შანსი ყველასთვის შანსი ყველასთვის
ნუ დაიტოვებთ თავს ბედნიერების გარეშე – ეს რჩევაც არის და მოწოდებაც. ადამიანები ხშირად სწორედ თავად უშლიან ხელს საკუთარ ბედნიერებას. იკითხავთ, როგორო... დავიწყოთ იმით, რომ ბედნიერების არ უნდა გეშინოდეთ; არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ, თუ დღეს ბედნიერი ხართ, ხვალ, შეიძლება, ეს ბედნიერება გაგიქრეთ.
ნუ დაემალებით ბედნიერებას. დიახ, ასეც ხდება, თანაც, არცთუ იშვიათად. როცა შანსი გეძლევათ, გამოიყენეთ ის ყოველგვარი ყოყმანის, განსჯისა და ფიქრის გარეშე.
ნუ შექმნით ადამიანებისა და სიტუაციებისგან მონსტრებს. იქნებ, არც ისე რთულად არის საქმე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. გაიზიარეთ სხვისი სიხარული და ბედნიერება. არასდროს დაიბოღმოთ – ამით შანსს საკუთარ თავსაც მოუსპობთ და სხვასაც.
ბედნიერება იმასთან მიდის, ვინც მის მისაღებად არის მზად, ვინც იცის ბედნიერების ფასი და არ ეშინია მისი.
გათავისუფლდით წარსულის უსიამოვნო აჩრდილებისგან. ნუ გაიხსენებთ იმას, რაშიც ერთხელ არ გაგიმართლათ; ნუ მოექცევით სხვას ისე, როგორც არ გინდათ, რომ თავად მოგექცნენ და ყველაფერი გამოვა. ყველაფერი კარგად იქნება და ხვალ აუცილებლად თქვენც გაგიმართლებთ, რადგან ცხოვრებას ერთი შანსი მაინც ყველასთვის აქვს...
მე მშვიდად ვარ...
როცა ქალი მშვიდად არის, ეს მის გადაწყვეტილებებზეც აისახება და გარეგნობაზეც. მშვიდი ქალი თავდაჯერებულია, გაწონასწორებული, მიმზიდველი და ეფექტური, რაც მამაკაცებზე ელვის უსწრაფესად მოქმედებს. რა თქმა უნდა, დღევანდელობამ ქალებს სტრესების მთელი „თაიგული“ შესთავაზა და რთულია, იყო მშვიდად, როცა ასეთი ტემპია, როცა სულ უფრო ჭირს თავის დამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა, სიყვარულიც... თუმცა, თუ მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია, თქვენ ხომ ქალები ხართ. ცოტას დაგეხმარებით:
* როცა ატყობთ, რომ ძალიან დაიღალეთ, შეისვენეთ და მიირთვით სურნელოვანი ჩაი, სწორედ ჩაი და არა ყავა. ჩაი უკეთესად ამშვიდებს და ამხნევებს. უპირატესობა პიტნის ან მწვანე ჩაის მიანიჭეთ. ამ დროს შეეცადეთ, რამე სასიამოვნოზე იფიქროთ.
* აჯობეთ მოწყენას. დახუჭეთ თვალები და „მიუშვით“ ფანტაზია. იფიქრეთ იმაზე, რომ ცხოვრება მშვენიერია; რომ ყველაფერი გამოგივათ და თქვენთვის დაუძლეველი არაფერია. ყოველთვის ეცადეთ, პრობლემა საღი გონებით გადაჭრათ. როცა ატყობთ, განწყობა გიუარესდებათ, სერიოზულ საქმეზე ფიქრს მოეშვით და, უკეთესს თუ ვერაფერს მოიფიქრებთ, მელოდრამას მაინც უყურეთ.
* არასოდეს აჰყვეთ ნერვებს და ბრაზმა არ აგიყოლიოთ. ამით გუნებასაც მოიშხამავთ და ახლობელ-მეგობრებთან ურთიერთობებსაც გაიფუჭებთ. თქვენ ეს არაფერში გჭირდებათ. ამიტომ, დამშვიდდით და, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი.
* საყვარელი მელოდია თქვენს თანამგზავრად აქციეთ და ხშირად მოუსმინეთ. შეიძლება, ახლა გეღიმებათ, მაგრამ მალე ნახავთ მისი ეფექტური ზემოქმედების შედეგს... თუ ხშირად იფიქრებთ იმაზე, რა პლუსები აქვს მშვიდად ყოფნას, ნერვულ აფეთქებებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.
მეგობარი, თანამოაზრე...
ნებისმიერ ქალს აუცილებლად სჭირდება საპირისპირო სქესის რამდენიმე მეგობარი. იცით, რატომ? მამაკაცებს ნამდვილად კარგი მეგობრობა შეუძლიათ – ეს ერთი და, მეორეც, სწორედ მათ შესწევთ უნარი, მეგობარ ქალს ის მძიმე პერიოდები გადაატანინონ, რომლებიც შეიძლება, მათ ცხოვრებაში ჰქონდეთ.
რა თქმა უნდა, დაქალთან ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ, თუ ჩუმად ყოფნა და ჩუმად დარდი გინდა, ასეთ დროს მამრობითი სქესის მეგობარი შეუცვლელია. ის ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ და უსიტყვოდ შეგაშველებთ მხარს, თქვენი ტკივილი რომ გამოიტიროთ... მერე ერთად ცოტას დალევთ კიდეც და თავს აშკარად უკეთ იგრძნობთ.
ახლა წარმოიდგინეთ, რა კარგია, როცა მამაკაცი-მეგობარი თქვენს ყოველ დაძახებაზე მზადაა, მოვიდეს და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ: მიგატანინოთ ავეჯი, შეგიკეთოთ სანტექნიკა, თქვენს მაგივრად ელაპარაკოს ხელოსნებს...
მამაკაცი-მეგობარი აამაღლებს თქვენი თვითშეფასების კრიტერიუმს; შეუცვლელი მრჩეველი იქნება სამოსის, სტილის შერჩევაში, მით უფრო, თუ კარგი გემოვნება აქვს.
მეგობრად შეარჩიეთ მხიარული, იუმორის კარგი უნარით დაჯილდოებული, უკომპლექსო და ენერგიული მამაკაცი, რომელიც უსიტყვოდ გაგიგებთ და, ერთ მშვენიერ დღეს... სიყვარულს არ აგიხსნით. პრინციპში, თუ საბოლოოდ მაინც ამით დამთავრდება, ძალიანაც ნუ ინერვიულებთ. რა ჯობია ცხოვრების თანამგზავრად მამაკაცს, რომელიც თქვენი მეგობარიც არის და თანამოაზრეც. სიყვარული კი ნელ-ნელა აუცილებლად მოვა.
აუცილებელი სიამოვნება
თუ რამეს აკეთებ, აკეთე სიამოვნებით. ეს უბრალო სიტყვები არ არის და ვინც მას სერიოზულად ეკიდება, პოზიტიურ შედეგსაც სწრაფად გრძნობს. ოპტიმიზმი და პოზიტიური აზროვნება ადამიანებს შეუძლებელს შეაძლებინებს – მწვერვალებს დააპყრობინებს და ენერგიით აღავსებს, სულერთია, რით იქნება ის დაკავებული, თუნდაც ეს სახლში კერძების მომზადება ან დალაგება-დასუფთავება იყოს. ნუ განეწყობით წინასწარ ნეგატიურად. ჯერ ერთი, მალე დაიღლებით და მეორე – თქვენი გაღიზიანება ყველაფერზე აისახება. მაშინაც კი, როცა საქმე რთული გეჩვენებათ, საკითხი კი გადაუჭრელი, დაღონებისა და ხელების ჩამოშვების ნაცვლად, იმოქმედეთ, უფრო მეტად გააქტიურდით და გამოცოცხლდით.
თუ საქმეს ხელს სიყვარულით მოჰკიდებთ, ის აუცილებლად მოგანიჭებთ სიამოვნებას და თან ძალიან ეფექტურ შედეგსაც მიიღებთ.
ყოველთვის ჯერ თავად დარწმუნდით წარმატების გარდაუვალობაში და მერე მისი დაჯერება სხვებსაც არ გაუჭირდებათ. ქალისთვის თავდაჯერებულობა ის იარაღია, რომელიც მას კარიერის შექმნაშიც ეხმარება და თაყვანისმცემლების გულებსაც აპყრობინებს.
გაიჩინეთ ჰობი, ის თქვენ ცხოვრებას გაგიხალისებთ. და იმდენად საინტერესოსა და თვალის მომჭრელს გახდის, მოსაწყენად ნამდვილად ვეღარ მოიცლით. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პიროვნება ვერ განვითარდება, თუ ის კონფლიქტში იქნება საკუთარ თავთან.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ: მნიშვნელობა არ აქვს, რით იქნებით დაკავებული. იძულებით არ აკეთოთ საქმე, რომელსაც კონკრეტულ მომენტში თქვენთვის შემოსავალი მოაქვს. ხოლო, თუ ეს ჰობია, მით უმეტეს, მიიღეთ ამ საქმისგან მაქსიმალური სიამოვნება...