მკვლელის ტიტული
კონვერტი წერილით კართან ეგდო. ტექსტი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა: „პატივცემულო ბატონო უოკერ! თუ ხვალ, ფინალური ტურის შემდეგ, „შტატების მისის“ ტიტული იმას არ ერგება, ვინც ღირსეულია, თქვენ მოკვდებით! არ ვხუმრობ, თქვენზე მზრუნველი...“
– წერილი ხელმოუწერელია, – თქვა სტაბინმა, რომელსაც უოკერმა წერილი აჩვენა, – ეს, ალბათ, ხუმრობაა.
– ხუმრობა? მართლა რომ მომკლას? გიჟები, რა, ცოტაა? შეიძლება, რომელიმე კანდიდატიც კი არის, ერთ-ერთი იმ ათი ფინალისტიდან. მაგრამ, რომელი? რისთვის მოვკიდე ხელი ამ საქმეს, რა ვქნა ახლა მე?
სტაბინმა წერილი კიდევ ერთხელ გულდასმით დაათვალიერა და უცებ სახე გაუნათდა:
– ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, – კარადასთან მივიდა და კონკურსის მონაწილეების საქმეები გამოიღო. მთელი ნახევარი საათი იქექებოდა მათში, მერე მოზეიმე სახით შემობრუნდა, – ესეც ასე. თითქმის ვხვდები, ვინ შეიძლება იყოს მკვლელი. „მის სამხრეთ კაროლინა“, ან „მის ვირჯინია“, ან „მის ნიუ-იორკი“. შეხედე, მათი ავტობიოგრაფიებიც და ეს წერილიც გრამატიკულად უშეცდომოდ არის დაწერილი.
– მერე?
– რა მერე, სამივე უნდა შევამოწმოთ.
– ჰმ, ამოწმე, რამდენიც გინდა. ერთბაშად იარაღის საწყობები არ აღმოაჩინო. არც ერთი არ იტყვის, რომ წერილი მისი დაწერილია.
სტაბინმა მხრები აიჩეჩა:
– მაშინ, მართლა არ ვიცი, რა მოგიხერხოთ. სამივეს რომ გასაუბრებოდით?
– ეს რას მომცემს?
– აბა, რა გითხრათ, იქნებ, მიხვდეთ რამეს?
უოკერმა თანაშემწეს შეხედა და ამოიოხრა:
– კარგი, მოიყვანე.
„მის ვირჯინია“ შეურაცხყოფილი ბავშვივით ახამხამებდა წამწამებს:
– რას ბრძანებთ, მისტერ უოკერ... ბუზიც არასდროს მომიკლავს. თან, წერილზე ხელის მოწერა არ არის...
„მის ნიუ-იორკიც“ არანაირად არ ჰგავდა მკვლელს. თვალები ფართოდ გაახილა და ამოისლუკუნა:
– მე ახლა ავტირდები. ჩემზე ეჭვი როგორ მოიტანეთ?
– იქნებ, აღიაროთ და თქვათ, რომ სულელურად იხუმრეთ, – მკაცრად თქვა სტაბინმა.
– რა ვაღიაროთ? ის, რაც არ ჩაგვიდენია? – გააპროტესტა „სამხრეთ კაროლინამ“, – თქვენ ისეთი საყვარლები ხართ... რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოთ, ჩვენ დავთანხმდებით. წარმოდგენა არ გვაქვს, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. ხვალ საღამოს ფინალია, ჩვენ კი ასე გაგვანერვიულეთ. მისტერ უოკერ... დაივიწყეთ ეგ წერილი, არაფერიც არ მოხდება.
საღამოს რვა საათისთვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: მისტერ უოკერს ჯერ ვიღაც აყლაყუდა მუტრუკი, სავარაუდოდ, მოკრივე ეწვია და თვალების ბრიალით განუცხადა:
– არ გაბედოთ და ტიტული „სამხრეთ კაროლინას“ არ მისცეთ, თორემ, ცოცხალი ვერ გადამირჩებით.
– კი მაგრამ, ვინ ხართ? – განცვიფრდა მისტერ უოკერი და მაშინვე წერილი გაახსენდა.
– მე მიყვარს ის, ძალიან მიყვარს და ცოლადაც მოვიყვან.
– მოიყვანეთ მერე, მე რა შუაში ვარ?! – გაუკვირდა უოკერს.
– როგორ თუ რა შუაში ხართ? საკმარისია, თავზე გვირგვინი დაადგათ, რომ მაშინვე უარს მეტყვის, ზედაც აღარ შემომხედავს. ბედნიერებაში სერიოზულად მიშლით ხელს. მოგკლავთ და ამას არ გაპატიებთ. წარმომიდგენია, რამდენი „ფულის ტომარა“ შესთავაზებს გულსა და ხელს. მე რიღასთვის დავჭირდები?!
უოკერმა ძლივს დაარწმუნა დაუპატიჟებელი სტუმარი, რომ ტიტული მის სატრფოს არ ერგებოდა. გაისტუმრა და, როცა იფიქრა, მეშველაო, მორიგეობით სამივე პრეტენდენტი ესტუმრა და განუცხადა, ეგ წერილი მე დავწერეო. უოკერი ლამის გაგიჟდა. ჟიურის თავმჯდომარეობაზე უარის თქმა უაზრობა იყო, არადა, შიშმა სერიოზულად შეიპყრო. ისევ თავისი თანაშემწე, სტაბინი დაიბარა:
– მირჩიე, როგორ მოვიქცე, სამივე ამბობს, რომ წერილი მისი დაწერილია.
– ეგ არ მიკვირს. ამ ამბის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება გადაწყვიტეს. გონივრულია.
– ჰო, მაგრამ, რომელი ამბობს სიმართლეს?
– შეიძლება, არც ერთი, – გაიღიმა თანაშემწემ.
– ეგ რას ნიშნავს?
– იმას, რომ, შესაძლოა, წერილის ავტორი ჯერ სცენაზე არ გამოსულა.
– პოლიციაში უნდა დავრეკო, – უოკერმა ხელი ტელეფონის ყურმილისკენ გაიწოდა.
– სისულელეა. მერე, რას ეტყვით? გეყოფათ, დამშვიდდით, არაფერიც არ მოხდება...
გამთენიისას კართან კიდევ ერთი წერილი გაჩნდა. უოკერს თითქმის მთელი ღამე არ სძინებია, ამიტომ, წერილი მალევე აღმოაჩინა.
„როგორც ვხედავ, ჩემი პირველი წერილი სერიოზულად არ აღიქვით. ძალიან ცოტა დაგრჩათ, სულ რამდენიმე საათი. თუმცა, შანსი კიდევ გაქვთ...“
უოკერმა წერილს ხელი სტაცა და თანაშემწის ოთახისკენ გაქანდა. კარზე არ დაუკაკუნებია, პირდაპირ შეუვარდა ნომერში და ლოგინში „მის ნიუ-იორკთან“ ერთად აღმოაჩინა.
– ეს რა არის? – იკითხა განცვიფრებულმა, – სტაბინ, ახსნა-განმარტებას გთხოვ!
– იმ წერილის გამო ძალიან აღელდა და ვამშვიდებდი...
უოკერი თავისი ოთახისკენ გაიქცა და ნერვებმოშლილმა „ბურბონის“ ბოთლის მესამედი დალია. ერთი საათის შემდეგ ცუდად შეიქნა და საავადმყოფოში გააქანეს, კიდევ ერთი საათის შემდეგ კი გარდაიცვალა.
პოლიციამ პირველად უოკერის თანაშემწე სტაბინი დაკითხა. კომისარი დაბალი, ლოყებღაჟღაჟა, სასაცილო კაცი იყო, სულაც არ ჰგავდა პოლიციელს.
– ესე იგი, მისტერ ოუკერმა მუქარის წერილები მიიღო.
– დიახ, მაგრამ, ვინ იფიქრებდა, რომ... მე მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო...
– როგორც ჩანს, არ უხუმრიათ.
– საწყალი უოკერი. დალევა არ უყვარდა. მით უფრო „ბურბონს“ არ აღიარებდა... ესე იგი, მოწამლეს...
– დიახ და ამას უცხო ვერ გააკეთებდა. ვის ჰქონდა მის ნომერში შესვლის საშუალება?
– გუშინ მას სამი კონკურსანტი, ფინალისტები ჰყავდა თავისთან დაბარებული სალაპარაკოდ. აინტერესებდა, წერილი რომელიმე მათგანმა ხომ არ დაწერა.
– მერე რა მოხდა?
– არაფერი. ხომ გითხარით, სერიოზულად არ ჩამითვლია-მეთქი.
კომისარმა წერილი ხელში აიღო:
– როგორ ფიქრობთ, მკვლელი ამ წერილის ავტორია?
სტაბინმა მხრები აიჩეჩა.
– მე გამომძიებელი არ ვარ... თუმცა, ალბათ, ლოგიკურია, რომ მკვლელი სწორედ ის იყოს.
– ჰო, მაგრამ, მაშინ, რატომ იჩქარა?
– ვერ გავიგე, – სტაბინმა თვალები დააცეცა, – ამით რისი თქმა გინდათ?
– ჰო, რატომ იჩქარა-მეთქი, ამით ხომ მიზანს ვერ მიაღწევდა, ჯერ ხომ კონკურსის საბოლოო შედეგები არ გამოუცხადებიათ? ასეთ შემთხვევაში, წერილი გაფრთხილებად ვეღარ ჩაითვლება. მითხარით, კონკურსს რა ბედი ელის? ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას?
სტაბინმა კეფა მოიქექა:
– მე. გადაწყვეტილებას, ალბათ, მე მივიღებ ჟიურისთან ერთად.
– ჰოდა, ჩემთვის ყველაფერი ნათელია, – კომისარმა ხელები მოიფშვნიტა, – სწორედ თქვენ ხართ მკვლელი.
– მე?! – სტაბინი გველნაკბენივით შეხტა, – ხომ არ გადაირიეთ! მე ალიბი მაქვს – ერთ ქალბატონთან ერთად ვიყავი ნომერში. ახლავე დავუძახებ „მის ნიუ-იორკს“ და ის ჩემი სიტყვების სისწორეს დაადასტურებს.
– საჭირო არ არის, თავი უკვე გაეცით – ტიტული „მის ნიუ-იორკისთვის“ გინდოდათ. ხომ ასეა? უოკერს ჯერ წერილები მისწერეთ და შეაშინეთ. იცოდით, სასმელს მხოლოდ ნერვიულობის დროს სვამდა. ასე რომ, წერილები გაფრთხილება კი არა, მისთვის ნერვების მოშლის საშუალება იყო. თან, პოლიციასაც აუბნევდით თავგზას. „ბურბონში“ კი გაცილებით ადრე ჩაყარეთ საწამლავი. ძალიან პრიმიტიული გეგმა იყო, მაგრამ, როგორც წესი, სწორედ პრიმიტიული გეგმები ამართლებს ხოლმე. უბრალოდ, თქვენ ერთი შეცდომა დაუშვით.
– რა შეცდომა? – აღმოხდა სტაბინს.
– საყვარლად ისეთი „მისი“ უნდა შეგერჩიათ, ნაკლები ლაპარაკი რომ უყვარს – თქვენი რომანის ამბავი მხოლოდ საწყალმა უოკერმა არ იცოდა. საცოდავი, რა ცუდად გიცნობდათ...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ