ვის ჰყავდა გემზე ხარჭად სპარსი თავადის მშვენიერი ასული და რას შესწირეს ის მსხვერპლად
რარიტეტის უცხოენოვანი წიგნების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს სამოგზაურო ჟანრის თხზულებები, რომელთა დიდი ნაწილიც საოჯახო დინასტიების ან მოყვარულ ბიბლიოფილთა საკუთრება ყოფილა. ამ ჟანრის წიგნებს დიდი ინტერესით კითხულობდნენ მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული – იმ დროიდან, როდესაც საგრძნობლად გაიზარდა საზოგადოების სწრაფვა, მიეღო ინფორმაცია დედამიწის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ადგილების, იქ მცხოვრები ხალხის ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების შესახებ. მოგზაურობის მიზანი არაერთგვაროვანი იყო: მას ხშირად საფუძვლად ედო ამა თუ იმ სამოგზაურო მარშრუტის შემკვეთთა უფრო ფართო – პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კომერციული ინტერესები; თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მოგზაურობათა შედეგად მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო მსოფლიოს გეოგრაფიისა და ისტორიის შესწავლის, არამედ, საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგების განვითარების თვალსაზრისით. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, მანანა სამაშვილი გვიამბობს.
– ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულ იმ ავტორთა წიგნებს, მაგალითად: შარდენი, ტურნეფორი, კლაპროტი, დიუბუა, დიუმა და სხვა, რომლებშიც საქართველოს ისტორიული რეალიებია ასახული, მეტად თუ ნაკლებად უკვე იცნობს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიოთეკის ფონდი მდიდარია სამოგზაურო ჟანრის სხვა გამოცემებითაც, რომლებშიც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეა აღწერილი. ასეთ გამოცემებს შორისაა იალქნების ჰოლანდიელი ოსტატის, იან იანსენ სტრეისის „სამი მოგზაურობის“ ამსახველი ფრანგული გამოცემა.
იან იანსენ სტრეისმა 1647-1673 წლებში სამჯერ იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სამშობლოში დაბრუნებული სტრეისის მონაყოლს მსმენელებში იმდენად დიდი ინტერესი გამოუწვევია, რომ მას გადაუწყვეტია, გამოეცა წიგნი, რომელშიც დაწვრილებით იქნებოდა მოთხრობილი თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის შთაბეჭდილებები. მართლაც, 1676 წელს ამსტერდამში ჰოლანდიურ ენაზე დაიბეჭდა სტრეისის წიგნის პირველი გამოცემა. ეს ნაწარმოები, მწერლის ცხოვრებაშივე, პირველად ითარგმნა ჯერ გერმანულ, შემდეგ კი ფრანგულ ენაზე. საერთოდ კი ცნობილია სტრეისის თხზულების მრავალრიცხოვანი გამოცემა სხვადასხვა ენებზე. თხზულების პირველი არასრული თარგმანი ჰოლანდიურიდან რუსულად განხორციელდა პეტრე პირველის დაკვეთით, ხოლო ბოროდინის სრული თარგმანი რუსულ ენაზე გამოიცა მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1935 წელს. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სტრეისის წიგნის პირველი ფრანგული გამოცემა მის თარგმანებს შორის უძველესია. ის დაბეჭდილია ამსტერდამში, ავტორის სიცოცხლეში, 1681 წელს.
თხზულების ავტორი აღნიშნავს, რომ სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა ზედმეტად მკაცრი მამისგან თავის დაღწევის მიზნით. მამისგან იგი ეზიარა იალქნების კეთებისა და მართვის ხელოვნებას, რაც მან პრაქტიკულად გამოიყენა სხვადასხვა ხომალდზე ყოფნისას. სტრეისის პირველი მოგზაურობა დაიწყო ამსტერდამიდან, საიდანაც ჩავიდა გენუაში, მადაგასკარზე, სუმატრაში, სიამსა და იაპონიაში. 1651 წელს იგი დაბრუნდა ჰოლანდიაში და ოთხი წლის შემდეგ კვლავ გაეშურა საზღვაო გზით ლივორნოში, ჩაეწერა ვენეციის საზღვაო არმიაში, ებრძოდა თურქებს, ჩავარდა ტყვედ, გათავისუფლდა ტყვეობიდან და მოიარა იტალიის ქალაქები; მესამე მოგზაურობისას სტრეისი ჩავიდა მოსკოვში და ქალაქში ცხოვრების ორი წლის შემდეგ, მდინარეების – მოსკოვის, ოკისა და ვოლგის გავლით, რუსული ხომალდით – „ორიოლით“ ჩავიდა კასპიის ზღვამდე; იმყოფებოდა ასტრახანში, სადაც იგი სტეფანე რაზინის მიერ ასტრახანის აღების მოწმე გახდა. აქ სტრეისი ტყვედ ჩაუვარდა აჯანყებულ კაზაკებს, მაგრამ, მოახერხა გაქცევა და, სასწაულებრივად გადარჩენილი, ჩავიდა დაღესტანში, სადაც იგი კვლავ აღმოჩნდა დაღესტნელი ,,თათრის” მონობაში; თათარმა ჰოლანდიელი მონა 150 აბასად მიჰყიდა სპარს ვაჭარს – ჰაჯი მუჰამედ სალეჰს, დერბენდში სტრეისი ხელახლა მიჰყიდეს ახალ მეპატრონეს, – ჰაჯი ბაირამ ალის. ბოლოს ის გამოისყიდა პოლონეთის ელჩმა შემახაში (ქალაქი აზერბაიჯანში). შემახიდან სტრეისმა ქარავანთან ერთად განაგრძო მოგზაურობა ისპაჰანამდე, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდა.
– მაინც, რა იყო სტრეისის მოგზაურობის მიზანი და ვინ იყო იგი თავად: რომანტიკოსი მოგზაური, მეკობრე, მზვერავი თუ ავანტიურისტი?
– ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ჩვენი აზრით, ეს პიროვნება იტევდა ყველა ამ თვისებას. ნაწარმოებიდან ჩანს, რომ სტრეისს ამ სახიფათო მოგზაურობის დროს მატერიალური და კომერციული ინტერესებიც ჰქონდა. ასეა თუ ისე, წიგნის ავტორი უნიჭიერესი ადამიანია, რომელიც ცოცხალი ენით, საოცარი სიცხადითა და ექსპრესიულობით აღწერს მოგზაურობის ყოველ დღეს, მის გარშემო მყოფ ადამიანებსა და მათ ზნე-ჩვეულებებს. მაგალითად, ის შესანიშნავი წყაროა რუსეთის ისტორიის მკვლევართათვის, რადგან მასში აღწერილია მეჩვიდმეტე საუკუნის რუსეთისა და მისი დედაქალაქის – მოსკოვის ცხოვრება; ასევე, რუსეთის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი – გლეხთა ომი დონელი კაზაკის, სტეპან რაზინის მეთაურობით. რუსი ისტორიკოსები აღნიშნავენ ამ აჯანყების ზოგიერთი დეტალის ზუსტ თანხვედრას სხვა ისტორიულ წყაროებში ასახულ მოვლენებთან, თუმცა ავტორის ზოგიერთი მონათხრობი საკამათოა და დაზუსტებას მოითხოვს.
– მაგალითად?
– სტრეისი, რომელიც ასტრახანთან ტყვედ ჩაუვარდა რაზინის მეომრებს, თავად შესწრებია იმ ფაქტს, როგორ გადააგდო გემიდან არყით დამთვრალმა ატამანმა სპარსი თავადის მშვენიერი ასული, რომელიც მსხვერპლად შესწირა თავის „მარჩენალ“ მდინარე ვოლგას. ქალი რაზინს ტყვედ აუყვანია ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის დარბევის შემდეგ და ხომალდზე ხარჭად ჰყოლია გარკვეული დროის განმავლობაში. ძალზე საინტერესოდ აღწერს სტრეისი აღმოსავლელი ხალხის ზნე-ჩვეულებებს და ამასთან დაკავშირებულ თითქმის დაუჯერებელ ამბებსაც, რომელთა რეალურობის შეგრძნებას ამძაფრებს ისიც, რომ თხზულება დღიურის ფორმითაა დაწერილი.
– გვიამბეთ რომელიმე ამგვარი ამბავი.
– მაგალითად, ქალაქ შემახაში მისთვის დაუვალებიათ, მონაწილეობა მიეღო სპარსეთის შაჰისთვის საცოლეთა შერჩევის პროცესში. უნდა შეერჩიათ 500 ლამაზი გოგონა ორი წლის ასაკიდან მოწიფულობის ასაკამდე (17 წლამდე). ისპაჰანში ჩაყვანილ პატარა ბავშვებს სრულწლოვანებამდე სასახლეში ზრდიდნენ ძიძები. რაღა თქმა უნდა, ყველა შერჩეული ლამაზმანი აუცილებლად ქალწული უნდა ყოფილიყო. სტრეისი აღწერს შემახიდან ისპაჰანში გოგონების გამგზავრების დღეს. იგი წერს, რომ საშინელი სანახავი იყო პატარა ბავშვების მშობლებთან სამუდამოდ განშორების პროცესი, რადგან, საცოდავ დედებს შვილებს კალთიდან აგლეჯდნენ, რომელთა მოთქმა და კივილი ცას სწვდებოდა. შემახაში ამ დროს მომხდარა ასეთი ამბავი: ერთ მდიდარ მუსლიმანს ძალზე ლამაზი ქალიშვილი ჰყოლია, რომელსაც უყვარდა ღარიბი ჭაბუკი. მამას არ მოსწონდა სასიძო და უარი უთხრა ქალიშვილის ხელის მთხოვნელს, მაგრამ, როდესაც დაიწყო ხანისთვის საცოლეთა შერჩევის პროცესი, შვილის დაკარგვის შიშით, იგი დათანხმდა, არასასურველი სასიძოსთვის გაეყოლებინა თავისი ქალიშვილი; უფრო მეტიც, მამამ ნება დართო სიძეს, ქორწინებამდე გაეზიარებინა სარეცელი მის ქალიშვილთან, რათა ამ გზით შვილი გადაერჩინა.
თხზულებაში განსაკუთრებით საინტერესოა მესამე მოგზაურობის ამსახველი მასალა: ირანისკენ მიმავალი მოგზაური საქართველოსთვის გვერდის ავლით ჩასულა სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც, აგრეთვე, ირანის პროვინცია იყო. ავტორი ხშირად მოიხსენიებს შემახაში დაბანაკებული პოლონეთის საელჩოს უფროსს, ვინმე „ბოგდანს“, რომელიც, რეალურად, ქართველი დიპლომატი ბოგდან გურჯიცკია. სწორედ გურჯიცკიმ გამოისყიდა მოგზაური სპარსი ვაჭრის მონობიდან. სტრეისს ხატოვნად აქვს აღწერილი სპარსელთა ახალი წელი: პოლონეთის საელჩოს ხელმომჭირნე უფროსობა, იმ საბაბით, რომ არ იზიარებდა მუჰამედის მიმდევართა დღესასწაულს, ზეიმის დღეს არ გამასპინძლებია თავის თანამშრომლებს, რომელნიც იძულებულნი გამხდარან, მაჰმადიანთა ტრაპეზი გაეზიარებინათ, რათა ამოევსოთ მშიერი კუჭები. სტრეისის თქმით, მათ უფროსს, ბოგდანს, სრულებით არ ანაღვლებდა, რომ თანამშრომლები სპარსელებთან ატარებდნენ დროს, რადგან ერთ დროს თვითონაც უნდოდა, მიეღო მაჰმადიანობაო. აქვე განვმარტავთ, რომ პოლონურ ისტორიოგრაფიაში ბოგდან გურჯიცკის, იგივე ბუხტამ-ბეგის, ან ბოგდან სპარსის სახელით ცნობილი პიროვნება, ეროვნებით ქართველი, ცნობილი პოლონელი დიპლომატია, რომელიც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ასრულებდა პოლონეთის მეფის მუდმივი რეზიდენტის მოვალეობას ირანის შაჰის კარზე. გურჯიცკის დიდი როლი შეუსრულებია მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოსა და პოლონეთს, ასევე, საქართველოსა და ირანს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის მოგვარებაში. სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ავტორის სიტყვები გურჯიცკისთან დაკავშირებით, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ ბოგდანი იმ ქართველ პოლიტიკოსთა აზრს იზიარებდა, რომელნიც საგარეო პოლიტიკაში ირანულ ორიენტაციას ემხრობოდნენ. ცნობილია, რომ გურჯიცკის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია ქართლის მეფესთან – ვახტანგ მეხუთესთან. სტრეისის მოგზაურობაში აღნიშნულია, რომ პოლონეთის ელჩს საქართველოს მეფისთვის ექიმიც კი გაუგზავნია.
სტრეისის მოგზაურობათა წიგნში აღწერილია თითოეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი და ბუნებრივი სიმდიდრეები, რაც საქონლის გასაღების ბაზრების მაძიებელ ევროპელთათვის ბევრ საგულისხმო დეტალს შეიცავდა. აქ მოთხრობილია ბუნების იმ საოცარი კატაკლიზმების შესახებაც, რომელთა მოწმეც ავტორი გამხდარა, მაგალითად: მწერალი აღწერს ციდან „ცეცხლოვანი გუნდების“ ცვენას და ძლიერ მიწისძვრას შემახაში, რომელსაც, მისი თქმით, შეეწირა 80 000 ადამიანის სიცოცხლე.
იან სტრეისის წიგნის ფრანგული თარგმანი გაფორმებულია შესანიშნავი გრავიურებით, რომლებიც ცნობილ ჰოლანდიელ გრავიორებს – იოჰან კიპსა და კონრად დეკერს ეკუთვნის.
სტრეისის თხზულების ეგზემპლარს ახლავს სამი დასაკეცი რუკა, რომლებიც არ ეკუთვნის ამ გამოცემას.
ეროვნული ბიბლიოთეკის აღნიშნული გამოცემა ნამდვილი ბიბლიოგრაფიული თაიგულია, რადგან მას, მაღალი კულტურულ-ისტორიული ღირებულების გარდა, სხვა ღირსებაც გააჩნია: ეგზემპლარის ფორზაცსა და თავფურცელზე უწინდელი მფლობელების დამადასტურებელი ნიშნებია: წინა ფორზაცზე დაკრული გერბული ექსლიბრისი, შრიფტული წარწერით – „D. D. Le Tellier de Courtanvaux“ – წიგნის პირვანდელ პატრონს, ტონერისა და მონმირაის საგრაფოს მარკიზს, საფრანგეთის სამხედრო მინისტრის შვილიშვილს, მეფის შვეიცარიის გვარდიის პოლკოვნიკს, მეცნიერსა და მკვლევარს, ფრანსუა-მიშელ-სეზარ ლეტელიე მარკიზ დე კურტანვოს ეკუთვნის (1718–1781), ხოლო წიგნის თავფურცელზე მიხეილ თამამშევის ბიბლიოთეკის ბეჭედია. ეგზემპლარის პირველი პატრონის, სეზარ ლეტელიეს გვარის წარმომადგენლები განთქმული ბიბლიოფილები ყოფილან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარკიზის ერთ-ერთმა წინაპარმა, შარლ-მორის ლეტელიემ, თავისი საოჯახო ბიბლიოთეკის საგვარეულო ექსლიბრისებიანი 16 000 უიშვიათესი წიგნი საჩუქრად გადასცა პარიზის წმიდა ჟენევიევას სააბატოს ბიბლიოთეკას. ლეტელიეთა გვარის ღირსეული წარმომადგენლის, მრავალმხრივ განათლებული ადამიანის, სეზარ ლეტელიე დე კურტანვოს ბიბლიოთეკა ითვლიდა სხვადასხვა შინაარსის წიგნების ათასობით ეგზემპლარს, რომელთა უდიდეს ნაწილს სწორედ სათავგადასავლო ლიტერატურა შეადგენდა. სეზარ ლეტელიეს შვილს, შარლ-ფრანსუას, რომელიც ასევე აღიარებული მეცნიერი და გამომგონებელი გახლდათ, ოცნებად ჰქონია, შეედგინა საოჯახო ბიბლიოთეკის სამოგზაურო ჟანრის წიგნების ბიბლიოგრაფიული აღწერილობა, მაგრამ, არ დასცალდა, რადგან, ძალზე ახალგაზრდა, 31 წლისა გარდაიცვალა. მისმა მამამ, რომელიც მეტად დამწუხრებული იყო ნიჭიერი ვაჟიშვილის გარდაცვალებით, კიდევ უფრო განავრცო ბიბლიოთეკის კოლექცია და შეადგინა საოჯახო ბიბლიოთეკის სრული კატალოგი, რომელიც მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1782 წელს გამოიცა პარიზში. ეროვნული ბიბლიოთეკის ეგზემპლარი, სავარაუდოდ, ცნობილმა სომეხმა მეცენატმა და კავკასიოლოგმა მიხეილ თამამშევმა შეიძინა ევროპაში ყოფნის წლებში; თამამშევის საოჯახო კოლექციიდან ეს გამოცემა, მისივე ანდერძით, სხვა წიგნებთან ერთად, გადაეცა პუშკინის სახელობის თბილისის საქალაქო ბიბლიოთეკას, რომელიც შემდეგ შეუერთდა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას. სეზარ ლეტელიეს ექსლიბრისიანი წიგნები კი გაფანტულია წმიდა ჟენევიევას სახელობისა და საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკების ფონდებში.