თორემ, აქედან რა გაიტანდა ტრუპებს?..“
კონსპირაცია ჩვენი საქმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, მაგრამ, ბოლომდე სუფთა, უკვალოდ გაკეთებული საქმე არ არსებობს და „კაგებეში“ ამის დასახვეწად მუდმივი მუშაობა მიმდინარეობდა. საამისოდ საბჭოთა უშიშროებას უზარმაზარი საიდუმლო ინფრასტრუქტურა გააჩნდა, სადაც საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ. ამ ინფრასტრუქტურის ერთი ნაწილი საქართველოში, კერძოდ კი თბილისში იყო განთავსებული, სადაც სუპერ-კონსპირაციულ ბუნკერში საუკეთესო კოსმეტოლოგები ისეთ საოცარ ოპერაციებს აკეთებდნენ, რომ იტყვიან, სპილოსგან კოღოს, და, პირიქით, კოღოსგან სპილოს გაკეთება შეეძლოთ. გარეგნობას, რა თქმა უნდა, გაშიფრულ ადამიანებს უცვლიდნენ და ამ ყველაფერს უდიდესი ოსტატობით ასრულებდნენ. ზემოხსენებული ლაბორატორია ქალაქის ცენტრში, ზოოპარკის ქვეშ მდებარეობდა და იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე აპარატურით იყო აღჭურვილი. ლაბორატორია 1989 წლის 31 დეკემბერს დახურეს. იქიდან ჯერ ყველაფერი გაიტანეს, შემდეგ კი იქაურობა ააფეთქეს, ლაბორატორია უზარმაზარი ლოდებით ჩახერგეს და ახლა რა ხდება იქ, ნამდვილად არ ვიცი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში