კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ეწევიან სასულიერო მოღვაწეობას ყოფილი კანონიერი ქურდი და მისი ყოფილი ხელქვეითი დღემდე

 

დღევანდელ პუბლიკაციაში აღწერილს საქმეს გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საბჭოთა კავშირში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამ ისტორიის ზოგიერთი მონაწილე დღესაც ცოცხალია, მათი სახელები შევცვალეთ და ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...

მასალა ექსკლუზიურია, პრესაში პირველად იბეჭდება და მისი გადაბეჭდვა ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

სიკვდილით დასჯა

სიმონ მელქაძე, მეტსახელად „აჩკარიკა“, ოცდაათი წლის კანონიერი ქურდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თავის უფროს კოლეგებში, ეგრეთ წოდებულ „ნეპმანელ ქურდებში“ პატივისცემით არ სარგებლობდა, საკმაოდ წონიანი და გავლენიანი ადამიანი იყო, დიდძალი ქონებაც გააჩნდა.

– აჩკარიკა ძუძუმწოვარა ლაწირაკია, სროკზე სულ რაღაც ორი წელი აქვს გატარებული, თანაც სათბურში. ის რომ რუსეთში მოხვდეს, პირველივე სხოდკაზე საქათმეში გაამწესებენ, – ამბობდნენ ხოლმე „ნეპმანელები“, რომლებსაც აჩკარიკას ქონება და მაფიოზური საქციელი დიდად არ მოსდიოდათ თვალში. თუმცა, მის „გაფუჭებას“ ვერ ახერხებდნენ და მათი სიტყვები უბრალო ლაყბობად რჩებოდა.

აჩკარიკას რამდენიმე ფეშენებელური სახლი და აგარაკი ჰქონდა საქართველოში. თუმცა, ეგრეთ წოდებული რეზიდენცია, წყნეთის ახალაშენებულ აგარაკზე ჰქონდა. სწორედ იქ იკრიბებოდნენ მისი ერთგული ადამიანები და მისი მითითებით მოქმედებდნენ. ისინი ძირითადად რეკეტით იყვნენ დაკავებული. აჩკარიკა, „ცეხავიკებს“ ართმევდა ფულებს, შემდეგ შეგროვილ თანხებს თანაბარ ნაწილად ყოფდა და მილიციასა და პარტიულ ორგანოებს უნაწილებდა. სწორედ ამის გამო იყო აჩკარიკა ხელშეუხებელი და სწორედ ამის გამო ვერ იტანდნენ მას „ნეპმანელი ქურდები“.

აჩკარიკა 27 წლის ასაკში 17 წლის ნუნუ ხმალაძეზე დაქორწინდა, თუმცა შვილი არ ჰყავდათ. ახალგაზრდული, თითქმის ნორჩი ასაკის მიუხედავად, ნუნუ ავაზაკი, ავხორცი, ხარბი და უვერაგესი ადამიანი იყო. ქმარს ვერ იტანდა და მართალია, დედოფალივით აცხოვრებდა, მაინც სრული თავისუფლება უნდოდა. ამიტომ, მან ქმრის მოკვლა და ამით ორი კურდღლის დაჭერა გადაწყვიტა. 20 წლის ამბიციური გოგონა იმედოვნებდა, რომ ქმრის ქონების დაუფლებისთანავე, საკუთარი სხეულისა და ვერაგობის წყალობით, კრიმინალურ ძალაუფლებასაც მოიპოვებდა.

„მართალია, ქურდი არ ვიქნები, მაგრამ ქურდებს ჩემს ჭკუაზე გავატარებ“, – ფიქრობდა ნუნუ და თავისი გეგმის განსახორციელებლად 40 წლის ტაქსისტი, მამედ ახმედოვი დაიქირავა. მამედას აჩკარიკა კარაბინით უნდა მოეკლა. სამაგიეროდ, 2 ათას მანეთს მიიღებდა გასამრჯელოდ. თავისი სხეული კი ნუნუმ მამედას ავანსად დაუთმო და ისე ასიამოვნა, რომ ტაქსისტი უყოყმანოდ დათანხმდა მკვლელობაზე. მიუხედავად ამისა, მამედ ახმედოვმა აჩკარიკას მოკვლა ვერ მოახერხა. კარაბინიდან ნასროლმა ტყვიამ აჩკარიკას ყურთან ჩაუწუილა. ქურდის ხელქვეითებმა კი დაქირავებული, შეშინებული მკვლელი ადგილზევე შეიპყრეს და წყნეთის აგარაკის სარდაფში ჩააგდეს, სადაც „პრეს-ხატა“ (საწამებელი ოთახი) იყო მოწყობილი.

– ნუნუმ, შენმა ცოლმა დამავალა შენი მოკვლა! – გაჰკიოდა ტაქსისტი, რომელსაც დასერილ ხორცებში პირადად აჩკარიკა აყრიდა მარილს.

მას შემდეგ, რაც აჩკარიკა დარწმუნდა, რომ ახმედოვი არ ტყუოდა, მან მამედას ცოლის თვალწინ უზარმაზარი ნაჯახით გაუპო თავი. შემდეგ კი თავის ერთ-ერთ ხელქვეითს, ყველაზე ახალგაზრდას, 23 წლის მირიანს უთხრა:

– ამ ბოზის ტრუპი სადმე გადააგდე. ეს ძუკნა კი დაბრიდე და სადმე მოისროლე.

მირიანი, რომელსაც მირიკოს ეძახდნენ, ახალგაზრდა ტიტულის მაძიებელი იყო და აჩკარიკას უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ამიტომ, მან ჯერ ახმედოვის ცხედარი ჩააგდო „ჟიგულის“ საბარგულში, შემდეგ კი პირში ჩვარჩაჩრილი, ხელფეხგაკოჭილი ნუნუც მიუწვინა გვერდით და წყნეთის აგარაკი დატოვა...

იმავე საღამოს კოჯრის ტყეში „ჟიგული“ დაიწვა, რომელშიც ქალის დანახშირებული ცხედარი აღმოჩნდა. მირიანი კი წყნეთის აგარაკზე ოთხი საათის შემდეგ დაბრუნდა და აჩკარიკას მოახსენა:

– ნუნუ მანქანაში ამოვბუგე და ეს ყველაფერი შენს მტრებს შეეტენებათ.

– ტაქსისტს რა უქენი?

– ფეხებზე ლოდი მოვაბი და მტკვარში გადავაგდე.

– ყოჩაღ, მირიკო. სულ მალე ქურდი გახდები და ამ სამსახურს არასოდეს დაგივიწყებ, – უთხრა აჩკარიკამ მირიანს და გადაეხვია.

გამოსასყიდი

ნუნუ ხმალაძე დიდი პატივით დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. აჩკარიკას უამრავი ადამიანი უსამძიმრებდა. მის პატივსაცემად ნახევარი საათით ჭავჭავაძის გამზირიც კი გადაკეტეს და ნუნუს ცხედარი სულ ხელით ატარეს სასაფლაომდე. შემდეგ გრანდიოზული ქელეხი გაიმართა რესტორან „არაგვში“, რომელიც მთლიანად მექელეხეებს ჰქონდათ დაკავებული. ყველაფერი რომ დასრულდა, შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო. მირიანმა ტაქსი გააჩერა და ახალაშენებულ ბინაში, გლდანის მშენებარე მიკრორაიონში წავიდა. მან კარი გააღო, სახლში შევიდა და როგორც კი საძინებელში შედგა ფეხი, მას შიშველი გოგონა კისერზე ჩამოეკიდა და ჰკითხა:

– როგორ ჩაიარა ჩემმა დასაფლავებამ?

– გრანდიოზულად. იმდენი ხალხი იყო, ალბათ, ამდენი ადამიანი კენედის დაკრძალვაზე არ ყოფილა, – მიუგო მირიანმა ნუნუს და კოცნა დაუწყო...

საქმე ისაა, რომ მირიანმა კოჯორში ნუნუს ნაცვლად უპატრონო ქალის გვამი დაწვა, რომელიც პროზექტურის ლოთი სანიტრისგან შეიძინა სამას მანეთად. ნუნუ კი სახლში გადამალა.

ნუნუ რის ნუნუ იქნებოდა, თუკი თავის ჩანაფიქრზე უარს იტყოდა. მან მირიანი დაარწმუნა, რომ თითქოს აჩკარიკა ვამპირი და სექსუალური მანიაკი იყო და უთხრა:

– ის მე საშინლად მამცირებდა სექსუალურად და ამასაც არ სჯერდებოდა, ცხვირში მუშტს დამარტყამდა, შემდეგ ჩემი სისხლით ჭიქას ავსებდა და სვამდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მისი მოკვლა და საბრალო მამედა ძალიან მეცოდება...

ნუნუ მირიანს დიდ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებდა და როდესაც დარწმუნდა, რომ ის ბოლომდე ჰყავდა დაბმული, ერთ მშვენიერ დღეს უთხრა:

– მოკლედ ასე, ჩემო მირიკო. დროა, აქტიურ მოქმედებებზე გადავიდეთ და ჩემს ყოფილ ნაძირალა ქმარს მთელი ქონება ავახიოთ. ამას რომ ვიზამთ, ნაწილი ღარიბ ხალხს დავურიგოთ, დანარჩენით კი უცხოეთში გავიქცეთ და იქ ახალი, ტკბილი ცხოვრება დავიწყოთ.

– კი მაგრამ, ამის გაკეთებას როგორ მოახერხებ: აჩკარიკას კაპიკს ვერ გააგდებინებ და მთელ ქონებას როგორ მოგცემს? – თქვა მირიანმა, რაზეც ნუნუმ მიუგო:

– არის მიზეზი, რაც მას ამას აიძულებს.

– რა მიზეზი?

– რა და მისი 8 წლის გოგონა, ლიკა.

– როგორ, თქვენ ხომ შვილი არ გყოლიათ, ხოლო აჩკარიკას კი შენამდე – ცოლი?!

– პატარა ლიკა ერთი რუსი ბოზისგან შეეძინა. ის ქალი იმ ნაძირალამ მოკლა, რომ ეს ამბავი არ გაბაზრებულიყო. პატარა გოგონა კი სოჭში, ქართულ უბან პლასტუნკაში იზრდება, ერთ-ერთ ქართულ ოჯახში. ლიკამ იცის, რომ მამა სხვაგან არის, ოდესმე მასთან ჩამოვა და მოუთმენლად ელოდება. მხოლოდ ლიკას გამზრდელმა იცის, თუ ვინ არის ბავშვის მამა. მე და აჩკარიკა რამდენჯერმე ვიყავით სოჭში და ბავშვი შორიდან მოვინახულეთ. მართალია, ჩემი ყოფილი ქმარი უკიდურესი ნაძირალაა, მაგრამ ლიკა უზომოდ უყვარს, მზე და მთვარე მასზე ამოსდის, მის გამო ყველაფერზე წავა. სოჭშიც იმიტომ გადამალა ბავშვი, რომ უსაფრთხოდ ყოფილიყო და წესიერ გარემოში გაზრდილიყო. ხვდები, ახლა ჩემი გეგმის არსს?

– ბოლომდე ვერა!

– რას ვერ ხვდები. შენ ბავშვს მოიტაცებ და მას საიმედოდ გადავმალავთ. შემდეგ კი იმ ნაბოზარს ათ მილიონ მანეთს მოვთხოვთ გამოსასყიდს. სწორედ ამდენი ღირს მთელი მისი ქონება და ყველაფერს რომ გაყიდის და ფულს მოგვიტანს, ლიკასაც მაშინ მიიღებს.

მირიკოს ნუნუს გეგმა წამითაც არ გაუპროტესტებია და წყვილმა ყველაფერი დეტალურად შეიმუშავა. ერთი კვირის შემდეგ კი, სოჭიდან მოტაცებული ლიკა უკვე გლდანში, მირიკოს ბინის სარდაფში იყო გამომწყვდეული. აჩკარიკამ კი კუთხოვანი ასოებით დაწერილი წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა: „თუკი ერთ თვეში ათ მილიონ მანეთს არ მოიტან, შენი ქალიშვილის სხეულის ნაწილებს ნელ-ნელა გამოგიგზავნი. აბა, შენ იცი, იჩქარე და რამე სისულელის ჩადენა არც კი იფიქრო“.

ლიკას გატაცებითა და წერილის შინაარსით გაოგნებული აჩკარიკა დაუყოვნებელ მოქმედებას შეუდგა. ორი მილიონი მანეთი კუპიურებით იშოვა, ხოლო რვა მილიონი თავისი მრავალრიცხოვანი სახლებისა და აგარაკების გაყიდვის შედეგად მოაგროვა და წერილის მიღებიდან ოთხი კვირის შემდეგ, ხუთი კეისი ასმანეთიანებით ჰქონდა სავსე, თითოეულში 2-2 მილიონი მანეთი იყო ჩალაგებული...

– ვაი, იმის დღეს, ვინც ჩემი ლიკა მოიტაცა. არადა, მის ვინაობას აუცილებლად დავადგენ, – თქვა აჩკარიკამ, როდესაც ხუთივე კეისი მარკის „ჟიგულის“ საბარგულში ჩააწყო, თვითონ მძღოლის გვერდით მოკალათდა და თქვა:

– წავედით, მირიკო...

ბედის ირონიით, გამოსასყიდი თანხის გამყოლად აჩკარიკამ მირიანი აირჩია და აბა, რა იცოდა, რომ კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა, მისი შვილის გამტაცებელი იყო.

მირიანისა და ნუნუს მიერ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, ათი მილიონი მანეთით დატვირთული „ჟიგული“ გლდანის მშენებარე მიკრორაიონის ერთ-ერთი დაუმთავრებელი სახლის სამშენებლო ბლოკებში უნდა შეეყენებინათ. ეს ადგილი ქალ-ვაჟს შემთხვევით არ აურჩევია. იქვე, საკანალიზაციო გვირაბი იყო, რომლის ბოლოც ორასიოდე მეტრის მოშორებით უკაცრიელ მინდორზე გადიოდა. სწორედ იქ ეყენა ნუნუს ფურგონიანი „მოსკვიჩი“ და, როდესაც ქალი დარწმუნდა, რომ ფულით სავსე „ჟიგულს“ არავინ უთვალთვალებდა, ფულით სავსე კეისები „მოსკვიჩში“ გადაზიდა. ბოლოს მანქანა დაქოქა, ადგილიდან დაიძრა და ჩაილაპარაკა: „ახლა გეგმის მესამე ეტაპზე გადავიდეთ. ჯერ ბავშვი მოვსპოთ და ფულით აქედან მოვუსვათ. იქ კი ამ სირი მირიკოს ჯერიც დადგება“...

მამათა მონასტრის მორჩილი

მირიანი მეორე დღეს დაბრუნდა სახლში და ნუნუს უთხრა:

– გენიოსი ხარ. შენი ჩანაფიქრი ზუსტად განხორციელდა და ათი მილიონი დავითრიეთ. ახლა კი ლიკას წავიყვან და მეტროსთან დავტოვებ.

– ვერ წაიყვან, – მოკლედ მოუჭრა მირიანს ნუნუმ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ის მკვდარია.

– მკვდარი? კი მაგრამ, რა დაემართა?

– თაგვის წამალი დავალევინე.

– ხუმრობ?

– სულაც არა. ბავშვს ნანახი ჰყავდი და ადრე თუ გვიან, ორივეს გაგვშიფრავდა, – მშვიდად მიუგო ნუნუმ.

გაოგნებული მირიანი სარდაფში გაიქცა, ერთი წუთის შემდეგ კი ხელებზე გადაწვენილი ბავშვით დაბრუნდა უკან, კარისკენ გაქანდა, თან იღრიალა:

– ცოცხალია. პულსი აქვს და იქნებ გადავარჩინოთ. ჩქარა გააღე კარი, რომ „სასწრაფო“ გამოვიძახოთ!

ნუნუს თადარიგი უკვე დაჭერილი ჰქონდა და მირიანს პისტოლეტიდან ორი ტყვია ესროლა მუცელში... მირიანი ბავშვით ხელში ნელ-ნელა დაეშვა ძირს, ლიკას სხეულით გადაეფარა და დაყვირება სცადა, მაგრამ ძალები არ ეყო და გონება დაკარგა... ამასობაში ნუნუმ ფულიანი კეისებით სავსე „მოსკვიჩი“ დაქოქა, მანქანა ადგილიდან დაძრა და გლდანის მშენებარე მიკრორაიონიდან გაუჩინარდა.

მირიანის ბინაში მომხდარი სროლის ხმაზე, ერთ-ერთი მეზობელი მივიდა, რომელსაც მანქანა ჰყავდა და მოწამლული ბავშვი და მძიმედ დაჭრილი მირიანი „არამიანცის“ საავადმყოფოში წაიყვანა. საბედნიეროდ, ექიმებმა მოწამლული გოგონაც გადაარჩინეს სიკვდილს და მუცელში დაჭრილი მირიანიც გამოგლიჯეს მიქელგაბრიელს....

ერთი თვის შემდეგ მირიანი მომჯობინდა, მისი დაკითხვა შესაძლებელი გახდა და მან დაწვრილებით უამბო გამომძიებლებს ყველაფერი. სამი თვის შემდეგ მირიანი სრულიად გამოჯანმრთელდა, ის გაასამართლეს და თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.... საბოლოოდ, გამოჯანმრთელდა პატარა ლიკაც, რომელიც ექვსი თვე ებრძოდა სიკვდილს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აჩკარიკა მის სასთუმალს არ მოსცილებია. როდესაც გოგონა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და სახლში გაწერეს, აჩკარიკას მისმა მეგობრებმა უთხრეს:

– ნაბოზარი მირიკო გუბურსკში ზის და შენს ბრძანებას ველოდებით, რომ გვითხრა, როგორი წამებით მოვკლათ.

– აპატიეთ! მე ჩემი ლიკა დავიფიცე, რომ თუკი ის ცოცხალი გადარჩებოდა, ყველაფერს ვაპატიებდი ჩემს მტრებს. ღმერთმა ჩემი ისმინა და არც მე გავტეხ სიტყვას. ყველას ვპატიობ დანაშაულს, ქურდობაზე უარს ვამბობ და სასულიერო ცხოვრებას ვიწყებ...

ზუსტად ორი თვის შემდეგ, ყოფილი კანონიერი ქურდი, სიმონ მელქაძე ერთ-ერთ მამათა მონასტერში მორჩილად შედგა, ხოლო პატარა ლიკა კი დედათა მონასტერში გაამწესა, რომელიც მეზობლად მდებარეობდა... მამა-შვილი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდა...

რაც შეეხება მირიანს, მან ათი წელი მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხადა და ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, შემდეგ კი რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა.

ნუნუ ხმალაძე, 10 მილიონი მანეთით შორს ვერ წავიდა და მილიციამ ის სამი კვირის შემდეგ ლოტკინის გორაზე, ერთ-ერთ კერძო სახლში მოაქცია ალყაში. თუმცა, შეშლილმა ქალმა სახლში ბენზინი დაასხა და მილიციელებს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო ცეცხლის დროს კი, სახლს ცეცხლი წაეკიდა და ნუნუ, თავის ათ მილიონთან ერთად, ამოიბუგა...

P. S. მირიანი და სიმონ მელქაძე დღესაც ცოცხლები არიან და კვლავ სასულიერო მოღვაწეობას ეწევიან. ცოცხალია ლიკაც, რომელიც საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა და თავის სამშობლოს ემსახურება.

 

 

скачать dle 11.3