როგორ მოხვდა ნინო ზაუტაშვილი მისტიკურ განზომილებაში და რა ხრიკებს აზიარეს ის
„ბიბისის” პოპულარული პროექტი „მაესტრო”, სადაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელმა დირიჟორის რთული ამპლუა მოირგეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ნინო ზაუტაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში მისი მეტოქე ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე იყო – ბეთჰოვენის „მეხუთე სიმფონია” ცნობილი ტელესახისთვის უფრო იღბლიანი აღმოჩნდა, ვიდრე გამოცდილი პოლიტიკოსისთვის. როგორც ნინო ამბობს, „მაესტრო” მისთვის მხოლოდ კონკურსი და სატელევიზიო პროექტი არ იყო. ამ ორმა თვემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ნინო ზაუტაშვილი: „ბიბისის” ამ პროექტის შესახებ გაგონილი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს დამიძახეს და შემომთავაზეს, თუ სურვილი მექნებოდა, შემეძლო პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ჩემი მუსიკალური განათლება მუსიკალური შვიდწლედით შემოიფარგლება, სადაც, როგორც ბავშვების უმეტესობას, მეც თითქმის იძულებით მატარებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახში მუსიკის დიდი სიყვარული იყო და მამაჩემს უნიკალური ფირფიტების არაჩვეულებრივი კოლექცია ჰქონდა, მე, როგორც ძალიან მოუსვენარ ბავშვს, ფორტეპიანოსთან რამდენიმე საათი მუშაობა ძალიან მიჭირდა (იცინის). ასეთი მწარე გამოცდილების მიუხედავად, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა და ამ ექსპერიმენტზე წასვლა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. უპირველესად, მაინტერესებდა საკუთარი ძალების მოსინჯვა, გამარჯვებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. როდესაც პირველ ტურში კენჭისყრით ბიზეს უვერტიურა შემხვდა, ეს კარგად მენიშნა – პირველი, რაც მამამ ბავშვობაში მომასმენინა, იყო ბიზეს „კარმენი”. ასე იღბლიანად დაიწყო ჩემი კავშირი „მაესტროსთან“. ამ პროექტში მონაწილეობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ყველაფერი ერთად ჩაირთო ჩემში, თუკი რამ მაკავშირებდა მუსიკასთან. ძალიან გამიმართლა, რომ ფანტასტიკური პედაგოგები შემხვდნენ. რომ არა მაესტრო თამაზ ჯაფარიძე და კონცერტმეისტერი მარინა ჭანიშვილი ასეთ შედეგს, ალბათ, ვერ მივაღწევდი. ვატო კახიძის გარეშე, ეს პროექტი ხომ ვერ შედგებოდა? მე, საერთოდ, ასე ვიცი, როცა რამეს ხელს მოვკიდებ, ბოლომდე ვიხარჯები. ახლაც, გადავდე გვერდით ყველაფერი, აბსოლუტურად არ მაინტერესებდა არანაირი ანგარიშფაქტურა, სარეკლამო მიმართულებები, საქმიანი შეხვედრები. ეს იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ორი თვე.
– დირიჟორის პულტთან დადგომა არ გაგიჭირდათ?
– ეს იყო ძალიან რთული. მესამე-მეოთხე ტურის შემდეგ, დავძლიე მღელვარება და ემოციები, თორემ პირველ ტურში სულ ფეხები მიკანკალებდა. უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ დირიჟორობა მამაკაცის პროფესიაა, რომელსაც სჭირდება ანალიტიკური ტვინი, რაციონალური მიდგომა საქმის მიმართ, ფიზიკური გამძლეობა და ღონე. ქალი ამ საქმისთვის სუსტია, ალბათ, ამიტომაცაა, რომ მთელ მსოფლიოში სულ თითზე ჩამოსათვლელი ქალი დირიჟორია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა საქმე გაქვს დიდ კომპოზიტორებთან – უნდა გადახვიდე განზომილებაში, რომელიც აბსოლუტურად სხვა სამყაროა და ღმერთმა ის იმიტომ შექმნა, რომ სხვა ყველაფერი დაივიწყო. ამით ვინც იცხოვრა და იარსება, ყველა ძალიან ბედნიერი წავიდა ამქვეყნიდან. განცდა იმისა, რომ შენ მართავ პროფესიონალების დიდ გუნდს, ორკესტრს, რომელიც შენგან მუსიკისადმი ისეთივე მიდგომას ითხოვს, როგორიც თავად აქვს, ნამდვილად გასაოცარია. უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მაყურებელს, რომელმაც იცის, რომ შენ არაპროფესიონალი ხარ, მაგრამ ის მოვიდა კარგი მუსიკის მოსასმენად და მაღალ მოთხოვნებსაც გიყენებს. დირიჟორის დგომა – ესეც დიდი ფენომენია. წინ ორკესტრისთვის თამაშობ, ზურგით – მაყურებლისკენ, ორმაგ თამაშში ხარ ჩართული. შეცდომები, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა. როცა შეცდომას ვუშვებდი, მაშინვე ვგრძნობდი ამას, რადგან სულით და გულით ვიყავი შეპყრობილი იმით, რასაც ვაკეთებდი. ფინალში, ბეთჰოვენის შესრულების დროს, ძალიან ცუდად გავხდი, ვგრძნობდი, რომ ჰაერი არ მყოფნიდა, წამიერად ისიც კი ვიფიქრე: ახლა გავჩერდები, კონკურსია, ხომ არ მომკლავენ-მეთქი. მაგრამ, უცებ ორკესტრს რომ გადავხედე, თითოეული მათგანისგან ვიგრძენი: მიდი, არ გაჩერდე, მე აქ ვარ და... გამეხსნა.
– ცოტა შეღავათი მაინც არ გეკუთვნოდათ არაპროფესიონალებს?
– შეღავათი ის იყო, რომ პირველივე ტურიდან არ გამოგვყარეს (იცინის). დირიჟორობა არის დიდი მაგია, დირიჟორი არის ადამიანი, რომელიც მართავს ჯადოსნურ პროცესს. ზოგიერთს შეიძლება ეგონოს, რა უნდა დირიჟორობას, ერთს აიქნევ ჯოხს და მორჩაო, ასე, ნამდვილად არაა საქმე. თავიდან მთელი ძალით ვიქნევდი ჯოხს, მაგრამ, როცა უკვე იცი, ჯოხის აწევას „ძალადობა“ არ სჭირდება, სწორედ მაშინ ხდება ეს ჯოხი ჯადოსნური. თუ ორკესტრმა გადაწყვიტა, რომ ის შენს მხარესაა, ძალიან დაგეხმარება. მაგრამ, ოო, თუ „შეთქმულებაზე” წავიდა, ცუდადაა საქმე. ჩვენ გვქონდა კარგი „შეთქმულება”, უამრავი შემთხვევა იყო, როცა ორკესტრმა გადამარჩინა და იქ გადამაგდო, სადაც უნდა ვყოფილიყავი (იცინის). მუსიკალური ნაწარმოების „მოსატეხად”, სამი დღე მაინც მჭირდებოდა. პირველ და მეორე დღეს გაჭიდავებს ნაწარმოები, მესამე დღეც რთულია, მეოთხე დღეს კი, ნაწარმოები თითქოს თავისით „გეხსნება.” იქ პატარ-პატარა საიდუმლოებებსაც გასწავლიან გამოცდილი მეტრები, ხრიკები ხომ ყველა პროფესიას აქვს? (იცინის) დირიჟორობასაც აქვს მიბაძვის ელემენტები და ეს სულაც არაა ცუდი. ძალიან მომეწონა კარაიანის ხელის მოძრაობა და მისი გაკეთება მეც ვცადე, ამბობენ, რომ მომიხდა. მე შევქმენი ტიპაჟი ქალის – დირიჟორის, რომელსაც ეცვა შარვალი და ფრაკი. ეს იყო ჩემი ამპლუა. ხათუნა გოგორიშვილმა კაბა მოიხდინა. მე ვიგრძენი, რომ იქ კაბას ვერ მოვიხდენდი. ჩავიცვი ფრაკი და ჩემი საყვარელი კომპოზიტორების ტყავში შეძვრომა ვცადე. ალბათ, ესეც ერთგვარი ხრიკი იყო ჩემგან.
– ძლიერი კონკურენტები გყავდათ?
– მე მყავდა არაჩვეულებრივი პარტნიორები, ვერც ერთ მათგანს მეტოქეს ვერ ვუწოდებ. რვავე, ვინც პროექტში ვმონაწილეობდით, ერთმანეთის დიდი ხნის მეგობრები ვართ. შესაბამისად, ჩვენს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა იყო. მე საერთოდ არ მიყვარს კონკურსები. არ მომწონს, როცა ვიღაცას გული სწყდება წაგების გამო, შენც თითქოს გამარჯვებას ვერ ირგებ. საკმაოდ დაძაბული იყო ფინალი, სადაც მე, ხათუნა გოგორიშვილი და ლევან ვეფხვაძე მოვხვდით. ჯერ ხათუნა გამოეთიშა ფინალს, სუპერფინალში დავრჩით მე და ლევანი. ჟიურიმ არჩევანი ჩემზე გააკეთა. ლევანმა ღირსეულად მომილოცა მოგება, თუმცა უკეთესი იქნებოდა, კონკურსში ყველა ერთად რომ იმარჯვებდეს. გალა კონცერტზე, როცა ყველა ერთად ვიყავით, ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს (იცინის). მე გეტყვით, ვინ იყო ჩემი ფავორიტი და ვის გამარჯვებას ვფიქრობდი. ძალიან მომწონდა მერაბ სანოძე, გოგიტა გეგელაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი. ვფიქრობდი, რომ ისინი გამარჯვების რეალური კანდიდატები იყვნენ.
– „ბიბისის“ საფინალო პროექტში მოხვდებით?
– იმის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს, რომ „ბიბისის“ ორკესტრს უნდა ვუდირიჟორო. როგორც ვიცი, „ბიბისიში” ამ პროექტებში გამარჯვებულებისგან შედგება ფინალი, სადაც, ალბათ, მეც მიმიწვევენ. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ. ახლა გალა კონცერტით მიგვიწვიეს ქუთაისში, მერე ბათუმში მივდივართ. ვფიქრობ, ეს კონცერტები აუცილებლად უნდა ნახოს ბევრმა მაყურებელმა. „ბიბისის“ წარმომადგენლები ჩვენი პროექტით ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ცოტა გავაოცეთ კიდეც იმის გამო, რომ კვირაში ერთი ნაწარმოების მომზადებას ვასწრებდით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი ნაწარმოები მოვამზადეთ, მათ შორის, ერთი ბეთჰოვენის „მეხუთე სიმფონია” იყო. ბოლოს მხოლოდ იმიტომ მინდოდა ფინალში გასვლა, რომ ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიისთვის გამეწია დირიჟორობა. ფინალის დატოვებისას, ხათუნა გოგორიშვილმა მთხოვა: გეხვეწები, ბეთჰოვენი ჩემ მაგივრადაც იდირიჟორეო. ბეთჰოვენთან „შეჭიდება” იოლი არაა. ჩემი რამდენიმე კილოგრამიც კი შეეწირა მას და ძალიანაც კარგი (იცინის).
– ახლობლები როგორ ხვდებოდნენ თქვენს მონაწილეობას ამ პროექტში?
– დიდი სიხარულით, ყოველ შაბათს, ჯანსუღ კახიძის დარბაზში იმართებოდა არაჩვეულებრივი კონცერტები. ყველა, ჩემთვის უახლოესი ადამიანი ჩემს გვერდით იდგა და მგულშემატკივრობდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ, რვავე მონაწილეს, გვყავს ძალიან ბევრი საერთო მეგობარი, რომელთაც ვეღარ გაეგოთ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. ამიტომ, ყველას ერთად გვედგნენ გვერდში. ის ორი თვე მუსიკით ვცხოვრობდი – მანქანაში მუსიკას ვუსმენდი, სახლში მთელი ღამე ის მუსიკა ისმოდა ჩემს ყურსასმენებშიც, ზუსტად ვიცოდი, რომ მესამედან მეოთხე ღამეს იწყებოდა გარდატეხის პერიოდი და იმ ღამეს ჯოხს ბალიშის ქვეშ ვდებდი. ეს მთელი რიტუალი იყო (იცინის).
– საბოლოოდ, ის ჯოხი გერგოთ საჩუქრად?
– კი, ოქროს ჯოხი მაქვს, გამარჯვებულის ოქროს ჯოხი. ეს ჯოხი ისე მიყვარს, ჩემი შვილიშვილები რომ დამდევენ – ბაბა, მათხოვე ჯოხიო, სასტიკ უარს ვეუბნები. ჯოხს თავისი საპატიო ადგილი აქვს გამოყოფილი. პროექტის დაწყების დროს, ყველა მონაწილეს გვაჩუქეს თითო-თითო ჯოხი, რომელიც სახლში მიგვქონდა. დილით სამსახურში მიმქონდა თან, ოთხ საათზე კი, პარტიტურითა და ჩემი ჯოხით, კონსერვატორიაში მივდიოდი რეპეტიციებზე. ღამით ჯოხი ბალიშის ქვეშ მედო. საფინალო რეპეტიციის წინ კი, სახლში ჯოხი ვეღარ ვიპოვე. ერთი ამბავი ავტეხე სახლში: ვინ მოჰკიდა ხელი ჩემს ჯოხს-მეთქი? გოგიტა გეგელაშვილს დავურეკე, შენი ჭირიმე, თუ ვერ ვიპოვე, შენი ჯოხი მათხოვე-მეთქი. კი, რა პრობლემააო, – მითხრა გოგიტამ. მაგრამ, მერე აღმოვაჩინე, რომ ჯოხი რეპეტიციაზე დამრჩენოდა. გავვარდი შუაღამისას და მაინც წამოვიღე ჯოხი სახლში. აი, ასე, მიშველა ფინალში ჩემმა ჯადოსნურმა ჯოხმა (იცინის).